„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 12 ოქტომბრის №25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1
სარეგისტრაციო კოდი
010340000.32.061.016066
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/01/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №1

 2014 წლის 8 იანვარი

ქ. თბილისი

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 12 ოქტომბრის №25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 12 ოქტომბრის №25 დადგენილებით (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, №15, 15.10.2009წ., მუხლი 29) დამტკიცებულ ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:  

1. დებულების მე-3 მუხლს ჩაემატოს შემდეგი შინაარსის „ე2“ ქვეპუნქტი:

„ე2) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან (აფხაზეთიდან) იძულებით გადაადგილებულ და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთში) მცხოვრებ პირთა პრობლემატური საკითხების ეფექტური გადაწყვეტისა და საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელების მიზნით მთავრობასა და სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან დეპარტამენტის ურთიერთობების კოორდინაცია;“.

2. დებულების მე-4 მუხლს ჩაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“და „ე2“ ქვეპუნქტები:

„ე1) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებათა დარღვევის პრევენციის მიზნით წინადადებების შემუშავება, შესაბამისი ღონისძიებებისა და პროგრამების დაგეგმვა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

„ე2) დევნილთა ინფორმირებულობა მათ უფლებებზე, დევნილებზე გათვალისწინებული სახელმწიფო თუ საერთაშორისო ორგანიზაციების სხვადასხვა სახის პროგრამების არსებობაზე და მიმდინარეობაზე; აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ყოფითი და სამართლებრივი პრობლემების შესწავლის მიზნით მონიტორინგის ჩატარება მიზნობრივ ჯგუფებში (ომის ვეტერანები და ინვალიდები, ბავშვები, ქალები);“.

3. დებულების მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10.

1. დეპარტამენტის საშტატო შემადგენლობაში არიან:

ა) დეპარტამენტის თავმჯდომარის მრჩევლები და თანაშემწეები;

ბ) სამსახურის უფროსები;

გ) სამმართველოს უფროსები;

დ) განყოფილების უფროსები;

ე) მთავარი სპეციალისტები;

ვ) უფროსი სპეციალისტები;

ზ) სპეციალისტები (ტექნიკური მუშაკები).

2. დეპარტამენტის თავმჯდომარის მრჩევლებსა და თანაშემწეებს, დეპარტამენტის სამსახურის უფროსებს, სამმართველოს უფროსებს, განყოფილების უფროსებს, მთავარ სპეციალისტებს, უფროს სპეციალისტებსა და სპეციალისტებს საშტატო თანამდებობებზე ნიშნავს და საშტატო თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. დეპარტამენტის მრჩევლები და თანაშემწეები უშუალოდ ემორჩილებიან დეპარტამენტის თავმჯდომარეს. დეპარტამენტის თავმჯდომარის მრჩევლები და თანაშემწეები თანამდებობაზე ინიშნებიან დეპარტამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადით.

4. დეპარტამენტის მოხელეთა უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების დებულებებით.

5. დეპარტამენტში შეიძლება საჯარო სამსახურს ეწეოდეს შტატგარეშე მოსამსახურე, რომელიც დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით მიიღება გარკვეული ვადით სამსახურში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად.“.

4. დებულების მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12

დეპარტამენტის შემადგენლობაში შედის შემდეგი სტრუქტურული ერთეულები: 

1. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებათა დაცვის სამსახური.

2. სამართალშემოქმედების სამმართველო:

ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება.

3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის  სამმართველო:

ა) საარქივო ფონდისა და საარქივო საქმის მართვის განყოფილება.

4. ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველო:

ა)  კადრებისა და საქმისწარმოების განყოფილება.

5. საფინანსო-ეკონომიკური სამმართველო:

ა) სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება.“.

5. დებულების მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13

1. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებათა დაცვის სამსახური უზრუნველყოფს:

ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან (აფხაზეთიდან) იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სამართლებრივ საკითხებზე დახმარების გაწევას;

ბ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან (აფხაზეთიდან) იძულებით გადაადგილებულ და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთში) მცხოვრებ პირთა პრობლემატური საკითხების ეფექტური გადაწყვეტისა და საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელების მიზნით მთავრობასა და სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო  ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან დეპარტამენტის ურთიერთობების კოორდინაციას;

გ) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებათა დარღვევის პრევენციის მიზნით წინადადებების შემუშავებას, შესაბამისი ღონისძიებებისა და პროგრამების დაგეგმვასა და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას;

დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

2. სამართალშემოქმედების სამმართველო უზრუნველყოფს:

ა) სამართალშემოქმედებით საქმიანობას, შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას;

ბ) ნორმატიული აქტების საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებთან შესაბამისობის შესწავლას და, საჭიროების შემთხვევაში, სათანადო წინადადებების წარდგენას;

გ) კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების მოქმედების შეჩერების ან გაუქმების მოთხოვნით შესაბამისი თანამდებობის პირებისადმი ან/და ორგანოებისადმი მიმართვას;

დ) სამართალშემოქმედების სფეროში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  ხელისუფლებასა და დეპარტამენტის ურთიერთობის კოორდინაციას;

ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა იურიდიული სამსახურის წარმომადგენელთათვის სამართლებრივ საკითხებზე სარეკომენდაციო ხასიათის ღონისძიებების გატარებას საქმიანობის ეფექტურად განხორციელების მიზნით;

ვ) სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება;

ვ.ა) ნორმატიული  აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას და უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის დადგენას; 

ვ.ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“-ში გამოსაქვეყნებლად წარდგენას;

ვ.გ)  მოქმედი ნორმატიული აქტების უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისა და სამართლებრივი კოლიზიების აღმოფხვრის თაობაზე კონკრეტული წინადადებების, დასკვნებისა და პროექტების მომზადებას;

ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველო სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად უზრუნველყოფს:

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო საქმიანობის მართვას, საქმისწარმოების სრულყოფასა და საარქივო საქმის განვითარებას;

ბ) აფხაზეთის საარქივო ფონდის დოკუმენტების, განურჩევლად მათი შენახვის ადგილისა (მათ შორის აფხაზეთის საარქივო ფონდში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების), აღრიცხვის, დაცვისა და შენახვის, აგრეთვე საქმისწარმოებაში არსებული წესების დაცვის კონტროლსა და ზედამხედველობას;

გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო ფონდის დოკუმენტებით სარგებლობას;

დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დაწესებულებათა არქივებისა და საქმის წარმოებაში დოკუმენტების ორგანიზაციის სრულყოფას;

ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დაწესებულებებისა და ორგანიზაციების არქივების მუშაობის ორგანიზაციას, კოორდინაციას, ნორმატიულ და მეთოდიკურ უზრუნველყოფას;

ვ) აფხაზეთის საარქივო საქმის განვითარების საკითხებზე პერსპექტიულ-მიზნობრივი პროგრამებისა და მიმდინარე გეგმების შემუშავებას;

ზ) საარქივო ფონდისა და საარქივო საქმის მართვის განყოფილება:

ზ.ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო ფონდის ფორმირებასა და შევსებას;

ზ.ბ) განყოფილების დაკომპლექტების წყარო-დაწესებულებების დოკუმენტების სამეცნიერო-ტექნიკურ დამუშავებასა და მათი მუდმივი და ხანგრძლივი შენახვისათვის მიღებას;

ზ.გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო ფონდის დოკუმენტების დაცვასა და შენახვას, კონსერვაციასა და დაზიანებული დოკუმენტის რესტავრაციას, ასევე, განსაკუთრებული ღირებულების მქონე დოკუმენტების სადაზღვევო ფონდის შექმნას;

ზ.დ) აფხაზეთის  ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო ფონდის დოკუმენტის აღწერასა და ცენტრალიზებული წესით აღრიცხვას;

თ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

3.1. არქივის სამმართველოს აქვს სამსახურებრივი დანიშნულების შტამპები.

3.2. არქივის სამმართველოს იურიდიული მისამართია: ქ.თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, №1.

4. ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველო უზრუნველყოფს: 

ა) დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავებას;

ბ) დადგენილი წესის შესაბამისად, ნომენკლატურის ფარგლებში დეპარტამენტის მოსამსახურეთა/მუშაკთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადებას;

გ) დეპარტამენტის მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებასთან და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავებასა და ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფას;

დ) ნომენკლატურის ფარგლებში დეპარტამენტის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალურ წოდებათა მინიჭების საკითხების მომზადებას, სახელმწიფო სპეციალურ წოდებათა მინიჭების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას, სპეციალური წოდებების თანმიმდევრულ და დროულ მინიჭებაზე კონტროლის განხორციელებას;

ე) დადგენილი წესის შესაბამისად, დეპარტამენტში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსისა და დეპარტამენტის მოსამსახურეთათვის ატესტაციის ჩატარების ორგანიზებას;

ვ) დეპარტამენტში სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის უზრუნველყოფა;

ზ) დეპარტამენტის შინაგანაწესის შემუშავება და მის შესრულებაზე კონტროლის განხორციელება, დეპარტამენტის მოსამსახურეთა შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლი;

თ) დეპარტამენტის საქმიანობის თაობაზე საზოგადოების ინფორმირების მიზნით მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის, პრესკონფერენციების, ბრიფინგების, აგრეთვე, სხვადასხვა ოფიციალურ ღონისძიებათა ჩატარების ორგანიზებას;

ი) დეპარტამენტის ვებგვერდის პერიოდულ განახლებას, საჭირო ინფორმაციის მოძიებას, დამუშავებასა და ვებგვერდზე განთავსებას;

კ) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფას;

ლ) კადრებისა დასაქმისწარმოების განყოფილება:

ლ.ა)  დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებების პროექტების მომზადებას;

ლ.ბ) დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებების რეგისტრაციასა და სისტემატიზაციას;

ლ.გ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვასა და მათზე რეაგირებას;

ლ.დ) დეპარტამენტში შემოსული და გასული კორესპონდენციის აღრიცხვას, სისტემატიზაციას, ადრესატებისა და შემსრულებლებისათვის დროულ მიწოდებას;

ლ.ე) დოკუმენტების დადგენილ ვადაში შესრულებაზე მიმდინარეობის კონტროლს;

ლ.ვ) დეპარტამენტის მოსამსახურეთა პირადი საქმეების აღრიცხვა-წარმოებას, ნამსახურობის მიხედვით საპენსიო საბუთების გაფორმებას;

ლ.ზ) დეპარტამენტის მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოწმობების გაცემასა და აღრიცხვას;

ლ.თ) შრომითი ხელშეკრულებების მომზადებას;

ლ.ი) დეპარტამენტის თავმჯდომარის უშუალო დავალებების შესრულებას;

მ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

5. საფინანსო-ეკონომიკური სამმართველო უზრუნველყოფს:

ა) დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფინანსურ და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;

ბ) დეპარტამენტის მიერ დასახულ კონკრეტულ მიმართულებათა მიხედვით დეპარტამენტის ბიუჯეტის ფორმირებას;

გ) დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში, დეპარტამენტის ფინანსურ ვალდებულებათა შესრულებას;

დ) დეპარტამენტის საფინანსო სისტემის სრულყოფასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების, ინსტრუქციებისა და მეთოდური მითითებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღებას;

ე) დეპარტამენტის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების განხორციელებას; ნაერთი ანგარიშგების შედგენასა და დადგენილ ვადებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროში წარდგენას;

ვ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს დეპარტამენტის ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი სახსრების, მოწყობილებებისა და ინვენტარის შეძენის თაობაზე;    

ზ) სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება:

ზ.ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, დეპარტამენტის საჭიროებისათვის საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოთა შესყიდვების დაგეგმვას, ორგანიზაციასა და განხორციელებას;

ზ.ბ) დეპარტამენტის მიერ განხორციელებული შესყიდვების მონიტორინგსა და კონტროლის უზრუნველყოფას, კანონით გათვალისწინებული ანგარიშგების წარმოებას;

ზ.გ) დეპარტამენტის კომპიუტერული სისტემების, ლოკალური კომპიუტერული, სატელევიზიო, სატელეფონო და სხვა საკომუნიკაციო ქსელების ადმინისტრირებასა და მონიტორინგს, ბალანსზე რიცხული კომპიუტერული და ორგტექნიკის დიაგნოსტიკასა და გამართული მუშაობის უზრუნველყოფას; დეპარტამენტის თანამედროვე პროგრამულ უზრუნველყოფას;

ზ.დ) დეპარტამენტის უძრავი და მოძრავი ქონების მიღებას, აღრიცხვას, დასაწყობებას, განაწილებასა და კონტროლს;

ზ.ე) შენობა-ნაგებობის, საინჟინრო სისტემისა და კომუნიკაციების ტექნიკურ მომსახურებას, მათ ექსპლუატაციას, სანიტარიულ-ჰიგიენურ, სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის ორგანიზებას;

ზ.ვ) დეპარტამენტის თავმჯდომარის უშუალო დავალებების შესრულებას;

თ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი                                                ვ. ყოლბაია