1. პესტიციდების (ქიმიური ან ბიოლოგიური პრეპარატების, რომლებიც გამოიყენება მცენარეთა მავნებლებისა და დაავადებების, მათი გადამტანების, სარეველების, შენახული სოფლის მეურნეობის პროდუქციის დაავადებებისა და მავნებლების, მღრღნელების და ცხოველთა გარეგანი პარაზიტების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე მცენარეთა ზრდის რეგულირების მიზნით, მოსავლის აღების წინ ფოთლების მოცილებისათვის – დეფოლიანტების, მოსავლის აღების წინ მცენარეთა გამოშრობისათვის – დესიკანტების, აგრეთვე ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის, საწყობების, საცავების, ნიადაგის, სათბურების, სატრანსპორტო საშუალებების გაუსნებოვნებისათვის) რეალიზაცია წარმოებს წინამდებარე წესების თავისებურებათა გათვალისწინებით.

2. დაშვებულია მხოლოდ სახელმწიფო რეგისტრაციაში გატარებულ და „პესტიციდების სახელმწიფო კატალოგში“ შეტანილი პრეპარატებით საბითუმო და საცალო ვაჭრობა.

3. პესტიციდებით ვაჭრობა ხორციელდება მხოლოდ სპეციალური სავაჭრო ქსელის მეშვეობით გარემოს დაბინძურების აცილებისა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით. დაუშვებელია პესტიციდების დასაწყობება და რეალიზაცია წინამდებარე წესების დარღვევით, აგრეთვე გზებზე, ქუჩებში, სკვერებში, პარკებში, ბაზრებში, მოსახლეობის თავშეყრის და სხვა აკრძალულ ადგილებში პესტიციდებით ვაჭრობა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ - სურსათის ეროვნულ სააგენტოს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტური გამოყენებისა და უსაფრთხო მოხმარების მიზნით, უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეამოწმოს სასაწყობო და სარეალიზაციო ობიექტი, მიუხედავად საკუთრების ფორმისა.

4. პესტიციდების რეალიზატორს /გამყიდველს/ უნდა ჰქონდეს შესაბამისი კვალიფიკაცია (მცენარეთა დაცვის ან აგრონომიული განათლება, გარემოსდაცვითი და სანიტარიული წესებისა და ნორმების ცოდნა), რათა მომხმარებელს მისცეს ახსნა-განმარტებანი მათი ეფექტური და უსაფრთხო გამოყენების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მას აეკრძალება პესტიციდების რეალიზაცია.

5. მკაცრად შეზღუდული პესტიციდების (დიკოფოლის და მალეინის მჟავას ჰიდრაზიდის) რეალიზაციის უფლება აქვს მხოლოდ შესაბამისი სპეციალობის და კვალიფიკაციის მქონე პირს, რომელზეც ნებართვა გაცემულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. არარეგისტრირებული, ფალსიფიცირებული, ვადაგასული და უხარისხო პესტიციდებით ვაჭრობის აღკვეთის მიზნით სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები უფლებამოსილნი არიან სინჯების აღებისა და შესაბამისი ლაბორატორიის მიერ საკონტროლო ანალიზების ჩატარების საფუძველზე, შეაჩერონ მათი რეალიზაცია.

7. პესტიციდების შესახებ ინფორმაცია „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ცნობების გარდა /პესტიციდების ტრანსპორტირების, შენახვის, უტილიზაციისა და გამოყენების რეკომენდაციები, ტარის ეტიკეტი/ უნდა შეიცავდეს ცნობებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სარეგისტრაციო ორგანოს მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერის, მისი საშიშროების კლასის, მოქმედი ნივთიერების კონცენტრაციის, ნეტოს მასის ან მოცულობის, დამზადების თარიღის, მოწამვლის შემთხვევაში პირველადი დახმარების აღმოჩენის შესახებ.

8. პესტიციდების რეკლამა უნდა პასუხობდეს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის „FAO“-ს საერთაშორისო ნორმებს და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. სავაჭრო ადგილებში პესტიციდების გადაცემამდე მათ უნდა გაიარონ გაყიდვისწინა შემზადება, რომელიც მოიცავს სატრანსპორტო შეფუთვისაგან განთავისუფლებას (განფუთვას/ და ტარის მთლიანობის განსაზღვრას, აეროზოლური შეფუთვის ფუნქციონირების შემოწმებას; დახარისხებას; ტარის ეტიკეტის, საჭირო ინფორმაციისა და გამოყენების ინსტრუქციის არსებობის შემოწმებას; ფასების სისწორის შემოწმებას.

9. პესტიციდების რეალიზაციისა და რეკლამის დროს დაუშვებელია პესტიციდების გამოყენების „სახელმწიფო კატალოგში“ მოყვანილი რეგლამენტებისაგან განსხვავებული რეგლამენტების მითითება; ისეთი ცნებების გამოყენება, როგორიცაა „უსაფრთხო“, „უვნებელი“, „არატოქსიკური“ და ამგვარი სხვა. პესტიციდების ერთმანეთთან არაკორექტული შედარებები; მაღალი მოსავლიანობის მიღების გარანტიები; პესტიციდებთან მოპყრობის პოტენციურად საშიში ხერხების შესახებ (მუშაობა ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე და სხვ.) ტექსტობრივი, ხედვითი და ხმოვანი ინფორმაციის გავრცელება და სხვა.

10. სავაჭრო ადგილებში პესტიციდები დაჯგუფებული უნდა იქნეს დანიშნულების მიხედვით /ინსექტიციდები მცენარეთა დასაცავად, ინსექტიციდები ცხოველთა დასაცავად, ფუნგიციდები, ჰერბიციდები, როდენტიციდები და სხვ./.

11. გამყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს პესტიციდების შენახვის, სავაჭრო ადგილებში განლაგებისა და გაყიდვისათვის საჭირო უსაფრთხოების წესები; გაუწიოს კომპეტენტური კონსულტაცია და გასცეს გასაყიდი პესტიციდების გამოყენების რეგლამენტები და უსაფრთხო გამოყენების ინსტრუქცია.

12. პესტიციდების რეალიზაცია ხორციელდება დამამზადებლის დაფასოებითა და შეფუთვით. ტარის ეტიკეტი მარკირებული უნდა იყოს „FAO“-ს საერთაშორისო ინსტრუქციების და „პესტიციდების მარკირების წესის“ მოთხოვნების შესაბამისად. პესტიციდების წვრილი დაფასოება ხდება მწარმოებელი ფირმის თანხმობით ამისათვის სპეციალურად მოწყობილ საწარმოში (სათავსში), დადგენილი წესის შესაბამისად.

13. პესტიციდების რეალიზატორი, საქართველოს კანონის „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ და „პესტიციდების მარკირების წესის“ თანახმად, ვალდებულია უზრუნველყოს მათი გამოყენების რეკომენდაციების და ტარის ეტიკეტის თარგმანი ქართულ ენაზე, რომელიც იდენტური უნდა იყოს პესტიციდების სახელმწიფო კატალოგში მოყვანილი რეგლამენტების