სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
08.07.2005 ძალადაკარგული 21.07.2010
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1896
სარეგისტრაციო კოდი
370.030.000.05.001.001.968
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 42, 29/07/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (9)

შემდგომი ცვლილებები (9)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შედეგად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფონდის ათვისება, მისი რაციონალურად გამოყენება და მიწის ბაზრის განვითარებისათვის ხელის შეწყობა.

    მუხლი 2. კანონის რეგულირების სფერო

1. ეს კანონი აწესრიგებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

2. კანონის შესაბამისად პრივატიზებას ექვემდებარება იჯარით გაცემული და იჯარით გაუცემელი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული მიწებისა.

3. კანონის შესაბამისად პრივატიზებას არ ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შემდეგი კატეგორიის მიწა:

ა) საძოვარი;

ბ) პირუტყვის გადასარეკი ტრასები;

გ) წყლის ფონდის მიწა, გარდა მეთევზეობის ხელოვნური ტბორებისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებული საერთო წყალთსარგებლობის კატეგორიის მიწისა;

დ) ტყის ფონდის მიწა, რომელიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;

ე) რეკრეაციული დანიშნულების მიწა;

ვ) ისტორიის, კულტურის, ბუნებისა და საკულტო-რელიგიური ძეგლებისათვის განკუთვნილი მიწა;

ზ) დაცული ტერიტორიების მიწა;

თ) აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეფორმის ფონდისათვის განკუთვნილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა;

ი) საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების უზუფრუქტის ფორმით სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები.

    მუხლი 3. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა – სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა, რომელიც გამოიყენება მემცენარეობისა და მეცხოველეობის პროდუქტების წარმოებისთვის, მასზე არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობებით ან მათ გარეშე;

ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზება – სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სასყიდლიანი ფორმით კერძო საკუთრებაში გადაცემა საქართველოს მოქალაქისათვის ან საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის;

გ) მიწის ნაკვეთი – მიწაზე საკუთრების ან სარგებლობის უფლების გავრცელების კონკრეტული გეოგრაფიული ერთეული, რომელიც შემოისაზღვრება ერთი უწყვეტი წირით;

დ) სხვა უძრავი ქონება – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე არსებული სამეურნეო ან დამხმარე ნაგებობა (ნაგებობები), მრავალწლიანი ნარგავები, რომლებიც მყარად არის დაკავშირებული მიწასთან;

ე) სპეციალური აუქციონი – აუქციონის ფორმა, რომლის მონაწილეთა მიერ ქონების შესასყიდი ფასის შეთავაზება ხდება ერთჯერადად, წერილობითი სახით. ამ ფორმის აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვთ კონკრეტული სოფლის, დაბის, თემისა და ქალაქის საკრებულოს ტერიტორიულ საზღვრებში მცხოვრებ (საკომლო წიგნში აღრიცხულ) საქართველოს მოქალაქეებს;

ვ) ღია აუქციონი – აუქციონის ფორმა, რომლის დროსაც ნებადართულია შესასყიდი ქონების ფასის მრავალჯერადი შეთავაზება. ამ ფორმის აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებსა და საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს;

ზ) საპრივატიზებო გეგმა – საპრივატიზებო მიწის ფართობების შერჩევის, ოპტიმალური ზომის ნაკვეთებად დაყოფისა და პრივატიზების ეფექტიანად განხორციელების მიზნით შედგენილი საპრივატიზებო გეგმა, რომელიც წარმოადგენს საპრივატიზებო ნაკვეთების, საკადასტრო აგეგმვების, საკადასტრო რუკებისა და სხვა სააღრიცხვო დოკუმენტების ერთობლიობას;

თ) პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება – სახელმწიფოს მიერ პირდაპირი მიყიდვის გზით იჯარით გაცემული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების გადაცემა მიწის ნაკვეთის მოიჯარისათვის;

ი) საკომლო წიგნი – სოფლის, თემის, დაბის საკრებულოს ტერიტორიულ საზღვრებში კომლების და მათში პირთა რაოდენობის ამსახველი ჟურნალი, რომელიც ადასტურებს კონკრეტულ დასახლებულ პუნქტში პირთა ცხოვრებისა და კომლში წევრად ყოფნის ფაქტს.

    მუხლი 4. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებად გამოცხადება

1. საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების მე-11 მუხლის საფუძველზე:

ა) საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები ცხადდება ეკლესიის საკუთრებად;

ბ) ეკლესიას უფლება აქვს, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან შეთანხმებით, ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე საკუთრებაში მიიღოს იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

    მუხლი 5. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების ფორმები

1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზება ხორციელდება სპეციალური აუქციონის, ღია აუქციონის ან პირდაპირი მიყიდვის ფორმით.

2. სპეციალური აუქციონით პრივატიზებას ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

3. ღია აუქციონით პრივატიზებას ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სპეციალურ აუქციონზე გაუყიდავი და ყოფილი საიჯარო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

4. პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებას ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

    მუხლი 6. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოები

1. იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებას, ასევე ღია აუქციონით იჯარით გაუცემელ (რომელიც არ გაიყიდა სპეციალურ აუქციონზე) და ყოფილ საიჯარო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზებას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.

2. იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზებას სპეციალურ აუქციონზე ახორციელებს სოფლის, ქალაქის, დაბის ან თემის საკრებულო.

3. „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ 500-მეტრიან სასაზღვრო ზოლში არსებული ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზების თაობაზე, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, სპეციალურ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.

    მუხლი 7. მიწის ნაკვეთის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სპეციალური აუქციონის, ღია აუქციონის ან იჯარით გაცემული მიწის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები ადგენენ მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელ ოქმს, რომელიც წარმოადგენს საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს.

    მუხლი 8. მიწის ნაკვეთების აგეგმვა და ნატურაში გადატანა

იჯარით გაუცემელ საპრივატიზებო მიწის ნაკვეთების აგეგმვას, ნატურაში გადატანასა და საკადასტრო რუკების მომზადებას ახორციელებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურებში არსებული ინფორმაციის გამოყენებით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამისმა ტერიტორიულმა სამსახურებმა უნდა უზრუნველყონ მათ ხელთ არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.

თავი II

იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზება

    მუხლი 9. პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების პირობები

1. მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების აუცილებელი პირობაა სახელმწიფოსა და მოიჯარეს შორის დადგენილი წესით გაფორმებული და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საიჯარო ხელშეკრულება.

2. მოიჯარემ მიწის ნაკვეთის და სხვა უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის განცხადებით უნდა მიმართოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს ამ კანონის ძალაში შესვლიდან არა უადრეს 1 თვისა იჯარის ხელშეკრულების ვადის შეწყვეტამდე ან 10 წელზე მეტი ვადით დადებული იჯარის ხელშეკრულების შემთხვევაში – საიჯარო ხელშეკრულების დადების თარიღიდან 10 წლის განმავლობაში.

3. მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ხორციელდება მიწის ნაკვეთის არსებული საკადასტრო გეგმისა და დოკუმენტაციის საფუძველზე.

4. დაუშვებელია მოიჯარის მიერ იჯარით აღებული მიწის ნაკვეთის ნაწილის პრივატიზება. თუ საიჯარო მიწის ფართობი შედგება რამდენიმე ერთმანეთისაგან სივრცობრივ/გეოგრაფიულად დამოუკიდებელი მიწის ნაკვეთებისაგან, მას უფლება აქვს გამოისყიდოს სასურველი მიწის ნაკვეთი (ნაკვეთები). საიჯარო მიწის ნაკვეთის (ნაკვეთების) პრივატიზების შემთხვევაში, დარჩენილ საიჯარო ნაკვეთზე (ნაკვეთებზე) უქმდება საიჯარო ხელშეკრულება და იგი გაიყიდება ღია აუქციონზე.

5. თუ მოიჯარე არ მიმართავს შესაბამის ორგანოს მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის თაობაზე, მაშინ ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მიწის ნაკვეთი (ნაკვეთები) გაიყიდება ღია აუქციონზე ამ კანონის III თავის შესაბამისად.

6. იჯარით გაცემულ მიწის ნაკვეთებზე სასამართლო დავის არსებობისას საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე აღნიშნული მიწის ნაკვეთები არ დაექვემდებარება პრივატიზებას.

7. ამ კანონის ძალაში შესვლიდან პრივატიზებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები აღარ გაიცემა იჯარით, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ იჯარით გაცემის პროცედურა იყო დაწყებული და ამ კანონის ძალაში შესვლამდე ვერ მოესწრო მისი დასრულება.

    მუხლი 10. იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთების პრივატიზებისას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და მისი ტერიტორიული ორგანოს ვალდებულებები

იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთების პრივატიზებისას ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და მისი ტერიტორიული ორგანოს ვალდებულებებია:

ა) მიიღოს მოიჯარის განცხადება საიჯარო მიწის პრივატიზების თაობაზე;

ბ) განცხადების მიღებიდან 1 თვის განმავლობაში გაეცნოს მოიჯარისა და საიჯარო მიწის ნაკვეთის (ნაკვეთების) შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას. დოკუმენტაციის სისწორის შემთხვევაში და გამოსასყიდი თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენისთანავე გასცეს მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის ან გამოსასყიდი თანხის ნაწილ-ნაწილ გადახდის შემთხვევაში გასცეს მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი და დადოს იპოთეკის ხელშეკრულება საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებისა და იპოთეკის რეგისტრაციისათვის;

გ) უზრუნველყოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს გადაწყვეტილების საჯაროობა, ასევე გასაყიდი და უკვე გაყიდული მიწის ნაკვეთების, მოიჯარეებისა და საიჯარო ხელშეკრულებების შესახებ არსებული ინფორმაციის საჯაროობა;

დ) მიაწოდოს მიწის მოიჯარეებს სათანადო ინფორმაცია პრესის საშუალებით, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსებით და წერილობით შეატყობინოს მათ.

    მუხლი 11. იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასაყიდი ფასი

იჯარით გაცემული მიწის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას შესასყიდი ფასი ტოლია გამოსყიდვის თაობაზე განცხადების წარდგენის დროისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის საბაზისო წლიური განაკვეთის ათმაგი ოდენობისა. თუ მიწის ნაკვეთზე მდებარეობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობები ან/და მრავალწლიანი ნარგავები, მაშინ მიწის ფასს დაემატება კანონმდებლობით დადგენილი მათი ღირებულება.

    მუხლი 12. იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საფასურის გადახდის წესი

1. მოიჯარეს საიჯარო მიწის პრივატიზების თაობაზე განცხადების წარდგენიდან 1 თვის შემდეგ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული უძრავი ქონების შესაძენი თანხა ან შესაძენი თანხის სულ მცირე 20% შეაქვს სპეციალურ ანგარიშზე. აღნიშნული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარედგინება ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს.

2. მოიჯარეს შეუძლია გამოსასყიდი თანხის ერთბაშად ან ნაწილ-ნაწილ გადახდა 9 წლის განმავლობაში. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესი.

3. თუ მოიჯარე ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის განმავლობაში გადაიხდის მთლიანი თანხის 50%-ს, მაშინ მიწის ნაკვეთი და სხვა უძრავი ქონება გამოსყიდულად ჩაითვლება; 1-დან 3 წლამდე მთლიანი თანხის 70%-ის გადახდის შემთხვევაში მიწის ნაკვეთი და სხვა უძრავი ქონება ასევე გამოსყიდულად ჩაითვლება; ხოლო 3 წლის გასვლის შემდეგ პირი იხდის თანხის 100%-ს.

თავი III

იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზება

    მუხლი 13. იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზება სპეციალური და ღია აუქციონის ფორმით

1. იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზება ხორციელდება სპეციალური და ღია აუქციონის ფორმით. თუ იჯარით გაუცემელ მიწასთან დაკავშირებით მოწყობილ სპეციალურ აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული, მხოლოდ მას შემდეგ არის შესაძლებელი ღია აუქციონის ჩატარება.

2. სპეციალურ აუქციონში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს მხოლოდ იმ ქალაქის, სოფლის, დაბის ან თემის ტერიტორიაზე მცხოვრებ (საკომლო წიგნში აღრიცხულ) პირს, სადაც მდებარეობს გასაყიდი მიწის ნაკვეთი.

3. ღია აუქციონში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქესა და საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს.

4. სპეციალური და ღია აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება პრესაში და განთავსდება შესაბამისი საკრებულოს შენობაში.

    მუხლი 14. იჯარით გაუცემელი მიწების პრივატიზებისას საკრებულოს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და მისი ტერიტორიული ორგანოს ვალდებულებები

1. იჯარით გაუცემელი მიწის ნაკვეთის პრივატიზებისას საკრებულოს ვალდებულებებია:

ა) საპრივატიზებო მიწის ფართობების შერჩევა და მათი ოპტიმალური ზომის ნაკვეთებად დაყოფა (არანაკლებ 3-ჰექტრიანი ნაკვეთი. აღნიშნული შეზღუდვა არ მოქმედებს, თუ ნაკვეთის ფართობი 3 ჰექტარზე მცირეა);

ბ) საპრივატიზებო გეგმის შედგენა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში გადაგზავნა დასამტკიცებლად;

გ) სპეციალური აუქციონის ორგანიზება და ჩატარება. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის შედგენა და აუქციონში გამარჯვებულისათვის გაცემა;

დ) სპეციალურ აუქციონზე გამარჯვებულის არგამოვლენის შემთხვევაში დოკუმენტაციის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში გადაგზავნა ღია აუქციონის ჩასატარებლად;

ე) გასაყიდი და უკვე გაყიდული მიწის ნაკვეთების შესახებ არსებული ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფა.

2. იჯარით გაუცემელი ან ყოფილი საიჯარო მიწის ნაკვეთის პრივატიზებისას ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და მისი ტერიტორიული ორგანოს ვალდებულებებია:

ა) საპრივატიზებო გეგმის განხილვა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან შეთანხმება და დამტკიცება;

ბ) საპრივატიზებო გეგმის დამტკიცებამდე 1 თვით ადრე საპრივატიზებო გეგმის პროექტის საჯაროდ გამოქვეყნება;

გ) ღია აუქციონის ორგანიზება და ჩატარება;

დ) ღია აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის შედგენა;

ე) სპეციალურ და ღია აუქციონებში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა და გამოსასყიდი თანხის გადახდის ქვითრის წარდგენისთანავე მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმის გაცემა საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის ან გამოსასყიდი თანხის ნაწილ-ნაწილ გადახდის შემთხვევაში, მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმის გაცემა და იპოთეკის ხელშეკრულების დადება საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებისა და იპოთეკის რეგისტრაციისათვის;

ვ) გასაყიდი და უკვე გაყიდული მიწის ნაკვეთების შესახებ არსებული ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფა.

    მუხლი 15. სპეციალურ და ღია აუქციონებზე გატანილი მიწის ნაკვეთის გასაყიდი საწყისი ფასი

1. სპეციალურ აუქციონზე გასაყიდი მიწის ნაკვეთის საწყისი ფასი ტოლია აუქციონის გამოცხადების დროისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად დადგენილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის საბაზისო წლიური განაკვეთის ორმაგი ოდენობისა.

2. ღია აუქციონზე გასაყიდი იჯარით გაუცემელი მიწის ნაკვეთის საწყისი ფასი ტოლია აუქციონის გამოცხადების დროისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად დადგენილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის საბაზისო წლიური განაკვეთის ორმაგი ოდენობისა. ღია აუქციონზე გასაყიდი ყოფილი საიჯარო მიწის ნაკვეთის გასაყიდი საწყისი ფასი ტოლია აუქციონის გამოცხადების დროისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად დადგენილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის საბაზისო წლიური განაკვეთის ათმაგი ოდენობისა.

3. თუ მიწის ნაკვეთზე მდებარეობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობები ან/და მრავალწლიანი ნარგავები, მაშინ სპეციალურ და ღია აუქციონებზე გასაყიდი მიწის ნაკვეთის საწყის ფასს დაემატება კანონმდებლობით დადგენილი მათი ღირებულება.

    მუხლი 16. სპეციალურ და ღია აუქციონებზე შეძენილი მიწის ნაკვეთის საფასურის გადახდის წესი

1. სპეციალურ და ღია აუქციონებში გამარჯვებული პირი გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის მიღებიდან 1 თვის განმავლობაში იხდის მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული უძრავი ქონების შესაძენ თანხას ან შესაძენი თანხის სულ მცირე 20%-ს სპეციალურ ანგარიშზე და წარუდგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს. მხოლოდ ამ დოკუმენტის წარდგენის შემდეგ შესაძლებელია მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმის გაცემა საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის ან ნაწილ-ნაწილ გადახდის შემთხვევაში, მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმის გაცემა და იპოთეკის ხელშეკრულების დადება საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებისა და იპოთეკის რეგისტრაციისათვის. თუ გამარჯვებული პირი დადგენილ ვადაში არ წარმოადგენს თანხის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს, აუქციონის შედეგები ბათილად ცხადდება.

2. შემძენს შეუძლია მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული უძრავი ქონების შესაძენი თანხა გადაიხადოს ერთბაშად ან ნაწილ-ნაწილ 9 წლის განმავლობაში. ნაწილ-ნაწილ გადახდის შემთხვევაში, ყოველ მომდევნო წელს ის იხდის მთლიანი გადასახდელი თანხის სულ მცირე 10%-ს. თანხის პირველი ნაწილის გადახდისას ქონება სახელმწიფოს სასარგებლოდ დაიტვირთება იპოთეკით და გატარდება საჯარო რეესტრში. გადასახდელი თანხის სრულად გადახდის შემდეგ იპოთეკა უქმდება.

3. თუ პირი, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოცემულ ვადაში ვერ გადაიხდის განსაზღვრულ თანხას, ქონება გაიყიდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. თუ სპეციალურ და ღია აუქციონში გამარჯვებული პირი ერთი წლის განმავლობაში გადაიხდის მთლიანი თანხის 50%-ს, მაშინ მიწის ნაკვეთი და სხვა უძრავი ქონება გამოსყიდულად ჩაითვლება; 1-დან 3 წლამდე მთლიანი თანხის 70%-ის გადახდის შემთხვევაში მიწის ნაკვეთი და სხვა უძრავი ქონება ასევე გამოსყიდულად ჩაითვლება; ხოლო 3 წლის გასვლის შემდეგ პირი იხდის თანხის 100%-ს.

თავი IV

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების და იპოთეკის რეგისტრაცია

    მუხლი 17. საკუთრების უფლების და იპოთეკის რეგისტრაცია

1. სასოფლო-სამეურნეო მიწაზე და სხვა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება და იპოთეკა (თუ ასეთი არსებობს) რეგისტრირდება ერთად, პირველადი რეგისტრაციის სახით.

2. მიწისა და სხვა უძრავი ქონების სპეციალური ან ღია აუქციონით შემძენმა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის სამსახურს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) სარეგისტრაციო განცხადება;

ბ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი, ხოლო გამოსასყიდი თანხის ნაწილ-ნაწილ გადახდის შემთხვევაში – მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი და იპოთეკის ხელშეკრულება;

გ) ფიზიკურმა პირმა – პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი;

დ) იურიდიულმა პირმა – სასამართლოში ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთი.

3. მიწის და სხვა უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით შემძენმა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის სამსახურს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) სარეგისტრაციო განცხადება;

ბ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი, ხოლო გამოსასყიდი თანხის ნაწილ-ნაწილ გადახდის შემთხვევაში – მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი და იპოთეკის ხელშეკრულება;

გ) ფიზიკურმა პირმა – პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი;

დ) იურიდიულმა პირმა – სასამართლოში ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთი.

4. პრივატიზებული ქონების მესაკუთრის შეცვლისას ამ კანონით დადგენილი შეზღუდვები და ვალდებულებები ავტომატურად გადადის მიწის ნაკვეთის ახალ მესაკუთრეზე.

თავი V

გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 18. გარდამავალი დებულებანი

1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების პრივატიზებიდან შემოსული თანხები მოხმარდეს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას.

2. დაევალოს საქართველოს მთავრობას ამ კანონით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებისათვის უზრუნველყოს დამატებითი საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების მოზიდვა.

3. ამ კანონის ამოქმედებიდან ერთ თვეში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ შეიმუშაოს და დაამტკიცოს:

ა) დებულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების წესის შესახებ“;

ბ) აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმა;

გ) საჯარო რეესტრში წარსადგენი მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმა;

დ) იპოთეკის ხელშეკრულების ტიპური ფორმა.

4. ამ კანონის ძალაში შესვლიდან 2005 წლის ბოლომდე გადაიხედოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტში მითითებულ ორგანიზაციებთან დადებული უზუფრუქტის ხელშეკრულებები და საჭიროებისამებრ პრეზიდენტის ბრძანებულებით მოხდეს მათი გაუქმება.

5. ამ კანონის მიზნებისათვის განხორციელებულ სანივთო ურთიერთობებზე არ ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 289-ე მუხლებით დადგენილი წესები.

თავი VI

დასკვნითი დებულება

    მუხლი 19. დასკვნითი დებულება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 8 ივლისი.

№1896–რს