1. თანამშრომელს ეკრძალება:

ა) პროფესიული ვალდებულებების შესრულება იმ პირის მიმართ, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად ითვლება მის ნათესავად ან/და რომლის მიმართაც მას ან მის ნათესავს აქვს პირდაპირი ან არაპირდაპირი ფინანსური ინტერესი;

ბ) პირადი, კომერციული, საგადასახადო, საბაჟო, პროფესიული ან/და სახელმწიფო საიდუმლოებისთვის მიკუთვნებული, აგრეთვე კანონით დაცული სხვა ინფორმაციის გამჟღავნება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ბ1) სამსახურის საინფორმაციო ბაზების, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, ელექტრონული საქმისწარმოების (eDocument) სისტემის, სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის ან/და სამსახურებრივი კომუნიკატორის არასამსახურებრივი მიზნით გამოყენება;

ბ2) სხვა თანამშრომლის სამსახურებრივი მოწმობით (ელექტრონული ბარათი) სარგებლობა, ან თავისი სამსახურებრივი მოწმობის (ელექტრონული ბარათი) სხვა პირისთვის გადაცემა;

ბ3) სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისთვის განკუთვნილი ნებისმიერი სისტემის/რესურსის მომხმარებლის სახელისა და პაროლის სხვა პირისთვის ნებისმიერი ფორმით და საშუალებით გაზიარება;

გ) საგადასახადო კონტროლის განხორციელება იმ პირის მიმართ, რომელსაც იგი ხელშეკრულების საფუძველზე უწევს მომსახურებას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

დ)
სამსახურის უფროსთან შეთანხმების გარეშე ეკავოს ან ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას;

ე) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, ასევე სამსახურის მიერ შექმნილი ან მოპოვებული ინფორმაციის, ან ამ ინფორმაციის საფუძველზე მომზადებული ნაშრომის, მოხსენების ან სხვა მასალის გამოქვეყნებისათვის მიიღოს ან მოითხოვოს ანაზღაურება ქონებრივი ან სხვა სიკეთის სახით (გარდა ოფიციალურად დადგენილი შრომითი ანაზღაურებისა);

ვ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, მიიღოს ფიზიკური ან იურიდიული პირებისაგან საჩუქრები, ფულადი ან სხვა ქონებრივი სიკეთე, გართობის, დასვენების, სატრანსპორტო (გარდა კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა) ან სხვაგვარი მომსახურება;

ზ) გამოიყენოს თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა პოლიტიკური პარტიების ან საზოგადოებრივი ორგანიზაციების პროპაგანდის ან ინტერესების განხორციელებისათვის;

თ) სამსახურის სახელით დადოს გარიგება ქონების შეძენაზე მასთან რაიმე ფორმით დაკავშირებულ სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტთან ან სხვა დაწესებულებასთან, საკუთარ მეუღლესთან, საკუთარ ან მეუღლის ბებიასთან, ბაბუასთან, მშობლებთან, ძმასთან, დასთან, შვილებთან ან შვილიშვილებთან (ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით დადებული გარიგება ბათილია);

ი) სამსახურებრივი ზედამხედველობა განახორციელოს იმ ორგანიზაციისადმი, რომლის მიმართაც მას ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესი აქვს;

კ) მონაწილეობა მიიღოს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ აზარტულ თამაშობებში, მომგებიან თამაშობებში (ლოტო, ბინგო, ტოტალიზატორი და ასევე, აზარტული და ზემოაღნიშნული მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორის მიერ მოწყობილი წამახალისებელ გათამაშებაში), მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში, გარდა აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების თითოეულ სახეობაზე ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლის/შემოწმების მიზნით გამოცემული შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში და ამ უფლებამოსილებათა განხორციელების მიზნით;

ლ) უარი განაცხადოს ხელმძღვანელი პირის მიერ დაკისრებული დავალების შესრულებაზე თუ ეს დავალება არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას;

მ) საჯარო ან პირად საუბრებში სამსახურის პრესტიჟის შემლახავი ინფორმაციის გავრცელება, მათ შორის, ელექტრონული ან სხვა ტექნიკური საშუალებებით;

ნ) სამსახურის შენობაში თამბაქოს მოწევა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება სამსახურის შტატგარეშე მომუშავე პირებზე.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №51964 - ვებგვერდი, 16.12.2014წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №22933 - ვებგვერდი, 23.10.2018წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 21 თებერვლის ბრძანება №3699 - ვებგვერდი, 28.02.2019წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №30471 - ვებგვერდი, 10.09.2019წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 7 აპრილის ბრძანება №10284 - ვებგვერდი, 12.04.2021წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2025 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №27448 - ვებგვერდი, 17.12.2025