1. თუ ნორმატიული აქტით გათვალისწინებულია სტრატეგიული დოკუმენტის მიღების/გამოცემის შესაძლებლობა, ამ ნორმატიულ აქტში უზრუნველყოფილი უნდა იყოს:

ა) სტრატეგიულ დოკუმენტში შესაბამისი სექტორისა და საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით შემდეგი ზოგადი გარემოსდაცვითი ასპექტების ასახვა: სტრატეგიული დოკუმენტით გათვალისწინებული ღონისძიებების (საქმიანობების) განხორციელების მიახლოებითი გეოგრაფიული არეალი, საორიენტაციო ხანგრძლივობა, დაცულ ტერიტორიებზე, ურბანულ და სასოფლო ზონებზე გავრცელება და მათი განხორციელებით გარემოზე შესაძლო ზემოქმედების ძირითადი სახეები;

ბ) სტრატეგიული დოკუმენტის საჯარო განხილვის, მასზე შენიშვნების მიღების და მათი ანალიზის შესაძლებლობა;

გ) სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სტრატეგიული დოკუმენტის პროექტსა და სგშ-ის ანგარიშთან დაკავშირებით რეკომენდაციების გაცემის შესაძლებლობა.

2. სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის მომზადების,  სტრატეგიული დოკუმენტის მიღების/გამოცემის და განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

3. სტრატეგიული დოკუმენტი,  რომლის განხორციელებამ შესაძლოა მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე, ექვემდებარება სგშ-ს ამ მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების გათვალისწინებით.

4. სგშ-ის ჩატარება სავალდებულოა ისეთი სტრატეგიული დოკუმენტისთვის, აგრეთვე ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ სტრატეგიულ დოკუმენტში ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილებისთვის (მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ ცვლილება ითვალისწინებს სტრატეგიული დოკუმენტით განსაზღვრული განსახორციელებელი საქმიანობის/საქმიანობების მასშტაბის გაზრდას, საქმიანობის განხორციელების ადგილის ცვლილებას (მათ შორის, გაზრდას), საქმიანობის/საქმიანობების სახეობის/სახეობების, ექსპლუატაციის პირობების ან წარმადობის ცვლილებას), რომლითაც დგინდება სამომავლო განვითარების ჩარჩო ამ კოდექსის I და II დანართებით გათვალისწინებული საქმიანობებისთვის შემდეგ სექტორებში:

ა) სოფლის მეურნეობა;

ბ) სატყეო მეურნეობა;

გ) თევზჭერა;

დ) ენერგეტიკა;

ე) მრეწველობა;

ვ) ტრანსპორტი;

ზ) ნარჩენების მართვა;

თ) წყლის რესურსების მართვა;

ი) ელექტრონული კომუნიკაციები;

კ) ტურიზმი;

ლ) სივრცითი დაგეგმარება და ქალაქთმშენებლობა.

5. სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სკრინინგის პროცედურას ექვემდებარება ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ ისეთ სტრატეგიულ დოკუმენტში ცვლილება, რომელზედაც სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემულია რეკომენდაციები. სგშ-ის პროცედურა სავალდებულოა სტრატეგიულ დოკუმენტში ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილებისთვის, რომელიც:

ა) ახდენს გარემოზე ხანგრძლივ და შეუქცევ ან მაღალი კუმულაციური ეფექტის მქონე ზემოქმედებას;

ბ) გარემოს ან/და ადამიანის ჯანმრთელობას მომეტებულ რისკს უქმნის;

გ) ახდენს ზემოქმედებას უნიკალური ბუნებრივი მახასიათებლების ან კულტურული მემკვიდრეობის შემცველ ტერიტორიაზე, დაცულ ტერიტორიაზე, აგრეთვე იმ ტერიტორიაზე ან/და ლანდშაფტზე, რომელსაც მინიჭებული აქვს ადგილობრივი მნიშვნელობის ან/და საერთაშორისო მნიშვნელობის სტატუსი.

6. თუ დამგეგმავი ორგანო მიიჩნევს, რომ ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სტრატეგიული დოკუმენტი ან სტრატეგიულ დოკუმენტში მცირედი ცვლილება სგშ-ის ჩატარებას საჭიროებს, იგი უფლებამოსილია  სგშ-ის ჩატარებისთვის სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართოს პირდაპირ სკოპინგის განცხადებით. თუ დამგეგმავი ორგანო მიიჩნევს, რომ სგშ-ის ჩატარება საჭირო არ არის, იგი უფლებამოსილია სგშ-ის ჩატარების საჭიროების განსაზღვრის მიზნით გამოიყენოს ამ კოდექსის 23-ე მუხლით გათვალისწინებული სკრინინგის პროცედურა, რომლის შედეგების მიხედვით ჩატარდება ან არ ჩატარდება სგშ.

7. საქართველოს საკანონმდებლო აქტით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში სგშ-ის ჩატარების ვალდებულება შესაძლებელია გავრცელდეს იმ სტრატეგიულ დოკუმენტზე, რომლითაც დგინდება ჩარჩო სამომავლოდ განსახორციელებელი იმ საქმიანობისთვის, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ კოდექსის I და II დანართებით ან/და არ მიეკუთვნება ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ სექტორებს.

საქართველოს 2018 წლის 5

ივლისის
კანონი №3106
–
ვებგვერდი, 11.07.2018წ.

საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1445 – ვებგვერდი, 24.03.2022წ.

საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №786 – ვებგვერდი, 04.07.2025