გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.02.2020
საქმის ნომერი
010310019002948691
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
28.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010310019002948691

№3-175/2019წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28 თებერვალი, 2020 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე

სხდომის მდივანი ინეზა ტარილაძე

მოსარჩელე - მა---------–--–ი

წარმომადგენელი - აკ----------ე

მოპასუხე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

წარმომადგენელი - რე----–----–--ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. „მა---------–--–ის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2018 წლის 31 აგვისტოს N-- ბრძანების ბათილად ცნობა;

ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით მა---------–--–ის აჭარის ა.რ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე აღდგენა; შესახებ;

მა---------–--–ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მისი გათავისუფლების დღიდან, 2018 წლის 31 აგვისტოდან მის სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი თანამდებობრივი სარგოს, ყოველთვიური 2 000 ლარის ოდენობით.

 

1.4. თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:

მა---------–--–ი უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე ექიმია, სამკურნალო სპეციალობით, კერძოდ, არის ექიმი-ოტორინოლარინგოლოგი.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2017 წლის 23 თებერვლის N-- ბრძანებით, მა---------–--–ი დაინიშნა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილედ, ცენტრის დირექტორის უფლებამოსილების ვადით. მისი ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენდა 2 000 ლარს.

2018 წლის აგვისტოს თვის ბოლოს, მა---------–--–ს აცნობეს, რომ თვის ბოლოს ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და ახალი დირექტორის დანიშვნიდან გამომდინარე, იგეგმებოდა მისი თანამდებობიდან გათავისუფლებაც, მაგრამ უმუშევრად არ დარჩებოდა და ჯანდაცვის სისტემაში დაასაქმებდნენ სხვა ტოლფას თანამდებობაზე. ამის შემდგომ, მოსარჩელე იმყოფებოდა მოლოდინისა და სიტყვიერი დაპირების რეჟიმში, რაც საგრძნობლად გაჭიანურდა.

მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარის 2018 წლის 31 აგვისტოს N-- ბრძანებით, რაც მას ჩაბარდა 2019 წლის 18 მარტის №------ მიმართვით.

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-11-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მთავრობის თავმჯდომარე თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებების, აგრეთვე შესაბამისი მინისტრის წარდგინებით სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელებს – არაუმეტეს მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადით და მათ მოადგილეებს არაუმეტეს საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელების უფლებამოსილების ვადით, საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელის მოადგილეებს კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელის წარდგინებით – არაუმეტეს საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების უფლებამოსილების ვადით“.

მე-141 მუხლის თანახმად, 1. ის პირები, რომლებიც ამ კანონის შესაბამისად დანიშნული არიან არაუმეტეს თანამდებობის პირის (ორგანოს) უფლებამოსილების ვადით/ან განსაზღვრული ვადით, თანამდებობის პირის (ორგანოს) უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში თავიანთ მოვალეობას ასრულებენ ახალი თანამდებობის პირის (ორგანოს) დანიშვნამდე (დამტკიცებამდე). 2. მთავრობის თავმჯდომარე/მთავრობა უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით, ან ხელმძღვანელის/კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელის ინიციატივით გაათავისუფლოს თანამდებობიდან ამ კანონის თანახმად უფლებამოსილების ვადით/ან განსაზღვრული ვადით დანიშნული პირი.

საგულისხმოა, რომ მითითებული ცვლილება კანონში ამოქმედდა 2017 წლის 30 ივნისიდან და შესაბამისად, მისი მოქმედება არ უნდა გავრცელდელებულიყო სადავო შემთხვევაზე, რამდენადაც, იგი აუარესებს მხარის მდგომარეობას. ამასთან, გასაჩივრებულ აქტს საფუძვლად არ უდევს ხელმძღვანელის/კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს წარდგინება, თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, რამდენადაც, აქტში იგი არ არის ასახული.

გარდა აღნიშნულისა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დანაწესები ამომწურავია და იგი არ ითვალისწინებს ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნას, ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადით ან მის განთავისუფლებას, ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადის გასვლის ან გათავისუფლების გამო.

მა---------–--–ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნისას არ მოქმედებდა წესი, უფლებამოსილების კონკრეტული ვადით დანიშვნასთან დაკავშირებით. იგი მიიჩნევდა, რომ აქტში მითითებული ამგვარი დათქმა იყო ხარვეზიანი და უნდა გამოსწრებულიყო.

აღნიშნულიდან გამ,ომდინარე, მა---------–--–ის გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან, ამ ურთიერთობის მარეგულირებელ სხვა სამართლებრივ აქტებთან, რის გამოც გასაჩივრებული აქტი ბათილად უნდა იქნას ცნობილი და მა---------–--–ი უნდა აღდგეს თანამდებობაზე, ამასთან, მას უნდა აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური.

 

2.მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე მხარის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ სარჩელი არ იქნა ცნობილი, შემდეგი საფუძვლით:

აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარის 2017 წლის 23 თებერვლის N-- ბრძანებით, მა---------–--–ი დაინიშნა სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე, ცენტრის დირექტორის უფლებამოსილების ვადით. აჭარის ა.რ. მთავრობის 2018 წლის 31 აგვისტოს N--- განკარგულებით, სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორად - დაინიშნა, რუ------- შა--–---–ი.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2018 წლის 31 აგვისტოს N-- ბრძანებით, მა---------–--–ი გათავისუფლდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან.

მოსარჩელე, მა---------–--–ი თანამდებობაზე დანიშნული იყო აჭარის ა. რ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის უფლებამოსილების ვადით. ახალი დირექტორის დანიშვნის გამო, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის საფუძველზე ის გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

მა---------–--–ის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ბრძანებაში, აქტის მიღების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-11-ე მუხლის მეორე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც: მთავრობის თავმჯდომარე, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებების, აგრეთვე შესაბამისი მინისტრის წარდგინებით სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელებს – მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადით და მათ მოადგილეებს საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელების უფლებამოსილების ვადით, საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელის მოადგილეებს კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელის წარდგინებით – საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების უფლებამოსილების ვადით.

ამდენად, მა---------–--–ი აღნიშნული ნორმის შესაბამისად, თანამდებობაზე დაინიშნა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის უფლებამოსილების ვადით, რაც მითითებულია მთავრობის თავმჯდომარის 2017 წლის 23 თებერვლის N-- ბრძანებაში. ახალი დირექტორის დანიშვნა წარმოადგენდა სამართლებრივ საფუძველს, რომ ის შესაძლებელი იყო გათავისუფლებულიყო დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის/მოადგილის დანიშვნა-განთავისუფლების საკითხთან დაკავშირებით, მოსარჩელის მიერ მითითებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები შესაბამისობაშია „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის ნორმებთან.

სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ფუნქციონირებს 2015 წლიდან, დირექტორის მოადგილის პოზიციაზე მოსარჩელის მსგავსად მუშაობდნენ სხვა პირებიც და მათი გათავისუფლებაც მოხდა დასახელებული წესით.

მოპასუხის პოზიციით, გასაჩივრებული აქტი მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, მა---------–--–ი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა კანონიერად და არ არსებობს მოცემული სარჩელის დაკმაყოფილების შესაბამისი საფუძვლები.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. მოსარჩელე მა---------–--–ი 2009 წლის 1-ლი სექტემბრიდან, 2010 წლის 2 ივლისამდე პერიოდში მუშაობდა, აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, რეფორმების კოორდინაციისა და სამედიცინო ინფორმაციის დეპარტამენტის შტატგარეშე მოსამსახურედ; 2010 წლის 2 თებერვლიდან, 2011 წლის 21 ოქტომბრამდე მუშაობდა რეფორმების კოორდინაციისა და სამედიცინო ინფორმაციის დეპარტამენტში, მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე; 2011 წლის 21 ოქტომბრიდან, 2013 წლის 17 მაისამდე პერიოდში მოსარჩელე მუშაობდა სამედიცინო მედიაციის განყოფილების მთავარ სპეციალისტად; 2013 წლის 17 მაისიდან, 2017 წლის 23 თებერვლამდე კი ის მუშაობდა, სამედიცინო მედიაციის დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტად.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2017 წლის 23 თებერვლის N-- ბრძანებით, მა---------–--–ი დაინიშნა - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილედ, ცენტრის დირექტორის უფლებამოსილების ვადით.

მა---------–--–ის ყოველთვიური ანაზღაურება აღნიშნულ პოზიციაზე განისაზღვრა - 2 000 ლარით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარის 2017 წლის 23 თებერვლის N-- ბრძანება;

- საბანკო ამონაწერები;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის 2018 წლის 31 აგვისტოს N--- განკარგულებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორად დაინიშნა - რუ------- შა--–---–ი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარის 2018 წლის 31 აგვისტოს N--- ბრძანება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2018 წლის 31 აგვისტოს N-- ბრძანებით, მა---------–--–ი გათავისუფლდა სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარის 2018 წლის 31 აგვისტოს N-- ბრძანება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადაო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ფაქტობრივი გარემოებები, რაც მნიშვნელოვანია დავის გადასაწყვეტად, მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მა---------–--–ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

- ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია;

- ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია;

- „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტი;

- ევროპის სოციალურ ქარტია;

- საქართველოს კონსტიტუცია;

- ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი;

-,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი.

- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-12-ე მუხლის თანახმად, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული აღნიშნული უფლება გულისხმობს, მათ შორის პიროვნების საქმიანობის საყოველთაო თავისუფლებას, რაც თავის მხრივ, ასევე მოიცავს პირის უფლებას არ იქნას ჩამოშორებული სამსახურს მისი ნების საწინააღმდეგოდ საამისოდ, კანონით გათვალისწინებული სათანადო საფუძვლის გარეშე.

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-4-5 ნაწილების შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების მიღებისა და გამოცემის ზოგადი წესი და მათი იერარქია განისაზღვრება ორგანული კანონით. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ან კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის მიმართ.

საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

ამავე მუხლის მე-2-ე ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ ზემოთ აღნიშნული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 23-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში. ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.

„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6-ე მუხლის მიხედვით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. აღნიშნული უფლების სრული განხორციელების მიზნით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოების მიერ მისაღები ზომები უნდა შეიცავდეს პროფესიული და ტექნიკური სწავლებისა და წვრთნის პროგრამებს, პოლიტიკას და მეთოდოლოგიას, რათა მიღწეულ იქნას განუხრელი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარება და სრული შედეგიანი დასაქმება ისეთ პირობებში, სადაც თითოეული ადამიანის პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლება დაცული იქნება.

სასამართლო აქვე მიუთითებს ევროპული სოციალური სფეროს მარეგულირებელ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტს - ევროპის სოციალურ ქარტიას, რომლის 1-ლი მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მიღწევასა და შენარჩუნებას; ამავე ქარტიის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ თითოეული მუშაკის მიერ დასაქმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წინასწარი მიღების უფლება; აღნიშნულ დავასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ქარტიის 24-ე მუხლის რეგულაცია, რომლის თანახმადაც, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები იღებენ ვალდებულებას აღიარონ ყველა მუშაკის უფლება უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე „საპატიო მიზეზის გარეშე“, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან; მხარეები ასევე აღიარებენ მუშაკთა მიერ სათანადო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლებას საპატიო მიზეზის გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში.

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლება, მათ შორის გულისხმობს სახელმწიფოს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ვალდებულებას სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვან დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც საჯარო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს და ასევე, ხელი არ შეუშალოს პირს საკუთარი პიროვნების განვითარებაში. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, გაათავისუფლოს დასაქმებული. შესაბამისად, სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში უნდა იმსჯელოს მოსარჩელე - მა---------–--–ის სამსახურიდან დათხოვნა განხორციელდა თუ არა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

 

6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ „მა---------–--–ის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2018 წლის 31 აგვისტოს N-- ბრძანება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

ამრიგად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის დანაწესებიდან, მოსარჩელე მა---------–--–ის მოთხოვნა სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 

6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის 1-ელი ნაწილის ,,ტ“ ქვეპუნქტით, ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელსა და მის მოადგილეზე.

 

6.4. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2-ე მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, საკანონმდებლო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით შექმნილი, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონის მე-5-ე მუხლის მე-2-ე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი შეიძლება შეიქმნას - ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით, ავტონომიური რესპუბლიკის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად.

მე-10 მუხლი ითვალისწინებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის მართვისა და წარმომადგენლობის სამართლებრივ საფუძვლებს, კერძოდ,2. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს მართავს ხელმძღვანელი, რომელიც შესაბამისი კანონის, საქართველოს მთავრობის დადგენილების (ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს მიერ დაფუძნების შემთხვევაში – მისი სათანადო ნორმატიული აქტის), წესდების (დებულების) და წევრთა გადაწყვეტილებების (თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირი წევრობაზეა დაფუძნებული) ფარგლებში დამოუკიდებლად მოქმედებს.

41.ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო.

დადგენილია და უდავო, რომ მოსარჩელე მა---------–--–ი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2017 წლის 23 თებერვლის განკარგულებით დანიშნული იქნა - საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილედ, დირექტორის უფლებამოსილების ვადით.

 

6.5. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო, რომელიც ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელ ხელისუფლებას და განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის ძირითად მიმართულებებს.

აღნიშნული კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, მთავრობის თავმჯდომარე არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირი და წარმოადგენს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას.

მე-11 მუხლის მე-2-ე პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მთავრობის თავმჯდომარე თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებების, აგრეთვე შესაბამისი მინისტრის წარდგინებით სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელებს – არაუმეტეს მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადით და მათ მოადგილეებს არაუმეტეს საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელების უფლებამოსილების ვადით, საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელის მოადგილეებს კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელის წარდგინებით – არაუმეტეს საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების უფლებამოსილების ვადით.

 

6.6. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2017 წლის 23 თებერვლის N-- ბრძანებით, მა---------–--–ი დანიშნული იყო სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე, ცენტრის დირექტორის უფლებამოსილების ვადით.

თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ მიღებული ბრძანების სამართლებრივი საფუძველი გამომდინარეობდა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტიდან და მა---------–--–ის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადით.

დადგენილია და უდავო, რომ მა---------–--–ს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2017 წლის 23 თებერვლის N-- ბრძანების შინაარსი, რომელიმე ნაწილში სადავოდ არ გაუხდია და იგი არ გაუსაჩივრებია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის ფაქტობრივად დაეთანხმა აქტის შინაარსს და შესაბამისად, დირექტორის მოადგილის პოზიციაზე აქტით განსაზღვრულ, უფლებამოსილების ვადას.

ამდენად, მოსარჩელე მხარისათვის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნისას ცნობილი იყო იმ გარემოების შესახებ, რომ მისი უფლებამოსილება განსაზღვრული იყო დირექტორის უფლებამოსილების ვადით.

დადგენილია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის 2018 წლის 31 აგვისტოს N--- განკარგულებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორად დაინიშნა - რუ------- შა--–---–ი და ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტისა და მე-141 მუხლის საფუძველზე, მთავრობის თავმჯდომარის 2018 წლის 31 აგვიტოს N-- ბრძანებით, მა---------–--–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, სწორედ იმ საფუძვლით, რომ ამოწურული იყო საჯარო სამართლის იურიდიული პირის ყოფილი ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადა და შესაბამისად, დაკავებულ პოზიციაზე მისი უფლებამოსილების ვადაც.

მოსარჩელე მხარის მტკიცება, იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე მისი დანიშვნისას კანონმდებლობა სხვაგვარად არეგულირებდა მოცემულ საკითხს და იგი არ გულისხმობდა უფლებამოსილების კონკრეტული ვადით განხორციელებას, სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია.

სასამართლო ამასტან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ 2017 წლის 23 თებერვლის მდგომარეობით ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მოქმედი რედაქციით მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბებული იყო შემდეგი შინაარსით: „მთავრობის თავმჯდომარე თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებების, აგრეთვე შესაბამისი მინისტრის წარდგინებით სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელებს – მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადით და მათ მოადგილეებს საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელების უფლებამოსილების ვადით, საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელის მოადგილეებს კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელის წარდგინებით – საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების უფლებამოსილების ვადით“.

2017 წლის 30 ივნისს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში შეტანილი ცვლილებით, მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: „მთავრობის თავმჯდომარე თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებების, აგრეთვე შესაბამისი მინისტრის წარდგინებით სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელებს – არაუმეტეს მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადით და მათ მოადგილეებს არაუმეტეს საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელების უფლებამოსილების ვადით, საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელის მოადგილეებს კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელის წარდგინებით – არაუმეტეს საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების უფლებამოსილების ვადით“;

მე-141 მუხლის თანახმად, კი: 1. ის პირები, რომლებიც ამ კანონის შესაბამისად დანიშნული არიან არაუმეტეს თანამდებობის პირის (ორგანოს) უფლებამოსილების ვადით/ან განსაზღვრული ვადით, თანამდებობის პირის (ორგანოს) უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში თავიანთ მოვალეობას ასრულებენ ახალი თანამდებობის პირის (ორგანოს) დანიშვნამდე (დამტკიცებამდე). 2. მთავრობის თავმჯდომარე/მთავრობა უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით, ან ხელმძღვანელის/კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელის ინიციატივით გაათავისუფლოს თანამდებობიდან ამ კანონის თანახმად უფლებამოსილების ვადით/ან განსაზღვრული ვადით დანიშნული პირი.

სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან მა---------–--–ის გათავისუფლების შესახებ ბრძანებას საფუძვლად დაედო სწორედ ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და მე-141 მუხლი, აქტის გამოცემისას კანონის არსებული რედაქციით.

მოსარჩელე მხარე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილების უკანონობას სწორედ იმ გარემოებას უკავშირებს, რომ ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში შეტანილი ცვლილება აუარესებს მის მდგომარეობას და იგი არ უნდა გავრცელებულიყო კანონის/ცვლილების ამოქმედებამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე.

სასამართლო აღნიშნავს, რომ მა---------–--–ის თანამდებობაზე დანიშვნის დროს მოქმედი ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის რედაქცია, მისი ფორმალური და მატერიალური შინაარსი, საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელის მოადგილეების თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების იგივე სამართლებრივ წესს ითვალისწინებდა, რაც დადგენილია კანონში 2017 წლის 30 ივნისს შეტანილი ცვლილებით. კანონის ახალი რედაქციით სადავო ურთიერთობის არსებითად ახლებურად დარეგულირებას, ადგილი არ ჰქონია.

ამდენად, 2017 წლის 23 თებერვალს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილედ მა---------–--–ი დანიშვნისას და 2018 წლის 31 აგვიტოს ამ თანამდებობიდან მოსარჩელის გათავისუფლებისას ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის კონკრეტული რეგულაცია ერთი და იგივე შინაარსის მატარებელი იყო და მოსარჩელე მხარის მტკიცება ამასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხრიდან სრულად იქნა დაცული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მოთხოვნები, რაც დადგენილია საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან და ამ მოთხოვნათა დარღვევის მოტივით, სადავო აქტის, 2018 წლის 31 აგვიტოს N-- ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.

 

6.7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე, 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

სასამართლო განმარტავს, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს მისთვის ხელსაყრელი გარემოება, ანუ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რომელთაც ემყარება მისი მოთხოვნა, მოპასუხეს კი ევალება იმ გარემოებათა დამტკიცება, რომელთაც ეყრდნობა მისი შესაგებელი.

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დადასტურებული მისი სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2018 წლის 31 აგვისტოს №85 ბრძანების, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ისეთი სახის დარღვევის დაშვება, რომლის არარსებობა მის მიმართ სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას შექმნიდა.

 

6.8.სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მოსარჩელემ ვერ შეძლო სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის 2018 წლის 31 აგვისტოს №85 ბრძანების ბათილად ცნობისათვის საჭირო არგუმენტების წარმოდგენა, ამ უკანასკნელი მოთხოვნის შედეგობრივად თანმდევი მოთხოვნის - სამსახურში აღდგენა და იძულებით განაცდური პერიოდის შრომითი გასამრჯელოს მოპასუხისათვის დაკისრება, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მა---------–--–ის სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც ის არ უნდა დაკმაყოფილდეს

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე.

,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან: ფიზიკური პირები – სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და შესაბამისად მის მიერ აღძრულ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილი არ არის, ამასთან, მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით არ არსებობს მოსარჩელეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-24-ე 32-331-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მა---------–--–ის სარჩელი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.

2. მოსარჩელე მხარე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32/, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30/.

 

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე