1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე ვალდებულია:

ა) დროულად და კეთილსინდისიერად შეასრულოს სამსახურებრივი მოვალეობები, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, ამ წესითა და სამსახურებრივი რეგლამენტით/ინსტრუქციებით, მინისტრის ან უფლებამოსილი პირის  ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებით, მითითებებით და სხვა სამართლებრივი აქტებით;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განუხრელად შეასრულოს ხელმძღვანელობის (ასევე უშუალო უფროსის) დავალებები, გარდა ისეთი დავალებებისა, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას;

გ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დროულად განიხილოს  მიმართვები, საჩივრები და განცხადებები;

დ) დაიცვას სასაზღვრო პოლიციაში სამსახურებრივი ინფორმაციის, მათ შორის, პერსონალური ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებული ინსტრუქციები;

ე) შეინარჩუნოს და აიმაღლოს კვალიფიკაციის დონე, რომელიც საჭიროა სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას;

ვ) როგორც სამსახურებრივი ურთიერთობისას, ასევე სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ არ გაავრცელოს და დაიცვას სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოებები, პერსონალური მონაცემები, აგრეთვე სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა მისთვის სამსახურებრივ მოვალეობათა განხორციელებისას. აკრძალულია სამსახურეობრივი საქმიანობისას მოპოვებული კონფიდენციალური ინფორმაციის კერძო ინტერესებისათვის გამოყენება;

ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სახელმწიფო სამსახურის ინტერესებთან პირადი ინტერესების დაპირისპირებისას, თავიდან აიცილოს ინტერესთა კონფლიქტი.

2. დაუშვებელია სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება სარგებლის მისაღებად.

3. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურემ არასამუშაო დროსაც უნდა აღმოუჩინოს დახმარება საფრთხეში ჩავარდნილ ადამიანს და მიიღოს ზომები კანონდარღვევის თავიდან ასაცილებლად.

4. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე კომპეტენციის ფარგლებში ვალდებულია დაიცვას დაზარალებულთა და მოწმეთა, აგრეთვე დაკავებულთა, დაპატიმრებულთა, დაკითხვაზე მყოფ პირთა კონსტიტუციური უფლებები, ღირსება და უზრუნველყოს მათი და აგრეთვე დაკავებულთა, დაპატიმრებულთა და დაკითხვაზე მყოფ პირთა უსაფრთხოება.

5. სასაზღვრო პოლიციისთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებისას სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურემ იძულების ღონისძიებები შეიძლება გამოიყენოს მხოლოდ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე უნდა შეეცადოს მინიმუმამდე დაიყვანოს ზიანი, პატივი სცეს და დაიცვას ადამიანის სიცოცხლე, პირველივე შესაძლებლობისთანავე უზრუნველყოს იძულების ღონისძიების განხორციელების შედეგად დაზიანებული პირისთვის გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა.

6. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურემ არ უნდა წამოიწყოს, წააქეზოს ან დაუშვას წამების ან სხვაგვარი სისასტიკის ნებისმიერი აქტი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა.

7. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე ვალდებულია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, დაეხმაროს  მედიის წარმომადგენლებს თავისი პროფესიული მოვალეობების განხორციელებაში.

8. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ასევე შედის მინისტრის ან უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით მონაწილეობის მიღება სამსახურებრივ შეკრებებში, სასწავლო და სპორტულ შეჯიბრებებში, ასევე საერთაშორისო შეჯიბრებებში.

9. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე ვალდებულია სპეციალური მოთხოვნის გარეშე დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც ეხება მის საქმიანობას ან უკავშირდება მის სამსახურებრივ ადგილს.

10. იარაღის ტარების უფლების მქონე სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის მიერ დაუშვებელია სამოქალაქო ტანსაცმელში ცეცხლსასროლი იარაღის ღიად, თვალსაჩინოდ ტარება.

11. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე ვალდებულია შეასრულოს უშუალო უფროსის ან სხვა ზემდგომი პირების  დავალება სამსახურებრივ საკითხებზე, რომელთა შესრულების მოვალეობა არ უკავშირდება სამსახურის ადგილს (გარდა ამ წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). ზემდგომი უფროსის დავალება დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს უშუალო უფროსს.

12. თუ ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული დავალების შესრულება გამოიწვევს გარკვეული წინააღმდეგობას სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას, სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე ვალდებულია მოახსენოს დავალების მიმცემს და დავალების განმეორების შემთხვევაში აღასრულოს იგი.

13. დაუშვებელია წინასწარი შეცნობით სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის მიერ მართლსაწინააღმდეგო ბრძანების ან განკარგულების შესრულება. ამგვარი მითითების შემთხვევაში სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურემ უარი უნდა თქვას ბრძანების ან განკარგულების შესრულებაზე და იმოქმედოს კანონის ფარგლებში. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეზე, რომელიც უარს ამბობს შეასრულოს უკანონო ბრძანება ან განკარგულება, არ გავრცელდება არანაირი დისციპლინური ან სხვა სახის სანქცია.

14. უკანონო ბრძანების ან მითითების შესრულება სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან. ამასთან, დგება უკანონო ბრძანების ან მითითების გამცემი ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობის საკითხ