1. საკრედიტო კავშირი ლიცენზიის მისაღებად განცხადებით მიმართავს საქართველოს ეროვნულ ბანკს. განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) განმცხადებლის ვინაობასა და იურიდიულ მისამართს, ფილიალების ჩათვლით;

ბ) მოთხოვნას ლიცენზიის მიღების შესახებ;

გ) განცხადების წარდგენის თარიღს და უფლებამოსილი პირის ხელმოწერას;

დ) განცხადებისათვის დართული საბუთების ნუსხას;

ე) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემებს.

2. განცხადებას უნდა დაერთოს:

ა) სადამფუძნებლო დოკუმენტების (მათ შორის, წესდების) დედნები ან მათი სანოტარო წესით დამოწმებული ასლები;

ბ) ცნობა ნებადართული კაპიტალის, განთავსებული კაპიტალისა და მათი განაღდებული ნაწილების შესახებ;

გ) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;

დ) დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს იმ უძრავ ქონებაზე საკუთრებას ან სხვა უფლებას, რომელშიც განთავსებული იქნება საკრედიტო კავშირი;

ე) ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საკრედიტო კავშირის მმართველი ორგანოს არც ერთი წევრი არ ყოფილა ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა  ეკონომიკური დანაშაულისათვის;

ვ) ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საკრედიტო კავშირის მმართველი ორგანოს წევრებს აქვთ სათანადო განათლება ან/და გამოცდილება;

ზ) ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი დასაბუთებულად მოითხოვს კონკრეტულ შემთხვევაში.

3. (ამოღებულია – 20.12.2011, №5528).

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5925 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.32

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1680 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.163

საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1967 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.256

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5528 – ვებგვერდი, 28.12.2011წ.

საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4197 - ვებგვერდი, 10.09.2015წ.

საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №448 - ვებგვერდი, 22.03.2017წ.

საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №885 – ვებგვერდი, 04.08.2021