1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირისაგან ან კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი პირისაგან ელექტრონული სახით ან/და მატერიალური სახით მიღებული შეტყობინების საფუძველზე სატრანსპორტო საშუალებაზე ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე უფლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია/აღრიცხვა ან მასში ცვლილების რეგისტრაცია/აღრიცხვა ხორციელდება ამ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა.

2. სატრანსპორტო საშუალებაზე ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე უფლებრივი შეზღუდვა ან მასში ცვლილება არ რეგისტრირდება/არ აღირიცხება, ხოლო რეგისტრირებულ/აღრიცხულ უფლებრივ შეზღუდვას იურიდიული ძალა არ აქვს და იგი არ აფერხებს სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატის ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაციასა და აღრიცხვიდან მოხსნას, თუ:

ა) უფლებრივი შეზღუდვის ან მასში ცვლილების რეგისტრაციის/აღრიცხვის თაობაზე შეტყობინების მიღების მომენტისათვის სატრანსპორტო საშუალება ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება არ არის რეგისტრირებული შესაბამისი დოკუმენტით განსაზღვრულ სუბიექტზე;

ბ) უფლებრივი შეზღუდვის ან მასში ცვლილების რეგისტრაციის/აღრიცხვის თაობაზე შეტყობინების მიღების მომენტისათვის სატრანსპორტო საშუალება ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება არ არის რეგისტრირებული სააგენტოში;

გ) უფლებრივი შეზღუდვის სუბიექტის ან ობიექტის იდენტიფიცირება სრულყოფილად ვერ ხდება;

დ) დოკუმენტი, რომელიც უფლებრივი შეზღუდვის ან მასში ცვლილების რეგისტრაციას/აღრიცხვას საფუძვლად დაედო, სააგენტოში დაცული არ არის;

ე) უფლებრივი შეზღუდვა ან მასში ცვლილება არაუფლებამოსილი პირის ან ორგანოს აქტის საფუძველზეა რეგისტრირებული/აღრიცხული;

ვ) უფლებრივი შეზღუდვა ან მასში ცვლილება მას შემდეგ იქნა რეგისტრირებული/აღრიცხული, რაც სატრანსპორტო საშუალება ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება სხვა პირის საკუთრებად იყო აღრიცხული.

საქართველოს 2012 წლის 19 ივნისის კანონი №6503 – ვებგვერდი, 02.07.2012წ.

საქართველოს 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №1831 - ვებგვერდი, 03.01.2014წ.

საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1012 – ვებგვერდი, 22.11.2021