1. ელექტრონული საინფორმაციო ბაზის წარმოებას უზრუნველყოფს მანდატური/უფლებამოსილი პირი. აღნიშნული პირები პასუხისმგებელი არიან ელექტრონულ საინფორმაციო ბაზაში შეტანილი ინფორმაციის სისწორეზე და უსაფრთხოებაზე.
2. მანდატური/უფლებამოსილი პირი ვალდებულია სკოლის ტერიტორიაზე გამოვლენილი დარღვევა ან სავარაუდო დარღვევა დარღვევის/სავარაუდო დარღვევის გამოვლენის დღესვე ასახოს ელექტრონულ საინფორმაციო ბაზაში, ხოლო ობიექტური გარემოების გათვალისწინებით აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში – არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.
3. მანდატური/უფლებამოსილი პირი ვალდებულია გამოვლენილი დარღვევა ან სავარაუდო დარღვევა, რომელმაც შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას მოსწავლისა და სხვა პირთა სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას ან/და ქონებას, დარღვევის/სავარაუდო დარღვევის გამოვლენისთანავე დაუყოვნებლივ ასახოს ელექტრონულ საინფორმაციო ბაზაში. ამასთან, აღნიშნულის შესახებ შეატყობინოს კოორდინატორს, სკოლის დირექციასა და მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს.
4. მანდატური/უფლებამოსილი პირი გამოვლენილ დარღვევას/სავარაუდო დარღვევას ელექტრონულ საინფორმაციო ბაზაში ასახავს დარღვევის აღრიცხვის ფურცლის შევსებით.
5. მანდატურის/უფლებამოსილი პირის მიერ გამოვლენილი დარღვევის/სავარაუდო დარღვევის ელექტრონულ საინფორმაციო ბაზაში შეტანის დასრულებისთანავე, მანდატური ვალდებულია დარღვევის აღრიცხვის ფურცლის ელექტრონული ვერსია საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის გამოყენებით გაუგზავნოს სკოლის დირექციას.
6. სკოლის დირექცია ვალდებულია გამოვლენილი დარღვევის შესახებ დარღვევის აღრიცხვის ფურცლის მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, უზრუნველყოს მოსწავლის მიმართ სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებული ღონისძიებების დაწყება.
7. სკოლის დირექცია ვალდებულია სავარაუდო დარღვევის შესახებ დარღვევის აღრიცხვის ფურცლის მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა დაიწყოს სავარაუდო დარღვევის ფაქტის შესწავლა და განახორციელოს პრევენციული ღონისძიებები, ხოლო დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, უზრუნველყოს მოსწავლის მიმართ სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
8. კლასის დამრიგებელი, სკოლის დირექცია, დისციპლინური კომიტეტი ვალდებული არიან გამოვლენილ დარღვევაზე/სავარაუდო დარღვევაზე მათ მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ მანდატურს/უფლებამოსილ პირს, ღონისძიების განხორციელებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.
9. მანდატური/უფლებამოსილი პირი ვალდებულია ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია არაუგვიანეს ინფორმაციის მიწოდებიდან მომდევნო სამუშაო დღისა, ასახოს ელექტრონულ საინფორმაციო ბაზაში.
10. ელექტრონულ საინფორმაციო ბაზაში დაცული ინფორმაცია ინახება მოსწავლის სტატუსის ვადით, რის შემდეგაც ინფორმაცია იშლება ავტომატურად.
11. მანდატურის/უფლებამოსილი პირის/მანდატურის სამსახურის თანამშრომლის მიერ ელექტრონულ საინფორმაციო ბაზაში ინფორმაციის შემთხვევითი ან უკანონო განადგურება, შეცვლა, გამჟღავნება ან ნებისმიერი სხვა უკანონო დამუშავება გამოიწვევს პასუხისმგებლობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესი