ევროკავშირის სურსათისა და ცხოველთა საკვების სწრაფი განგაშის სისტემაში (RASFF) ინტეგრაციის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქარველოს მთავრობის
განკარგულება №828
2008 წლის 3 დეკემბერი
ქ. თბილისი
ევროკავშირის სურსათისა და ცხოველთა საკვების სწრაფი განგაშის სისტემაში (RASFF) ინტეგრაციის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ
სასურსათო უზრუნველყოფის პროგრამის ერთ-ერთ შესასრულებელ პირობას სოფლის მეურნეობის კუთხით წარმოადგენს ევროკავშირის სურსათისა და ცხოველთა საკვების სწრაფი განგაშის სისტემასთან RASFF) ინტეგრირება.
ევროკავშირის სურსათისა და ცხოველთა საკვების სწრაფი განგაშის სისტემაში (RASFF) ინტეგრაციის უზრუნველყოფისა და ეფექტიანად გადაწყვეტის მიზნით:
1. შეიქმნას სწრაფი განგაშის სისტემა (შემდგომში – სისტემა), რომელიც გულისხმობს სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების, შემოტანის, დისტრიბუციის ან/და მოხმარების დროს ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის პირდაპირი/არაპირდაპირი საფრთხის მისაღებ დონემდე შემცირების ან აღმოსაფხვრელად განხორციელებულ/განსახორციებელ ღონისძიებათა შესახებ ინფორმაციის სწრაფ გაცვლას, ინფორმაციის ოპერატიულ მიწოდებას რისკის მართვის მონაწილე და ყველა დაინტერესებული მხარისათვის.
2. სისტემის დანერგვისა და ამოქმედებისათვის პასუხისმგებელ უწყებებად განისაზღვროს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – პასუხისმგებელი უწყებები).
3. პასუხისმგებელმა უწყებებმა უზრუნველყონ სისტემის 24-საათიანი მუშაობის ორგანიზება, მონაცემთა ბაზის შექმნა და განსაზღვრონ პასუხისმგებელი საკონტაქტო პირები, რომლებიც განახორციელებენ ინფორმაციის ოპერატიულ მიწოდებას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. განისაზღვროს სისტემაში გასავრცელებელი ოთხი ტიპის შეტყობინება:
ა) საგანგაშო შეტყობინება (Alert notification): იგზავნება, ბაზარზე განთავსებული სურსათის/ცხოველთა საკვებთან დაკავშირებული საფრთხის არსებობისას, როდესაც დაუყოვნებელი მოქმედებაა აუცილებელი. საგანგაშო შეტყობინებას ავრცელებს ის პასუხისმგებელი უწყება, რომელიც აღმოაჩენს საფრთხეს;
ბ) საინფორმაციო შეტყობინება (Information notification): შეეხება იმ სურსათსა და ცხოველთა საკვებს, რომელიც შეტანილ იქნა ბაზარზე და რომელთან დაკავშირებული საფრთხე შეფასდა, მაგრამ რისკის ხასიათი არ მოითხოვს დაუყონებლივ მოქმედებას, ვინაიდან, პროდუქციას ჯერ არ მიუღწევია ბაზრამდე, ან აღარ არის ბაზარზე;
გ) სიახლეები (News): სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია, რომლის გადაცემაც არ მოხდა საგანგაშო და საინფორმაციო შეტყობინებების სახით;
დ) ,,საქონლის შემოტანაზე უარი ითქვა – დაბრუნებულია” (Reject): შეტყობინება ეხება იმ უცხოური საქონლის სტატუსის მქონე სურსათს/ცხოველის საკვებს, რომლის მიმართ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელებისას მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანაზე უარის თქმისა და უკან დაბრუნების შესახებ.
5. ევროკავშირის ქვეყნების სწრაფი განგაშის სისტემასთან RASFF) ინტეგრაციის მიზნით, პასუხისმგებელ უწყებად განისაზღვროს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური, რომელიც განსაზღვრავს საკონტაქტო პირს. საკონტაქტო პირმა ევროკავშირის ქვეყნების სწრაფი განგაშის სისტემას RASFF) უნდა მიაწოდოს შემდეგი სახის ინფორმაცია:
ა) განხორციელებული ნებისმიერი ღონისძიების შესახებ, რომლის მიზანია სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსების შეზღუდვა, ან მისი ბაზრიდან ამოღება;
ბ) ნებისმიერი რეკომენდაციის შესახებ, რომლის მიზანია, სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსებისა ან შესაძლო მოხმარების სპეციფიკური პირობების დაწესება;
გ) ინფორმაცია სურსათის/ცხოველის საკვების სასაზღვრო საბაჟო ორგანოების გავლით შემოტანის ნებისმიერი შეზღუდვის შესახებ.
6. შეტყობინებას თან უნდა ერთოდეს დეტალური ინფორმაცია სურსათის/ცხოველთა საკვებთან დაკავშირებული საფრთხის თაობაზე განხორციელებული ან განსახორციელებელი, ან რეკომენდებული ღონისძიების შესახებ.
7. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი