1. მერის წარმომადგენელი არის პროფესიული საჯარო მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი.
2. მერის წარმომადგენელი ინიშნება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში.
3. მერის წარმომადგენელი:
ა) აკონტროლებს და მერს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
ბ) მერს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;
გ) მერის დავალებით უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას;
დ) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას;
ე) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს/არ ადასტურებს:
ე.ა) მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საქონლისა და ხემცენარეების ადგილწარმოშობას (გარდა ისეთი ხემცენარეებისა, რომლებიც შეტანილია წითელ წიგნსა და წითელ ნუსხაში);
ე.ბ) პირის კონკრეტულ მისამართზე ცხოვრების ფაქტს.
ე.გ) ოჯახის ფაქტობრივ შემადგენლობას.
ე.დ) ინფორმაციას პირის საკუთრებაში არსებული ქონების ფლობის თაობაზე.
ვ) იმ შემთხვევაში, თუ მერის წარმომადგენლის სამოქმედო ტერიტორიაზე ბავშვი დაიბადება სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე, მერის წარმომადგენელს ეკისრება მიმართვის ვალდებულება დაბადების რეგისტრაციის თაობაზე, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის, აღნიშნულის შეტყობინებიდან 1 თვის ვადაში;
ზ) მერის წარმომადგენლის სამოქმედო ტერიტორიაზე პირის გარდაცვალების შემთხვევაში, შეტყობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში წარმომადგენელს ეკისრება მიმართვის ვალდებულება, პირის გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის. რის თაობაზეც ადგენს ოქმს, რომლის შედგენისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის წარდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
თ) თუ მერის წარმოადგენელს არ აქვს საკმარისი და უტყუარი ინფორმაცია პირის გარდაცვალების ფაქტის შესახებ და შეუძლებელია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის ოქმის შედგენა, იგი ვალდებულია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს პირის გარდაცვალების ფაქტის თაობაზე ოქმის შედგენის გარეშე შეატყობინოს.
ი) ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას;
კ) ახორციელებს მერის დავალებით სხვა უფლებამოსილებებს.
4. მერის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
5. მერის წარმომადგენელს აქვს ბლანკიანი ფურცელი და ბეჭედი.
6. მერის წარმომადგენელს ჰყავს ასისტენტი/ასისტენტები, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი. ასისტენტი ხელს უწობს მერის წარმომადგენელს, მისთვის დაკისრებული ფუნქციების ჯეროვნად შესრულებაში. ასევე ასრულებს მისთვის დაკისრებულ დავალებებს