1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე მიიღება/დაინიშნება 18 წლის ასაკიდან (გარდა სასაზღვრო პოლიციის საჯარო მოხელისა, რომელიც მიიღება 21 წლის ასაკიდან) საქართველოს მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და რომელსაც თავისი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლების,  ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფიზიკური მომზადების შესაბამისად შეუძლია  შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები.

2. სასაზღვრო პოლიციის ცალკეულ დანაყოფებში პირთა მიღება შესაძლოა მოხდეს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მიერ განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად.

3. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა სამსახურში მიღებისთვის ან/და შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნისთვის დადგენილია შემდეგი მოთხოვნები:

ა) იმ შემთხვევაში, თუ საშტატო ერთეულით გათვალისწინებული თანამდებობა მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით ითვალისწინებს უმცროს სპეციალურ წოდებას მაშინ აღნიშნულ თანამდებობაზე მისაღებ/დასანიშნ კანდიდატს უნდა ჰქონდეს მინიმუმ სრული ზოგადი განათლება;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ საშტატო ერთეულით გათვალისწინებული თანამდებობა მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით ითვალისწინებს საშუალო სპეციალურ წოდებას მაშინ აღნიშნულ თანამდებობაზე მისაღებ/დასანიშნ კანდიდატს უნდა ჰქონდეს:

ბ.ა) უმაღლესი განათლება; ან

ბ.ბ)  სრული ზოგადი განათლება და აკადემიაში დადგენილი წესით გავლილი ჰქონდეს შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო ან სპეციალური მომზადების პროგრამა ან კურსი;

გ) იმ შემთხვევაში, თუ საშტატო ერთეულით გათვალისწინებული თანამდებობა მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით ითვალისწინებს უფროს სპეციალურ წოდებას, უმაღლეს სპეციალურ წოდებას მაშინ აღნიშნულ თანამდებობაზე მისაღებ/დასანიშნ კანდიდატს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება.

4. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი თანამდებობა ითვალისწინებს სპეციალური წოდებით ასევე საჯარო მოხელედ ან სამოქალაქო პირად მიღების შესაძლებლობას, მაშინ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული, განათლებასთან დაკავშირებული მოთხოვნები ვრცელდება საჯარო მოხელის   მიმართაც.

5. სასაზღვრო პოლიციის ცალკეულ  დანაყოფებში სასაზღვრო პოლიციის უფროსის თანხმობით განყოფილების უფროსის თანამდებობის ჩათვლით შესაძლებელია დაინიშნოს სრული ზოგადი განათლების მქონე პირი.

6. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის თანაბარ (ტოლფას) ან უფრო დაბალ თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში არ გამოიყენება ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული განათლების მოთხოვნები (განათლების ცენზი).

7. განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, სასაზღვრო პოლიციის უფროსის მიერ ან უშუალოდ მისი თანხმობით, პირი შეიძლება დაინიშნოს თანამდებობაზე ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების გარეშეც.

8. სასაზღვრო პოლიციაში პირის მიღება ხდება სპეციალური კონკურსის წესით. ვაკანტურ თანამდებობაზე სპეციალური კონკურსის გარეშე შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელიც უკვე მიღებულია სასაზღვრო პოლიციაში (მსახურობს სასაზღვრო პოლიციაში ან აყვანილია კადრების განკარგულებაში) და გააჩნია შესაბამისი სპეციალური წოდება