1. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, „იუსტიციის სახლის“ მეშვეობით მიმართოს სააგენტოს შემდეგი მომსახურებების გაწევის თაობაზე:
ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ან ტრამვაის მართვის მოწმობის გაცემა (მხოლოდ მისი შეცვლის ან დაკარგულის აღდგენის შემთხვევაში);
ბ) დაკარგული ან დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის აღდგენა (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალების უკანასკნელი რეგისტრაცია განხორციელებულია 2007 წლის 1 თებერვლის შემდეგ);
გ) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე საქართველოში შეძენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა;
დ) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა;
ე) საქართველოს მოქალაქეზე სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის გაცემა;
ვ) იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვის გაცემა;
ზ) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 154 და 155 პუნქტებით გათვალისწინებული ნებართვების გაცემა;
თ) ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა;
თ1) პირის მსჯავრდების შესახებ ცნობის გაცემა;
თ2) უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობის გაცემა;
ი) მართვის მოწმობის გაცემის შესახებ ცნობის გაცემა;
კ) სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა;
ლ) იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა;
მ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის გაცემა;
ნ) პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის გაცემა;
ო) ამ პუნქტის „გ“−„ვ“, „თ“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მომსახურებებზე ამ კანონით დადგენილი დაჩქარებული მომსახურებების გაწევა;
პ) საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს იუსტიციის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული სხვა მომსახურებების გაწევა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაინტერესებული პირის განცხადებას უნდა ერთოდეს შესაბამისი მომსახურების მისაღებად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები.
3. დაინტერესებული პირის მიერ მომსახურების გაწევის თაობაზე სააგენტოსათვის „იუსტიციის სახლის“ მეშვეობით მიმართვის შემთხვევაში „იუსტიციის სახლის“ შესაბამისი უფლებამოსილი პირები უზრუნველყოფენ:
ა) დაინტერესებული პირის ინფორმირებას მოთხოვნილი მომსახურების გაწევისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების შესახებ;
ბ) მომსახურების გაწევის თაობაზე განცხადების შემტანი დაინტერესებული პირის იდენტიფიკაციას და მის მიერ წარდგენილი დოკუმენტების მიღებას;
გ) მომსახურების გაწევისათვის დაინტერესებული პირის მიერ „იუსტიციის სახლში“ წარდგენილი დოკუმენტების სააგენტოსათვის ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით მიწოდებას;
დ) მომსახურების გაწევისათვის სააგენტოს მიერ დამატებითი დოკუმენტის მოთხოვნის შემთხვევაში ამის თაობაზე დაინტერესებული პირის ინფორმირებას და მის მიერ აღნიშნული დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში სააგენტოსათვის ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით მიწოდებას;
ე) სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ან მომსახურების გაწევაზე უარის თქმის შედეგად ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით შექმნილი და გამოცემული დოკუმენტის მიღებას, „იუსტიციის სახლში“ მიტანას და დაინტერესებული პირისათვის დადგენილი წესით გადაცემას;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებების განხორციელებას და მოვალეობების შესრულებას.
4. დაინტერესებული პირის მიერ მომსახურების ან დაჩქარებული მომსახურების გაწევის თაობაზე სააგენტოსათვის „იუსტიციის სახლის“ მეშვეობით მიმართვის შემთხვევაში მომსახურების ან დაჩქარებული მომსახურების გაწევისთვის ამ კანონით დადგენილი ვადის ათვლისას არ გაითვალისწინება „იუსტიციის სახლის“ მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“−„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პროცედურების განხორციელებისათვის ფაქტობრივად დახარჯული დრო.
5. ამ მუხლით განსაზღვრული წესით მომსახურების გაწევისას დაინტერესებული პირის მიერ გადახდილი საფასურის 5% საზღაურის სახით გადაეცემა „იუსტიციის სახლს“. საზღაურის გადახდის პირობები და პერიოდულობა დგინდება სააგენტოსა და „იუსტიციის სახლის“ შეთანხმებით. „იუსტიციის სახლის“ კუთვნილი საზღაური მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახდელს.
6. ამ მუხლით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის წესი და პირობები განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს იუსტიციის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით.
საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6250 – ვებგვერდი, 06.06.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №1831 - ვებგვერდი, 03.01.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3703 - ვებგვერდი, 30.06.2015წ.
საქართველოს 2020 წლის 17 მარტის კანონი №5766 – ვებგვერდი, 23.03.2020წ.
საქართველოს 2021 წლის 5 იანვრის კანონი №77 – ვებგვერდი, 06.01.2021წ.
საქართველოს 2025 წლის 4 აპრილის კანონი №451 - ვებგვერდი, 10.04.2025