1. ამ შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინი „მუდმივი დაწესებულება” ნიშნავს საქმიანობის ფიქსირებულ ადგილს, რომლის მეშვეობითაც საწარმოს საქმიანობა ხორციელდება მთლიანად, ან ნაწილობრივ.
2. ტერმინი „მუდმივი დაწესებულება” მოიცავს, კერძოდ:
a) მართვის ადგილს;
b) ფილიალს;
c) ოფისს;
d) ფაბრიკას;
e) სახელოსნოს, და
f) მაღაროს, ნავთობის, ან გაზის ჭაბურღილს, კარიერს, ან ბუნებრივი რესურსების კვლევა-ძიებასთან ან მოპოვებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა ადგილს.
3. ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე სამშენებლო მოედანი, სამშენებლო, სამონტაჟო ან საამწყობო ობიექტი, ან მათთან დაკავშირებული საზედამხედველო საქმიანობა მუდმივ დაწესებულებად ითვლება მხოლოდ მაშინ, თუ ამგვარი მოედანი ან ობიექტი არსებობს, ან საქმიანობა ხორციელდება ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.
4. ამ მუხლის წინა დებულებათა მიუხედავად, ტერმინი „მუდმივი დაწესებულება” არ მოიცავს:
a) ნაგებობების გამოყენებას მხოლოდ საწარმოს კუთვნილი საქონლის ან ნაკეთობების შენახვის, დემონსტრირების, ან მიწოდების მიზნით;
b) საქონლის ან ნაკეთობების იმ მარაგების შენახვას, რომელიც საწარმოს გააჩნია მხოლოდ შენახვის, დემონსტრირების ან მიწოდების მიზნით;
c) საქონლის ან ნაკეთობების იმ მარაგების შენახვას, რომელიც საწარმოს გააჩნია მხოლოდ სხვა საწარმოს მიერ მათი გადამუშავების მიზნით;
d) საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენებას მხოლოდ საწარმოსათვის საქონლის ან ნაკეთობების შესყიდვის ან ინფორმაციის შეგროვების მიზნით;
e) საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენებას საწარმოსათვის მხოლოდ მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათის ნებისმიერი სხვა საქმიანობის განხორციელების მიზნით;
f) საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენებას მხოლოდ ამ პუნქტის a)-დან e)-მდე ქვეპუნქტებში აღნიშნულ საქმიანობათა სახეობების ნებისმიერი კომბინაციის განსახორციელებლად, იმ პირობით, რომ ფიქსირებული ადგილიდან წარმოებულ საერთო საქმიანობას, რომელიც წარმოიშობა ასეთი კომბინაციის შედეგად, აქვს მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათი.
5. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებების მიუხედავად, თუ პირი, ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნული დამოუკიდებელი სტატუსის მქონე აგენტის გარდა, ხელშემკვრელ სახელმწიფოში მოქმედებს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს სახელით, მაშინ ეს საწარმო განიხილება, როგორც მუდმივი დაწესებულების მქონე პირველად ხსენებულ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, ამ პირის მიერ საწარმოსათვის განხორციელებულ ნებისმიერ საქმიანობასთან დაკავშირებით, თუ:
a) მას აქვს და პირველად ხსენებულ ხელშემკვრელ სახელმწიფოში ჩვეულებრივ იყენებს ამ საწარმოს სახელით კონტრაქტის დადების უფლებამოსილებას, თუ ამგვარი პირის საქმიანობა არ არის შეზღუდული ამ მუხლის მე-4 პუნქტით, რომელიც, განხორციელებული საქმიანობის ფიქსირებული ადგილის მეშვეობით, ამ პუნქტის დებულებების შესაბამისად, საქმიანობის ამგვარ ფიქსირებულ ადგილს არ გადააქცევს მუდმივ დაწესებულებად.
b) მას არ გააჩნია ამგვარი უფლებამოსილება, მაგრამ ჩვეულებრივ პირველად ხსენებულ ხელშემკვრელ სახელმწიფოში აქვს საქონლის ან ნაკეთობების მარაგი, რომელიც ეკუთვნის ამგვარ საწარმოს, რომლიდანაც ის რეგულარულად იღებს საქონელს ან ნაკეთობებს ამგვარი საწარმოს სახელით.
c) ის პირველად ხსენებულ ხელშემკვრელ სახელმწიფოში ჩვეულებრივ იღებს შეკვეთებს მხოლოდ ან პრაქტიკულად მხოლოდ საწარმოსათვის ან ისეთი საწარმოსათვის ან სხვა საწარმოებისათვის, რომლებსაც ის მთლიანად აკონტროლებს ან რომლებშიც მას გააჩნია საკონტროლო ინტერესი;
d) ამგვარი ქმედებით ის აწარმოებს ან გადაამუშავებს ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოში საქონელს ან ნაკეთობებს, რომლებიც ეკუთვნის ამ საწარმოს.
6. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო არ განიხილება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულების მქონედ მხოლოდ იმიტომ, რომ ის ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში თავის საქმიანობას ახორციელებს ბროკერის, კომისიონერის ან დამოუკიდებელი სტატუსის მქონე ნებისმიერი სხვა აგენტის მეშვეობით, იმ პირობით, რომ ეს პირები მოქმედებენ თავიანთი ჩვეული პროფესიული საქმიანობის ფარგლებში. ამასთან, როდესაც ამგვარი აგენტის საქმიანობა მთლიანად ან თითქმის მთლიანად უკავშირდება ისეთ საწარმოს ან საწარმოებს, რომლებსაც იგი სრულად აკონტროლებს ან რომლებშიც მას გააჩნია საკონტროლო ინტერესი, ის არ მიიჩნევა დამოუკიდებელი სტატუსის მქონე აგენტად ამ პუნქტის მიზნებისათვის.
7. ის ფაქტი, რომ კომპანია, რომელიც არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, აკონტროლებს ან თავად კონტროლდება კომპანიის მიერ, რომელიც არის მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ან რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს ამ მეორე სახელმწიფოში (მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან სხვა სახით), თავისთავად არ გადააქცევს ერთ-ერთ ამ კომპანიას მეორის მუდმივ დაწესებულება