1. მოსწავლეებისათვის, მათი კანონიერი წარმომადგენლებისათვის, აგრეთვე სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისათვის ან/და მასწავლებლებისათვის ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევას უზრუნველყოფს მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი (სამმართველო).
2. ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევის საფუძველია:
ა) მანდატურის/უფლებამოსილი პირის მიერ მოსწავლის, მისი კანონიერი წარმომადგენლის, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ან/და მასწავლებლის რეფერირება;
ბ) მოსწავლის მიერ ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრისთვის (სამმართველოსთვის) მიმართვა;
გ) მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის მიერ ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრისთვის (სამმართველოსთვის) მოსწავლისათვის ფსიქოლოგიური დახმარების გაწევის მოთხოვნით მიმართვა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაუშვებელია მოსწავლისათვის ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ მისი კანონიერი წარმომადგენელი არ არის ინფორმირებული.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის მიერ მოსწავლისათვის ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევაზე უარის თქმის შემთხვევაში, მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი (სამმართველო) უზრუნველყოფს ინფორმაციის მიწოდებას მანდატურისთვის, სკოლის ადმინისტრაციისთვის, მოსწავლის კლასის დამრიგებლისთვის და სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმირების მიზნით, მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი (სამმართველო) ავსებს ბავშვთა დაცვის მიმართვის ბარათს „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილების შესაბამისად.
6. მოსწავლის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მოსწავლის ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევის ფარგლებში, მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგი უზრუნველყოფს შესაბამისი კონსულტაციების გაწევას მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლებისთვის, მასწავლებლებისთვის, კლასის დამრიგებლისთვის, მანდატურისთვის, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისათვის, ასევე სხვა პირებისათვის, რომლებსაც შესაძლოა გავლენა ჰქონდეთ მოსწავლის ფსიქოლოგიურ და ემოციურ მდგომარეობაზე.
7. მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის (სამმართველოს) მიერ ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევის წესს ამტკიცებს მანდატურის სამსახურის უფროსი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი