1. თანამშრომელი ვალდებულია:
ა) დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონმდებლობა და სხვა სამართლებრივი აქტები;
ბ) დროულად და კეთილსინდისიერად აღასრულოს სამსახურებრივი მოვალეობები, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით, ფუნქციური მოვალეობებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებითა და მითითებებით;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განუხრელად შეასრულოს სამსახურის ხელმძღვანელობის, სტრუქტურული ერთეულის უფროსისა და მისი უშუალო უფროსის დავალებები, გარდა ისეთი დავალებისა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას;
დ) დაიცვას სამსახურის შინაგანაწესი;
ე) შეინარჩუნოს და აიმაღლოს კვალიფიკაციის დონე, რომელიც საჭიროა თანამდებობრივი უფლებამოსილების განხორციელებისას;
ვ) როგორც სამსახურებრივი ურთიერთობისას, ისე სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ არ გაავრცელოს და დაიცვას სახელმწიფო, კომერციულ, პირად, საგადასახადო და საბაჟო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია, აგრეთვე, სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რაც ცნობილი გახდა მისთვის სამსახურებრივ მოვალეობათა განხორციელებასთან დაკავშირებით;
ვ1)
დაიცვას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები;
ვ2) დაიცვას ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკა და მისი მხარდამჭერი დოკუმენტები, როგორიც არის ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის შემადგენელი პოლიტიკები/პროცედურები/პროცესები და სხვა მეთოდური მითითებები;
ვ3) მისთვის ხელმისაწვდომი სამსახურის კუთვნილი ინფორმაციული აქტივები გამოიყენოს მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად და დაიცვას მათი კონფიდენციალურობა;
ვ4) ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტის, მოვლენის ან/და სისუსტის თაობაზე ინფორმაციის/ეჭვის არსებობის შემთხვევაში დადგენილი წესით დაუყოვნებლივ აცნობოს საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრს, ინფორმაციული უსაფრთხოების გუნდს ან/და უშუალო ხელმძღვანელს.
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები;
ზ1) სამუშაო დღის განმავლობაში პერიოდულად შეამოწმოს/გაეცნოს სამსახურებრივ ელექტრონულ ფოსტასა და ელექტრონული საქმისწარმოების სისტემას (eDocument), ასევე ფუნქციის შესასრულებლად საჭირო სხვა პროგრამებს, გარდა ობიექტური ხელშემშლელი გარემოებების არსებობისა;
თ) შეასრულოს უშუალო უფროსის ან სამსახურის სხვა ზემდგომი პირების დავალება სამსახურებრივ საკითხებზე, რომელთა შესრულების მოვალეობა არ უკავშირდება სამსახურის ადგილს;
ი) უკანონოდ არ მოიხმაროს ნარკოტიკული საშუალებები, მისი ანალოგი და პრეკურსორი, ფსიქოტროპული ნივთიერებები, მისი ანალოგი ან ძლიერმოქმედი ნივთიერებები;
ი1) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის (გარდა გაფრთხილებისა) შეფარდების/ადმინისტრაციული დაკავების, სისხლის სამართლებრივი დევნის, ამ პუნქტში აღნიშნულთან დაკავშირებული სასამართლო საქმისწარმოების შემთხვევაში, პირველივე შესაძლებლობისთანავე აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს, რომელიც უზრუნველყოფს სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტის ინფორმირებას;
კ) დაიცვას შრომის დაცვის ინსტრუქციები;
ლ) თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისაგან, რომელიც ზიანს მიაყენებს სამსახურის რეპუტაციას;
მ) გულისხმიერად მოეპყრას, არ დააზიანოს, არ დაკარგოს, არ გაანადგუროს, არ გამოიყენოს არასამსახურებრივი დანიშნულებით შესაბამისი წესით მასზე გადაცემულ სამსახურის მატერიალურ ფასეულობებს (მათ შორის, ძირითადი საშუალებები, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები). მიიღოს გონივრული ზომები მასზე გადაცემული სამსახურის მატერიალური ფასეულობების მიმართ მოსალოდნელი ზიანის ასაცილებლად, ხოლო მათი დაკარგვის, დაზიანების ან განადგურების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს, რომელიც უზრუნველყოფს სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტის ინფორმირებას;
მ1) გულისხმიერად მოეპყრას სამსახურებრივ მოწმობას (ელექტრონულ ბარათს), ხოლო მისი დაკარგვის, დაზიანების ან განადგურების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სამსახურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტს და უშუალო ხელმძღვანელს, რომელიც უზრუნველყოფს სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტის ინფორმირებას;
ნ) წესრიგში ჰქონდეს სამუშაო ადგილი და დაიცვას სისუფთავე;
ო) დაიცვას სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული მომსახურების/კომუნიკაციის სტანდარტი და ეთიკის/ქცევის წესები;
პ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ასევე სამსახურის ბალანზე რიცხული სატრანსპორტო საშუალების მართვისას არ იმყოფებოდეს ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში.
2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დავალების შესრულებამ შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული წინააღმდეგობა თანამშრომლის ფუნქციური მოვალეობის შესრულებაში, იგი ვალდებულია ეს მოახსენოს დ
ავალების უშუალო გამცემს ხოლო დავალების წერილობით ფორმით განმეორების შემთხვევაში, აღასრულოს იგი.
3. თუ სამსახურის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ სამსახურის ხელმძღვანელობის მიერ მისთვის შესასრულებლად დაწერილი კორესპონდენციის განხილვა სცილდება მისი კომპეტენციის ფარგლებს, იგი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ აცნობოს შესაბამის ხელმძღვანელ პირს ან კომპეტენციისამებრ გადაუგზავნოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს.
4. სამსახურის სტრუქტურული ერთეულის ან/და სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი პირი ვალდებულია განახორციელოს ზედამხედველობა სტრუქტურული ერთეულის ან/და სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლის მიერ დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შესრულებაზე.
5. სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის/ქვედანაყოფის ხელმძღვანელი ან/და სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია, სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის ფაქტთან დაკავშირებით მიმართოს სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტს და წარუდგინოს მისთვის ცნობილი ყველა დოკუმენტი/ინფორმაცია.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 15 სექტემბრის ბრძანება № 39982 - ვებგვერდი, 19.09.2014წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №51964 - ვებგვერდი, 16.12.2014წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2017 წლის 4 აპრილის ბრძანება №8969 - ვებგვერდი, 07.04.2017წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №22933 - ვებგვერდი, 23.10.2018წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №30471 - ვებგვერდი, 10.09.2019წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 27 იანვრის ბრძანება №1526 - ვებგვერდი, 30.01.2020წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2025 წლის 2 მაისის ბრძანება №8592 - ვებგვერდი, 06.05.2025წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2025 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №27448 - ვებგვერდი, 17.12.2025