1. ელექტროსადგურების და ქსელების მუშაობის რეჟიმების მართვა უნდა ხორციელდებოდეს გაანგარიშებებისა და გრძელ და მოკლევადიანი დაგეგმვის მონაცემების საფუძველზე.
2. მუშაობის რეჟიმების დაგეგმვისას უნდა იყოს უზრუნველყოფილი:
ა) მოხმარების და ელექტროსადგურების დატვირთვის დაბალანსება სისტემათაშორისო და შიდა სასისტემო გადაცემის ხაზებზე გადადინებების გათვალისწინებით;
ბ) ელექტროენერგიის მყიდველების მინიმალური ჯამური დანახარჯები საჭირო საიმედოობის უზრუნველყოფით და რეჟიმული პირობების (სიმძლავრის ბალანსის მდგენელები, ელექტრული ქსელის სქემები და ელექტროსადგურების ენერგორესურსებით უზრუნველყოფა) ელექტრული ენერგიის და სიმძლავრის მიწოდებაზე დადებული ხელშეკრულებების პირობების, ელექტრული ენერგიის და სიმძლავრის ყიდვა-გაყიდვის მოქმედი წესების გათვალისწინებით;
გ) აქტიური და რეაქტიური სიმძლავრეების საჭირო რეზერვები.
3. რეჟიმების დაგეგმვისას უნდა იქნეს გათვალისწინებული და გამოყენებული შემდეგი მონაცემები:
ა) ენერგოსისტემის ელექტროენერგიის და სიმძლავრის მოხმარების წლიური, კვარტალური, თვიური, კვირის, დღე-ღამური და საათობრივი პროგნოზი;
ბ) ელექტრული სადგურების მახასიათებლები, მათი მოწყობილობების დატვირთვისუნარიანობის მზადყოფნის და ენერგორესურსებით უზრუნველყოფის თვალსაზრისით, აგრეთვე მოწყობილობა-დანადგარების ტექნიკურ-ეკონომიკური მახასიათებლები;
გ) ელექტროენერგიის გადაცემისა და განაწილებისათვის გამოყენებული ელექტრული ქსელების გამტარუნარიანობის, დანაკარგების და სხვა სახის მახასიათებლები;
დ) ჰიდროენერგორესურსების ხარჯვის ნორმები, რომლებიც დადგენილია თითოეული ჰესისთვის მოქმედი უწყებათაშორისო დოკუმენტებით და სახელმწიფო ორგანოების დავალებებით.
4. გრძელვადიანი დაგეგმარებისას უნდა წარმოებდეს ელექტროენერგიისა და სიმძლავრის ბალანსების შედგენა წლის, კვარტალის და თვის პერიოდებისათვის.
ელექტრული ენერგიისა და სიმძლავრის წლიური ბალანსი უნდა შეიცავდეს ელექტრული ენერგიის წლიურ ბალანსს წლის ყოველი კვარტალის მიხედვით და ელექტრული სიმძლავრის ბალანსს, წლის ყოველი თვის სახასიათო სამუშაო დღის დატვირთვის მაქსიმუმის საათისათვის;
ელექტრული ენერგიისა და სიმძლავრის კვარტალური ბალანსი უნდა შეიცავდეს ელექტრული ენერგიის კვარტალურ ბალანსს კვარტალის ყოველი თვის მიხედვით და ელექტრული სიმძლავრის ბალანსს კვარტალის ყოველი თვის სახასიათო სამუშაო დღის დატვირთვის მაქსიმუმის საათისათვის;
ელექტრული ენერგიისა და სიმძლავრის თვიური ბალანსი უნდა შეიცავდეს ელექტრული ენერგიის თვიურ ბალანსს თვის, კვირის მიხედვით და ელექტრული სიმძლავრის ბალანსს, თვის ყოველი კვირის სახასიათო სამუშაო დღის დატვირთვის მაქსიმუმის საათისათვის.
5. მოკლევადიანი დაგეგმვისას უნდა ხდებოდეს ელექტრული ენერგიისა და სიმძლავრის ბალანსების გაანგარიშება კვირის ყოველი დღისათვის და აგრეთვე დისპეტჩერული გრაფიკის შედგენა.
დისპეტჩერული გრაფიკი უნდა შეიცავდეს ობიექტებისათვის დასახული გენერაციის, მოხმარების, სიმძლავრეების გადადინებების საათობრივ მნიშვნელობებს, აგრეთვე სარეზერვო სიმძლავრის და ძაბვის დონეების მნიშვნელობებს.
დისპეტჩერული გრაფიკი უნდა იყოს გაცემული შესაბამისი დისპეტჩერისათვის ოპერატიულ-დისპეტჩერული მართვის ყოველ დონეზე, მისი ენერგოსისტემის (მთავარი დისპეტჩერის) ტექნიკური ხელმძღვანელის დამტკიცების შემდეგ.
6. ელექტროსადგურების ძირითადი ელექტრომოწყობილობებისა და ნაგებობების (საკვამლე მილების, შხეფსაცივრების და სხვ.) კაპიტალური, საშუალო და მიმდინარე რემონტების დაგეგმვა მომავალი წლისათვის უნდა წარმოებდეს ნორმატივებისა და წლის თვეების მიხედვით სარემონტო სიმძლავრეების მოცემული მნიშვნელობების საფუძველზე.
სარემონტო გრაფიკები უნდა იყოს შეთანხმებული ენერგოსისტემის ოპერატიულ-დისპეტჩერული მართვის ორგანოსთან და დამტკიცებული დადგენილი წესით.
კაპიტალური და საშუალო რემონტების წლიური გრაფიკების ცვლილება დასაშვებია გამონაკლის შემთხვევებში, ოპერატიულ-დისპეტჩერული მართვის ორგანოსთან შეთანხმებით და ცვლილებების დადგენილი წესით დამტკიცებით.
7. ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების დანადგარების, რელეური დაცვისა და ავტომატიკის, კავშირგაბმულობის და დისპეტჩერული მართვის მოწყობილობების წლიური რემონტების გრაფიკები უნდა იყოს დამტკიცებული ენერგოსისტემის ან ენერგეტიკული ორგანიზაციის ოპერატიულ-დისპეტჩერული მართვის ორგანოს (მთავარი დისპეტჩერის) ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ, ოპერატიული დაქვემდებარების დონის შესაბამისად.
8. ენერგოსისტემის ელექტრულ ქსელში და ენერგოობიექტებზე ნაკადგანაწილების, დატვირთვების და ძაბვის დონეების საკონტროლო გაზომვები უნდა წარმოებდეს წელიწადში ორჯერ – ივნისის და დეკემბრის მესამე ოთხშაბათს.
ეს მონაცემები უნდა იყოს გამოყენებული ელექტრული რეჟიმების გაანგარიშებისას, გრძელვადიანი და მოკლევადიანი დაგეგმვისას და პერსპექტიული გეგმებისა და ბალანსების შედგენისას.
9. ენერგოსისტემის ოპერატიულ-დისპეტჩერული მართვის ორგანო პერიოდულად, და აგრეთვე ახალი მაგენერირებელი სიმძლავრისა და საქსელო ობიექტების მუშაობაში შეყვანისას, უნდა აწარმოებდეს:
ა) ელექტრული რეჟიმების გაანგარიშებას აქტიური სიმძლავრის გადადინებების და ძაბვის დონეების დასაშვები მნიშვნელობების განსაზღვრისათვის;
ბ) ავარიის საწინააღმდეგო ავტომატიკის მოწყობილობების აწყობის შესაბამისობის შემოწმებას სისტემაში ჩამოყალიბებულ ელექტრულ რეჟიმებთან;
გ) მოკლე შერთვის დენების გაანგარიშებას, სქემების და რეჟიმების შესაბამისობის შემოწმებას მოწყობილობის თერმულ და დინამიკურ მდგრადობასთან და ამომრთველების გამორთვის უნართან, აგრეთვე ავარიის საწინააღმდეგო და რეჟიმული ავტომატიკის პარამეტრების შერჩევას;
დ) ელექტროსადგურების, ელექტრული ქსელების ტექნიკურ-ეკონომიკური მახასიათებლების გაანგარიშებას რეჟიმების ოპტიმალურად წარმართვისათვის;
ე) საჭიროების შემთხვევაში ოპერატიული პერსონალის მიერ რეჟიმების წარმართვის და ავარიის საწინააღმდეგო და რეჟიმული ავტომატიკის საშუალებების გამოყენების ინსტრუქციის დაზუსტებას;
ვ) ავარიის საწინააღმდეგო და რეჟიმული ავტომატიკის ახალი მოწყობილობების დაყენების საჭიროების განსაზღვრას.
10. ენერგოსისტემის დისპეტჩერულ-ოპერატიული მართვის ორგანო ყოველწლიურად უნდა განსაზღვრავდეს:
ა) სიხშირული ავტომატური განტვირთვის და სიხშირული ავტომატური განმეორებითი ჩართვის მოწყობილობების მოცულობას, დანაყენების დიაპაზონს და ამ მოწყობილობების განთავსების ადგილს;
ბ) სიხშირის დაწევისას ჰიდროაგრეგატების და აირტურბინული დანადგარების ავტომატური გაშვების, სინქრონული კომპენსატორის რეჟიმში მომუშავე ჰიდროაგრეგატების გენერატორულ რეჟიმში ავტომატური გადაყვანის დანაყენებს.
სიხშირული ავტომატური განტვირთვის მოწყობილობებზე მიერთებული მომხმარებლების ჩამონათვალი უნდა დამტკიცდეს ენერგოსისტემის ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ.
11. დატვირთვის გამორთვის სპეციალური ავტომატიკაზე მიერთებული დატვირთვის მოცულობა და მისი გამოყენება ენერგოსისტემის ავარიული რეჟიმების პირობებით უნდა განისაზღვროს ენერგოსისტემის ოპერატიულ-დისპეტჩერული მართვის ზემდგომი ორგანოს მიერ.
დატვირთვის გამორთვის სპეციალურ ავტომატიკის მოწყობილობაზე მიერთების პირობებს უნდა ადგენდეს ენერგომომმარაგებელი ორგანიზაცია.
დატვირთვის გამორთვის სპეციალური ავტომატიკის მუშაობაში შეყვანაზე გადაწყვეტილებას უნდა იღებდეს ენერგოსისტემის ოპერატიულ-დისპეტჩერული მართვის ორგანო.
12. დატვირთვის გამორთვის სპეციალური ავტომატიკის და სიხშირული ავტომატური განტვირთვის მოწყობილობის ცალკეულ რიგებზე ფაქტობრივად მიერთებული დატვირთვის მნიშვნელობები უნდა იზომებოდეს წელიწადში ორჯერ – ივნისში და დეკემბერში, ყოველ საათში, ერთ-ერთი დღე-ღამის განმავლობაში.
13. ენერგოსისტემაში ელექტრული ენერგიის და სიმძლავრის დეფიციტისას ყოველწლიურად უნდა მუშავდებოდეს და მტკიცდებოდეს მომხმარებლების შეზღუდვისა და დატვირთვის გამორთვის გრაფიკებ