1. პროკურატურის თანამშრომელი პროკურატურიდან შეიძლება დაითხოვონ:

ა) პირადი განცხადებით;

ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების, დასახიჩრების ან ქრონიკული დაავადების გამო, თუ აღარ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება;

გ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან სხვა მძიმე ქრონიკული სნეულებით დაავადების გამო ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირად აღიარების გამო;

დ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების, გარდაცვლილად გამოცხადების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის გამო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

ე) კანონით დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო;

ვ) სხვა სამსახურში გადასვლის გამო;

ზ) სამსახურებრივი დისციპლინის უხეშად ან სისტემატურად დარღვევის გამო;

თ) სამსახურებრივი შეუსაბამობის გამო;

ი) ინტერესთა ან თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო;

კ) რეორგანიზაციის ან/და შტატების შემცირების გამო;

ლ) პროფესიული საიდუმლოების გამჟღავნების ან სხვა შეუფერებელი საქციელის ჩადენის გამო;

მ) შეფასების შედეგად კომპეტენციის კრიტიკული ზღვრის დაუკმაყოფილებლობის გამო;

ნ) შეფასების შედეგად კომპეტენციის მინიმალური ზღვრის დაუკმაყოფილებლობისას პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის შესაბამისობის გამოცდაში მიღებული უარყოფითი შედეგის გამო;

ო) ზედიზედ ორჯერ, შეფასების შედეგად კომპეტენციის მინიმალური ზღვრის დაუკმაყოფილებლობის გამო;

პ) კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის გამო;

ჟ) დისციპლინური წესით სახდელდადებულის მიერ ახალი გადაცდომის ჩადენის გამო;

რ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლის გამო;

ს) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო;

ტ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის გამო;

უ) სამსახურში მიღებისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამო;

ფ) საპენსიო ასაკის გამო;

ფ1) გარდაცვალების გამო;

ქ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით ანდა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული სხვა საფუძვლების გამო.

2. პროკურატურის თანამშრომელი შეიძლება დათხოვნილ იქნეს პროკურატურიდან შესაბამისი სამედიცინო დასკვნით დადასტურებული ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო სამსახურში ზედიზედ 4 თვის ან კალენდარული წლის განმავლობაში 6 თვით გამოუცხადებლობის შემთხვევაში და არსებობს შესაბამისი სამედიცინო დასკვნა, რომლის თანახმადაც, იგი მომავალშიც ვერ შეძლებს უფლებამოსილების განხორციელებას.

საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის ორგანული კანონი №3885 – ვებგვერდი, 19.12.2023