1. უცხოელთან კომუნიკაცია ხორციელდება შესაბამისი შეტყობინების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე (შემდგომ − ვებგვერდი) განთავსებით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ კანონის საფუძველზე მიღებული ნებისმიერი შეტყობინება ან/და გადაწყვეტილება უცხოელისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა ამ შეტყობინების ან/და გადაწყვეტილების ვებგვერდზე განთავსების დღის მომდევნო დღიდან. აღნიშნული შეტყობინების ან/და გადაწყვეტილების ვებგვერდზე განთავსების შესახებ ინფორმაცია უცხოელს მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ეგზავნება.
2. უცხოელი ვალდებულია:
ა) შეინახოს მისთვის გადაცემული მომხმარებლის სახელი და პაროლი;
ბ) მომხმარებლის სახელის ან/და პაროლის დაკარგვის ან ვებგვერდზე შესვლის შეუძლებლობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხმარებლის სახელის ან/და პაროლის აღსადგენად;
გ) შეტყობინების ან/და გადაწყვეტილების ვებგვერდზე განთავსების შესახებ ინფორმაციის მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიღების შემდეგ მომხმარებლის სახელისა და პაროლის გამოყენებით გაეცნოს ამ შეტყობინებას ან/და გადაწყვეტილებას.
3. დროებითი განთავსების ცენტრში მყოფ უცხოელს შეტყობინება ან/და გადაწყვეტილება პირადად ჰბარდება, რასაც იგი ხელმოწერით ადასტურებს. უცხოელის მიერ ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეტყობინება ან/და გადაწყვეტილება მისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება.
4. უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის შესწავლის პერიოდში უცხოელის მიერ საქართველოს დატოვების შემთხვევაში ამ კანონის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი გადაწყვეტილება ვებგვერდზე განთავსებასთან ერთად ეგზავნება უცხოელს მის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე (მისი არსებობის შემთხვევაში). აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ვებგვერდზე განთავსებიდან მე-15 დღეს.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინებისა და გადაწყვეტილების ვებგვერდზე განთავსების წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №865 - ვებგვერდი, 07.07.2025წ.