1. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა (შემდგომში – სისტემა) – სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალური პორტალი https://tenders.procurement.gov.ge, რომელიც უზრუნველყოფს კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებას ღია, გამჭვირვალე და კონკურენტულ გარემოში;
ბ) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარება – სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით განხორციელების მიზნით, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების, აგრეთვე სატენდერო კომისიისა და მისი უფლებამოსილი წარმომადგენლ(ებ)ის ქმედებების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს სატენდერო პროცედურების ჩატარებას, შემსყიდველ ორგანიზაციებსა და მიმწოდებელს/მიმწოდებლებს შორის ხელშეკრულებების დადების პროცესის უზრუნველყოფას, დადებული ხელშეკრულებების შესრულებასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგლამენტაციასა და კონსოლიდირებული ტენდერის შემდგომ ადმინისტრირებას;
გ) სატენდერო პროცედურები – პროცედურების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს კონსოლიდირებული ტენდერის შესაბამის ეტაპებს კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადებიდან გამარჯვებული პრეტენდენტ(ებ)ის გამოვლენის ჩათვლით;
დ) სატენდერო კომისიის უფლებამოსილი წარმომადგენელი (შემდგომში – უფლებამოსილი წარმომადგენელი) – სისტემაში დადგენილი წესით დარეგისტრირებული (დამატებული) და მოქმედი ფიზიკური პირი, რომელიც მოქმედებს სატენდერო კომისიის სახელით;
ე) სატენდერო პირობები – სატენდერო განცხადებითა და სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ინფორმაცია შესყიდვის შესახებ, აგრეთვე შესყიდვის ობიექტისა და პრეტენდენტის მიმართ სატენდერო კომისიის მიერ დადგენილი პირობების/მოთხოვნების ერთობლიობა;
ვ) სატენდერო განცხადება – კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების შესახებ უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სისტემაში განთავსებული განცხადება, რომელიც შეიცავს ამ წესით განსაზღვრულ ინფორმაციას და არის სატენდერო პირობების ნაწილი;
ზ) სატენდერო დოკუმენტაცია – სატენდერო განცხადებას თანდართული დოკუმენტაცია, რომელიც შეიცავს და ამ წესით განსაზღვრულ ინფორმაციას და არის სატენდერო პირობების ნაწილი;
თ) სატენდერო წინადადება – ამ წესის მოთხოვნათა დაცვითა და სატენდერო პირობების შესაბამისად, კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობის მიღების მიზნით, პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, სატენდერო წინადადების ფასი ან/და შესყიდვის ობიექტის ნიმუში;
ი) ტექნიკური დოკუმენტაცია – დოკუმენტაცია, რომელიც შეიცავს სატენდერო პირობებით მოთხოვნილ ინფორმაციას პრეტენდენტისა და შესყიდვის ობიექტის შესახებ, მათ შორის, არსებობის შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნა და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტი. ტექნიკურ დოკუმენტაციას პრეტენდენტი ტვირთავს სისტემის შესაბამის ველში;
კ) სატენდერო წინადადების ფასი (შემდგომში – წინადადების ფასი) – ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული სატენდერო წინადადების ფასი, რომელსაც პრეტენდენტი უთითებს სისტემის შესაბამის ველში;
ლ) შესყიდვის ობიექტის ნიმუში (შემდგომში – ნიმუში) – ნიმუში, რომელიც სატენდერო კომისიას, ამ წესის მოთხოვნათა დაცვითა და სატენდერო პირობების შესაბამისად, წარედგინება მატერიალური სახით, ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებული შესყიდვის ობიექტის ან მისი კომპონენტის აღწერის, ასევე მისაწოდებელი საქონლის ან მისი კომპონენტის (მათ შორის, მომსახურების შემადგენელი საქონლის) სატენდერო პირობებთან და ტექნიკურ დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
მ) კონსოლიდირებული ტენდერის მიმდინარეობის სტატუსი (შემდგომში – ტენდერის სტატუსი) უფლებამოსილი წარმომადგენლის ქმედების შედეგად ან სისტემის მეშვეობით კონსოლიდირებული ტენდერისთვის მინიჭებული, სისტემაში არსებული სტატუსი, რომელიც ასახავს კონსოლიდირებული ტენდერის მიმდინარეობის კონკრეტულ ეტაპს;
ნ) ელექტრონული ვაჭრობა – კონსოლიდირებული ტენდერის შემადგენელი პროცედურა, რომლის დროსაც პრეტენდენტს შეუძლია შეამციროს წინადადების ფასი კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვების მოპოვების მიზნით. ელექტრონული ვაჭრობა მოიცავს ძირითად დროსა და დამატებით რაუნდებს. ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევებში კონსოლიდირებული ტენდერი შესაძლებელია არ მოიცავდეს ელექტრონულ ვაჭრობას ან ელექტრონული ვაჭრობის დამატებით რაუნდებს;
ო) ელექტრონული ვაჭრობის ძირითადი დრო (შემდგომში – ძირითადი დრო) – ელექტრონული ვაჭრობის შემადგენელი პერიოდი კონსოლიდირებულ ტენდერში წინადადებების მიღების დაწყებიდან სატენდერო განცხადებაში მითითებული სატენდერო წინადადებების მიღებისთვის განკუთვნილი ვადის დასრულებამდე;
პ) ელექტრონული ვაჭრობის დამატებითი რაუნდები (შემდგომში – დამატებითი რაუნდები) – ელექტრონული ვაჭრობის შემადგენელი პერიოდი – სამი დამატებითი რაუნდი, რომელიც იწყება ძირითადი დროის დასრულებიდან ხუთი წუთის გასვლისთანავე. დამატებით რაუნდებს შორის იმართება ორწუთიანი შესვენება. თითოეულ დამატებით რაუნდში პრეტენდენტს უფლება აქვს, მხოლოდ ერთხელ შეამციროს წინადადების ფასი, რისთვისაც თითოეულ პრეტენდენტს განესაზღვრება ორი წუთი;
ჟ) კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედების ვადა – სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მოქმედებს გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადება და შესაძლებელია შემსყიდველ ორგანიზაციებსა და გამარჯვებულ პრეტენდენტ(ებ)ს შორის ხელშეკრულების დადება;
რ) სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის ელექტრონული გარანტია (შემდგომში – ელექტრონული გარანტია) – სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის მიზნით, პრეტენდენტის მიერ სააგენტოსთვის სისტემის მეშვეობით წარდგენილი გარანტირების მექანიზმი, რომლის სავალდებულოობა და ოდენობა განისაზღვრება სატენდერო დოკუმენტაციით;
ს) ელექტრონული გარანტიების რეესტრი – საბანკო დაწესებულების ან/და სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ გაცემული ელექტრონული გარანტიების მონაცემთა ბაზა;
ტ) კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტის სისტემა – კონსოლიდირებული ტენდერებისთვის შექმნილი პორტალი https://ctd.spa.ge, რომელიც უზრუნველყოფს კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიებას, გაცვლას, დამუშავებას, ანგარიშგებას, გარკვეული შესყიდვისთვის ნებართვის აღებასა და კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტს;
უ) სააგენტო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო.
2. წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც კანონში, ასევე, ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, კანონის საფუძველზე გამოცემულ სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ სხვა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებშ