1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეები მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესის  შესაბამისად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობებს და სარგებლობენ განსაზღვრული უფლებებით.

2. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს ეკრძალება გაფიცვა და შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეობა.

3. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს ეკრძალება პოლიტიკური გაერთიანების წევრობა.

4. სპეციალური  წოდების მქონე სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს, ასევე საჯარო მოხელეს  უფლება არა აქვს, ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა, ეკავოს რაიმე თანამდებობა რომელიმე სხვა სახაზინო დაწესებულებაში ან  ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, ეკავოს რაიმე თანამდებობა უცხო ქვეყნის ორგანოში ან დაწესებულებაში.

5. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს (გარდა სპეციალური   წოდების მქონე პირებისა) შეუძლია შეთავსებით სხვა თანამდებობის დაკავება და ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება მხოლოდ იმავე დაწესებულების სისტემაში.

6. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ან სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

7. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა შორის ურთიერთობები ემყარება განსაზღვრულ იერარქიულ წესრიგს, დისციპლინას, სუბორდინაციას, ურთიერთპატივისცემას, ურთიერთდახმარებას, სოლიდარობას, ტოლერანტობას, ნდობასა და ღირსებას.

8. სასაზღვრო პოლიციის პოლიციელს და  საჯარო მოხელესა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უფლება აქვთ შეინახონ, ატარონ ან/და გამოიყენონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი და სპეციალური საშუალებები, აგრეთვე დამატებითი სამსახურებრივი საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი. ცივი იარაღის შენახვის, ტარებისა ან/და გამოყენების უფლება აქვს სასაზღვრო პოლიციის იმ მოსამსახურეს, რომელსაც იმავდროულად გააჩნია სამსახურებრივ-საშტატო იარაღის შენახვის, ტარების ან/და გამოყენების უფლება.

9. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა მიერ ჩადენილ დისციპლინურ დარღვევებზე რეაგირება ხორციელდება  მინისტრის მიერ დამტკიცებული დისციპლინური წესდების მიხედვით