2007/08 წლის ზამთრის პერიოდისათვის მოსახლეობის სათბობი შეშით უზრუნველყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №548
2007 წლის 1 ოქტომბერი
ქ. თბილისი
2007/08 წლის ზამთრის პერიოდისათვის მოსახლეობის სათბობი შეშით უზრუნველყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ
სატყეო დარგში ტყით სარგებლობის ორგანიზაციის სრულყოფის, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე საშეშე მერქნის უკანონოდ მოპოვება-დამზადების თავიდან აცილებისა და მოსახლეობის სათბობი შეშით უზრუნველყოფის მიზნით:
1. 2007/08 წლის ზამთრის სეზონის მზადებასთან დაკავშირებით ნება დაერთოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – სატყეო დეპარტამენტს რეგიონალური სატყეო სამმართველოების მეშვეობით ერთ კომლზე გასაცემი სათბობი შეშის რაოდენობა განსაზღვროს ადგილობრივი მოსახლის მუდმივი საცხოვრებლის მიხედვით, გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გათვალისწინებით. კერძოდ, დაბალი ზონის მოსახლეობისათვის – არა უმეტეს 5მ3, მაღალი ზონის მოსახლეობისათვის – არა უმეტეს 10მ3. განსაკუთრებულ კლიმატურ პირობებში მუდმივად მცხოვრები კომლებისათვის სათბობი შეშის გაცემა დასაშვებია 20მ3-მდე.
2. ერთი და იმავე პირის მიერ სათბობი შეშის განმეორებით მიღების თავიდან აცილების მიზნით ნება დაერთოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – სატყეო დეპარტამენტს რეგიონალური სატყეო სამმართველოების მეშვეობით სათბობი შეშის გაცემა აწარმოოს ადგილობრივი მოსახლის განცხადების, განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლის, კომლის შემადგენლობის შესახებ უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული ცნობისა და საგადასახადო დავალების ან ბანკის ქვითრის წარდგენის შემდგომ.
3. ნება დაერთოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის ტერიტორიულ ორგანოებს საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივი მოსახლეობისათვის, ორგანიზაციებისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებისათვის საშეშე მერქნის დამატებით გამოყოფის თაობაზე არგუმენტირებული მოთხოვნის საფუძველზე მოახდინოს სახელმწიფო ტყის ფონდის მიკროუბნებში საშეშე კატეგორიის ხეების (ფაუტი, ზეხმელი, ხმობადი, დაზიანებული, დაავადებული) აღრიცხვა (მონიშვნა), საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის დამაგრება და გაცემა სატყეო დეპარტამენტთან შეთანხმებით.
4. ეთხოვოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს მოსახლეობის სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად განახორციელონ ქმედითი ღონისძიებები საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის ტერიტორიულ ორგანოებთან – რეგიონალურ სატყეო სამმართველოებთან კოორდინაციით, ადგილობრივი მოსახლეობის ან მათი უფლებამოსილი პირების ტყეკაფში ორგანიზებულად დაშვებასთან დაკავშირებით.
5. ეთხოვოთ სახელმწიფო რწმუნებულებს – გუბერნატორებს კოორდინაცია გაუწიონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ ამ განკარგულებით დასახულ ღონისძიებათა განხორციელებას.
პრემიერ-მინისტრი ზ.ნოღაიდელი