2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე:

ა) ხელმძღვანელობს მთავრობას, განსაზღვრავს მთავრობის საქმიანობის მიმართულებებს, ორგანიზებას უწევს მთავრობის საქმიანობას;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ნიშნავს და ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრებს;

გ) საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონებას;

დ) უმაღლეს საბჭოს წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის პროექტს;

ე) ახორციელებს მინისტრების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს;

ვ) იწვევს და ხელმძღვანელობს მთავრობის სხდომებს, ხელს აწერს მთავრობის სამართლებრივ აქტებს;

ზ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – ბრძანებას, ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს მთავრობის შენობაში;

თ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  შესაბამისი მინისტრის წარდგინებით საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელებს – არაუმეტეს მინისტრის უფლებამოსილების ვადით და მათ მოადგილეებს არაუმეტეს საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელების უფლებამოსილების ვადით;

ი) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სხვა თანამდებობის პირებს;

კ) ახორციელებს საკანონმდებლო ინიციატივას უმაღლეს საბჭოში;

ლ) ხელს აწერს და აქვეყნებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონებს, გარდა კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონისა;

მ) კოორდინაციას უწევს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან მთავრობის ურთიერთობას;

ნ) კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს მთავრობის აპარატის მოხელეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ;
ო) ახორციელებს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს