1.
საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება დასახლების ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 20%-ისა.
2.
საერთო კრების სხდომის დაწყებისთანავე წევრები გადიან რეგისტრაციას. საერთო კრებაზე დამსწრე საერთო კრების წევრთა რეგისტრაციას და საერთო კრების ორგანიზებას უზრუნველყოფს (უზრუნველყოფენ) საინიციატივო ჯგუფი ან/და ადმინისტრაციული სამსახურის უფლებამოსილი მოხელე ან/და რჩეული, ან მის მიერ უფლებამოსილი საერთო კრების წევრები. რეგისტრაციისას მიეთითება საერთო კრების წევრის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი (დღე, თვე, წელი), საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, რეგისტრაციის ადგილი და ხელმოწერა.
3.
ამ დებულებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების ფარგლებში, საერთო კრებას, როგორც წესი, წარმართავს და თავმჯდომარეობს რჩეული. თუ საერთო კრებას არ ჰყავს რჩეული, ან საერთო კრება მოწვეულია გამგებლის მიერ, საერთო კრებას წარმართავს და თავმჯდომარეობს გამგებელი ან მის მიერ უფლებამოსილი მოხელე. საერთო კრების საინიციატივო ჯგუფის მიერ მოწვევის შემთხვევაში, საერთო კრებას წარმართავს და თავმჯდომარეობს საინიციატივო ჯგუფის ის წევრი, რომლის ხელმოწერაც შესაბამის განცხადებაში პირველად არის მითითებული, ხოლო მისი არყოფნისას - საინიციატივო ჯგუფის მომდევნო წევრი, ხოლო მისი არყოფნისას – საინიციატივო ჯგუფის სხვა წევრი ან საინიციატივო ჯგუფის თანხმობით - გამგეობის უფლებამოსილი მოხელე.
4.
საერთო კრების ოქმის შედგენა ევალება საერთო კრების მდივანს. საერთო კრების მდივნის ფუნქციას ასრულებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით განსაზღვრული პირის უფლებამოსილი პირი. კრების მდივნის ვინაობა სახელდება კრების დასაწყისში.
5.
საერთო კრება მუშაობს წინასწარ განსაზღვრული დღის წესრიგით, რომელსაც ადგენს კრების ინიციატორი. საერთო კრების დღის წესრიგში ცვლილებების შეტანა დაუშვებელია. საერთო კრებაზე დღის წესრიგის ფარგლებში საკითხის, წინადადების, ინიციატივის დასმის უფლება აქვს კრების ნებისმიერ წევრს, რასაც რჩეული, ან ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული პირი აყენებს კენჭისყრაზე.
6.
ინიციატივის ავტორს ეძლევა 10 წუთი თავისი ინიციატივის კრების მონაწილეთათვის გაცნობისათვის, რის შემდეგაც ინიციატივაზე აზრის გამოთქმა შეუძლია კრების ნებისმიერ დამსწრეს, რისთვისაც მას ეძლევა 2 წუთი.
7.
კენჭისყრა, როგორც წესი, ღიაა. კენჭისყრის ფორმას საერთო კრების წევრებს აცნობს რჩეული, ან ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საერთო კრების თავმჯდომარეობაზე უფლებამოსილი პირი.
8.
ფარული კენჭისყრა იმართება მხოლოდ რჩეულის არჩევის დროს.
9.
დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე კენჭისყრა ტარდება საერთო კრებაზე საკითხების განხილვის დასრულების შემდეგ. კენჭისყრის საერთო კრებაზე კენჭი ეყრება თითოეულ საკითხს ცალ–ცალკე.
10.
კენჭისყრაში მონაწილეობას იღებს კრებაზე დამსწრე რეგისტრირებული წევრი.
11.
საერთო კრებაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით
ხობის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 28.01.2016
მუხლი 10. საერთო კრების საქმიანობის წესი
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 20%
მეზობელი მუხლები
- მუხლი 4. საერთო კრების უფლებამოსილება
- მუხლი 5. საერთო კრების გადაწყვეტილება
- მუხლი 6. საერთო კრების მოწვევის უფლების მქონე სუბიექტები:
- მუხლი 7. ამომრჩეველთა არანაკლებ 5%-ის მიერ საერთო კრების მოწვევა
- მუხლი 8. გამგებლის მიერ საერთო კრების მოწვევა
- მუხლი 9. რჩეულის მიერ საერთო კრების მოწვევა
- მუხლი 11. ოქმი
- მუხლი 12. რჩეულის უფლებამოსილება
- მუხლი 13. რჩეულის უფლებამოსილების ვადა
- მუხლი 14. რჩეულის არჩევის წესი
- მუხლი 15. რჩეულის არჩევის პროცედურა
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ხობის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 28.01.2016. გამოქვეყნება: ვებგვერდი, 04/02/2016.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხობის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 10, №3, 28.01.2016, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.106.016186 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.01.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3173181/muxli-10/