1. ენერგეტიკული ზეთების ექსპლუატაციისას უნდა იყოს უზრუნველყოფილი: ზეთსავსე მოწყობილობების ტექნოლოგიური სისტემების საიმედო მუშაობა; ზეთების საექსპლუატაციო თვისებების დაცვა; ნამუშევარი ზეთის შეგროვება, რეგენერაცია და მისი განმეორებითი გამოყენება პირდაპირი დანიშნულებით.
2. ყველა ენერგეტიკულ ზეთს (სატურბინო, ელექტროსაიზოლაციო, საკომპრესორო, ინდუსტრიული და სხვა), რომელთაც აწოდებს ენერგოსაწარმოებს მომწოდებელი, უნდა ჰქონდეს ხარისხის სერტიფიკატი ან საწარმო-დამამზადებლის პასპორტი და ჩაუტარდეს ლაბორატორიული ანალიზები მათი სტანდარტებთან ან ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით. მათი ხარისხის შეუსაბამობის შემთხვევაში ასეთი ზეთების გამოყენება მოწყობილობებში აკრძალულია. ზეთის სინჯების აღება სატრანსპორტო მოცულობებიდან უნდა მოხდეს მოქმედ სტანდარტებთან მკაცრ შესაბამისობაში, რომლებიც განსაზღვრავენ სინჯების აღების წესს.
3. ელექტროსაიზოლაციო ზეთის ხარისხის კონტროლი უნდა იყოს ორგანიზებული ელექტრომოწყობილობების გამოცდის მოცულობებისა და ნორმების შესაბამისად.
4. მოწყობილობიდან ზეთის გამოშვებით შესრულებული რემონტის შემდეგ, ელექტრომოწყობილობა ტიპისა და ძაბვის კლასის მიხედვით უნდა შეივსოს მომზადებული ელექტროსაიზოლაციო ზეთით. ელექტროსაიზოლაციო ზეთის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს ელექტრომოწყობილობის გამოცდის მოცულობებისა და ნორმების დებულებებს, რომლებიც განსაზღვრავენ რეგენერირებული ან გაწმენდილი საექსპლუატაციო ზეთების ხარისხს.
ელექტრომოწყობილობა (აქტიური ნაწილი, ზეთისავზი და ა.შ.) უნდა იყოს გარეცხილი ან გაწმენდილი გამაბინძურებელი ნარჩენებისაგან ელექტროსაიზოლაციო ზეთის ჩასხმის დაწყებამდე, რომელიც შემდგომში იქნება ექსპლუატაციაში. ელექტროსაიზოლაციო ზეთის ხარისხი ელექტრომოწყობილობაში, რომლის რემონტი სრულდება ზეთის გამოშვების გარეშე, უნდა შეესაბამებოდეს ელექტრომოწყობილობების გამოცდის მოცულობებისა და ნორმების მოთხოვნებს.
5. ახალი სატრანსფორმატორო ზეთის მარკა უნდა შეირჩეს მოწყობილობის ტიპისა და ძაბვის კლასის შესაბამისად. აუცილებლობის შემთხვევაში დასაშვებია ერთნაირი ან დანიშნულების მიხედვით ერთმანეთთან ახლოს მყოფი ახალი ზეთების შერევა. ძაბვის სხვადასხვა კლასის მოწყობილობებისათვის განკუთვნილი ზეთების ნარევი უნდა ჩაისხას მხოლოდ ძაბვის უდაბლესი კლასის მოწყობილობაში.
6. 630 კვა-ზე მეტი სიმძლავრის ტრანსფორმატორების თერმოსიფონურ და ადსორბციულ ფილტრებში სორბენტები უნდა შეიცვალოს ზეთის 1 გ-ზე 0,1 მგ КОН მჟავური რიცხვის მიღწევისას, ასევე ზეთში ხსნადი შლამის, წყალხსნადი მჟავების (ზეთის 1 გ-ზე 0,014 მგ КОН--ის არა უმეტესი ოდენობით) გაჩენის შემთხვევაში და (ან) დიელექტრიკული დანაკარგების კუთხის ტანგესის მნიშვნელობის გაზრდისას საექსპლუატაციო ნორმაზე მაღლა.
630 კვა და ნაკლები სიმძლავრის ტრანსფორმატორის ფილტრებში სორბენტები უნდა შეიცვალოს რემონტის დროს ან ექსპლუატაციის პირობებში მყარი იზოლაციის მახასიათებლების გაუარესებისას.
წყლის შემცველობა სორბენტში, როდესაც ხდება მისი ფილტრებში ჩატვირთვა, არ უნდა აღემატებოდეს მასის 0,5 %-ს.
7. სატრანსფორმატორო ზეთის ხარისხის კონტროლი მისი მიღებისა და შენახვის დროს ხორციელდება ელექტრომოწყობილობების გამოცდების მოცულობებისა და ნორმების შესაბამისად. დასაშვებია სამრეწველო სისუფთავის კლასის განსაზღვრა მექანიკური მინარევების შემცველობის განსაზღვრის ნაცვლად.
ახლად შემოსულ სატრანსფორმატორო ზეთს უნდა ჰქონდეს პასპორტი და შესაბამისობის სერტიფიკატი.
სატრანსფორმატორო ზეთმა უნდა გაიაროს შემდეგი ლაბორატორიული გამოცდები:
ა) სარკინიგზო ცისტერნიდან გადმოსხმამდე – შემოკლებული ანალიზი (გამრღვევი ძაბვის განსაზღვრის გარეშე); 220 კვ და უფრო მაღალი ძაბვის ძალოვან ტრანსფორმატორებსა და შემყვანებში ჩასასხმელი ზეთი დამატებით უნდა შემოწმდეს სტაბილურობასა და tgδ-ზე; სარკინიგზო ცისტერნიდან აღებული ზეთის სინჯის სტაბილურობასა და tgδ-ზე გამოცდის ჩატარება, ასეთი გამოცდის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ნებადართულია ზეთის მიღების შემდეგ;
ბ) ზეთის მეურნეობის ავზებში ჩასხმულმა ზეთმა – შემოკლებული ანალიზი;
გ) რეზერვში არსებულმა ზეთმა-შემოკლებული ანალიზი (არანაკლებ 3 წელიწადში ერთხელ) და შემოწმება გამრღვევ ძაბვაზე (წელიწადში ერთხელ). სატრანსფორმატორო ზეთის შემოკლებულ ანალიზში შედის გამრღვევი ძაბვის, აფეთქების ტემპერატურის, მჟავური რიცხვის, წყლის გამონაწვლის რეაქციის ( ან წყალში ხსნადი მჟავეებისა და ტუტეების რაოდენობის) განსაზღვრა, აგრეთვე მექანიკური მინარევებისა და გაუხსნელი წყლის არსებობის ვიზუალური შემოწმება.
8. ზეთების შესანახი ავზები (რეზერვუარები) უნდა იყოს აღჭურვილი ჰაერსაშრობი ფილტრებით. ზეთის ჩასხმის წინ ავზები მოწმდება სისუფთავეზე და აუცილებლობის შემთხვევაში იწმინდება გამაბინძურებლისაგან.
9. ელექტროსადგურებში მუდმივად უნდა ინახებოდეს სატრანსფორმატორო ზეთის მარაგი ერთ ყველაზე დიდი ტევადობის ზეთიან ამომრთველში დასატევი ზეთის მოცულობის ტოლი (ან მეტი) ოდენობით, აგრეთვე ჩასამატებელი მარაგი – მოწყობილობაში ჩასხმული ზეთის მთელი რაოდენობის 1 %-ზე არანაკლები ოდენობით; იმ ელექტროსადგურებში, სადაც არის მხოლოდ საჰაერო ამომრთველები ან მცირემოცულობიანი ზეთიანი ამომრთველები, ზეთის ჩასამატებელი მარაგი არ უნდა იყოს ყველაზე ტევად ტრანსფორმატორში ჩასხმული ზეთის 10 %-ზე ნაკლები. ორგანიზაციებში, რომლებიც ექსპლუატაციას უწევენ ელექტროქსელებს, მუდმივად უნდა ინახებოდეს სატრანსფორმატორო ზეთის მარაგი მოწყობილობაში ჩასხმული ზეთის 2 %-ზე არანაკლები ოდენობით.
10. ენერგოსაწარმოებში ახლად შემოსულ ნავთობისა და ცეცხლგამძლე სატურბინო ზეთებზე უნდა იყოს პასპორტები და შესაბამისობის სერტიფიკატი.
ცისტერნებიდან ჩამოსხმამდე ნავთობისა და ცეცხლმედეგმა სატურბინო ზეთებმა უნდა გაიაროს ლაბორატორიული გამოცდები:
ა) ნავთობის ზეთმა – მჟავურ რიცხვზე, აფეთქების ტემპერატურაზე, კინემატიკურ სიბლანტეზე, წყლის გამონაწვლის რეაქციაზე, დეემულსაციის დროზე, მექანიკური მინარევების და წყლის შემცველობაზე;
ბ) ცეცხლმედეგმა ზეთმა – მჟავურ რიცხვზე, წყალში ხსნადი მჟავებისა და ტუტეების შემცველობაზე, აფეთქების ტემპერატურაზე, სიბლანტეზე, სიმკვრივეზე, ფერზე; მექანიკური მინარევების შემცველობა უნდა განისაზღვროს ექსპრეს მეთოდით.
ცისტერნებიდან თავისუფალ, სუფთა, მშრალ რეზერვუარში ჩამოსხმული ნავთობის სატურბინო ზეთი უნდა შემოწმდეს დეემულსაციის დროზე, ჟანგვის წინააღმდეგ სტაბილურობაზე, ანტიკოროზიულ თვისებებზე. თუ ამ მაჩვენებლების მიხედვით ზეთის ხარისხი არ შეესაბამება სახელმწიფო სტანდარტების მოთხოვნებს, უნდა გაკეთდეს ცისტერნიდან აღებული სინჯის ანალიზი.
მოწყობილობაში ჩასხმის წინ ზეთი უნდა იყოს მომზადებული და შეესაბამებოდეს ტურბინული ზეთის ექსპლუატაციის ინსტრუქციის დებულებებს, რაც განსაზღვრავს მოწყობილობებში ჩასასხმელი ზეთის ხარისხს.
11. ორთქლის ტურბინებში, მკვებავ ელექტრო და ტურბოტუმბოებში საექსპლუატაციო ტურბინული ზეთი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ნორმებს:
ა) ნავთობის ზეთი: მჟავური რიცხვი – არა უმეტესი ვიდრე 0,3 მგ KOH ზეთის 1 გრ-ზე; არ უნდა შეიცავდეს წყალს, შლამს და მექანიკურ მინარევებს (განისაზღვრება ვიზუალურად); არ უნდა შეიცავდეს გახსნილ შლამს (განისაზღვრება ზეთის ერთ გრამზე 0,1 მგ KOH-ის და უფრო მაღალი მჟავური რიცხვის დროს); თერმოჟანგვითი სტაბილურობა Tп-22С ან Tп-22б ზეთებისა და მათი ნარევებისათვის სტანდარტის მიხედვით (მჟავური რიცხვი – არა უმეტესი, ვიდრე 0,8 მგ KOH ზეთის 1გ-ზე, დანალექის მასური წილი – არა უმეტესი, ვიდრე 0,5%); ზეთის ჟანგვის პირობები – საცდელი ტემპერატურა 120±0,5 0C; დრო 14 საათი; ჟანგბადის მიწოდების სიჩქარე 200 სმ3/წთ;
ბ) ცეცხლმედეგი სინთეზური ზეთი: მჟავური რიცხვი – არა უმეტესი, ვიდრე 1 მგ KOH ზეთის 1 გ-ზე; მექანიკური მინარევების მასური წილი – არა უმეტესი, ვიდრე 0,01 %; სიბლანტის ცვლილება – სასაქონლო ზეთისათვის არა უმეტესი, ვიდრე საწყისი მნიშვნელობის 10 %; გახსნილი შლამის შემცველობა – ოპტიკური სიმკვრივის ცვლილება არა უმეტესი, ვიდრე 25 % (განისაზღვრება 0,7 მგ KOH ზეთის 1 მგ-ზე და უფრო მაღალი მჟავური რიცხვის დროს). დასაშვებია მექანიკური მინარევების შემცველობის განსაზღვრის ნაცვლად განისაზღვროს სამრეწველო სისუფთავის კლასი – არა უმეტესი, ვიდრე მე-11 კლასი.
12. ზეთის ხარისხის სტაბილურობა ნავთობის ზეთებისა ან მათი მინარევებისათვის, რომელთა მჟავური რიცხვი 0,1 მგ KOH ზეთის 1გ-ზე და უფრო მეტია, განისაზღვრება წელიწადში ერთხელ შემოდგომა-ზამთრის მაქსიმუმის დაწყების წინ. მკვებავი ელექტრო და ტურბოტუმბოების ზეთსისტემების ზეთისათვის ეს მაჩვენებელი განსაზღვრა არ ექვემდებარება.
13. მჟავური რიცხვის მიხედვით ზღვრული საექსპლუატაციო ნორმის მიღწევის შემდეგ ცეცხლმედეგი სატურბინო ზეთები უნდა გაიგზავნოს ქარხანა-დამამზადებელში აღსადგენად. ცეცხლმედეგი სატურბინო ზეთების ექსპლუატაცია უნდა ხორციელდებოდეს სპეციალური ინსტრუქციების მიხედვით.
14. ჰიდროტურბინებში Tп-30 საექსპლუატაციო ზეთი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ნორმებს: მჟავური რიცხვი – არა უმეტესი ვიდრე 0,6 მგ KOH ზეთის 1 გ-ზე; არ უნდა შეიცავდეს წყალს, შლამს და მექანიკურ მინარევებს (განისაზღვრება ვიზუალურად); გახსნილი შლამის მასური წილი – არა უმეტესი, ვიდრე 0,01 %. დასაშვებია მექანიკური მინარევების შემცველობის განსაზღვრის ნაცვლად განისაზღვროს სამრეწველო სისუფთავის კლასი – არა უმეტესი, ვიდრე მე-13 კლასი.
15. სატურბინო ზეთი შენახვისა და ექსპლუატაციის პროცესში პერიოდულად უნდა კონტროლდებოდეს ვიზუალურად და ტარდებოდეს მისი შემოკლებული ანალიზი. სატურბინო ზეთის შემოკლებული ანალიზის მოცულობაში შედის: ნავთობის ზეთისათვის – მჟავური რიცხვის განსაზღვრა, მექანიკური მინარევების, შლამის და წყლის არსებობის დადგენა;
ცეცხლმედეგი ზეთისათვის – მჟავური რიცხვის, წყალხსნადი მჟავების შემცველობის, წყლის არსებობის განსაზღვრა, მექანიკური მინარევების შემცველობის განსაზღვრა ექსპრეს მეთოდით.
ზეთის ვიზუალური კონტროლი მდგომარეობს წყლის, შლამისა და მექანიკური მინარევების შემცველობის შემოწმებაში მისი გაწმენდის აუცილებლობის დასადგენად.
დამატებით რეკომენდებულია განისაზღვროს სამრეწველო სისუფთავის კლასი.
16. სატურბინო ზეთის შემოკლებული ანალიზის ჩატარების პერიოდულობა შემდეგია:
ა) Tп-22С ან Tп-22б ზეთებისათვის – არანაკლებ 1 თვისა ზეთის სისტემებში ჩასხმიდან და შემდგომ ექსპლუატაციის პროცესში ზეთი 1 გ-ზე 0,1 მგ KOH-მდე (ჩათვლით) მჟავური რიცხვის დროს არანაკლებ 2 თვეში ერთხელ და ზეთის 1 გ-ზე 0,1 მგ KOH- ზე უფრო მაღალი მჟავური რიცხვის დროს არანაკლებ თვეში ერთხელ;
ბ) ცეცხლმედეგი ზეთებისათვის – არა უგვიანეს 1 კვირისა ექსპლუატაციის დაწყებიდან და შემდგომში ზეთის 1 გ-ზე არა უმეტეს 0,5 მგ KOH მჟავური რიცხვის დროს არანაკლებ 2 თვეში ერთხელ და ზეთის 1 გ-ზე 0,5 მგ KOH-ზე უფრო მაღალი მჟავური რიცხვის დროს არანაკლებ 3 კვირაში ერთხელ;
გ) სინქრონული კომპენსატორების შეზეთვის სისტემებში ჩასხმული ტურბინის ზეთისათვის – არანაკლებ 6 თვეში ერთხელ;
დ) ჰიდროტურბინებში გამოსაყენებელი Tп-30 ზეთისათვის – არა უგვიანეს 1 თვისა ზეთის სისტემაში ჩასხმიდან და შემდგომ ზეთის სრული გამჭვირვალობის და მასში გახსნილი შლამის 0,005 %-ზე არა უმეტესი მასური წილის დროს – არანაკლებ 6 თვეში ერთხელ.
ზეთის ამღვრევის შემთხვევაში უნდა შესრულდეს რიგგარეშე შემოკლებული ანალიზი. ზეთის ვიზუალური კონტროლის დროს მასში შლამის ან მექანიკური მინარევების აღმოჩენის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს რიგგარეშე შემოკლებული ანალიზი.
რეზერვში არსებული ნავთობის სატურბინო ზეთის შემოკლებული ანალიზი უნდა ტარდებოდეს არანაკლებ 3 წელიწადში ერთხელ და მოწყობილობაში ჩასხმის წინ, ხოლო ცეცხლმედეგი ზეთისა – არანაკლებ წელიწადში ერთხელ მოწყობილობაში ჩასხმის წინ.
17. ორთქლის ტურბინებსა და ტურბოტუმბოებში გამოყენებული ზეთის ვიზუალური კონტროლი უნდა წარმოებდეს დღეღამეში ერთხელ. ჰიდროტურბინებში გამოყენებული ზეთის ვიზუალური კონტროლი უნდა წარმოებდეს ელექტროსადგურებში პერსონალის მუდმივი მორიგეობით – კვირაში ერთხელ, ხოლო ავტომატიზებულ ელექტროსადგურებში – მოწყობილობის თითოეული მორიგი დათვალიერების დროს, მაგრამ არანაკლებ თვეში ერთხელ.
18. ელექტროსადგურებში უნდა ინახებოდეს ნავთობის სატურბინო ზეთის მუდმივი მარაგი ყველაზე მსხვილი აგრეგატის ზეთის სისტემის ტევადობის (ან მეტი) ოდენობით და არანაკლები, ვიდრე 45 დღის საჭიროების ჩასამატებელი მარაგი; ორგანიზაციებში, რომლებიც ექსპლუატაციას უწევენ ელექტროქსელებს, უნდა ინახებოდეს ზეთის მუდმივი მარაგი ერთი სინქრონული კომპენსატორის ზეთის სისტემის ტევადობის (ან მეტი) ოდენობით და არანაკლები, ვიდრე 45 დღის საჭიროების ჩასამატებელი მარაგი.
ცეცხლმედეგი სატურბინო ზეთის მუდმივი მარაგი არ უნდა იყოს მისი ერთი ტურბოაგრეგატისათვის ჩასამატებელ წლიურ საჭიროებაზე ნაკლები (მაგრამ არა უმეტესი, ვიდრე აგრეგატის ზეთის სისტემის ტევადობის 15 %).
19. შემოსულ ინდუსტრიულ ზეთებსა და საპოხ მასალებს უნდა ჩაუტარდეს ვიზუალური კონტროლი მექანიკური მინარევებისა და წყლის აღმოჩენის მიზნით. ინდუსტრიული ზეთი, გარდა ამისა, დამატებით უნდა გამოიცადოს სიბლანტეზე ამ მაჩვენებლის სახელმწიფო სტანდარტებთან ან ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობის გასაკონტროლებლად.
20. ელექტროსადგურებისა და ელექტრული ქსელების საექსპლუატაციო ორგანიზაციებში დადგენილი უნდა იყოს დამხმარე დანადგარებისა და მექანიზმების საპოხი მასალების ხარჯის ნორმები, ასევე საპოხი მასალების ხარისხის კონტროლის და შეცვლის პერიოდულობა. ამ მიზნით გამოსაყენებელი საპოხი მასალების მარკა უნდა შეესაბამებოდეს სასაპოხე ასორტიმენტის ექსპლუატაციაზე საქარხნო ინსტრუქციების მოთხოვნებს, დაშვებულს ამ მოცემულ მოწყობილობაზე გამოსაყენებლად. საპოხი მასალების შეცვლის შესაძლებლობა უნდა იყოს შეთანხმებული მოწყობილობის საწარმო – დამამზადებელთან.
დამხმარე დანადგარების იძულებითი ცირკულაციით შეზეთვის სისტემებში ზეთი უნდა კონტროლდებოდეს ვიზუალურად მექანიკური მინარევების, შლამისა და წყლის შემცველობაზე არანაკლებ თვეში ერთხელ. დაბინძურების აღმოჩენის შემთხვევაში ზეთი უნდა გაიწმინდოს ან შეიცვალოს.
თითოეულ ელექტროსადგურზე და ელექტრული ქსელის ექსპლუატაციის გამწევ თითოეულ ორგანიზაციაში უნდა ინახებოდეს დამხმარე დანადგარებისათვის საპოხი მასალების მუდმივი მარაგი არანაკლები, ვიდრე 45 დღის საჭიროების ოდენობით.
21. ენერგოობიექტებზე ახალი და საექსპლუატაციო ენერგეტიკული ზეთების ხარისხის კონტროლს და რეკომენდაციების გაცემას მათ გამოყენებაზე, მათ შორის ზეთის კონტროლის გრაფიკის შედგენაზე, აგრეთვე დამუშავების ტექნოლოგიის ტექნიკურ ხელმძღვანელობას უნდა ახორციელებდეს ქიმიური საამქრო (ქიმიური ლაბორატორია ან შესაბამისი ქვედანაყოფი). იმ ორგანიზაციის ზეთის მეურნეობა, რომელიც ექსპლუატაციას უწევს ელექტრულ ქსელებს, უნდა იმყოფებოდეს იზოლაციისა და ატმოსფერული გადაძაბვებისაგან დაცვის სამსახურის ან ხელმძღვანელის ბრძანებით განსაზღვრული სხვა საწარმოო ქვედანაყოფის დაქვემდებარებაში. ელექტროსადგურებზე ელექტროსაიზოლაციო ზეთების დამუშავებისათვის საჭირო მოწყობილობების მომსახურებას ახორციელებს ელექტრო საამქროს პერსონალი, ხოლო სატურბინო ზეთის დამუშავებას – საქვაბე-სატურბინო საამქროს პერსონალი.
22. მოწყობილობაში ჩასხმულ სატურბინო, სატრანსფორმატორო და ინდუსტრიულ ზეთებზე ქიმიურ ლაბორატორიაში უნდა იყოს ჟურნალი, რომელშიც უნდა აღინიშნებოდეს: სახელმწიფო სტანდარტის ან ტექნიკური პირობების ნომერი, ქარხანა-დამამზადებლის დასახელება, ზეთის გამოცდის შედეგები, მოწყობილობის ტიპი და სასადგურო ნომერი, ცნობები მისართების შეყვანაზე, ჩამატებული ზეთის რაოდენობასა და ხარისხზე.
23. საექსპლუატაციო ზეთის დამატებითი ანალიზების აუცილებლობა და პერიოდულობა განსაზღვრული უნდა იყოს კონკრეტულ მოწყობილობაში მისი ექსპლუატაციის ინსტრუქციებით.
24. სატრანსპორტო ტევადობებიდან სატრანსფორმატორო ან სატურბინო ზეთების მიღება და მოწყობილობებში მიწოდება უნდა ხორციელდებოდეს ცალ-ცალკე ზეთსადენებით, ხოლო ზეთსადენების უქონლობის დროს – მოძრავი ტევადობების ან ლითონის კასრების გამოყენებით. მოწყობილობაში ჩასასხმელად მომზადებული და ნამუშევარი ზეთების ტრანსპორტირება უნდა ხორციელდებოდეს ცალ-ცალკე მილსადენებით; მოძრავი ტევადობები, გამოყენებული ამ მიზნებისათვის, უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ სახელმწიფო სტანდარტებს. სტაციონარული ზეთსადენები არასამუშაო მდგომარეობაში მთლიანად უნდა იყოს შევსებული ზეთით.
მილსადენებში, რომლებიც განკუთვნილია მოწყობილობაში ზეთის ჩასასხმელად, უნდა იყოს დაყენებული სინჯამღებები უშუალოდ ჩამკეტი არმატურის წინ მოწყობილობაში შესასვლელთან.
ჩასასხმელად განკუთვნილი ზეთების მოწყობილობაში მიწოდების წინ მილსადენში ზეთის ხარისხის შეუსაბამობის შემთხვევაში ნორმატიული დოკუმენტების დებულებებთან, რომლებიც განსაზღვრავს მოწყობილობაში ჩასასხმელად განკუთვნილი ზეთების ხარისხს, მილსადენები უნდა იყოს დაცლილი და გაწმენდილი.
25. ჩასასხმელად მომზადებული ზეთები, რომლებიც პასუხობს ნორმატიული დოკუმენტების დებულებების მოთხოვნებს მათ ქსპლუატაციაზე, უნდა ჩაისხას ზეთსისტემებში, რომლებიც არ შეიცავს გამაბინძურებლებს, ზეთოვან შლამს შემოწმებულია და მიღებულია სისუფთავეზე.
ოპერატიულ-დისპეტჩერული მართ