1. ენერგოსისტემის, ელექტროსადგურებისა და ქვესადგურების ელექტრული შეერთებების სქემები, რელეური დაცვისა და ავტომატიკის საშუალებების აწყობა ნორმალური და სარემონტო რეჟიმების დროს უნდა უზრუნველყოფდეს:
ა) მომხმარებლების მომარაგებას ელექტროენერგიით, რომლის ხარისხიც უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფო სტანდარტის მოთხოვნებს;
ბ) ენერგოსისტემის ელექტრული ქსელის მდგრად მუშაობას;
გ) მოკლე შერთვის დენების შესაბამისობას დანადგარებისათვის დასაშვებ მნიშვნელობებთან;
დ) აქტიური და რეაქტიული სიმძლავრეების ნაკადების ეკონომიურ განაწილებას;
ე) ავარიის ლოკალიზაციას მინიმალური დანაკარგებით როგორც ელექტროენერგიის მწარმოებლებისათვის, ასევე მომხმარებლებისათვის;
2. ელექტროსადგურებისა და ქვესადგურების ცვლადი და მუდმივი დენის საკუთარი მოხმარების სქემები უნდა შეირჩეს ნორმალურ, სარემონტო და ავარიულ რეჟიმებში მათი საიმედოობის უზრუნველყოფის გათვალისწინებით შემდეგნაირად:
ა) სალტეების სექციონირების გზით;
ბ) საკუთარი მოხმარების ყველა ძაბვის ნებისმიერი სალტის სექციის სარეზერვო კვების ავტომატური ჩართვით მასზე ძაბვის გაქრობისას;
გ) მცირე ხნით კვების გარეშე დარჩენილი ყველა საპასუხისმგებლო ელექტროძრავის სარეზევო კვების წყაროდან თვითგაშვების უზრუნველყოფით (საკუთარი მოხმარების ძირითადი სალტეების რეზერვის ავტომატური ჩართვის მოწყობილობების მოქმედებისას);
დ) საკუთარი მოხმარების კვების წყაროების განაწილებით სისტემებსა და სალტეების სექციებზე რეზერვის ავტომატური ჩართვის მოწყობილობების მოქმედების გათვალისწინებითა და სექციაზე ძაბვის გაქრობისას საკუთარი მოხმარების მექანიზმების მუშაობის შენარჩუნების გზით, სარეზევო და მუშა კვების წყაროები უნდა იყოს მიერთებული გამანაწილებელი მოწყობილობების სხვადასხვა სექციებზე;
ე) საკუთარი მოხმარების მექანიზმების განაწილებით სალტეთა სექციებზე ნებისმიერი სექციის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში ელექტროსადგურის ან ქვესადგურის მუშაობის მინიმალური დარღვევის პირობით;
ვ) საკუთარი მოხმარების მექანიზმების საიმედო კვების უზრუნველყოფით ელექტროსადგურის სალტეების (ნაწილების) არასინქრონული მუშაობისას (მაღალი ძაბვის სალტეების სექციონირება, ენერგობლოკების ცალკეულ ხაზებზე გამოყოფა, ენერგოსისტემის გაყოფის სქემის შესრულება);
ზ) ელექტროსადგურის საკუთარი მოხმარების მექანიზმების კვების სრული ან ნაწილობრივი გამოყოფის უზრუნველყოფით ენერგოსისტემიდან მუშა სიმძლავრის უმცირესი დანაკარგით სიხშირისა და ძაბვის იმ მნიშვნელობამდე დაწევისას, რომელიც ემუქრება მათ შეუფერხებელ მუშაობას.
3. მოცემულ ადგილებში გამანაწილებელი ქსელების არარსებობისას აკრძალულია ელექტროსადგურის საკუთარი მოხმარების გამანაწილებელ მოწყობილობის სალტეებზე გარეშე მომხმარებლების (დასახლებები და სხვ.) მიერთება.
4. ელექტროსადგურების, ქვესადგურების, ელექტრული ქსელების ნორმალური და სარემონტო შეერთების სქემებს ყოველწლიურად უნდა ამტკიცებდეს ენერგოობიექტის ტექნიკური ხელმძღვანელი, ხოლო ენერგოსისტემის სქემებს – ენერგოსისტემის ოპერატიულ – დისპეტჩერული მართვის ორგანოს მთავარი დისპეტჩერი.
მითითებული სქემები უნდა შეთანხმდეს სადისპეტჩერო მართვის იმ ორგანოებთან, რომლის ოპერატიულ გამგებლობაში და/ან ოპერატიულ მართვაშია მასში შემავალი დანადგარები.
5. ელექტროსადგურების მილსადენების სქემები უნდა უზრუნველყოფდეს:
ა) ძირითადი დანადგარების საკუთარი მოხმარების საიმედო რეზერვირებას;
ბ) მინიმალურ ჰიდრავლიკურ დანაკარგს;
გ) ავარიული უბნების გამორთვას უპირატესად დისტანციურად მართვადი ამძრავის საშუალებით;
დ) ავარიის ლოკალიზაციას საგენერაციო სიმძლავრის მინიმალური დანაკარგითა და მომხმარებლების მინიმალური სიმძლავრის გამორთვას.
6. მილსადენების დაზიანების შემთხვევაში ელექტროსადგურის მილსადენების ქსელის სქემები უნდა უზრუნველყოფდეს ცალკეული უბნების ლოკალიზაციის საშუალებასა და ელექტროსადგურების შენობებისა და დანადგარების დატბორვის თავიდან აცილება