ეს დირექტივა ვრცელდება წევრ სახელმწიფოებზე.
შედგენილია სტრასბურგში 2005 წლის 11 მაისს.
ევროპარლამენტის სახელით საბჭოს სახელით
თავმჯდომარე თავმჯდომარე
ჯ.პ. ბორელ ფონტელესი ნ. შმიტი
დანართი I
კომერციული პრაქტიკა, რომელიც ყველა გარემოებაში არაკეთილსინდისიერად მიიჩნევა
შეცდომაში შემყვანი კომერციული პრაქტიკა
მოვაჭრის განცხადება, რომ არის ქცევის კოდექსის ხელმომწერი, მაგრამ სინამდვილეში არ არის.
ნდობის ნიშნის, ხარისხის ნიშნის ან ეკვივალენტური ნიშნის ჩვენება საჭირო ნებართვის მოპოვების გარეშე.
განცხადება, რომ ქცევის კოდექსი მოწონებულია საჯარო ან სხვა ორგანოს მიერ, მაგრამ სინამდვილეში არ არის.
განცხადება, რომ მოვაჭრე (და მისი კომერციული პრაქტიკა) ან პროდუქტი არის დამტკიცებული, მოწონებული ან ავტორიზებული საზოგადოებრივი ან კერძო ორგანიზაციის მიერ, მაგრამ სინამდვილეში არ არის, ან ამგვარი განცხადების გაკეთება დამტკიცების, მოწონების ან ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობის გარეშე.
განსაზღვრულ ფასად შესყიდვის განხორციელების შეთავაზება რაიმე გონივრული საფუძვლის გამჟღავნების გარეშე, რომლის გამოც მოვაჭრე ვერ შესთავაზებს აღნიშნულ ფასად პროდუქციის ან ეკვივალენტური პროდუქციის მიწოდებას ან სხვა მოვაჭრის საშუალებით მიწოდებას გონივრულ ვადაში და გონივრული რაოდენობით, აღნიშნული პროდუქტიდან, მისი რეკლამირების მასშტაბისა და შეთავაზებული ფასიდან გამომდინარე (მისატყუებელი რეკლამა).
განსაზღვრულ ფასად პროდუქციის შესყიდვის განხორციელების შეთავაზება და შემდეგ:
მომხმარებლისთვის რეკლამირებული ნივთის ჩვენებაზე უარის თქმა; ან
შეკვეთის მიღებაზე ან გონივრულ ვადაში მის მიწოდებაზე უარის თქმა; ან
წუნიანი ნიმუშის ჩვენება,განსხვავებული პროდუქტის გაყიდვის ხელშეწყობის განზრახვით („მოიტყუე და შეცვალე“)
ცრუ განცხადება იმის თაობაზე, რომ პროდუქტი ხელმისაწვდომი იქნება შეზღუდული დროის განმავლობაში, ან რომ ის ხელმისაწვდომი იქნება გარკვეული პირობებით მხოლოდ შეზღუდული დროის განმავლობაში, რათა მომხმარებელმა გადაწყვეტილება მიიღოს მეყსეულად და არ ჰქონდეს საკმარისი დრო და შესაძლებლობა, გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი.
პასუხისმგებლობის აღება შესყიდვის შემდგომი სამომხმარებლო მომსახურების გაწევაზე გარიგებამდე გამოყენებულ ენაზე, რომელიც არ არის იმ წევრი სახელმწიფოს ოფიციალური ენა, სადაც მდებარეობს მოვაჭრე, ხოლო მომსახურების გაწევა სხვა ენაზე, მომხმარებლისთვის ამის შესახებ გარიგების დადებამდე გარკვევით შეტყობინების გარეშე.
განცხადება ან სხვაგვარად ისეთი შთაბეჭდილების შექმნა, რომ პროდუქტის გაყიდვა შესაძლებელია კანონიერად, როდესაც არ არის შესაძლებელი.
მომხმარებლისთვის კანონით მინიჭებული უფლებების მოვაჭრის შეთავაზების განმასხვავებელ თვისებად წარმოდგენა.
მასობრივი ინფორმაციის საშუალებების სარედაქციო მასალის გამოყენება პროდუქტის რეკლამირებისთვის, როდესაც მოვაჭრეს გადახდილი აქვს რეკლამისთვის, მაგრამ ეს გარკვევით არ ჩანს მასალაში ან მომხმარებელი გარკვევით ვერ აღიქვამს ამას გამოსახულებიდან ან ხმიდან (სარეკლამო სტატია). აღნიშნული არ ეწინააღმდეგება საბჭოს დირექტივას 89/552/EEC[13].
არსებითად არაზუსტი განცხადების გაკეთება, რომელიც ეხება მომხმარებლის ან მისი ოჯახის პირად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკის ბუნებასა და ხარისხს, თუ მომხმარებელი არ შეიძენს პროდუქტს.
კონკრეტული მწარმოებლის პროდუქტის მსგავსი პროდუქტის გაყიდვის ხელშეწყობა იმგვარად, რომ განზრახ შეიყვანოს მომხმარებელი შეცდომაში და დაარწმუნოს, რომ პროდუქტი ამ კონკრეტული მწარმოებლისაა, მაშინ, როდესაც არ არის.
სარეკლამო პირამიდული სქემის შექმნა, ფუნქციონირება ან ხელშეწყობა, როდესაც მომხმარებელი იღებს კომპენსაციას, რომელიც, უმთავრესად, წარმოიშობა სხვა მომხმარებლების სქემაში ჩართვით და არა პროდუქციის გაყიდვით ან მოხმარებით.
განცხადება, რომ მოვაჭრე აპირებს სავაჭრო საქმიანობის შეწყვეტას ან სავაჭრო ობიექტიდან გადასვლას, თუმცა სინამდვილეში არ აპირებს.
განცხადება, რომ პროდუქციას შეუძლია ხელი შეუწყოს აზარტულ თამაშობებში გამარჯვებას.
ცრუ განცხადება, რომ პროდუქტს შეუძლია დაავადების, ფუნქციური დარღვევების ან მალფორმაციის განკურნება.
საბაზრო პირობების ან პროდუქტის შოვნის შესაძლებლობის შესახებ არსებითად არაზუსტი ინფორმაციის მიწოდება იმ განზრახვით, რომ მომხმარებელმა შეიძინოს პროდუქტი ნაკლებ ხელსაყრელი პირობებით, ვიდრე შეიძენდა ჩვეულებრივ საბაზრო პირობებში.
განცხადება კომერციული პრაქტიკის ფარგლებში კონკურსის ან პრიზების შეთავაზებაზე, აღწერილი პრიზების ან მათი გონივრული ეკვივალენტის გაცემის გარეშე.
პროდუქტის აღწერა, როგორც „უსასყიდლო“, „უფასო“ ან მსგავსი ფორმულირებით მაშინ, როდესაც კომერციულ პრაქტიკაზე რეაგირებისა და ნივთის მიღების ან მიწოდების გადასახადის გარდაუვალი ხარჯის გარდა მომხმარებელს კიდევ უწევს რაიმე ხარჯის გაღება.
სამარკეტინგო მასალაში გადაუხდელი ანგარიშ-ფაქტურის ან მსგავსი დოკუმენტის ჩადება, რომელიც მომხმარებელს უქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს მას უკვე შეკვეთილი აქვს პროდუქტი, მაგრამ სინამდვილეში არ აქვს.
ცრუ განცხადების გაკეთება ან ისეთი შთაბეჭდილების შექმნა, რომ მოვაჭრე არ მოქმედებს თავისი სავაჭრო საქმიანობის, ბიზნესის, ხელობის ან პროფესიის მიზნებისთვის ან თავის წარმოჩენა, თითქოს ის არის მომხმარებელი.
მცდარი წარმოდგენის შექმნა, რომ პროდუქტის შესყიდვის შემდგომი მომსახურება ხელმისაწვდომია სხვა წევრ სახელმწიფოშიც, გარდა იმ სახელმწიფოსი, სადაც პროდუქტი იყიდება.
აგრესიული კომერციული პრაქტიკა
ისეთი შთაბეჭდილების შექმნა, რომ მომხმარებელი ვერ დატოვებს შენობას, სანამ არ გააფორმებს ხელშეკრულებას.
პირადად მისვლა მომხმარებლის სახლში და მომხმარებლის მოთხოვნის იგნორირება, დატოვოს მისი სახლი ან მეორედ აღარ მივიდეს მასთან, გარდა ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ გარემოებებსა და გამართლებულ შემთხვევებში, რათა აღსრულებულ იქნეს სახელშეკრულებო ვალდებულება.
ტელეფონით, ფაქსით, ელექტრონული ფოსტით ან სხვა დისტანციური საშუალებით დაჟინებული და არასასურველი რეკლამა, გარდა ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ გარემოებებსა და გამართლებულ შემთხვევებში, რათა აღსრულებულ იქნეს სახელშეკრულებო ვალდებულება. აღნიშნული არ ეწინააღმდეგება დირექტივის 97/7/EC მე-10 მუხლსა და დირექტივებს 95/46/EC[14] და 2002/58/EC.
სადაზღვევო პოლისის მიღების მსურველი მომხმარებლისგან ისეთი დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნა, რომლებიც გონივრულად ვერ მიიჩნევა სადაზღვევო მოთხოვნისთვის შესაფერის დოკუმენტებად, ან შესაბამისი მიმოწერის სისტემატურად უპასუხოდ დატოვება, რათა მომხმარებელმა გადაიფიქროს თავისი სახელშეკრულებო უფლებების გამოყენება.
რეკლამაში პირდაპირი მოწოდება ბავშვების მიმართ, იყიდონ რეკლამირებული პროდუქცია ან მათი მშობლების ან სხვა ზრდასრული პირების დაყოლიება, უყიდონ მათ რეკლამირებული პროდუქცია. ეს დებულება არ ეწინააღმდეგება სატელევიზიო მაუწყებლობის შესახებ დირექტივის 89/552/EEC მე-16 მუხლს.
მოვაჭრის მიერ მიწოდებული პროდუქციისთვის დაუყოვნებლივი ან გადავადებული გადახდის მოთხოვნა ან პროდუქციის დაბრუნების ან უსაფრთხოდ შენახვის მოთხოვნა, რაც არ არის შეთანხმებული მომხმარებელთან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროდუქტი ჩანაცვლებითაა მიწოდებული დირექტივის 97/7/EC მე-7(3) მუხლის შესაბამისად (ინერციული გაყიდვა).
მომხმარებლისთვის მკაფიოდ შეტყობინება, რომ თუ პროდუქტს ან მომსახურებას არ იყიდის, მოვაჭრის სამუშაოს ან შემოსავლის წყაროს საფრთხე დაემუქრება.
მცდარი წარმოდგენის შექმნა, რომ მომხმარებელმა უკვე მოიგო, მოიგებს ან, კონკრეტულ ქმედების შესრულების შემთხვევაში, მოიგებს პრიზს ან სხვა ეკვივალენტურ სარგებელს, როდესაც, ფაქტობრივად:
არანაირი პრიზი ან ეკვივალენტური სარგებელი არ არსებობს, ან
ნებისმიერი ქმედება პრიზის ან სხვა ეკვივალენტური სარგებლის მოთხოვნასთან დაკავშირებით მომხმარებლისგან საჭიროებს ფულის გადახდას ან ხარჯის გაღებას.
დანართი II
გაერთიანების კანონმდებლობის დებულებები, რომლებიც განსაზღვრავს რეკლამირებისა და კომერციული კომუნიკაციის წესებს
დირექტივის 97/7/EC მე-4 და მე-5 მუხლები
საგზურით მგზავრობის, საგზურით დასვენებისა და ტურისტული მომსახურების პაკეტის შესახებ საბჭოს 1990 წლის 13 ივნისის დირექტივის 90/314/EEC მე-3 მუხლი[15]
საზიარო უფლებით უძრავი ქონების გამოყენების უფლების შეძენასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების ზოგიერთ ასპექტში მყიდველების დაცვის შესახებ ევროპარლამენტისა და საბჭოს 1994 წლის 26 ოქტომბრის დირექტივის 94/47/EC მე-3(3) მუხლი[16]
მომხმარებლისთვის შეთავაზებული პროდუქციის ფასების მითითებისას მომხმარებლის დაცვის შესახებ ევროპარლამენტისა და საბჭოს 1998 წლის 16 თებერვლის დირექტივის 98/6/EC მე-3(4) მუხლი[17]
ადამიანისთვის განკუთვნილ სამკურნალო პრეპარატებთან დაკავშირებული გაერთიანების კოდექსის შესახებ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2001 წლის 6 ნოემბრის დირექტივის 2001/83/EC 86-ე-მე-100 მუხლები[18]
საინფორმაციო საზოგადოების მომსახურებების, კერძოდ, შიდა ბაზარზე ელექტრონული კომერციის გარკვეული სამართლებრივი ასპექტების შესახებ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2000 წლის 8 ივნისის დირექტივის 2000/31/EC მე-5 და მე-6 მუხლები (დირექტივა ელექტრონული კომერციის შესახებ)[19]
ევროპარლამენტისა და საბჭოს 1998 წლის 16 თებერვლის დირექტივის 98/7/EC მუხლი 1(d), რომელსაც შესწორებები შეაქვს საბჭოს დირექტივაში 87/102/EEC სამომხმარებლო კრედიტის შესახებ წევრი სახელმწიფოების კანონების, რეგულაციებისა და ადმინისტრაციული დებულებების დასაახლოებლად[20]
დირექტივის 2002/65/EC მე-3 და მე-4 მუხლები
ევროპარლამენტისა და საბჭოს 2002 წლის 21 იანვრის დირექტივის 2001/107/EC მუხლი 1(9), რომელსაც შესწორებები შეაქვს საბჭოს დირექტივაში 85/611/EEC, რომელიც ეხება მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში კოლექტიური ინვესტიციების განმახორციელებელ კომპანიებთან (UCITS) დაკავშირებული კანონების, რეგულაციებისა და ადმინისტრაციული დებულებების შეთანხმებას მმართველი კომპანიებისა და გამარტივებული პროსპექტების რეგულირების მიზნით[21]
სადაზღვევო შუამავლობის შესახებ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2002 წლის 9 დეკემბრის დირექტივის 2002/92/EC მე-12 და მე-13 მუხლები[22]
სიცოცხლის დაზღვევის შესახებ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2002 წლის 5 ნოემბრის დირექტივის 2002/83/EC 36-ე მუხლი[23]
ფინანსური ინსტრუმენტების ბაზრის შესახებ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 21 აპრილის დირექტივის 2004/39/EC მე-9 მუხლი[24]
საბჭოს 1992 წლის 18 ივნისის დირექტივის 92/49/EEC 31-ე და 43-ე მუხლები პირდაპირ დაზღვევასთან და არა სიცოცხლის დაზღვევასთან დაკავშირებული კანონების, რეგულაციებისა და ადმინისტრაციული დებულებების შეთანხმების შესახებ[25] (მესამე დირექტივა, რომელიც სიცოცხლის დაზღვევას არ ეხება)
ევროპარლამენტისა და საბჭოს 2003 წლის 4 ნოემბრის დირექტივის 2003/71/EC მე-5, მე-7 და მე-8 მუხლები პროსპექტების დაბეჭდვის შესახებ, როდესაც ხდება ფასიანი ქაღალდების შეთავაზება საზოგადოებისთვის ან სავაჭროდ დაშვება[26]
[1] ოფიციალური ჟურნალი C 108, 30.04.2004, გვ. 81.
[2] ევროპარლამენტის 2004 წლის 20 აპრილის მოსაზრება (ოფიციალური ჟურნალი C 104 E, 30.04.2004, გვ. 260), საბჭოს 2004 წლის 15 ნოემბრის საერთო პოზიცია (ოფიციალური ჟურნალი C 38 E, 15.02.2005, გვ. 1), ევროპარლამენტის 2005 წლის 24 თებერვლის პოზიცია (რომელიც ჯერ არ გამოქვეყნებულა ოფიციალურ ჟურნალში) და საბჭოს 2005 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება.
[3] ოფიციალური ჟურნალი L 250, 19.09.1984, გვ. 17. დირექტივა, რომელშიც შესწორებები შევიდა ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივით 97/55/EC (ოფიციალური ჟურნალი L 290, 23.10.1997, გვ. 18).
[4] ოფიციალური ჟურნალი L 144, 04.06.1997, გვ. 19. დირექტივა, რომელშიც შესწორებები შევიდა დირექტივით 2002/65/EC (ოფიციალური ჟურნალი L 271, 09.10.2002, გვ. 16).
[5] ოფიციალური ჟურნალი L 166, 11.06.1998, გვ. 51. დირექტივა, რომელშიც ბოლოს ცვლილებები შევიდა დირექტივით 2002/65/EC.
[6] ოფიციალური ჟურნალი L 271, 09.10.2002, გვ. 16.
[7] ოფიციალური ჟურნალი L 201, 31.07.2002, გვ. 37.
[8] ოფიციალური ჟურნალი L 171, 07.07.1999, გვ. 12.
[9] ოფიციალური ჟურნალი L 149, 11.06.2005, გვ. 22.“;
[10] ოფიციალური ჟურნალი L 149, 11.06.2005, გვ. 22.“;
[11] ოფიციალური ჟურნალი L 149, 11.06.2005, გვ. 22.“
[12] ოფიციალური ჟურნალი L 364, 09.12.2004, გვ. 1.
[13] საბჭოს 1989 წლის 3 ოქტომბრის დირექტივა 89/552/EEC გარკვეული დებულებების შეთანხმების შესახებ, რომლებიც განსაზღვრულია წევრი სახელმწიფოების კანონით, რეგულაციით ან ადმინისტრაციული ქმედებით და ეხება ტელემაუწყებლობის საქმიანობის განხორციელებას (ოფიციალური ჟურნალი L 298, 17.10.1989, გვ. 23). დირექტივა, რომელშიც შესწორებები შევიდა ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივით 97/36/EC (ოფიციალური ჟურნალი L 202, 30.07.1997, გვ. 60).
[14]ევროპარლამენტისა და საბჭოს 1995 წლის 24 ოქტომბრის დირექტივა 95/46/EC პერსონალური მონაცემების დამუშავებისას და მათი შეუზღუდავი მიმოქცევისას ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ (ოფიციალური ჟურნალი L 281, 23.11.1995, გვ. 31). დირექტივა, რომელშიც შესწორებები შევიდა რეგულაციით (EC) No 1882/2003 (ოფიციალური ჟურნალი L 284, 31.10.2003, გვ. 1).
[15]ოფიციალური ჟურნალი L 158, 23.06.1990, გვ. 59.
[16]ოფიციალური ჟურნალი L 280, 29.10.1994, გვ. 83.
[17] ოფიციალური ჟურნალი L 80, 18.03.1998, გვ. 27.
[18]ოფიციალური ჟურნალი L 311, 28.11.2001, გვ. 67. დირექტივა, რომელშიც ბოლოს შესწორებები შევიდა დირექტივით 2004/27/EC (ოფიციალური ჟურნალი L 136, 30.04.2004, გვ. 34).
[19]ოფიციალური ჟურნალი, L 178, 17.07.2000, გვ. 1.
[20] ოფიციალური ჟურნალი L 101, 01.04.1998, გვ. 17.
[21] ოფიციალური ჟურნალი L 41, 13.02.2002, გვ. 20.
[22] ოფიციალური ჟურნალი L 9, 15.01.2003, გვ. 3.
[23] ოფიციალური ჟურნალი L 345, 19.12.2002, გვ. 1. დირექტივა, რომელშიც შესწორებები შევიდა საბჭოს დირექტივით 2004/66/EC. (ოფიციალური ჟურნალი L 168, 01.05.2004, გვ. 35).
[24] ოფიციალური ჟურნალი L 145, 30.04.2004, გვ. 1.
[25] ოფიციალური ჟურნალი L 228, 11.08.1992, გვ. 1. დირექტივა, რომელშიც ბოლოს შესწორებები შევიდა ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივით 2002/87/EC (ოფიციალური ჟურნალი L 35, 11.02.2003, გვ. 1).
[26] ოფიციალური ჟურნალი L 345, 31.12.2003, გვ. 6