1. საბჭოსთვის საჩივრის წარსადგენად დგინდება საჩივრის წარდგენის საფასური. საჩივრის წარდგენის საფასურის ოდენობაა:
ა) სახელმწიფო შესყიდვასთან (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა) დაკავშირებული საჩივრის შემთხვევაში – სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 2%, ხოლო გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში – გამარტივებული შესყიდვის ღირებულების 2%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა და არაუმეტეს 500 ლარისა;
ბ) საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტთან დაკავშირებული საჩივრის შემთხვევაში – ამ პროექტის სავარაუდო ღირებულების 0,15%, მაგრამ არანაკლებ 22 000 ლარისა და არაუმეტეს 150 000 ლარისა.
2. საჩივრის წარდგენის საფასური არ გადაიხდება, თუ საჩივარი ეხება ამ კანონის 237 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხებს.
3. საჩივრის წარდგენის საფასური ბრუნდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საჩივარი არ დაკმაყოფილდება.
4. თუ მომჩივანმა გამოიხმო საჩივარი, საჩივრის წარდგენის საფასური ბრუნდება:
ა) სრული ოდენობით − თუ საჩივარი გამოხმობილია საბჭოს სხდომის გამართვამდე;
ბ) ნახევარი ოდენობით − თუ საჩივარი გამოხმობილია საბჭოს სხდომაზე ან მისი გამართვის შემდეგ.
5. საჩივრის წარდგენის საფასურის გადახდისა და დაბრუნების წესები განისაზღვრება საბჭოს რეგლამენტით.
საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის კანონი №6730 – ვებგვერდი, 16.07.2020