1.
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თანამშრომელი ყოველთვის უნდა იმყოფებოდეს მისაღებ ფორმაში, დაიცვას პირადი ჰიგიენა და წესრიგში იქონიოს სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმელი.
2.
დაკისრებული მოვალეობის შესრულებისას, თანამშრომელი ვალდებულია გაუფრთხილდეს სამსახურის ქონებას და გამოიყენოს ის მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისათვის.
3.
ყოველი თანამშრომელი, პირადად აგებს პასუხს თავის ქმედებებზე და იმ დავალებებზე, რომლებსაც ის აძლევს მასზე დაქვემდებარებულ პირებს.
4.
თანამშრომელი ვალდებულია წინ აღუდგეს აშკარად უკანონო ბრძანებას.
5.
თანამშრომელი მოწოდებული უნდა იყოს პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებლად და საქმიანი ინიციატივების გამოსავლენად.
6.
თანამშრომლები უნდა იცავდნენ კოლეგიალობის, სუბორდინაციის პირინციპებს, შეხვედრისას თავაზიანად ესალმებოდნენ ერთმანეთს, უზიარებდნენ  სამუშაო გამოცდილებას, ტაქტიანად  მიუთითებდნენ კოლეგებს შეცდომასა თუ ხარვეზზე; დაუშვებელია მათი მხრიდან კოლეგების მიმართ ცინიკური ან სხვა სახის შეურაცხმყოფელი დამოკიდებულების გამოვლენა; შესაბამისი თანამშრომლის შესახებ და მისი ნების საწინააღმდეგოდ ისეთი ინფორმაციის გახმაურება, რომელიც სამსახურის ინტერესებთან არ არის დაკავშირებული; მოსამსახურეები უნდა იცავდნენ ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნისათვის აუცილებელ სხვა ზნეობრივ პრინციპებსა და ნორმებს.
7.
სამსახურის ხელმძღვანელი პირები ყურადღებით უნდა ადევნებდნენ თვალყურს მათ დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების სწორად შესრულებას.
8.
თანამშრომელს ეკრძალება:
ა)
სამსახურებრივი საქმიანობისას მოპოვებული კონფიდენციალური ან საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნება ან/და გამოყენება კერძო ინტერესებისათვის;
ბ)
სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება ნებისმიერ პირზე უკანონო ზემოქმედებისათვის;
გ)
სამუშაო დროის ან სამსახურებრივი ქონების, ასევე სხვა თანამშრომლების დროის ან მათთვის მინდობილი ქონების გამოყენება არასამსახურებრივი მიზნებისათვის;
დ)
შეღავათებით სარგებლობა პროდუქციისა და მომსახურების შეძენისას იმ პირისაგან, რომელიც ახორციელებს სამსახურისათვის პროდუქციის ან მომსახურების მიწოდებას;
ე)
სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და სამსახურებრივი დანიშნულების პირადობის მოწმობის საზოგადოებაში დემონსტრირება ან/და გამოყენება საჭიროების გარეშე;
ვ)
სამსახურში გამოცხადება ალკოჰოლური თუ სხვა ძლიერმოქმედი ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, ან სხვა მდგომარეობაში, რომელიც შეუფერებელია სამსახურის თანამშრომლის ღირსებისათვის;
ზ)
კომენტარის გაკეთება სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, თუ ეს საშიშროებას უქმნის დასაცავი პირის (პირების) ან ობიექტის (ობიექტების) უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
9.
თანამშრომელთა მიერ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებითა და საჯარო გამოსვლების დროს გაკეთებული ოფიციალური წერილობითი ან სიტყვიერი განცხადებები უნდა იყოს საქმიანი და კარგად გააზრებული. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის ფაქტი, რომ ეს განცხადებები შეიძლება აღქმული იქნეს როგორც სამსახურის პოზიცია