1.
თანამშრომელი ვალდებულია საზოგადოების წევრებთან და სხვა მოსამსახურეებთან ურთიერთობაში იყოს ტაქტიანი და თავაზიანი. თავისი აზრი, მოთხოვნები, შენიშვნები და წინადადებები გამოთქვას კორექტული და ზრდილობიანი ფორმით.
2.
თანამშრომელი უნდა იყოს მომთხოვნი საკუთარი თავის მიმართ, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გამოიჩინოს პრინციპულობა და კეთილსინდისიერება, იმავდროულად არ დაუშვას მედიდურობის და ამპარტავნული დამოკიდებულების გამოხატვა. მოსამსახურე ვალდებულია მიღებული დავალებების მიმართ გამოიჩინოს მაქსიმალური ყურადღება და მობილიზებულობა, სპეციალური მითითებების გარეშე დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც მის სამსახურებრივ მოვალეობას უკავშირდება; დროულად და სრულფასოვნად შეასრულოს დავალებები; შესაძლო არასწორი ინტერპრეტაციის თავიდან აცილების მიზნით, ხელმძღვანელ პირებთან დააზუსტოს მიღებული დავალების შინაარსი.
3.
თანამშრომელი თავშეკავებით უნდა შეხვდეს თანამშრომელთა, ასევე მოქალაქეთა მხრიდან მისი მისამართით გამოთქმულ შენიშვნებსა და კრიტიკას, დროულად აღიაროს და გამოასწოროს დაშვებული შეცდომები, გულწრფელად და ტაქტიანად მოიხადოს ბოდიში.
4.
თანამშრომელმა უნდა უერთგულოს სამხედრო ფიცს და მასზე დაკისრებული ამოცანები უნდა შეასრულოს კანონის ფარგლებში, მიუკერძოებლად, ეთნიკური, რელიგიური, სქესობრივი თუ სხვა ნიშნით დისკრიმანაციის გარეშე.
5.
თანამშრომელმა პატივი უნდა სცეს საქართველოს კონსტიტუციით, კანონმდებლობით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს.
6.
საზოგადოების წევრების მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენება უნდა ხდებოდეს სამართლიანობისა და ზომიერების პრინციპების გათვალისწინებით, ეთიკური ნორმების უმკაცრესი დაცვით.
7.
თანამშრომელი უნდა ხელმძღვანელობდეს საყოველთაოდ აღიარებული ეთიკის ნორმებით, რათა არ შეურაცხყოს ადამიანის ღირსება და ხელი შეუწყოს სამსახურის მიმართ საზოგადოების რწმენის და ნდობის განმტკიცებას.
8.
თანამშრომელი ვალდებულია თავი შეიკავოს რომელიმე პოლიტიკური პარტიისა თუ გაერთიანების, ან ცალკეული პოლიტიკოსების მიმართ საკუთარი დამოკიდებულების საჯაროდ გამოხატვისაგან.
9.
თანამშრომელი თავს უნდა არიდებდეს აზარტულ თამაშობებს, სამორინეებსა და ასეთი სახის დაწესებულებებში შესვლას
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 25.12.2025
მუხლი 3. ზოგადი ეთიკური ნორმები
მეზობელი მუხლები
როგორ დავიმოწმოთ
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 3, №318, 04.04.2013, სარეგისტრაციო კოდი 140080000.42.047.016026 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1880953/muxli-3-2/