ქ. თბილისში წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №221
2013 წლის 1 მარტი
ქ. თბილისი
ქ. თბილისში წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
1. წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით დამტკიცდეს ქ. თბილისში წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები.
2. ამ განკარგულების შესრულების მიზნით:
ა) დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებებისათვის საჭირო ქმედებების განხორციელება;
ბ) დაევალოს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტს (შემდგომში – ცენტრი) უზრუნველყოს ქ. თბილისში 7 წლამდე არასრულად იმუნიზირებულ ბავშვთა და დაავადებულ პირებთან კონტაქტირებულების ვაქცინაციისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;
გ) ეთხოვოს ქ. თბილისის მერიის ტერიტორიულ ორგანოებს ცენტრის მხარდაჭერა და მატერიალურ‑ტექნიკური დახმარება არასრულად იმუნიზირებულ ბავშვთა და დაავადებულ პირებთან კონტაქტირებულების გამოვლენის მიზნით.
3. წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით ქ. თბილისის მასშტაბით განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები:
ა) არაგეგმიური იმუნოპროფილაქტიკა (2013 წლის 1 მარტიდან 31 მაისის ჩათვლით), მათ შორის:
ა.ა) წწყ ვაქცინის 1 დოზით ვაქცინაცია არასრულად იმუნიზებულ 7 წლამდე ასაკის ბავშვთა შორის;
ა.ბ) წითელას სავარაუდო შემთხვევის გამოვლენისას, ორგანიზებული კონტაქტების ვაქცინაცია (საცხოვრებელი და სასწავლო/სამუშაო დაწესებულების კონტაქტები), მიუხედავად აცრის სტატუსისა;
ბ) არაგეგმური იმუნოპროფილაქტიკის განხორციელების მიზნით, ცენტრში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში რეგისტრირებულ (ან მომავალში დარეგისტრირებულ) ქ. თბილისში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაქცინის ადმინისტრირებისათვის აუცილებელ, კანონმდებლობით განსაზღვრულ ნორმებს, 2013 წლის 1 მარტიდან 31 მაისის ჩათვლით აუნაზღაურდეთ ზემოაღნიშნულ ჯგუფთა აცრა‑ვიზიტები;
გ) არაგეგმური იმუნოპროფილაქტიკის განხორციელების მიზნით აცრა‑ვიზიტის ღირებულება განისაზღვროს 1 (ერთი) ლარის ოდენობით, ხოლო ბენეფიციარებზე მომსახურების მიწოდება განხორციელდეს არამატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით;
დ)არაგეგმური იმუნოპროფილაქტიკის პროცესში მონაწილე დაწესებულება ვალდებულია დასაფინანსებლად ცენტრს წარუდგინოს მხოლოდ არაგეგმიურად (არა რუტინული, არა აცრების ეროვნული კალენდრის შესაბამისად) ჩატარებული აცრა-ვიზიტის მომსახურების ანაზღაურების მოთხოვნა;
ე) მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება „2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №92 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამების მე-20 მუხლის (გეგმური ამბულატორიული შემთხვევების ზედამხედველობა) შესაბამისად;
ვ) ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების ადმინისტრირებისათვის საჭირო ფორმებსა და წესს განსაზღვრავს ცენტრი;
ზ) არაგეგმური იმუნოპროფილაქტიკის ჩასატარებლად განხორციელდეს წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინისა და უსაფრთხო ასაცრელი მასალების (შპრიცებისა და უსაფრთხო ყუთების) შესყიდვა. შესყიდვის პროცედურისა და ვაქცინების მოწოდების ვადების გათვალისწინებით, უფლება მიეცეს ცენტრს, ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების გასატარებლად წითელაზე აუცრელი და არასრულად აცრილი მოსახლეობის ვაქცინაციისათვის საჭირო რაოდენობის ვაქცინისა და ასაცრელი მასალების შესყიდვა/შემოტანამდე, გამოიყენოს იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში რუტინული ვაქცინაციისათვის შესყიდული ვაქცინები და ასაცრელი მასალები, ხოლო გახარჯული მარაგები აღდგეს წლის განმავლობაში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამისათვის ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გამოყოფილი ასიგნებებიდან;
თ) ამ პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესრულების უზრუნველსაყოფად, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი რესურსების მოძიება განხორციელდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში;
ი) ეპიდზედამხედველობის გაძლიერება გამონაყარითა და ცხელებით მიმდინარე დაავადებებზე;
კ) საინფორმაციო კამპანიის წარმოება მედიასაშუალებებით (სარეკლამო რგოლის მომზადება და ტელე-რადიო კამპანიის წარმოება); დაავადების სიმძიმის და ეპიდემიის საშიშროების გათვალისწინებით, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საინფორმაციო კამპანიისათვის საჭირო ღონისძიებების სახელმწიფო შესყიდვა ცენტრმა განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
4. ამ განკარგულებით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით პროგრამისათვის „იმუნიზაცია“(პროგრამული კოდი – 35 03 02 02) გათვალისწინებული ასიგნებებიდან 200 000 ლარი გამოიყოს შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
| № | ღონისძიება | ბიუჯეტი (ათასი ლარი) |
| 1 | ვაქცინებისა და ასაცრელი მასალების შესყიდვა (რუტინული ვაქცინაციისათვის საჭირო მარაგების აღსადგენად) | 140,0 |
| 2 | აცრა-ვიზიტები (2013 წლის 1 მარტიდან 31 მაისის ჩათვლით) | 30,0 |
| 3 | საინფორმაციო კამპანიის წარმოება | 30,0 |
|
| მ.შ. ვიდეო რგოლის მომზადება | 3,0 |
| სულ: | 200,0 |
5. აღნიშნული განკარგულებით განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით პროგრამისათვის – „იმუნიზაცია“ (პროგრამული კოდი – 35 03 02 02) გათვალისწინებული ასიგნებებიდან, ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31‑ე მუხლის მე‑2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე, განახორციელოს ცვლილებები „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.
6. განკარგულება ძალაშია 2013 წლის 1 მარტიდან.
პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი