1.
ნებართვა გაიცემა კონკურსში გამარჯვებულ ნებართვის მაძიებელზე, თითოეულ მარშრუტზე ცალ-ცალკე, კონკურსში გამარჯვებულებად გამოცხადების თაობაზე შესაბამისი კომისიის მიერ შემდგარი ოქმის საფუძველზე,  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ  გამოცემული ბრძანებისა  და ნებართვის გამცემსა და კონკურსში გამარჯვებულს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
2.
თუ კონკურსში გამარჯვებული უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული იურიდიული პირი ან უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მაშინ კონკურსში გამარჯვებულმა იურიდიულმა ან ფიზიკურმა პირმა ხელშეკრულების გაფორმებამდე საქართველოში მისი 100% წილობრივი მონაწილეობით უნდა დააფუძნოს საწარმო, რომელზეც გაიცემა ნებართვა.
3.
კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ შესაბამისი კომისიის ოქმის საფუძველზე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილების მიღებიდან 30 სამუშაო დღის განმავლობაში კონკურსში გამარჯვებულს ან ამ მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად საქართველოში დაფუძნებულ საწარმოსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელს შორის ფორმდება  ხელშეკრულება.
4.
ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ნებართვის მფლობელს გადაეცემა სანებართვო მოწმობა და იგი უფლებამოსილია განახორციელოს მომსახურება;
5.
დადგენილ ვადაში  საქართველოში საწარმოს არ დაფუძნების, ხელშეკრულების გაუფორმებლობის ან  ნებართვის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, კონკურსში გამარჯვებულს არ მიეცემა ნებართვა;
6.
ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში კონკურსი ითვლება ჩაშლილად. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ასეთ შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ, რის თაობაზეც ინფორმაცია ქვეყნდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში. განმეორებითი კონკურსი ჩატარდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, წინამდებარე წესის შესაბამისად, არაუგვიანეს 6 თვის ვადაში