1. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, უნდა მოიცავდეს:

ა) ინფორმაციას საქმიანობის განხორციელების ადგილისა და საქმიანობის სახის შესახებ;

ბ) ინფორმაციას გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესახებ, რომლებიც გათვალისწინებული უნდა იქნეს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ლიცენზიის/ნებართვის გაცემის დროს;

გ) პირობებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა მშენებლობისა და ექსპლუატაციის პერიოდში და ექსპლუატიის დასრულების შემდეგ;

დ) ინფორმაციას საქმიანობის შემდგომი ანალიზის მიზნის, მასშტაბისა და პერიოდულობის შესახებ;

ე) ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებასთან დაკავშირებით ამ კოდექსის V თავით გათვალისწინებული პროცედურის განხორციელების შემთხვევაში – ინფორმაციას აღნიშნული პროცედურის შედეგების შესახებ.

2. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, შესაძლებელია შეიცავდეს:

ა) მოთხოვნებს საწარმოო ავარიის შედეგად ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად;

ბ) საქმიანობის განხორციელებით გარემოზე შესაძლო ზემოქმედების თავიდან აცილების, შემცირების ან შერბილების ვალდებულებას ან/და შესაბამისი კომპენსაციის ვალდებულებას;

გ) ამ კოდექსის მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის შენიშვნით გათვალისწინებულ შემთხვევაში განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისთვის საკომპენსაციო ღონისძიებებს ან/და შემარბილებელ ღონისძიებებს, რომლებიც დგინდება საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრულ სახელმწიფო ტყის მართვის უფლების მქონე პირთან შეთანხმებით;

დ) ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსაზღვრულ პირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

3. სააგენტო ვალდებულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებაში ასახოს ინფორმაცია:

ა) საზოგადოების მონაწილეობის პროცედურების განხორციელებისა და მის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების გათვალისწინების შესახებ;

ბ) ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინების შესახებ;

გ) გზშ-ის ანგარიშში მოცემული შეფასებების გათვალისწინების შესახებ.

4. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია შეასრულოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობები.

შენიშვნა: გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემა არ წარმოშობს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მქონე პირის მიმართ სახელმწიფოს ვალდებულებას ქონებრივ უფლებებთან დაკავშირებით და მოიცავს მხოლოდ გარემოზე ზემოქმედების შეფასებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5951 – ვებგვერდი, 28.05.2020წ.

საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1106 – ვებგვერდი, 24.12.2021წ.

საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1445 – ვებგვერდი, 24.03.2022წ.

საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №786 – ვებგვერდი, 04.07.2025