წინამდებარე დირექტივა ვრცელდება წევრ სახელმწიფოებზე.

შედგენილია ბრიუსელში, 2009 წლის 13 ივლისს.

ევროპარლამენტის სახელით

თავმჯდომარე

ჰ-გ. პოტერინგი

საბჭოს სახელით

თავმჯდომარე

ე. ერლანდსენი

დანართი I

მომხმარებელთა დაცვის ღონისძიებები

1. მომხმარებელთა დაცვის შესახებ გაერთიანების წესების, კერძოდ კი დისტანციურ ხელშეკრულებებთან მიმართებაში მომხმარებელთა დაცვის შესახებ ევროპარლამენტისა და საბჭოს 1997 წლის 20 მაისის დირექტივის 97/7/EC22, და მომხმარებელთა ხელშეკრულებებში უსამართლო პირობების შესახებ საბჭოს 1993 წლის 5 აპრილის დირექტივის 93/13/EEC23 შეუზღუდავად, მე-3 მუხლით გათვალისწინებულმა ღონისძიებებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მომხმარებლებს:

(a) უფლება ჰქონდეთ გააფორმონ ხელშეკრულება თავიანთ ელექტროენერგიის მომსახურების მიმწოდებლებთან, სადაც განსაზღვრული უნდა იყოს:

– მიმწოდებლის ვინაობა და მისამართი;

– გაწეული მომსახურება, შეთავაზებული მომსახურების ხარისხის დონეები, ასევე პირველადი მიერთების დრო;

– შეთავაზებული ტექნიკური უზრუნველყოფის მომსახურების კატეგორიები;

– საშუალებები, რომლითაც შესაძლებელია მოქმედი ტარიფებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის გადასახადების შესახებ მიმდინარე ინფორმაციის მოპოვება;

– ხელშეკრულების ხანგრძლივობა, განახლების პირობები და მომსახურებისა და ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები, ასევე დასაშვებია თუ არა ხელშეკრულების შეწყვეტა გადასახადის გადახდის გარეშე;

– ნებისმიერი კომპენსაცია და ანაზღაურება, რომელიც მოქმედებს თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ხარისხის დონე არ იქნება შესაბამისი, მათ შორის არაზუსტი და დაგვიანებული ანგარიშების წარდგენის შემთხვევები;

– დავების მოგვარების პროცედურების ინიციირების მეთოდი (f) ქვეპუნქტის შესაბამისად;

– მომხმარებელთა უფლებებთან, მათ შორის მომხმარებელთა პრეტენზიების განკარგვასთან დაკავშირებული ინფორმაცია და ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ყველა სახის ინფორმაცია, რომელიც ნათლად უნდა იქნეს წარმოდგენილი ანგარიშებში ან ელექტროენერგეტიკული საწარმოს ვებგვერდზე, პირობები უნდა იყოს სამართლიანი და წინასწარ ცნობილი. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ინფორმაცია მიწოდებული უნდა იქნეს ხელშეკრულების გაფორმებამდე ან დადასტურებამდე. როდესაც ხელშეკრულება იდება შუამავლების მეშვეობით, ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია ასევე მიწოდებული უნდა იქნეს ხელშეკრულების დადებამდე.

(b) მიეწოდოთ ადეკვატური შეტყობინება სახელშეკრულებო პირობების შეცვლის ნებისმიერი განზრახვის თაობაზე და ეცნობოთ მათ მიერ შეტყობინების გადაცემისას ხელშეკრულების შეწყვეტის უფლების შესახებ. მომსახურების მიმწოდებლებმა უშუალოდ უნდა აცნობონ თავიანთ აბონენტებს გადასახადის გაზრდის შესახებ, შესაფერის დროს, არაუგვიანეს გაზრდილი გადასახადის ამოქმედების შემდეგ ანგარიშების წარდგენის ერთი ჩვეულებრივი პერიოდისა, გამჭვირვალე და გასაგები ფორმით. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ მომხმარებლების მიერ ხელშეკრულების თავისუფლად შეწყვეტის შესაძლებლობა, თუ ისინი არ ეთანხმებიან ელექტროენერგეტიკული მომსახურების მიმწოდებლის მიერ მათთვის შეტყობინებულ ახალ პირობებს;

(c) გააჩნდეთ გამჭვირვალე ინფორმაცია მოქმედი ფასებისა და ტარიფების შესახებ სტანდარტული პირობებით, ელექტროენერგეტიკული მომსახურების ხელმისაწვდომობასა და გამოყენებასთან მიმართებაში;

(d) ჰქონდეთ გადახდის მეთოდების ფართო არჩევანი, რომელიც არ ახდენს გაუმართლებელ დისკრიმინაციას მომხმარებელთა შორის. წინასწარი გადახდის სისტემა უნდა იყოს სამართლიანი და ადეკვატურად ასახავდეს სავარაუდო მოხმარებას. ნებისმიერი განსხვავება პირობებში უნდა ასახავდეს სხვადასხვა გადახდის სისტემის მიმწოდებლის ხარჯებს. ზოგადი პირობები უნდა იყოს სამართლიანი და გამჭვირვალე. ისინი მოცემული უნდა იყოს ნათელი და გასაგები ენით და არ უნდა მოიცავდეს არასახელშეკრულებო ბარიერებს მომხმარებელთა უფლებების გამოყენების თვალსაზრისით, მაგალითად, ზედმეტ სახელშეკრულებო დოკუმენტაციას. მომხმარებლები დაცულნი უნდა იყვნენ უსამართლო ან მაცდური გაყიდვების მეთოდებისგან;

(e) არ დაეკისროთ გადასახადი მიმწოდებლის შეცვლის გამო;

(f) მიეცეთ შესაძლებლობა ისარგებლონ პრეტენზიების განხილვის გამჭვირვალე, მარტივი და იაფი პროცედურებით. კერძოდ, ყველა მომხმარებელს უნდა ჰქონდეს მაღალი სტანდარტის მომსახურების მიღებისა და ელექტროენერგეტიკული მომსახურების მიმწოდებლის მიერ პრეტენზიების განხილვის უფლება. სასამართლოს გარეშე დავების გადაწყვეტის პროცედურა იძლევა დავების სამართლიანად და სწრაფად გადაწყვეტის საშუალებას, სასურველია სამი თვის განმავლობაში, გარანტიის არსებობის შემთხვევაში ანაზღაურების და/ან კომპენსაციის სისტემის უზრუნველყოფით. თუ შესაძლებელია, ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ მომხმარებელთა დავების სასამართლოს გარეშე გადაწყვეტაზე პასუხისმგებელ ორგანოებზე მოქმედი პრინციპების შესახებ კომისიის 1998 წლის 30 მარტის რეკომენდაციით 98/257/EC24 დადგენილ პრინციპებს;

(g) წევრი სახელმწიფოების მიერ მე-3(3) მუხლის თანახმად მიღებული სამართლის ნორმების შესაბამისად უნივერსალური მომსახურების ხელმისაწვდომობის შემთხვევაში, ინფორმაცია ჰქონდეთ მათ უფლებებზე უნივერსალურ მომსახურებასთან დაკავშირებით;

(h) ხელთ ჰქონდეთ მონაცემები მათი მოხმარების შესახებ, და შეეძლოთ მკაფიო შეთანხმებით და უფასოდ მისცენ წვდომა მათ აღრიცხვის მონაცემებზე ნებისმიერ რეგისტრირებულ მიწოდების განმახორციელებლ საწარმოს. მონაცემთა მართვაზე პასუხისმგებელი მხარე ვალდებულია გადასცეს აღნიშნული მონაცემები საწარმოს. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა განსაზღვრონ მონაცემების ფორმატი და მომხმარებლებისა და მიმწოდებლების მიერ ამ მონაცემებზე წვდომის პროცედურა. ამ მომსახურებისთვის მომხმარებელს დამატებითი გადასახადი არ დაეკისრება;

(i) გააჩნდეთ ინფორმაცია ელექტროენერგიის ფაქტობრივი მოხმარებისა და ღირებულების შესახებ, რაც ხშირ შემთხვევაში საკმარისია იმისთვის, რომ თავად არეგულირონ საკუთარი ელექტროენერგიის მოხმარება. ეს ინფორმაცია მიწოდებული უნდა იქნეს საკმარის ვადებში, მომხმარებლის მრიცხველისა და კონკრეტული ელექტროენერგეტიკული პროდუქტის გათვალისწინებით. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ამგვარი აღრიცხვის რენტაბელურობა. ამ მომსახურებისთვის მომხმარებელს დამატებითი გადასახადი არ დაეკისრება;

(j) მიეცეთ დახურვის საბოლოო ანგარიში ელექტროენერგიის მიმწოდებლის შეცვლის შემდეგ, მიმწოდებლის შეცვლიდან არაუგვიანეს ექვს კვირაში.

2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ინტელექტუალური აღრიცხვის სისტემების დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს მომხმარებელთა აქტიურ მონაწილეობას ელექტროენერგიის მიწოდების ბაზარზე. აღნიშნული აღრიცხვის სისტემების დანერგვა შესაძლოა იყოს ბაზრის ან ინდივიდუალური მომხმარებლისათვის გათვალისწინებული გრძელვადიანი დანახარჯებისა და სარგებლის ეკონომიკური შეფასების საგანი ან იმის განხილვის საგანი თუ ინტელექტუალური აღრიცხვის რომელი ფორმა არის ეკონომიკურად გონივრული და რენტაბელური და რა ვადები არის მიზანშეწონილი მისი განაწილებისთვის.

შეფასება უნდა განხორციელდეს 2012 წლის 3 სექტემბრამდე.

ამ შეფასების გათვალისწინებით წევრმა სახელმწიფოებმა ან მათ მიერ დანიშნულმა ნებისმიერმა კომპეტენტურმა ორგანომ უნდა მოამზადოს გრაფიკი 10 წლამდე ვადით ინტელექტუალური აღრიცხვის სისტემის დანერგვის მიზნით.

თუ ინტელექტუალური მრიცხველების დანერგვა დადებითად შეფასდება, 2020 წლისათვის მომხმარებელთა მინიმუმ 80% აღჭურვილი უნდა იყოს ინტელექტუალური აღრიცხვის სისტემებით.

წევრმა სახელმწიფოებმა ან მათ მიერ დანიშნულმა ნებისმიერმა კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მათ ტერიტორიაზე დასანერგი აღრიცხვის სისტემების ფუნქციონალური თავსებადობა, გამოიყენოს შესაბამისი სტანდარტები და საუკეთესო პრაქტიკა და გაითვალისწინოს ელექტროენერგიის შიდა ბაზრის განვითარების მნიშვნელობა.

დანართი II

კორელაციის ცხრილი

დირექტივა 2003/54/EEC

ეს დირექტი