მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
საქართველოს კანონი ძველი რედაქცია
მიღების თარიღი
22.03.2005 ბოლო ცვლილება 30.11.2023
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1134
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 13, 12/04/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (17)

შემდგომი ცვლილებები (17)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის მიზანი

1. ეს კანონი ადგენს საქართველოში მკაცრი აღრიცხვის ფორმების შემუშავების, დამზადებისა და გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს.

2. კანონის მიზანია, განსაზღვროს მკაცრი აღრიცხვის ფორმების (ბლანკების, ბილეთების ან სხვა საბუთების) სახეები, უზრუნველყოს მათი შემუშავების, დამზადების, შენახვისა და გამოყენების საქმეში სახელმწიფოებრივი წესრიგის დამყარება.

    მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მკაცრი აღრიცხვის ფორმა – განსაზღვრული შინაარსის, ფორმისა და ზომის ბლანკი, ბილეთი ან საბუთი, რომელიც გამიზნულია სხვადასხვა სფეროში საქმიანობასთან (საქონლის მიწოდება, სამუშაოს შესრულება, მომსახურების გაწევა და სხვა) დაკავშირებული ანგარიშსწორების, ანგარიშგების, იურიდიული ან სხვა ფაქტის დაფიქსირებისათვის, რომელსაც შეიმუშავებს ერთი ან რამდენიმე სამართალსუბიექტი დარგობრივი ნიშნით და რომელიც შემოღებულია სამოქმედოდ ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით;

ბ) სამართალსუბიექტი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, სახელმწიფო დაწესებულება, უწყება ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი;

გ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხა – ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების საქართველოს ფინანსთა სამი-ნისტროს მიერ დამტკიცებული ნუსხა;

დ) პასუხისმგებელი პირი – პირი, რომელსაც ეკისრება კონკრეტული პასუხისმგებლობა მკაცრი აღრიცხვის ფორმებთან დაკავშირებული, კანონმდებლო-ბით დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე;

ე) პოლიგრაფიული საწარმო – საწარმო, რომელიც დადგენილი წესით ამზადებს მკაცრი აღრიცხვის ფორმებს, ახორციელებს მათ აღრიცხვას, შენახვასა და რეალიზაციას.

    მუხლი 3. მკაცრი აღრიცხვის ფორმების კატეგორიები

მკაცრი აღრიცხვის ფორმები, მათი დაცვის სირთულეთა გათვალისწინებით, იყოფა შემდეგ კატეგორიებად:

ა) პირველი კატეგორია – „განსაკუთრებით დაცული“. ასეთ კატეგორიას განეკუთვნება ის მკაცრი აღრიცხვის ფორმები, რომელთაც აქვთ 7 ან მეტი დამცავი ნიშანი;

ბ) მეორე კატეგორია – „დაცული“. ასეთ კატეგორიას განეკუთვნება ის მკაცრი აღრიცხვის ფორმები, რომელთაც აქვთ 4–6 დამცავი ნიშანი;

გ) მესამე კატეგორია – „მარტივი ტიპის“. ასეთ კატეგორიას განეკუთვნება ის მკაცრი აღრიცხვის ფორმები, რომელთაც აქვთ არა უმეტეს 3 დამცავი ნიშანი.

    მუხლი 4. მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაცია

1. სამართალსუბიექტები ვალდებულნი არიან საქართველოს ფინანსთა სამინისტროში რეგისტრაციაში გაატარონ მათ მიერ გამოყენებული ან გამოსაყენებელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ენის სახელმწიფო პალატასთან შეთანხმებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნიმუშები (პროექტები).

2. მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხას და რეგისტრაციის წესს ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

3. მკაცრი აღრიცხვის ფორმები, რომელთაც საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს და რომელთა დამზადება შეუძლებელია საქართველოში არსებულ პოლიგრაფიულ საწარმოებში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია დამზადდეს საქართველოს ფარგლებს გარეთ.

    მუხლი 5. პოლიგრაფიული საწარმოების კატეგორიები

პოლიგრაფიული საწარმოები, მათი ტექნოლოგიური პროცესების ხარისხისა და დონის გათვალისწინებით, იყოფა შემდეგ კატეგორიებად:

ა) პირველი კატეგორია – ასეთ პოლიგრაფიულ საწარმოებს უფლება ეძლევათ დაბეჭდონ ყველა სახის მკაცრი აღრიცხვის ფორმები;

ბ) მეორე კატეგორია – ასეთ პოლიგრაფიულ საწარმოებს უფლება ეძლევათ დაბეჭდონ ამ კანონის მე-3 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მკაცრი აღრიცხვის ფორმები;

გ) მესამე კატეგორია – ასეთ პოლიგრაფიულ საწარმოებს უფლება ეძლევათ დაბეჭდონ ამ კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მკაცრი აღრიცხვის ფორმები.

    მუხლი 6. მოთხოვნები პოლიგრაფიული საწარმოებისადმი

1. მკაცრი აღრიცხვის ფორმების დამზადება ხორციელდება პოლიგრაფიულ საწარმოებში, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ კანონის მოთხოვნებს.

2. პოლიგრაფიული საწარმოები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ამ კანონის მე-3 მუხლში აღნიშნული კატეგორიების მიხედვით ჰქონდეთ პროდუქციის დასამზადებლად განკუთვნილი სპეციალური პოლიგრაფიული მოწყობილობები;

ბ) ფლობდნენ პროდუქციის დამზადების შესაბამის სპეციალურ ტექნოლოგიურ პროცესებს, ორიგინალების, ნიმუშების, საბეჭდი ფორმების ბეჭდვის, მათი ნუმერაციისა და დამუშავების ჩათვლით (სპეციალური ტექნოლოგიები, მასალები, მოწყობილობები და კონტროლის მეთოდები უნდა უზრუნველყოფდნენ პროდუქ-ციის საჭირო დაცვას გაყალბებისა და არასანქცირებული ტირაჟირებისაგან);

გ) ჰყავდეთ პოლიგრაფიული პროფესიის სპეციალისტები;

დ) უზრუნველყოფდნენ დამზადებული პროდუქციის დაცვას სპეციალური ტექნიკური და ორგანიზაციული საშუალებებით.

3. პოლიგრაფიული საწარმოს ფართობი უნდა აკმაყოფილებდეს საწარმოს დაცვის მოთხოვნებს, კერძოდ:

ა) გარდერობი უნდა განლაგდეს და მოეწყოს ისე, რომ გამოირიცხოს საწარმოდან ნაბეჭდი პროდუქციის კონტროლის გარეშე გატანა;

ბ) საწარმო უზრუნველყოფილი უნდა იყოს ენერგოკვების ალტერნატიული წყაროთი – გენერატორით;

გ) სასაწყობო ფართობები ნედლეულისა და მზა პროდუქციისათვის უნდა იყოს განცალკევებული;

დ) უნდა არსებობდეს კლიენტის მომსახურების ოთახი.

4. პოლიგრაფიულ საწარმოში სამუშაოთა შესრულების სრულყოფილი ციკლი მოიცავს:

ა) ბეჭდვამდელ პროცესებს;

ბ) ბეჭდვის პროცესებს;

გ) ბეჭდვისშემდგომი ოპერაციების უბანს;

დ) წუნმდებელ-მაკონტროლებელ უბანს.

5. საამქროებისა და უბნების შესაძლებლობები უნდა შეესაბამებოდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს. მკაცრი აღრიცხვის ფორმების დამზადების ციკლი, ნიმუშების, ნუმერაციისა და დამუშავების ჩათვლით, უნდა შესრულდეს ერთ საწარმოში. საწარ-მოთა კოოპერაცია დაუშვებელია.

6. პოლიგრაფიულ საწარმოში მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნიმუშების დამზადების, აგრეთვე არამართლზომიერი ხელყოფისაგან დამცავი ნიშნების ამსახველი მატერიალური შემცველების შენახვა, დაცვა და განადგურება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი II. მკაცრი აღრიცხვის ფორმების დამზადებისა და შენახვის წესი

    მუხლი 7. მკაცრი აღრიცხვის ფორმების წარმოების ორგანიზება

მკაცრი აღრიცხვის ფორმების წარმოების ორგანიზებას ახორციელებენ სამართალსუბიექტები, რომლებიც:

ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეიმუშავებენ კონკრეტულ ფორმას მათი ხარისხის დაცვის და სხვა პარამეტრების აღნიშვნით, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრავენ მკაცრი აღრიცხვის ფორმების აუცილებელ რაოდენობას და პოლიგრაფიული საწარმოების მეშვეობით ახორციელებენ მათ ტირაჟირებას;

ბ) კანონის შესაბამისად ახორციელებენ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენების კონტროლს.

    მუხლი 8. მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენება სამართალსუბიექტების მიერ

1. მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვაანგარიშგების წესი განისაზღვრება ამ კანონით და შესაბამისი სამართალსუბიექტების მიერ დადგენილი წესის საფუძველზე.

2. სამართალსუბიექტები მკაცრი აღრიცხვის ფორმებით მომარაგებას ახორციელებენ დამოუკიდებლად.

3. მკაცრი აღრიცხვის ფორმების დამზადებას სამართალსუბიექტთა შეკვეთების საფუძველზე ახორციელებენ საქართველოში არსებული პოლიგრაფიული საწარ-მოები, გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

4. მკაცრი აღრიცხვის ფორმები გაიცემა მხოლოდ სათანადოდ გაფორმებული მინდობილობების საფუძველზე.

5. მკაცრი აღრიცხვის ფორმები ინახება პასუხისმგებელ პირთან, რომელსაც განსაზღვრავს სამართალსუბიექტის ხელმძღვანელი. მან ყველა მუშაკს, რომელსაც ევალება მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვა და გაცემა, უნდა შეუქმნას სათანადო პირობები ამ ფორმებით შესაბამისი ოპერაციების წარმოებისათვის.

6. მკაცრი აღრიცხვის ფორმები ინახება სპეციალურად გამოყოფილ და სათანადოდ დაცულ ადგილას.

7. სამართალსუბიექტები უზრუნველყოფენ მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვის, გაცემისა და მათთან დაკავშირებული სხვა ოპერაციების შესასრულებლად განკუთვნილი სათავსების დაცულობას.

    მუხლი 9. მკაცრი აღრიცხვის ფორმების დამზადების შეკვეთების გაფორმება და წარმოება

1. სამართალსუბიექტები პოლიგრაფიულ საწარმოებს ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით წარუდგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებულ მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნიმუშებს.

2. მკაცრი აღრიცხვის ფორმების დამზადების შეკვეთა ექვემდებარება აუცილებელ აღრიცხვას პოლიგრაფიული საწარმოს შეკვეთების წიგნში – „მკაცრი აღრიცხვის ფორმები“, რომელიც უნდა იყოს დანომრილი, ზონარგაყრილი და საწარმოს ბეჭდით დამოწმებული.

3. შეკვეთის წიგნს უნდა ჰქონდეს შემდეგი რეკვიზიტები:

ა) შეკვეთის რიგითი ნომერი;

ბ) დამკვეთის სახელწოდება;

გ) ფორმების დასახელება;

დ) შეკვეთის შემოსვლის თარიღი;

ე) შეკვეთის ტირაჟი;

ვ) საკონტროლო ეგზემპლარების დაგზავნის თარიღი;

ზ) დამკვეთისთვის ფორმების გადაცემის თარიღი;

თ) ფაქტობრივად გაცემული ფორმების რაოდენობა;

ი) ტექნიკური ნარჩენების განადგურების აქტის ნომერი;

კ) არასწორი ჩანაწერების ანულირება;

ლ) შენიშვნა.

4. შეკვეთების წიგნის გრაფები ივსება რეგულარულად, შეკვეთის მიმდინარეობის მიხედვით.

    მუხლი 10. მოთხოვნები მკაცრი აღრიცხვის ფორმების პოლიგრაფიული შესრულებისადმი

1. მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუმერაცია ხორციელდება ნუმერატორით მითითებული ნომრებით.

2. მკაცრი აღრიცხვის ფორმებზე აღნიშნული უნდა იყოს მათი დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სახელწოდება ინიციალებით, რეგისტრაციის ნომერი და ინდივიდუალური ნომერი (არანაკლებ 6 ციფრი).

    მუხლი 11. მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციის ჩატარება

1. მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციას ატარებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, აგრეთვე თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკი.

    მუხლი 12. პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისათვის

ამ კანონის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

თავი III. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 13. გარდამავალი დებულებანი

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვეში უზრუნველყოს მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის დამტკიცება.

2. სამართალსუბიექტებმა ამ კანონის ამოქმედებიდან 4 თვეში უზრუნველყონ მათ მიერ გამოსაყენებელი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვეში უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

    მუხლი 14. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასაუქმებელი ნორმატიული აქტები

2005 წლის 1 ივლისიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

ა) საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 26 ივლისის №321 ბრძანებულება „მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმებისა და დოკუმენტების შემუშავების, დამზადების, შენახვისა და გამოყენების საქმეში სახელმწიფოებრივი წესრიგის დამყარების ღონისძიებათა შესახებ“;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 6 სექტემბრის №1079 განკარგულება „ლატარიის ბილეთების, მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმებისა და დოკუმენტების შემუშავების, დამზადების, შენახვისა და გამოყენების მოწესრიგების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“;

გ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2000 წლის 24 აპრილის №50 ბრძანება „მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების და დოკუმენტების წარმოებისა და გამოყენების წესების შესახებ“.

    მუხლი 15. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 22 მარტი.

№1134-Iს