1. ელექტროსადგურების, ქვესადგურების და ელექტრული ქსელების ძალოვანი მოწყობილობები მოკლედ შერთვების და ნორმალური რეჟიმების დარღვევებისაგან დაცული უნდა იყოს სარელეო დაცვის მოწყობილობებით, ავტომატური ამომრთველებით ან მცველებით და ელექტროავტომატიკის, მათ შორის, ავარიასაწინააღმდეგო ავტომატიკით და ავტომატური რეგულირების მოწყობილობებით აღჭურვილი.
სარელეო დაცვისა და ავტომატიკის მოწყობილობები მუდმივად უნდა იმყოფებოდნენ ჩართულ მდგომარეობაში, იმ მოწყობილობების გარდა, რომლებიც მუშაობიდან გამოყვანილი უნდა იყოს მათი დანიშნულების და მოქმედების პრინციპის, ენერგოსისტემის მუშაობის რეჟიმის და სელექტიურობის პირობების შესაბამისად.
ავარიული და გამაფრთხილებელი სიგნალიზაციის მოწყობილობები უნდა იყვნენ მოქმედებისთვის მუდმივ მზადყოფნაში.
2. ექსპლუატაციის დროს უზრუნველყოფილი უნდა იყოს სარელეო დაცვის, ელექტროავტომატიკის და მეორადი წრედების აპარატურის მუშაობის ნორმალური პირობები (დასაშვები ტემპერატურა, ტენიანობა, ვიბრაცია, მუშა პარამეტრების ნომინალურიდან გადახრა და სხვა).
3. სარელეო დაცვისა და ელექტროავტომატიკის მოწყობილობების ყოველი მოქმედება ან მოქმედების მტყუნება, აგრეთვე ექსპლუატაციის პროცესში გამოვლენილი დეფექტები გულმოდგინედ უნდა ანალიზდებოდეს და აღირიცხებოდეს სარელეო დაცვის და ელექტროავტომატიკის სამსახურების მიერ დადგენილი წესის მიხედვით. გამოვლენილი დეფექტები უნდა იქნეს აღმოფხვრილი.
სარელეო დაცვისა და ელექტროავტომატიკის მოწყობილობების მცდარი მოქმედების ან მოქმედების მტყუნების ყოველი შემთხვევის, აგრეთვე აპარატურის და სქემების გამოვლენილი დეფექტების შესახებ ინფორმირებული უნდა იყოს ის ზემდგომი ორგანიზაცია, ვის მართვაში ან გამგებლობაში მოწყობილობა იმყოფება.
4. სარელეო დაცვისა და ელექტროავტომატიკის მოწყობილობების ორმხრივი მომსახურების პანელებზე და კარადებზე, აგრეთვე მართვის პანელების და პულტების წინა და უკანა მხარეებზე უნდა იყოს მათი დანიშნულების მაჩვენებელი დისპეტჩერული დასახელების შესაბამისი აღნიშვნები. პანელებზე, პულტებზე და მოსაბრუნი პანელების მქონე კარადებში დადგმულ აპარატურაზე ორივე მხრიდან უნდა იყოს გაკეთებული სქემის შესაბამისი წარწერები ან მარკირებები.
ოპერატიული პერსონალის მიერ სამართავ მოწყობილობებზე (გადამრთველი მოწყობილობები, სასიგნალო რელეები და ნათურები, საგამოცდო ბლოკები და სხვა) უნდა იყოს შესაბამისი წარწერები.
იმ პანელებზე, სადაც დაყენებულია სხვადასხვა მინაერთის ან ერთი მინაერთის, მაგრამ სარელეო დაცვისა და ელექტროავტომატიკის სხვადასხვა მოწყობილობის ისეთი აპარატურა, რომელთა შემოწმება შესაძლოა მოხდეს ცალკ-ცალკე, დატანილი უნდა იყოს მკაფიო გამყოფი ხაზები და უზრუნველყოფილი იყოს შემოღობვის დაყენების შესაძლებლობა სარელეო დაცვისა და ელექტროავტომატიკის ცალკეული მოწყობილობების შემოწმების დროს.
5. ძალოვანი ელექტრომოწყობილობის და ელექტროგადამცემი ხაზების ძაბვის ქვეშ ყოფნა დასაშვებია მხოლოდ ყველა სახის დაზიანებისაგან დამცავი ჩართული სარელეო დაცვებით. ცალკეული სახის დაცვების მუშაობიდან გამოყვანის ან გაუმართაობის შემთხვევაში, მუშაობაში დარჩენილმა სარელეო დაცვის მოწყობილობებმა უნდა უზრუნველყონ ძალოვანი ელექტრომოწყობილობის და ელექტროგადამცემი ხაზების სრულფასოვანი დაცვა. თუ ეს პირობა არ სრულდება, უნდა განხორციელდეს სწრაფმოქმედი დროებითი დაცვა ან მინაერთი უნდა გამოირთოს.
6. მინაერთზე სწრაფმოქმედი დაცვის არსებობის შემთხვევაში, ასევე ამომრთველის გამორთვაზე უარის თქმის მოწყობილობების არსებობის დროს გადამცემი ხაზის, სალტეების და რემონტიდან გამოსული დანადგარების ძაბვის ქვეშ ჩართვა ან გამთიშველებზე და საჰაერო ამომრთველებზე მანიპულირება უნდა მოხდეს ყველა ამ დაცვების მოქმედებაში შეყვანილი მდგომარეობის დროს. თუ რომელიმე დაცვის მოქმედებაში შეყვანა ვერ ხერხდება, მაშინ საჭიროა სარეზერვო დაცვას გაუკეთდეს აჩქარება, ან დროებით დამონტაჟდეს არასელექტიური დაცვა, რომლის მოქმედების დრო იგივე იქნება, რაც ძირითადის.
7. ელექტრულად დაკავშირებული წრედების მიწის მიმართ, აგრეთვე ელექტრულად დაუკავშირებელ სხვადასხვა დანიშნულების წრედებს (მზომი წრედები, ოპერატიული დენის და სიგნალიზაციის წრედები) შორის იზოლაციის წინაღობა, თითოეული მინაერთის ფარგლებში შენარჩუნებული უნდა იყოს არანაკლებ ერთი მეგაომისა.
60 ვ და ნაკლებ მუშა ძაბვაზე გათვლილი და კვების ცალკე წყაროზე, ან გამყოფ ტრანსფორმატორზე მიერთებული მეორადი წრედების იზოლაციის წინაღობა შენარჩუნებული უნდა იყოს არანაკლებ 0,5 მეგაომისა.
იზოლაციის წინაღობა უნდა გაიზომოს მეგომმეტრით პირველ შემთხვევაში 1 000 – 2 500 ვ, ხოლო მეორე შემთხვევაში – 500 ვ ძაბვაზე.
24 ვ და ნაკლებ ძაბვაზე არსებული სარელეო დაცვის მოწყობილობების იზოლაცია, რომელიც აგებულია მიკროელექტრონულ და მიკროპროცესურ ბაზაზე უნდა გაიზომოს ქარხანა-დამამზადებლის მითითებების მიხედვით.
8. მონტაჟის შემდეგ ჩართვის და პირველი პროფილაქტიკური გამოცდის დროს თითოეული მინაერთის სარელეო დაცვის და ავტომატიკის ელექტრულად დაკავშირებული წრედების და ყველა სხვა მეორადი წრედების მიწის მიმართ, აგრეთვე ელექტრულად დაუკავშირებელ წრედებს შორის იზოლაცია, ერთი პანელის ფარგლებში (60 ვ და ნაკლებ ძაბვაზე გათვლილი ელემენტების წრედების გარდა) უნდა გამოიცადოს ცვლადი დენის 1 000 ვ ძაბვაზე 1 წუთის განმავლობაში.
ამის გარდა, 1 000 ვ ძაბვაზე 1 წუთის განმავლობაში უნდა გამოიცადოს იმ წრედების საკონტროლო კაბელის ძარღვებს შორის იზოლაცია, სადაც არსებობს მათი ერთმანეთთან შეერთების დიდი ალბათობა სერიოზული შედეგებით (გაზური დაცვის წრედები, ოპერატიული დენის წყაროებად გამოყენებული კონდენსატორების წრედები, დენის ტრანსფორმატორების მეორადი წრედები 1 ა ნომინალური დენის მნიშვნელობით და სხვა).
შემდგომი ექსპლუატაციის პერიოდში სარელეო დაცვის და ავტომატიკის წრედები (60 ვ და დაბალი ძაბვის წრედების გამოკლებით) პროფილაქტიკურ-აღდგენითი სამუშაოების შემდეგ უნდა გამოიცადოს ცვლადი დენის 1 000 ვ ძაბვაზე ან 2 500 ვ გამართულ ძაბვაზე მეგაომმეტრის ან სპეციალური დანადგარის გამოყენებით.
სარელეო დაცვის და ავტომატიკის 60 ვ და უფრო ნაკლები ძაბვის წრედების იზოლაციის გამოცდა ხორციელდება მისი ამ მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით გაზომვის პროცესში.
სარელეო დაცვის და ავტომატიკის ახლად დამონტაჟებული მოწყობილობები და მათი მეორადი წრედები უნდა გაეწყოს და გამოიცადოს ექსპლუატაციაში შეყვანის წინ.
ახალი მოწყობილობების ექსპლუატაციაში შეყვანის და მათი მუშაობაში ჩართვის ნებართვა გაიცემა დადგენილი წესით და სარელეო დაცვის და ელექტროავტომატიკის ჟურნალში ჩანაწერის გაკეთებით.
9. სარელეო დაცვის და ავტომატიკის სამსახურებში ექსპლუატაციაში მყოფ სარელეო დაცვის მოწყობილობებზე უნდა იყოს შემდეგი ტექნიკური დოკუმენტაცია:
ა) პასპორტ-ოქმები;
ბ) მეთოდური მითითებები ან ინსტრუქციები გაწყობისა და შემოწმების შესახებ;
გ) მოწყობილობების ტექნიკური მონაცემები, დანაყენების რუკების და მახასიათებლების სახით;
დ) პრინციპიალური, სამონტაჟო ან პრინციპიალურ-სამონტაჟო სქემები.
ტექნიკური მომსახურების შედეგები შეტანილი უნდა იყოს პასპორტ-ოქმებში (აუცილებლობის შემთხვევაში სამუშაო ჟურნალში უნდა გაკეთდეს ჩანაწერები სარელეო დაცვის და ავტომატიკის რთული მოწყობილობების შესახებ).
ენერგოსისტემაში შემავალი ენერგეტიკული ორგანიზაციების სარელეო დაცვის და ავტომატიკის სამსახურებში უნდა იყოს ამ სამსახურების მართვასა და გამგებლობაში არსებული მოწყობილობების ტექნიკური მონაცემები, რუკების (ცხრილების) ან ჟურნალების (მახასიათებლების) სახით.
10. სარელეო დაცვის და ავტომატიკის მოწყობილობების მუშაობიდან გამოყვანა უნდა გაფორმდეს ამ წესების 48-ე მუხლის მე-2, მე-5 და მე-10 პუნქტების შესაბამისად.
სარელეო დაცვის და ავტომატიკის მოწყობილობების არასწორი ამოქმედების საშიშროების დროს იგი უნდა გამოირთოს ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით, ზემდგომი ოპერატიული პერსონალის ნებართვის გარეშე, მაგრამ მათთვის შემდგომი შეტყობინებით (ადგილობრივი ინსტრუქციის შესაბამისად) და განაცხადის 48-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად შემდგომი გაფორმებით.
11. სარელეო დაცვის და ავტომატიკის რელეების, აპარატების და დამხმარე მოწყობილობების გახსნა იმ მოწყობილობების გამორიცხვით, რომელთა დანაყენების შეცვლასაც ოპერატიული პერსონალი აწარმოებს, ნებადართულია მხოლოდ სარელეო დაცვის და ავტომატიკის მოწყობილობების მუშაობაზე პასუხისმგებელი იმ პერსონალის მიერ, რომელიც ექსპლუატაციას უწევს ამ მოწყობილობებს.
სარელეო დაცვის და ავტომატიკის მოწყობილობებზე სამუშაოებს უნდა აწარმოებდეს შესაბამისი მოწყობილობების შემოწმებაზე მომზადებული და დამოუკიდებლად სამუშაოდ დაშვებული პერსონალი.
12. მართვის პულტების, კარადების და პანელების მომჭერების შემკრებებზე (რიგებზე) უშუალო სიახლოვეში არ უნდა იმყოფებოდნენ ის მომჭერები, რომელთა შემთხვევითმა შეერთებამ შეიძლება გამოიწვიოს მინაერთის ჩართვა ან გამორთვა და ოპერატიული დენის წრედებში ან გენერატორის (სინქრონული კომპენსატორების) აგზნების წრედებში მოკლე შერთვა.
13. სარელეო დაცვის და ელექტროავტომატიკის პანელებისა და მართვის წრედებში მუშაობის დროს მიღებული უნდა იყოს მინაერთის შეცდომით გამორთვის საწინააღმდეგო სიფრთხილის წინასწარი ზომები. სამუშაოები უნდა სრულდებოდეს მხოლოდ იზოლირებული ინსტრუმენტებით.
აკრძალულია ამ სამუშაოების შესრულება საშემსრულებო სქემების, განსაზღვრული მოცულობებისა და სამუშაოთა მიმდევრობის პროგრამების გარეშე.
სამუშაოს დამთავრებისას უნდა შემოწმდეს დენის და ძაბვის წრედების და ოპერატიული წრედების გამართულობა და მიერთების სისწორე. როგორც წესი, სარელეო დაცვის და ავტომატიკის ოპერატიული წრედები და მართვის წრედები უნდა შემოწმდეს მოქმედებაზე მოსინჯვით.
14. სარელეო დაცვის და ავტომატიკის მოწყობილობებზე იმ სამუშაოების წარმოება, რომლებსაც შეიძლება მოჰყვეს დასაცავი ან სხვა მინაერთის გამორთვა ან მოწყობილობაზე სხვა გაუთვალისწინებელი ზემოქმედება, უნდა ხორციელდებოდეს ნებადართული განაცხადით, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ეს შესაძლებლობები.
15. ოპერატიული პერსონალი უნდა აწარმოებდეს:
ა) სარელეო დაცვის და ავტომატიკის პანელებზე და კარადებში გადამრთველი მოწყობილობების და საგამოცდო ბლოკების სახურავების მდგომარეობის კონტროლს;
ბ) დაცვების და მართვის წრედებში მცველების სიმრთელისა და ავტომატური ამომრთველების გამართულობის კონტროლს;
გ) სარელეო დაცვის და ავტომატიკის მოწყობილობების მოქმედების კონტროლს აპარატებსა და პანელებზე (კარადებზე) არსებული გარე სიგნალიზაციის საშუალებით;
დ) ამომრთველების და სხვა აპარატების მოსინჯვას;
ე) ელექტრონულ-ციფრული დაცვების ტესტურ შემოწმებას, მათთვის გათვალისწინებული ინსტრუქციების მიხედვით;
ვ) მაღალსიხშირული ტელეგამართვის მოწყობილობების, ავტომატიკის არხების დაბალი სიხშირის აპარატურის, ავარიასაწინააღმდეგო ავტომატიკის მაღალი სიხშირის აპარატურის საკონტროლო პარამეტრების გაზომვებს;
ზ) სალტეების დაცვის და შემყვანების იზოლაციის კონტროლის წრედებში უბალანსობის დენის გაზომვას;
თ) ძაბვის ტრანსფორმატორის გახსნილ სამკუთხედში უბალანსობის ძაბვის გაზომვას;
ი) ავტომატური განმეორებითი ჩართვის და რეზერვის ავტომატური ჩართვის მოწყობილობების და მაფიქსირებელი ხელსაწყოების მუშაობის მოსინჯვას.
კონტროლის პერიოდულობა და ნორმებიდან გადახრის გამოვლენის დროს პერსონალის მოქმედებათა მიმდევრობა დადგენილი უნდა იყოს ადგილობრივი ინსტრუქციებით.
16. ელექტროქსელების და ელექტროსადგურების სარელეო დაცვის და ავტომატიკის სამსახურების პერსონალი უნდა ათვალიერებდეს ყველა პანელს და მართვის პულტს, სარელეო დაცვის, ელექტროავტომატიკის და სიგნალიზაციის პანელებს. ამ დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს გადამრთველი მოწყობილობების (დენმკვეთების, მართვის გასაღებების, ნაფენების და სხვა) და საგამოცდო ბლოკების სახურავების მდგომარეობის სისწორეს და მათი მდგომარეობის შესაბამისობას ელექტრო მოწყობილობების სქემებთან და რეჟიმებთან.
დათვალიერების პერიოდულობა დადგენილი უნდა იყოს ობიექტის ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ.
ოპერატიული პერსონალი პასუხისმგებელია სარელეო დაცვის და ავტომატიკის იმ ელემენტების სწორ მდგომარეობაზე, რომლებითაც მისთვის ნებადართულია ოპერაციების წარმოება, მიუხედავად სარელეო დაცვის და ავტომატიკის სამსახურების პერსონალის მიერ ამავე ელემენტების პერიოდული დათვალიერებისა.
17. სარელეო დაცვის და ავტომატიკის მოწყობილობები და მეორადი წრედები უნდა შემოწმდეს და მოისინჯოს ინსტრუქციების მოთხოვნათა შესაბამისად.
ამ მოწყობილობების მცდარი მოქმედების ან მტყუნების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს დამატებითი შემოწმებები.
18. მომჭერების შემკრებებზე (რიგებზე) მიერთებულ სადენებს უნდა ეკეთოს სქემების შესაბამისი მარკირებები. საკონტროლო კაბელებს მარკირებები უნდა ეკეთოს ბოლოებში, განშტოების და კაბელების ნაკადების გადაკვეთის, კედლებსა და ჭერებში მათი გასვლის ან სხვა მსგავს ადგილებში. საკონტროლო კაბელების თავისუფალი ძარღვები უნდა იყოს იზოლირებულნი.
19. ლითონის გარსაცმიან საკონტროლო კაბელების დაზიანების აღმოფხვრის დროს ან მათი დაგრძელების შემთხვევაში ძარღვების შეერთება უნდა მოხდეს ჰერმეტული ქუროების დაყენებით ან ამისთვის გათვალისწინებული სპეციალური ყუთების მეშვეობით. აღნიშნული ქუროები და ყუთები უნდა იყვნენ რეგისტრირებულნი.
როგორც წესი, პოლივინილქლორიდის ან რეზინის საიზოლაციო გარსაცმიანი კაბელების შეერთება უნდა ხორციელდებოდეს ეპოქსიდური შემაერთებელი ქუროების ან მომჭერების გარდამავალი რიგების მეშვეობით.
ერთი კაბელის ყოველ 50-მეტრიან მონაკვეთზე საშუალოდ არ უნდა მოდიოდეს ზემოთ მითითებული შეერთებებიდან ერთზე მეტი.
20. ისეთი საკონტროლო კაბელების გამოყენებისას, რომელთა იზოლაციაც ექვემდებარება ჰაერის, სინათლის და ზეთის ზემოქმედებით რღვევას, ძარღვების მომჭერებიდან დამაცალკევებელ ბოლომდე დატანილი უნდა იყოს ამ ზემოქმედებისადმი მედეგი საფარი.
21. დენის ტრანსფორმატორების მეორადი გრაგნილები ყოველთვის უნდა იყვნენ რელეებსა და ხელსაწყოებზე მიერთებულნი ან დამოკლებულნი. დენის და ძაბვის ტრანსფორმატორების მეორადი წრედები და მაღალი სიხშირის არხების ფილტრების მეორადი გრაგნილები უნდა იყოს დამიწებული.
22. ელექტროსადგურებსა და ქვესადგურებში დაყენებული ის ციფრული მზომი მაფიქსირებელი მოწყობილობები, რომლებიც გამოიყენება სარელეო დაცვის და ავტომატიკის მოწყობილობების მუშაობის ანალიზის და ელექტროგადამცემ ხაზებზე დაზიანების ადგილების განსაზღვრისთვის, უნდა იყოს მოქმედებისთვის მუდმივად მზადყოფნაში. აღნიშნული მოწყობილობების მუშაობაში შეყვანა და გამოყვანა უნდა ხორციელდებოდეს განაცხადით.
23. ოპერატიული დენის წრედებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს დაცვის აპარატების (მცველების და ავტომატური ამომრთველების) სელექტიური მოქმედება.
ავტომატურ ამომრთველებს და მცველების ხუნდებს უნდა ჰქონდეს მათი დანიშნულების და ნომინალური დენის მაჩვენებელი მარკირებები.
24. ოპერატიული პერსონალის მიერ, სარელეო დაცვის და ავტომატიკის მოწყობილობების პანელებზე და კარადებში, მართვის გასაღებების, ნაფენების, საგამოცდო ბლოკების და სხვა სამარჯვების დახმარებით გადართვები უნდა წარმოებდეს მათი კონკრეტული რეჟიმის შესაბამისი მდგომარეობის ცხრილების გამოყენებით. ამ გადართვებისთვის წარმოებული ოპერაციების შესახებ ჩანაწერი შეტანილი უნდა იყოს ოპერატიულ ჟურნალში.
25. სარელეო დაცვის და ავარიასაწინააღმდეგო ავტომატიკის გადამრთველი მოწყობილობები ელექტროსადგურების და ქვესადგურების მართვის ფარებზე და პანელებზე უნდა იყვნენ თვალსაჩინოდ განთავსებულნი, ხოლო ერთი და იმავე ტიპის ოპერაციები მათზე უნდა ხორციელდებოდეს ერთნაირა