1. საქართველოში დაფუძნებულ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსის 26-ე მუხლით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს შეუძლია საბაჟო ორგანოს განცხადებით მიმართოს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მინიჭების თაობაზე. საბაჟო ორგანო, საჭიროების შემთხვევაში სხვა კომპეტენტურ ორგანოებთან კონსულტაციის შემდეგ, განმცხადებელს ანიჭებს აღნიშნულ სტატუსს.
2. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსი მოიცავს ორი სახის ავტორიზაციას:
ა) ავტორიზაცია საბაჟო გამარტივებისათვის, რომელიც საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად მის მფლობელს აძლევს გარკვეული გამარტივებული საბაჟო ფორმალობებით სარგებლობის საშუალებას;
ბ) ავტორიზაცია დაცვისა და უსაფრთხოებისათვის, რომლითაც მის მფლობელს ენიჭება გარკვეული შეღავათები დაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
3. პირი შესაძლებელია ერთდროულად ფლობდეს ორივე სახის ავტორიზაციას .
4. საბაჟო გამარტივებასთან დაკავშირებული ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის აღიარების საფუძველზე და იმ პირობით, რომ შესრულებულია საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული კონკრეტული ტიპის გამარტივებასთან დაკავშირებული მოთხოვნები, საბაჟო ორგანომ პირს უნდა მისცეს ამ გამარტივებით სარგებლობის უფლება. საბაჟო ორგანომ არ უნდა გადაამოწმოს ის კრიტერიუმები, რომლებიც შემოწმებულ იქნა ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მინიჭების დროს.
5. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი ავტორიზაციის სახის შესაბამისად სარგებლობს გამარტივებული საბაჟო კონტროლის ღონისძიებით ვიდრე სხვა პირი, მათ შორის ნაკლები ფიზიკური და დოკუმენტალური კონტროლით.
6. საბაჟო ორგანო ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსთან დაკავშირებულ პრივილეგიებს ანიჭებს უცხო ქვეყნაში დაფუძნებულ პირს, რომელიც ასრულებს აღნიშნული ქვეყნის შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვალდებულებებსა და პირობებს, და რომლებიც საქართველოს მიერ აღიარებულია როგორც საქართველოში ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორისათვის დადგენილი ვალდებულებებისა და პირობების ეკვივალენტური. ასეთი პრივილეგიების მინიჭება უნდა ეფუძნებოდეს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ნაცვალგების პრინციპს თუ საქართველოს შიდა კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
7. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორისათვის გამარტივებული საბაჟო ფორმალობები, დაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეღავათები და გამარტივებული საბაჟო კონტროლის ღონისძიებები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანები