რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი ფართობებით უზრუნველყოფისათვის დამატებითი ღონისძიების განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №856
2010 წლის 3 ივლისი
ქ. თბილისი
რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი ფართობებით უზრუნველყოფისათვის დამატებითი ღონისძიების განხორციელების შესახებ
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ უზრუნველყოს 2008 წლის 6 აგვისტოდან რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი იმ ოჯახების საკომპენსაციო თანხით უზრუნველყოფა, რომლებმაც უარი თქვეს სახელმწიფოს მიერ შესყიდული, რეაბილიტირებული ან ახლად აშენებული საცხოვრებელი ფართობების მიღებაზე.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკომპენსაციო თანხის ოდენობა ერთ ოჯახზე განისაზღვროს 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით.
3. თუ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული, რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახის შემადგენლობაში აღმოჩნდება სამ სულზე ნაკლები, აღნიშნული ფაქტის სისწორე უნდა დადასტურდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამოსილ წარმომადგენელთა ხელმოწერით, ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საკომპენსაციო თანხის მისაღებად.
4. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების განსახორციელებლად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (ორგანიზაციული კოდი – 34 06) 260 ოჯახზე მიმართოს 4 680 000 (ოთხი მილიონ ექვსას ოთხმოცი ათასი) ლარი.
5. ამ განკარგულების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების შესაბამისი საბანკო მომსახურების ასანაზღაურებლად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (ორგანიზაციული კოდი – 34 05 01) მიმართოს 88 920 (ოთხმოცდარვა ათას ცხრაას ოცი) ლარი.
6. ეთხოვოთ ქურთის, ერედვის, თიღვის, ახალგორისა და აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტების გამგეობებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარუდგინონ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ოჯახებისა და ამ ოჯახებიდან, სახელმწიფოს მიერ შესყიდული, რეაბილიტირებული ან ახლად აშენებული საცხოვრებელი ფართობების სანაცვლოდ საკომპენსაციო თანხის მიმღებ, კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრულ (სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა) უფლებამოსილ პირთა (სახელი, გვარი, პირადობის მოწმობის მონაცემები – პირადი ნომრის მითითებით) სიები.
7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსთან ერთად დააზუსტოს ამ განკარგულების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული სიები სახელმწიფოს მიერ შესყიდულ, რეაბილიტირებულ ან ახლად აშენებულ საცხოვრებელ ფართობებში განსახლებულ დაზარალებულ პირთა სიასთან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური