1.
კონკურსის ყველა მონაწილე სარგებლობს თანაბარი უფლებით.
2.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ კონკურსის ჩატარების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ ნებართვის გამცემის ხელთ არსებულ, საქართველოს კანონმდებლობით დაშვებულ ნებისმიერ ინფორმაციას.
3.
კონკურსში მონაწილეობაზე განცხადებები მიიღება კონკურსის ჩატარების შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით დადგენილ მისამართზე და ვადაში.
4.
ნებართვის მაძიებელმა კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე წერილობითი განცხადება უნდა წარადგინოს განცხადების მიმღებ პასუხისმგებელ პირთან, რომელიც აწარმოებს განცხადებების მიღების რეესტრს და ნებართვის მაძიებელთაგან განცხადებების მიღების დამთავრებიდან სამი სამუშაო დღის ვადაში: განცხადებებს გადასცემს კომისიის მდივანს და აღნიშნულის შესახებ წერილობით აცნობებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელს. განცხადება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლითა და წინამდებარე წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამის მოთხოვნებს;
5.
განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ა)
კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის – პარტნიორების სათანადო წესით გაფორმებული თანხმობა კონკურსში მონაწილეობის მიღებაზე, სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერი და წესდების დამოწმებული ასლი, განცხადების წარმომდგენი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ინდივიდუალური მეწარმისათვის – სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერი და იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი საბუთების ასლები; საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის–სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები;
ბ)
ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ ხორციელდება იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
გ)
ცნობა სასამართლოდან იმის თაობაზე, რომ ნებართვის მაძიებლის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმისწარმოება;
დ)
ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ;
ე)
ნებართვის მაძიებლისათვის საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი საერთო სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი საგადასახადო დავალიანების შესახებ;
ვ)
დოკუმენტაცია მარშრუტზე განსახორციელებელი საქმიანობის ტექნიკურ-საექსპლუატაციო და სხვა მაჩვენებლების შესახებ, რომელიც წარდგენილი უნდა იყოს ნებართვის გამცემის მიერ დადგენილი ფორმით, როგორც ნაბეჭდი, ასევე ელექტრონული ვერსიით და მასში ასახული უნდა იყოს:
ვ.ა)
მგზავრთა გადაყვანის განსახორციელებლად ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი (კატეგორია, მარკა, მოდელი, ტევადობა, ტრანსპორტის სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი, ყოველ წარმოდგენილ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მიმაგრებული მართვის შესაბამისი კატეგორიის მქონე მძღოლის/ან მძღოლების სახელი და გვარი, მათი ტრანსპორტის მართვის მოწმობის ნომერი, ტრასპორტის სარეგისტრაციო და მძღოლების მართვის მოწმობების ქსეროასლები); ამასთან მითითებული უნდა იყოს თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოშვების წელი;
ვ.ბ)
ყოველი ავტოსატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული უნდა იყოს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ვ.გ)
ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს იმ კატეგორიისა და იმ ტიპის რაც გათვალისწინებულია ნებართვის მისაღებად გამოცხადებულ მარშრუტის/ან მარშრუტების სატრანსპორტო სქემით;
ვ.დ)
კონკურსზე წარმოდგენილ ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებას გავლილი უნდა ჰქონდეს გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო ტესტირება;
ვ.ე)
კონკურსზე წარმოდგენილი არცერთი ავტოსატრანსპორტო საშუალება არ უნდა იყოს რეგისტრირებული სხვა მარშრუტის სანებართვო მოწმობის დანართში, რომელზეც გაცემული ნებართვა ძალაშია, ხოლო ერთდროულად რამოდენიმე მარშრუტზე ნებართვის გაცემის გამოცხადების შემთხვევაში, ყოველი ავტოსატრანსპორტო საშუალება წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ ერთ მარშრუტზე;
ვ.ვ)
ნებართვის მაძიებლის საკუთრებაში/სარგებლობაში ავტოსატრანსპორტო საშუალებების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტები ან ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნებართვის მაძიებლის საკუთრებაში მომავალში გადასვლაზე გაფორმებული ოფიციალურად დამოწმებული წინასწარი შეთანხმება ავტოსატრანსპორტო საშუალების მწარმოებელთან ან ოფიციალურ გაყიდვების აგენტთან ან ნებისმიერ სხვა პირთან ამ უკანასკნელის საკუთრებაში ავტოსატრანსპორტო საშუალების არსებობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად;
ვ.ზ)
საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული ავტობუსებით მომსახურების განხორციელების დაწყების გრაფიკი;
ზ)
ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, თუ კონკურსის მონაწილე მოქმედებს ნებართვის მაძიებლის სახელით.
თ)
ყველა სხვა დოკუმენტი, რომლებიც წინამდებარე წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის `კ~ ქვეპუნქტის შესაბამისად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქნება განსაზღვრული.
6.
თუ ნებართვის მაძიებელი უცხოური კომპანია ან უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ამ მუხლის მე–5 პუნქტის ,,ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებში მითითებული ცნობები, ქართულ ენაზე დამოწმებულ თარგმანთან ერთად, წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოებიდან.
7.
ნებართვის მაძიებელი განცხადებას წარადგენს მისთვის სასურველ ერთ ან მეტ მარშრუტზე, ხოლო გამარჯვებული გამოვლინდება თითოეულ მარშრუტზე ცალ-ცალკე.
8.
დაუშვებელია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დოკუმენტების მიწოდება საფოსტო გზავნილის სახით. საფოსტო გზავნილის სახით მიღებული განცხადება კომისიის მიერ არ განიხილება და გამომგზავნს უბრუნდება გზავნილზე მითითებულ მისამართზე გაუხსნელად.
9.
კომისია განცხადების წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს ნებართვის მაძიებლის განცხადების შესაბამისობას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან და ამ მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებთან მიმართებაში მოქმედებს იმავე კოდექსის 83-ე მუხლის შესაბამისად.
10.
ნებართვის მაძიებელი ვალდებულია ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისიის მიერ მითითებულ ვადაში წარადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტი ან მიაწოდოს კომისიას მოთხოვნილი ინფორმაცია, ასევე მოახდინოს წარდგენილ განცხადებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომების გასწორება.
11.
ნებართვის მაძიებელს უფლება აქვს წერილობითი ფორმით უარი განაცხადოს კონკურსში მონაწილეობაზე, განცხადებების მიღებისათვის ნებართვის გამცემის მიერ განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე ნებისმიერ დროს.
12.
იმ შემთხვევაში, თუ კონკურსის პირობებით დადგენილ ვადაში არ იქნა წარდგენილი განცხადება მარშრუტზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კონკურსი ითვლება ჩაშლილად. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ასეთ შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ, რის თაობაზეც ინფორმაცია ქვეყნდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში. განმეორებითი კონკურსი ჩატარდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში, წინამდებარე წესის შესაბამისად.
13.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი უფლებამოსილია გადაავადოს განცხადების მიღების, კონკურსის ჩატარების ან/და გამარჯვებულის გამოვლენის თარიღი, რის შესახებაც ინფორმაცია ვრცელდება საჯაროდ
მუხლი 6. საკონკურსო პირობები
თავი I — ზოგადი ნაწილი
მთავარი მონაცემები
- ვადა სამი სამუშაო დღის ვადაში
- ვადა 5 სამუშაო დღის ვადაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 6. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ხელაძე
- მუხლი 1. რეგულირების სფერო
- მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
- მუხლი 3. ნებართვის გაცემის პირობები და წესები
- მუხლი 4. კონკურსის ორგანიზება
- მუხლი 5. კომისია
- მუხლი 7. საკონკურსო განცხადების განხილვაზე უარის თქმის საფუძვლები
- მუხლი 8. კონკურსის ჩატარება
- მუხლი 9. არშემდგარი კონკურსი
- მუხლი 10. კონკურსის შედეგების შეჯამება
- მუხლი 13. ნებართვის გაცემა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M1, M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 6, №16, 30.04.2015, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.112.016217 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.11.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2826552/muxli-6-2/