1. 70-ე მუხლის მიხედვით საბაჟო ღირებულების განსაზღვრისას, იმპორტირებულ საქონელში რეალურად გადახდილ ან გადასახდელ ფასს უნდა დაემატოს:

(a) ქვემოთ ჩამოთვლილი პუნქტები, იმ მოცულობით, რომლითაც მათი გადახდა უწევს მყიდველს, მაგრამ რომლებიც არ შედის საქონელში რეალურად გადახდილ ან გადასახდელ ფასში:

(i) საკომისიოები და შუამავლის საკომისიო, ყიდვის საკომისიოს გარდა;

(ii) მოცემული საქონლის შემცველი კონტეინერების ღირებულება, რომლებიც ერთ კონტეინერად განიხილება საბაჟო მიზნებისთვის; და

(iii) შეფუთვის ღირებულება, იქნება ეს მუშა-ხელის თუ მასალებისთვის.

(b) შემდეგი საქონლისა და მომსახურებების სათანადოდ განაწილებული ღირებულება იმ შემთხვევაში, როცა მათი პირდაპირ ან არაპირდაპირ მიწოდება ხდება მყიდველის მიერ უფასოდ ან შემცირებული ფასით წარმოებასთან დაკავშირებით გამოყენებისთვის და იმპორტირებული საქონლის საექსპორტოდ გასაყიდად იმ მოცულობით, რომლითაც არ მოხდა ამ ღირებულების გათვალისწინება რეალურად გადახდილ ან გადასახდელ ფასში:

(i) იმპორტირებულ საქონელში გაერთიანებული მასალები, კომპონენტები, ნაწილები და მსგავსი დეტალები;

(ii) ინსტრუმენტები, შტამპები, შაბლონები და მსგავსი საგნები, რომლებიც გამოიყენება იმპორტირებული საქონლის წარმოებისას;

(iii) იმპორტირებული საქონლის წარმოების პროცესში მოხმარებული მასალები; და

(iv) საინჟინრო პროექტირება, შემუშავება, საილუსტრაციო მასალა, საპროექტო სამუშაოები და გეგმები და ესკიზები, რომლებიც სრულდება ევროკავშირის გარდა ნებისმიერ სხვა ადგილზე და რომლებიც აუცილებელია იმპორტირებული საქონლის წარმოებისთვის.

(c) ის შეფასების პროცესში მყოფ საქონელთან დაკავშირებული როიალტები და სალიცენზიო მოსაკრებლები, რომლებიც მყიდველმა უნდა გადაიხადოს პირდაპირ ან არაპირდაპირ, როგორც შეფასების პროცესში მყოფი საქონლის გაყიდვის პირობა იმ მოცულობით, რომლითაც ეს როიალტები და სალიცენზიო მოსაკრებლები არ არის გათვალისწინებული რეალურად გადახდილ ან გადასახდელ ფასში;

(d) იმპორტირებული საქონლის ნებისმიერი შემდგომი გადაყიდვიდან, განკარგვიდან ან გამოყენებიდან მიღებული ამონაგების ნებისმიერი ნაწილის ღირებულება, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ გამყიდველს ერიცხება; და

(e) შემდეგი ხარჯები იმ ადგილამდე, სადაც საქონელი შეაქვთ ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე:

(i) იმპორტირებული საქონლის ტრანსპორტირებისა და დაზღვევის ღირებულება; და

(ii) იმპორტირებული საქონლის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული დატვირთვა-გადმოტვირთვისა და დამუშავების ხარჯები.

2. რეალურად გადახდილ ან გადასახდელ ფასზე დამატებითი ღირებულებების დარიცხვა, 1-ლი პუნქტის შესაბამისად, უნდა მოხდეს ობიექტური და რაოდენობრივად გაზომვადი მონაცემების საფუძველზე.

3. რეალურად გადახდილ ან გადასახდელ ფასზე არ უნდა მოხდეს რაიმე დამატებითი ღირებულების დარიცხვა საბაჟო ღირებულების განსაზღვრის პროცესში, გარდა ამ მუხლში აღნიშნულის