საჯარო მმართველობის რეფორმის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№274
სარეგისტრაციო კოდი
010240020.10.003.021292
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/06/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №274

2019 წლის 10 ივნისი

   ქ. თბილისი

 

საჯარო მმართველობის რეფორმის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა  და  საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საჯარო მმართველობის რეფორმის სამოქმედო გეგმა 2019-2020“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე
📎 დანართები (1)
2.doc

საჯარო მმართველობის რეფორმის
სამოქმედო გეგმა 2019-2020

შინაარსი

შესავალი 3

საჯარო მმართველობის რეფორმის კოორდინაცია საქართველოში 3

სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი 3

გეგმის შემუშავების მეთოდოლოგია 3

სამოქმედო გეგმის მიმოხილვა 3

1. პოლიტიკის შემუშავება და კოორდინაცია 3

2. საჯარო სამსახური და ადამიანური რესურსების მართვა 3

3. ანგარიშვალდებულება 3

4. სახელმწიფო სერვისების მიწოდება 3

5. საჯარო ფინანსების მართვა 3

6. ადგილობრივი თვითმმართველობა 3

ბიუჯეტი 3

მონიტორინგი და შეფასება 3

შესავალი

განვითარებადი ქვეყნების წინაშე არსებული დემოკრატიული მმართველობის გამოწვევების პირობებში, საჯარო მმართველობის რეფორმის (რეფორმა) საჭიროება სულ უფრო იზრდება. რეფორმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ქვეყნებისთვის, რომელთა მაღალი პრიორიტეტია ეფექტური და ეფექტიანი მართვის უზრუნველყოფა.

გამართული საჯარო ადმინისტრირების პროცესი, კანონის უზენაესობასა და ეკონომიკურ მმართველობასთან ერთად, ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთი ფუნდამენტური წინაპირობაა. საჯარო მმართველობის რეფორმა ევროკავშირის საჯარო მმართველობის პრინციპებს1 ეყრდნობა და 5 ძირითად მიმართულებას, აგრეთვე, ქვეყნის პრიორიტეტების გათვალისწინებით, დამატებით კიდევ ერთ მიმართულებას ითვალისწინებს, ესენია:

  • პოლიტიკის დაგეგმვა

  • საჯარო სამსახური და ადამიანური რესურსების მართვა

  • ანგარიშვალდებულება

  • სახელმწიფო სერვისების მიწოდება

  • საჯარო ფინანსების მართვა

  • ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება.

საჯარო მმართველობის რეფორმის წარმატებით განხორციელება ფუნდამენტურ როლს თამაშობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ თანახმად,2 ქვეყანამ უნდა განახორციელოს სიღრმისეული რეფორმები საჯარო მმართველობისა და საჯარო სამსახურის მიმართულებით. შესაბამისად, გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ეფექტური სახელმწიფო მართვის სისტემის ჩამოყალიბების მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობით 2015 წელს დაიწყო საჯარო მმართველობის რეფორმა.

ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მმართველობისა და მენეჯმენტის გაუმჯობესების ხელშეწყობის პროექტის (OECD/SIGMA) ექსპერტების მხარდაჭერით შესწავლილ იქნა საჯარო მმართველობის პრობლემური საკითხები და შესაბამისი მიგნებების საფუძველზე შემუშავდა რეფორმის გზამკვლევი 2020.3 გზამკვლევში ჩამოყალიბებულია კონკრეტული ამოცანები, რომელთა განხორციელება რეფორმის მიზნების წარმატებით მიღწევას უზრუნველყოფს. გზამკვლევის განხორციელების მიზნით შემუშავდა სამოქმედო გეგმა 2015-2016, მოგვიანებით კი – სამოქმედო გეგმა 2017-2018 წლებისთვის.

წინამდებარე დოკუმენტი რეფორმის რიგით მესამე, 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის აღწერილობითი ნაწილია, რომელიც განმარტავს: რეფორმის მიმდინარეობას ქვეყანაში, ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესსა და მეთოდოლოგიას, აგრეთვე სამოქმედო გეგმის თითოეული ქვეთავის ძირითად ამოცანებსა და მოსალოდნელ შედეგებს. სამოქმედო გეგმის სრული ვერსია ხელმისაწვდომია დანართი 1-ის სახით.

საჯარო მმართველობის რეფორმის კოორდინაცია საქართველოში

2015 წელს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას დაევალა უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე რეფორმის ხელმძღვანელობა და კოორდინაცია; განისაზღვრა რეფორმის თითოეულ სფეროზე პასუხისმგებელი საჯარო დაწესებულებაც.

რეფორმის სფერო პასუხისმგებელი წამყვანი უწყება
პოლიტიკის დაგეგმვა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
საჯარო სამსახური და ადამიანური რესურსების მართვა საჯარო სამსახურის ბიურო
ანგარიშვალდებულება საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
სახელმწიფო სერვისები საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
საჯარო ფინანსების მართვა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო

რეფორმის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, 2016 წელს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით4 შეიქმნა საჯარო მმართველობის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო (საბჭო), რომლის ფუნქციაა რეფორმის განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი. საბჭოს სამდივნოს ფუნქცია დაეკისრა მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტს, რომელიც უზრუნველყოფს საბჭოს საქმიანობის ანალიტიკურ და ორგანიზაციულ მხარდაჭერას.

რეფორმის სფეროების შესაბამისად, საბჭოს ინიციატივით შეიქმნა 6 თემატური სამუშაო ჯგუფი. გარდა ამისა, მოქმედებს საბჭოს ექსპერტთა დონის სამუშაო ჯგუფი, რომელშიც საბჭოს მაღალი რანგის წევრთა წარმომადგენლები მონაწილეობენ.

რეფორმის განხორციელების პროცესში საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა არსებითია.

სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი

2018-2020 წლების სამთავრობო პროგრამის თანახმად, ხელისუფლების მიზანია ქმედითი და სამართლიანი პოლიტიკის განხორციელება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სისტემის შემდგომი გაძლიერება და გამოწვევებზე ორიენტირებული მოქნილი და ეფექტიანი საჯარო მმართველობის ჩამოყალიბება.5 საჯარო მმართველობის რეფორმის გზამკვლევის, როგორც აღნიშნულ სფეროში ჩარჩო დოკუმენტის, მიდგომები გათვალისწინებულია სხვადასხვა მნიშნელოვან პოლიტიკის დოკუმენტშიც:

  • საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის „საქართველო 2020“ თანახმად, ეფექტიანი საჯარო მმართველობა ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფასთან ერთად;6

  • საჯარო მმართველობის რეფორმის მნიშვნელობა ხაზგასმულია ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების (BDD) როგორც 2017-2020, ასევე 2018-2021 წლების დოკუმენტებში:7 ყურადღება ეთმობა საჯარო მმართველობის ფუნდამენტურ საკითხებს, მათ შორის, საჯარო ფინანსების მართვის, ანგარიშვალდებულებისა და თვითმმართველობების მმართველობითი შესაძლებლობების გაძლიერებასა და სახელმწიფო სერვისების მიწოდების გაუმჯობესებას.

საჯარო მმართველობის რეფორმის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, საბჭოს 2018 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაიწყო რეფორმის რიგით მესამე, 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის (სამოქმედო გეგმა) შემუშავება.

სამოქმედო გეგმა მომზადებულია რეფორმის საბჭოს სამდივნოს მიერ სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობით. დოკუმენტის შემუშავების პროცესი რამდენიმე ეტაპად დაიყო:

  • მთავრობის ადმინისტრაციამ მოამზადა სამოქმედო გეგმის შემუშავების კალენდარი, რომელშიც დეტალურად გაიწერა დოკუმენტის მომზადების ეტაპები და ვადები;

  • კალენდარი და დაგეგმილი აქტივობები განხილულ იქნა და შეთანხმდა საბჭოს ექსპერტთა დონის სამუშაო ჯგუფთან, დონორ ორგანიზაციებთან და SIGMA-ს ექსპერტებთან;

  • UNDP – საქართველოსა და ბრიტანეთის მთავრობის პროექტის – „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ – მხარდაჭერით, გეგმის შემუშავების პროცესი საბჭოს ექსპერტთა დონის სამუშაო ფორმატის შეხვედრით დაიწყო. ღონისძიებაზე SIGMA-ს ექსპერტთა მიერ წარდგენილ იქნა საჯარო მმართველობის რეფორმის გზამკვლევის შუალედური შეფასების ანგარიში. გაიმართა დისკუსია გზამკვლევის პრიორიტეტული მიმართულებების და ახალ სამოქმედო გეგმასთან მიმართებით მათი რელევანტურობის შესახებ. შეთანხმდა სამომავლო ნაბიჯები;

  • მთავრობის ადმინისტრაციამ ინტენსიური სამუშაო პროცესი განაგრძო საჯარო მმართველობის რეფორმის ყველა პასუხისმგებელ უწყებასთან. უწყვეტ რეჟიმში წარიმართა კონსულტაციები SIGMA-ს ექსპერტებთან. 2018 წლის 26-30 ნოემბერს ადმინისტრაციამ უმასპინძლა SIGMA-ს ექსპერტთა მეორე მისიას, რომლის ფარგლებში მოეწყო გეგმის სამუშაო ვერსიის დეტალური განხილვა.

  • შედეგად, მომზადდა გეგმის სამუშაო ვერსია, რომელიც კომენტარებისა და რეკომენდაციებისთვის სამოქალაქო საზოგადოებასა და დონორ ორგანიზაციებს წარედგინათ. დოკუმენტზე შენიშვნები/წინადადებები UNDP – საქართველომ, ევროკავშირის დელეგაციამ საქართველოში, ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრმა (IRC) და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციამ (NALAG) წარმოადგინეს.

  • სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მოსაზრებების დეტალური განხილვა საკონსულტაციო შეხვედრაზე მოეწყო, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ 2019 წლის 25 იანვარს უმასპინძლა. შეხვედრაზე სამოქმედო გეგმის ყველა მიმართულება შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებების აქტიური ჩართულობით იქნა განხილული. სამოქალაქო საზოგადოებამ დოკუმენტის გაუმჯობესების შესაძლებლობებზე იმსჯელა და რეკომენდაციები წარმოადგინა.

  • სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციების ნაწილი, გეგმის პასუხისმგებელ უწყებებთან შეთანხმებით, გეგმის აქტივობებად ჩამოყალიბდა. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ დაამტკიცა „ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა“, USAID – საქართველოს წარმომადგენლებმა რეფორმის საბჭოს სამდივნოს შესთავაზეს ღია მმართველობასთან დაკავშირებული ამოცანის ახალი სამოქმედო გეგმისთვის დამატება. რეკომენდაციის შესაბამისად, სამოქმედო გეგმის „ანგარიშვალდებულების“ ქვეთავს დაემატა ღია მმართველობის პროცესის გაუმჯობესების შესახებ აქტივობები (იხ. ქვეთავი „ანგარიშვალდებულება“). სამოქალაქო საზოგადოებასთან გამართული განხილვის შედეგად, სამოქმედო გეგმას ასევე დაემატა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვალდებულება, რაც აუდიტის სამსახურის მიერ გაცემულ რეკომენდაციებზე რეაგირების გაუმჯობესებას გულისხმობს.

  • სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციის შემდგომ, სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია ფართო საზოგადოების წინადადებებისა და მოსაზრებებისთვის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე 2 კვირის ვადით განთავსდა.8 საჯარო მმართველობის რეფორმის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში პირველად იქნა გამოყენებული საჯარო კონსულტაციის მეთოდი. საჯარო კონსულტაციის დაწყების შესახებ საბჭოს სამდივნომ აცნობა პროცესში ჩართულ ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს და მათი შეხედულებისამებრ აღნიშნული ინფორმაციის დაინტერესებული პირებისთვის გაზიარება სთხოვა.

  • სამოქმედო გეგმის საბოლოო ვერსია დასამტკიცებლად საბჭოს, შემდგომ კი საქართველოს მთავრობას წარედგინა.

გეგმის შემუშავების მეთოდოლოგია

სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში მთავარ წყარო-დოკუმენტებად გამოყენებულ იქნა (1) საჯარო მმართველობის რეფორმის გზამკვლევი 2020, (2) რეფორმის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების შუალედური ანგარიში, (3) SIGMA-ს მიერ მომზადებული გზამკვლევის შეფასების შუალედური ანგარიში, (4) SIGMA-ს მიერ მომზადებული პოლიტიკის შემუშავების და კოორდინაციის საბაზისო შეფასება და (5) SIGMA-ს პრინციპები 5 ძირითადი მიმართულებით.

გეგმის შემუშავების პირველ ეტაპზე, ახალი სამოქმედო გეგმის პრიორიტეტების ნათლად ჩამოყალიბების მიზნით, განხილულ იქნა თითოეული სფეროს გზამკვლევში მოცემული ამოცანები, მათი შესრულების პროცესში მიღწეული პროგრესი და არსებული გამოწვევები. მიღწევებისა და გამოწვევების ანალიზის საფუძველზე, ახალი სამოქმედო გეგმის მიზნებისთვის, გზამკვლევში ჩამოყალიბებული ამოცანების ნაწილი შეიცვალა, ასევე, დაემატა ახალი ამოცანები. ახალ სამოქმედო გეგმაში არ მეორდება გზამკვლევის ის ამოცანები, რომლებიც მიმდინარე გამოწვევებისთვის შეუსაბამოდ ჩაითვალა ან/და 2018 წლის ბოლოს მდგომარეობით სრულად მიღწეულ იქნა. სამოქმედო გეგმის შემუშავებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ამბიციური და რეფორმაზე ორიენტირებული ამოცანებისა და აქტივობების ჩამოყალიბებას.

თითოეული ამოცანის შედეგის გაზომვის მიზნით შემუშავდა შედეგის ინდიკატორები კონკრეტული რაოდენობრივი ან ხარისხობრივი საბაზისო და სამიზნე მაჩვენებლების მითითებით. შესაბამისად, გაანალიზდა არსებული მდგომარეობა და შედეგი, რომელიც სამოქმედო გეგმის თითოეული ამოცანის განხორციელებას უნდა მოყვეს. ამოცანებისა და ინდიკატორების სწორად განსაზღვრის შემდგომ, ჩამოყალიბდა შესაბამისი აქტივობები და გაიწერა ბიუჯეტი. SIGMA-ს ექსპერტთა და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით რეფორმის პასუხისმგებელი უწყებებისთვის ჩატარდა სემინარი ბიუჯეტირების პროცესის სწორად დაგეგმვასთან დაკავშირებით.

წარმოდგენილ ცხრილში მოცემულია სრულყოფილი ინფორმაცია, თუ როგორ შეიცვალა გზამკვლევის ამოცანები 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმისთვის.

ცხრილი 1: გზამკვლევით და ახალი სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ამოცანები

PAR მიმართულება გზამკვლევის ამოცანები 2019-2020 წწ. სამოქმედო გეგმის ამოცანები
პოლიტიკის დაგეგმვა

1.1. პოლიტიკის დაგეგმვის სამართლებრივი ჩარჩოს გაუმჯობესება

1.2. პოლიტიკის დაგეგმვის ერთიანი სისტემისა და მეთოდური მითითებების შემუშავება

1.3. პოლიტიკის დაგეგმვასა და კანონშემოქმედებას შორის კავშირის უზრუნველყოფა

1.4. პოლიტიკის დაგეგმვისა და ბიუჯეტირების პროცესს შორის კავშირის უზრუნველყოფა

1.5. პოლიტიკის დაგეგმვის პროცესის გაძლიერებისთვის ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება

1.6. მართვის, მონიტორინგის, ანგარიშგების და შეფასების ყოვლისმომცველი სისტემების შემუშავება

1.1. პოლიტიკის დოკუმენტების ხარისხის კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესება და საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის სისტემის დახვეწის მიზნით

1.2. პოლიტიკის განხორციელების მონიტორინგის, ანგარიშგების და შეფასების ხარისხის გაუმჯობესება შედეგზე ორიენტირებული მიდგომის და საჯარო ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად

1.3. ანტიკორუფციული პოლიტიკის შემუშავების პროცესის გამჭვირვალობისა და უწყებათაშორისი კოორდინაციის ეფექტურობის ამაღლების მიზნით, პოლიტიკის დოკუმენტების ელექტრონულად შემუშავების პრაქტიკის ჩამოყალიბება

1.4. მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის განხორციელების სისტემის ჩამოყალიბება, საკანონმდებლო აქტებზე რეგულირების გავლენის შეფასების დანერგვის გზით

საჯარო სამსახური და ადამიანური რესურსების მართვა

2.1. საჯარო სამსახურის ფარგლების განსაზღვრა და პრაქტიკული გამოყენება

2.2. ინსტიტუციური მოწყობის ოპტიმალური გადაწყვეტის შეთავაზება

2.3. არსებული კანონმდებლობის დამსახურებაზე დაფუძნებული და თანასწორი მოპყრობის პრინციპების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა

2.4. საჯარო სამსახურში წამყვან მენეჯერულ პოზიციებზე პოლიტიკური ზეგავლენის გაანალიზება და აღნიშნულის პრევენციის მიზნით ერთიანი გადაწყვეტის შეთავაზება

2.5. საჯარო მოსამსახურეთა შრომითი ანაზღაურების სისტემის გაუმჯობესება არსებული მდგომარეობის უფრო დეტალური ანალიზის საფუძველზე, გამჭვირვალე და სამართლიანი მოდელის შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს საჯარო სამსახურში პროფესიონალი კადრების შენარჩუნებას, მოზიდვასა და მოტივირებას

2.6. საჯარო სამსახურში სტაბილური გარემოს შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს მუდმივ პროფესიულ განვითარებას

2.7. საჯარო მოსამსახურეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის მექანიზმის დახვეწა და მონიტორინგის სისტემის დანერგვა საჯარო სამსახურში კორუფციის პრევენციის მიზნით

2.8. საჯარო სამსახურის ბიუროს გაძლიერება

2.1. დამსახურებაზე დაფუძნებული კარიერული წინსვლის და ნეიტრალიტეტის პრინციპების განმტკიცების მიზნით, სამინისტროების დონეზე პროფესიული საჯარო მოხელეების პროფესიული განვითარების სისტემის შექმნა და საჯარო სამსახურში მენეჯერულ პოზიციებზე პოლიტიკური ზეგავლენის პრევენციის ხელშეწყობა

2.2. საჯარო სამსახურის ბიუროს ინსტიტუციური გაძლიერება საჯარო სამსახურის შესახებ კანონის აღსრულების ხელშეწყობისა და ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბების მიზნით

ანგარიშვალდებუ-ლება

3.1. „ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმის“ განხორციელება

3.2. „ღია მმართველობის პარტნიორობის 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის“ განხორციელება

3.1. ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და ეფექტურობის პრინციპების განმტკიცების მიზნით იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირების ინსტიტუციური მოწყობის გადაწყვეტის შეთავაზება, რომლებიც ექცევიან საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მოქმედების სფეროში

3.2. ღია მონაცემების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება არსებული მექანიზმის გაძლიერების მეშვეობით

3.3. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების ელექტრონული მონიტორინგის პრაქტიკის ჩამოყალიბება, რეკომენდაციებზე რეაგირების გაუმჯობესების მიზნით

3.4. საჯარო სამსახურში ღია მმართველობის პოლიტიკის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, ცენტრალურ დონეზე საჯარო მოხელეთა ცნობიერების ამაღლება ქვეყნის ღია მმართველობის დღის წესრიგის შესახებ

3.5. ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის არსებული კანონმდებლობის გაუმჯობესება საჯარო დაწესებულებების ღიაობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით და მისი თანმიმდევრული გამოყენება პრაქტიკაში

საჯარო სერვისები

4.1. ერთიანი პოლიტიკის შემუშავება მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდებისთვის, რომელიც უზრუნველყოფს, რომ მთავრობის სერვისები პასუხობს მომხმარებელთა საჭიროებებს

4.2. ადმინისტრაციული პროცედურების შესახებ ერთიანი სამართლებრივი ჩარჩოს შემუშავება, რათა მოხდეს სპეციალური რეგულაციების მინიმუმამდე დაყვანა

4.3. საჯარო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის უნივერსალური სისტემის შექმნა

4.4. ციფრული საქართველო: ელექტრონული საქართველოს 2014-2018 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელება

4.1. მომხმარებელთა საჭიროებების გათვალისწინების მიზნით, მომხმარებლის ჩართულობის პრინციპზე დაფუძნებული სახელმწიფო სერვისების შექმნის ერთიანი სტანდარტის შემუშავება

4.2. სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა სერვისების მიწოდების ერთიანი, მომხმარებელზე ორიენტირებული სტანდარტის დანერგვის მეშვეობით

4.3. სახელმწიფო სერვისების ხარისხის უზრუნველყოფა ხარისხის შემოწმებისა და გაუმჯობესების ერთიანი სტანდარტის დანერგვის მეშვეობით

4.4. სახელმწიფო სერვისების ფასწარმოქმნის სამართლიანი და ეფექტური მიდგომის ჩამოყალიბება სერვისების ფასწარმოქმნის ერთიანი მეთოდოლოგიის შემუშავების გზით

4.5. სახელმწიფო და კერძო სექტორის ელექტრონული სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება My.gov.ge-ს გაძლიერების გზით

4.6. ელექტრონული მმართველობის განვითარებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით ურთიერთთავსებადობის ჩარჩოს დანერგვა

4.7. კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების გაძლიერება ცნობიერების ამაღლებითა და სასწავლო მეთოდოლოგიების შექმნის გზით

საჯარო ფინანსების მართვა

5.1. საჯარო ფინანსების მართვის 2014-2017 წლების სტრატეგიისა და 2015 წლის სამოქმედო გეგმის განხორციელება

5.2. ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის განმტკიცება

5.1. ბიუჯეტის დაგეგმვის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, საშუალოვადიანი დაგეგმვის მდგრადობის გაძლიერება

5.2. მაკროფისკალური სტაბილურობის უზრუნველსაყოფის მიზნით, ფისკალური რისკების მართვის ეფექტიანობის გაძლიერება

5.3. ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით, საბიუჯეტო პროცესის მეტი გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა

ადგილობრივი თვითმმართველობა

6.1. ადგილობრივ დონეზე კარგი მმართველობის უზრუნველყოფისთვის ახალი სტრატეგიული და საოპერაციო ჩარჩო-დოკუმენტის შემუშავება

6.2. საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით

6.1. თვითმმართველობის გაძლიერების მიზნით, მათი უფლებამოსილებების გაფართოება

6.2. ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების ეტაპობრივი განვითარება და გაუმჯობესება


სამოქმედო გეგმის მიმოხილვა

პოლიტიკის შემუშავება და კოორდინაცია

2015 წლიდან მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ქვეყანაში პოლიტიკის დაგეგმვის განვითარებისთვის. შემუშავდა მთავრობის საქმიანობის მონიტორინგის, ანგარიშგებისა და შეფასების სისტემებისა და პოლიტიკის დაგეგმვის სახელმძღვანელოები,9 რომელთა მეშვეობით განისაზღვრა პოლიტიკის დოკუმენტების ნუსხა, იერარქია, ურთიერთმიმართება და მათი მომზადების წესი; ჩამოყალიბდა შედეგზე ორიენტირებული მართვის, მონიტორინგის და შეფასების პრაქტიკა. ამ მიმართულებით საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, პირველად შეიქმნა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტრენინგ-მოდული „საჯარო პოლიტიკის ანალიზი“. კურსის მიზანია, საჯარო მოხელეებმა მიიღონ ცოდნა პოლიტიკის შემუშავების მთლიანი ციკლისა და თითოეული ეტაპის განხორციელების შესახებ.

პროგრესის მიუხედავად, კვლავ გამოწვევად რჩება პოლიტიკის შემუშავების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა, სახელმწიფო უწყებებს შორის ეფექტური კოორდინაცია და სამინისტროებში პოლიტიკის შემუშავების კუთხით შესაძლებლობების განვითარება, ეს გამოწვევები აღნიშნულია SIGMA-ს 2018 წლის საბაზისო კვლევის ანგარიშშიც.

არსებულ ხარვეზებს სრულად ეხმიანება რეფორმის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის პოლიტიკის შემუშავებისა და კოორდინაციის ქვეთავის 4 ძირითადი ამოცანა:

  • პოლიტიკის შემუშავების, კოორდინაციის და განხორციელების სისტემის გაუმჯობესება და საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება;

  • პოლიტიკის განხორციელების მონიტორინგის, ანგარიშგების და შეფასების სისტემის დახვეწა;

  • ანტიკორუფციული პოლიტიკის დოკუმენტების ელექტრონულად შემუშავების პრაქტიკის ჩამოყალიბება;

  • საკანონმდებლო აქტების რეგულირების ზეგავლენის შეფასების სისტემის დანერგვა.

სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელების შედეგად გაუმჯობესდება პოლიტიკის დაგეგმვის კოორდინაცია და დოკუმენტების ხარისხი; საჯარო უწყებების თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით დაინერგება პოლიტიკის შემუშავების, მონიტორინგის, ანგარიშგებისა და შეფასების საბაზისო ტრენინგ მოდულები. შემუშავდება ელექტრონული სისტემა, რომელიც პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგის და შეფასების პროცესებს ერთიან ელექტრონულ სივრცეში მოაქცევს. პრიორიტეტი იქნება მონიტორინგის და შეფასების პროცესში მტკიცებულებების მეტად გამოყენება, რათა უკეთ გაანალიზდეს არსებული მდგომარეობა და სამომავლო საჭიროებები. განახლდება პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების სახელმძღვანელო, რომელიც უფრო მორგებული იქნება მომხმარებელთა (საჯარო მოხელეები) საჭიროებებზე, შესწავლილ იქნება პოლიტიკის შემუშავების პროცესში საჯარო კონსულტაციების წარმოების საუკეთესო პრაქტიკა, რათა მომზადდეს ნიადაგი და მეტ დაინტერესებულ პირს მიეცეს შესაძლებლობა ჩაერთოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. დაინერგება საკანონმდებლო აქტების რეგულირების ზეგავლენის შეფასების სისტემა, რაც ხელს შეუწყობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებისა და სამართალშემოქმედებითი პრაქტიკის დამკვიდრებას.

საჯარო მმართველობის რეფორმის განუყოფელი ნაწილია საჯარო სამსახურის რეფორმა.

საჯარო სამსახური და ადამიანური რესურსების მართვა

2015 წლის 27 ოქტომბერს მიღებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი 2017 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა. ამასთანავე, საქართველოს მთავრობამ კანონის გარდამავალი დებულებით გათვალისწინებული 13 კანონქვემდებარე აქტი დაამტკიცა: განისაზღვრა სამსახურში მიღების, კონკურსის ჩატარების, შესრულებული სამუშაოს შეფასების, რანგირების წესი და პროფესიული საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისათვის მნიშვნელოვანი სხვა საკითხები. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის გარდამავალი დებულების შესაბამისად, ასევე, მიღებულ იქნა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი და საჯარო დაწესებულებებმა დანერგეს ახალი რანგირების სისტემა.

საჯარო სამსახურის ახალი საკანონმდებლო ჩარჩო მთელ რიგ სიახლეებს გვთავაზობს, რომელთა პრაქტიკაში დანერგვა და ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბება კვლავ გამოწვევად რჩება. შესაბამისად, საჯარო მმართველობის რეფორმის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმაში საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ დასახული ამოცანები სწორედ ამ გამოწვევების დაძლევის საშუალებად გვევლინება.

საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის შინაარსი, რომელიც საფუძვლად დაედო „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შემუშავებას, დაფუძნებულია პროფესიული საჯარო მოხელის ინსტიტუტის დანერგვაზე და გულისხმობს, ისეთი რეგულაციების შემოღებას, რომლის მიზანია პოლიტიკური გავლენისაგან საჯარო სამსახურის გათავისუფლება და სამართლიანი კარიერული ზრდის სისტემის ფორმირება. ახალმა კანონმა და კანონქვემდებარე აქტებმა ახლებურად მოაწესრიგა საჯარო სამსახურში მიღების წესი და პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საკითხები. კანონით გათვალისწინებულ საკონკურსო პროცედურებთან დაკავშირებული სიახლეები ემსახურება საჯარო სამსახურში ჩასატარებელი კონკურსების პოლიტიკური გავლენისაგან სრულად განთავისუფლებას. საკანონმდებლო ბაზა უკვე შექმნილია დამსახურებაზე დაფუძნებული კარიერული წინსვლისა და ნეიტრალიტეტის პრინციპების განმტკიცების მიზნით. შემდგომი ეტაპი კი გულისხმობს პოლიტიკური ზეგავლენის პრევენციის არსებული მეთოდების კვლევას და ანალიზს, რისთვისაც მთელი რიგი აქტივობებია გაწერილი სამოქმედო გეგმაში.

საჯარო სამსახურის რეფორმის მიმდინარეობას კოორდინაციას უწევს საჯარო სამსახურის ბიურო, რომლის მისიაა საქართველოს საჯარო სამსახურის ერთიანი პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა და პროფესიული, კარიერულ პრინციპზე დაფუძნებული საჯარო სამსახურის განვითარება, კანონმდებლობის დახვეწის, ეფექტიანი და გამჭვირვალე მმართველობისა და ეთიკური სტანდარტების დანერგვის, აგრეთვე, ანტიკორუფციული პოლიტიკის მხარდაჭერის გზით. შესაბამისად, რეფორმის შეუფერხებლად მიმდინარეობისა და სხვა საჯარო დაწესებულებებისათვის რეკომენდაციების გაწევის მიზნით, 2019-2020 წლის სამოქმედო გეგმაში ჩამოყალიბდა ამოცანები საჯარო სამსახურის ბიუროს უწყვეტი ინსტიტუციური გაძლიერების უზრუნველსაყოფად.

ანგარიშვალდებულება

საქართველოს მთავრობის დღის წესრიგის მუდმივი საკითხია მმართველობის ღიაობის, გამჭვირვალობისა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების გაუმჯობესება.

აღნიშნული მიმართულებით ქვეყანაში ჩამოყალიბებულია სისტემური მიდგომა და არსებული ხედვა გაერთიანებულია ორ პოლიტიკის დოკუმენტში: „ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა“ და „ღია მმართველობა საქართველოს სამოქმედო გეგმა“.

ანტიკორუფციული სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბებისა და კორუფციის წინააღმდეგ კოორდინირებული ბრძოლის ხელშეწყობის მიზნით, მთავრობის მიერ შექმნილია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო10, ხოლო ღია მმართველობის პოლიტიკას ღია მმართველობა საქართველოს ფორუმი11 განსაზღვრავს. აღნიშნული უწყებათაშორისი ერთეულის წევრები არიან აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, მათ შორის, არასამთავრობო და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები. ეროვნულ დონეზე ანტიკორუფციული მიმართულების მაკოორდინირებელი უწყებაა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ხოლო ღია მმართველობა საქართველოს პროცესს 2019 წლის თებერვლიდან კოორდინაციას უწევს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.

საჯარო მმართველობის რეფორმის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა ანგარიშვალდებულების ქვე-თავი სრულად იმეორებდა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ღია მმართველობის სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებულ აქტივობებს.

საჯარო მმართველობის რეფორმის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის მიზნობრიობიდან გამომდინარე, საბჭოს სამდივნოს ინიციატივით, აღნიშნული სამოქმედო გეგმა აღარ გაიმეორებს მთავრობის მიერ დამტკიცებული სხვა სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. ამ გზით, თავიდან იქნება აცილებული საკითხთა დუბლირება და აქცენტი ახალ, რეფორმაზე ორიენტირებულ მიმართულებებზე გაკეთდება. მეორე მხრივ, კიდევ უფრო გაძლიერდება ეროვნულ დონეზე მაკოორდინირებელ უწყებათა ურთიერთთანამშრომლობა, რაც პოლიტიკის შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების ეტაპზე საჭირო რესურსების რაციონალურ გამოყენებას უზრუნველყოფს. ამ მიდგომას მხარი დაუჭირეს რეფორმის განხორციელებაში ჩართულმა როგორც სახელმწიფო უწყებებმა, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა და SIGMA-ს ექსპერტებმა.

საქართველოს მთავრობამ 2018 წლის ნოემბერში ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა12 დაამტკიცა, 2018 წლის დეკემბერში კი 2019-2020 წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის განახლების პროცესი დაიწყო. აღნიშნული დოკუმენტები ახალი მიდგომის შესაბამისად, არ აისახება წინამდებარე გეგმის ანგარიშვალდებულების თავში, თუმცა, საბჭოს სამდივნო საანგარიშო წლების განმავლობაში აქტიურად ითანამშრომლებს ანტიკორუფციული საბჭოსა და ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის სამდივნოსთან, რათა ანგარიშვალდებულების შესაბამის სამოქმედო გეგმათა შესრულების შესახებ ინფორმაცია მუდმივ რეჟიმში მიეწოდოს საჯარო მმართველობის რეფორმის საბჭოს.

საჯარო მმართველობის რეფორმის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის ანგარიშვალდებულების ქვე-თავში ხუთი მსხვილი ამოცანა ჩამოყალიბდა: (1) ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და ეფექტურობის პრინციპების განმტკიცების მიზნით იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირების ინსტიტუციური მოწყობის გადაწყვეტის შეთავაზება, რომლებიც ექცევიან საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მოქმედების სფეროში, (2) ღია მონაცემების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, (3) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაცემულ რეკომენდაციებზე რეაგირების გაუმჯობესება, (4) ღია მმართველობის პოლიტიკის შესახებ ცენტრალურ დონეზე საჯარო მოხელეთა ცნობიერების ამაღლება და (5) ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის არსებული კანონმდებლობის გაუმჯობესება. ანგარიშვალდებულების ქვეთავს მე-3 და მე-4 ამოცანა სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციის შედეგად დაემატა.

  • საჯარო სამსახურის რეფორმის წარმატებით განხორციელებისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის დანერგვის მიზნით, საჯარო სამსახურის ბიურომ, 2016-2017 წლებში განახორციელა ცენტრალური საჯარო დაწესებულებების ფუნქციური და ინსტიტუციური ანალიზი, რომლის საფუძველზეც შემუშავდა რეკომენდაციები. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე (სსიპ) გავრცელებისათვის საფუძვლის მომზადების მიზნით კი, ბიურომ 2018 წელს დაიწყო სსიპ-ების ფუნქციური და ინსტიტუციური ანალიზი. ამ მიმართულებით, SIGMA-ს ანგარიშვალდებულების პრინციპების გათვალისწინებით, სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებული ამოცანა მიზნად ისახავს კანონის გავრცელების საფუძვლის შექმნას. დასახული მიზნის მიღწევა კი იგეგმება სსიპ-ების ფუნქციებისა და უფლებამოსილებების სიღრმისეული ანალიზით.

  • ღია მონაცემებს განსაკუთრებული ადგილი უკავია როგორც ღია მმართველობისა და ანგარიშვალდებულების, ისე ელექტრონული მთავრობის თანამედროვე მოდელებში. საქართველოში შექმნილია ღია მონაცემების პორტალი (DATA.GOV.GE), რომელზეც ქვეყნდება ღია მონაცემები დამუშავებად და ყველასთვის ხელმისაწვდომ ფორმატებში, რაც ბიზნესს, არასამთავრობო და სამთავრობო დაწესებულებებს საშუალებას აძლევს შეუფერხებლად ისარგებლონ ამ მონაცემებით, მათი გამოყენებით შექმნან აპლიკაციები, ელექტრონული სერვისები და მიიღონ ეკონომიკური სარგებელი. მომდევნო 2 წლის განმავლობაში დაგეგმილია პორტალზე ღია მონაცემების რაოდენობის ზრდა, რისთვისაც საჯარო მმართველობის რეფორმის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმაში, დაკონკრეტდა ის 3 უწყება (მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო, საჯარო სამსახურის ბიურო და ფინანსთა სამინისტრო), რომლებიც მათი კომპეტენციის ფარგლებში გააუმჯობესებენ ღია მონაცემებზე წვდომას. ამ გზით, სამოქმედო გეგმის ფარგლებში მიღწეული კონკრეტული შედეგები ხელშესახები იქნება.

  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურის (შემდგომში – საო) აუდიტორული საქმიანობის ძირითად პროდუქტს წარმოადგენს რეკომენდაციები და მათი შესრულების შედეგად მოტანილი სარგებელი. შესაბამისად, საო-ს პრიორიტეტია გაცემული რეკომენდაციების შესრულების ხელშეწყობა და მათი მონიტორინგის გამართული მექანიზმის ჩამოყალიბება. 2016 წელს საო-მ დაამტკიცა რეკომენდაციების შემუშავებისა და მონიტორინგის სახელმძღვანელო. თუმცა დღევანდელი მიზანია გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის გაძლიერება, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს საჯარო უწყებების ანგარიშვალდებულების ხარისხი. შესაბამისად, რეფორმის სამოქმედო გეგმის ფარგლებში საო შეიმუშავებს რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის ელექტრონულ სისტემას, რომლის მეშვეობით მუდმივ რეჟიმში შეძლებს გაცემული რეკომენდაციების განხორციელების მონიტორინგს და უზრუნველყოფს მათი შესრულების სტიმულირებას. მნიშვნელოვანია, რომ ამ გზით ინფორმაცია კიდევ უფრო მარტივად ხელმისაწვდომი გახდება დაინტერესებული პირებისთვის.

  • სამოქმედო გეგმის შემუშავების ეტაპზე ღია მმართველობის კოორდინაცია ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე მთავრობის ადმინისტრაციას დაევალა. არსებული ხარვეზების და სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციების ანალიზის საფუძველზე, პრიორიტეტულ ამოცანად ჩამოყალიბდა ქვეყნის ღია მმართველობის დღის წესრიგის შესახებ საჯარო მოხელეების ცნობიერების ამაღლება. საკითხისადმი კომპლექსური მიდგომის უზრუნველსაყოფად, მთავარ აქტივობად ჩამოყალიბდა ღია მმართველობის კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება, რომელშიც დეტალურად განიმარტება სამიზნე ჯგუფები, კომუნიკაციის არხები და განსახორციელებელი პროექტები.

  • ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის ფარგლებში, მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების დახვეწა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. ამჟამად, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მარეგულირებელი ნორმები გაბნეულია ცალკეულ საკანონმდებლო აქტებში. არსებული კანონმდებლობა ბუნდოვანია საჯარო ინფორმაციის დეფინიციის ნაწილში. ხშირ შემთხვევაში ნორმები იძლევა მრავალმხრივი ინტერპრეტაციის საშუალებას და არ მოიაზრებს ინფორმაციის გაცემაზე პასუხიმგებელი პირების უფლებამოსილების ნათელ აღწერილობას. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო წინამდებარე გეგმის ფარგლებში მიზნად ისახავს გააუმჯობესოს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის არსებული კანონმდებლობა და უზრუნველყოს აღნიშნულის თანმიმდევრული გამოყენება პრაქტიკაში. ამ მიმართულებით უმთავრესი აქტივობა ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონის პარლამენტისთვის წარდგენაა. ინფორმაციის თავისუფლების შესახებ სპეციალური კანონის მიღებით უზრუნველყოფილ იქნება საჯარო ინფორმაციის მარეგულირებელი ნორმების კონსოლიდირება ერთ ნორმატიულ აქტში, ასევე პრაქტიკაში წარმოშობილი პრობლემებისა და საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრა. კანონის მიღებამ უნდა მოაწესრიგოს პრაქტიკა, ამასთან, დაეხმაროს როგორც საჯარო დაწესებულებებს, ისე არასამთავრობო სექტორსა და ფართო საზოგადოებას ღია, ანგარიშვალდებული, რაციონალური და ოპტიმალური სახელმწიფო აპარატის განვითარებაში. სპეციალური კანონი ხაზს გაუსვამს და გამოკვეთს მთავრობის ღიაობისა და საჯარო მმართველობის პოლიტიკის მნიშვნელობას და გაამარტივებს პროფესიონალთა მუშაობას ინფორმაციის თავისუფლების საკითხებზე.

სახელმწიფო სერვისების მიწოდება

საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში სახელმწიფო სერვისების მიწოდების მიმართულებით საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია სახელმწიფო სერვისების ხარისხის, ხელმისაწვდომობის და მომხმარებელთა კმაყოფილების დონის გაუმჯობესება.

საჯარო მმართველობის რეფორმის გზამკვლევით გათვალისწინებული ამოცანებისა და პრიორიტეტების შესაბამისად, 2017-2018 წლების განმავლობაში სახელმწიფო სერვისების მიწოდების კომპონენტის ფარგლებში მთავარი აქცენტი კეთდებოდა სახელმწიფო სერვისების შექმნის, მიწოდების, ხარისხის უზრუნველყოფისა და განფასების პოლიტიკის შექმნაზე. 2018 წელს შემუშავებული პოლიტიკის დოკუმენტი ასახავს იმ მიმართულებებს, რომელთა განხორციელებაც აუცილებელია სახელმწიფო სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად.

შესაბამისად, სერვისების კომპონენტის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის ამოცანაა ერთიანი პოლიტიკის განხორციელება, ზემოაღნიშნული პოლიტიკის დოკუმენტის იმპლემენტაცია და ახალი სტანდარტების დანერგვა.

2017-2018 წლებში ჩამოყალიბდა სახელმწიფო სერვისების შექმნის, მიწოდების, ხარისხის უზრუნველყოფისა და განფასების პოლიტიკა

2019-2020 წლების ამოცანაა პოლიტიკის იმპლემენტაცია და ახალი სტანდარტების პრაქტიკაში დანერგვა

ამასთან, სამოქმედო გეგმის მნიშვნელოვანი კომპონენტია ელექტრონული სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაც. ამ მიზნით, 2012 წელს შეიქმნა ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი (MY.GOV.GE) - საჯარო და კერძო სექტორში არსებული ელ. სერვისების ერთიანი სივრცე. ამჟამად პორტალზე განთავსებულია 400-ზე მეტი მომსახურება. ამ რაოდენობის უწყვეტი ზრდა ცალსახად მნიშვნელოვანია, თუმცა, ასევე პრიორიტეტულია მხედველობა დაქვეითებული მომხმარებლებისთვის პორტალის ადაპტირება. შესაბამისად, გზამკვლევისგან განსხვავებით, წინამდებარე გეგმის ამოცანა არ არის პორტალზე სერვისების დამატება, არამედ - არსებულზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, ადაპტირებული გარემოს შექმნითა და პორტალის უპირატესობების შესახებ ცნობიერების ამაღლების გზით.

მომსახურებათა ელექტრონულად ხელმისაწვდომის აუცილებელი წინაპირობაა განვითარებული ელექტრონული მმართველობა. თავის მხრივ, ელექტრონული მმართველობის ხელშემწყობ ერთ-ერთ წინაპირობას საჯარო სექტორში ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. გეგმის ამოცანაა ამ მიმართულებით აღსრულების მექანიზმების დანერგვა, რათა გაიზარდოს მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურაში ინტეგრირებული სახელმწიფო სერვისების რაოდენობა და მიღწეულ იქნეს ურთიერთთავსებადობის მაღალი სტანდარტი.

მაღალი სტანდარტის მმართველობის უზრუნველსაყოფად აგრეთვე უმნიშვნელოვანესია კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება და ინფორმაციული სისტემების დაცულობის მაღალი ხარისხი. ახალი სამოქმედო გეგმით ჩამოყალიბებული აქტივობები სწორედ ასეთი სისტემების დაცვას და ზოგადად, კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

საჯარო ფინანსების მართვა

საჯარო ფინანსების მართვის სფეროში არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოების მიზნით, ბოლო წლებში არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა.

პროგრესს ადასტურებს, სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების 2017 წლის შეფასება.13 ასევე, ამაზე მეტყველებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ტექნიკური დახმარების მისიის ფარგლებში მომზადებული საქართველოს ფისკალური გამჭვირვალობის შეფასების ანგარიში14 და ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის მიერ გამოქვეყნებული „ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევა 2017“,15 რომლის მიხედვით, საქართველომ 82 ქულით მე-5 ადგილი დაიკავა მსოფლიოს 115 ქვეყანას შორის16 და სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში მოექცა.

აღნიშნულის მიუხედავად, სისტემის სტაბილური და ეფექტური ფუნქციონირების თვალსაზრისით კვლავ არის გადასადგმელი ნაბიჯები. ამ მიმართულებით სრული სურათი ნაჩვენებია ქვეყნის საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის 2018-2021 წლების სტრატეგიაში.17 წინამდებარე სამოქმედო გეგმა შესაბამისობაშია სტრატეგიული დოკუმენტით დადგენილ მიზნებთან და კონკრეტული შედეგის ინდიკატორების მეშვეობით ასახავს საჯარო მმართველობის რეფორმის შესაბამის ამოცანებს 2019-2020 წლებისთვის.

სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა საშუალოვადიანი დაგეგმვის მდგრადობის გაძლიერება, რათა ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესი კიდევ უფრო ეფექტური გახდეს. ამ მიმართულებით, უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს მთავრობის პროგრამისა და სხვადასხვა სექტორის სტრატეგიების თავსებადობა საშუალო ვადიან პარამეტრებთან; განხორციელდება ღონისძიებები სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების (PEFA) შეფასების შედეგად გამოვლენილი სუსტი მხარეების აღმოსაფხვრელად. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ 2021-2024 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემების და მიმართულების დოკუმენტში (BDD) აისახება არსებული და ახალი პოლიტიკის ბიუჯეტზე გავლენის შესახებ ინფორმაცია. ბიუჯეტის შემოსავლების პროგნოზების გაუმჯობესების მიმართულებით კი მაკროეკონომიკური და ფისკალური ინდიკატორების ანალიზი და პროგნოზი საერთო წონასწორობის დინამიკურ-სტოქასტიკური (DSGE) მოდელის გამოყენებით განხორციელდება.

2017-2018 წლებში ჩამოყალიბდა სახელმწიფო სერვისების შექმნის, მიწოდების, ხარისხის უზრუნველყოფისა და განფასების პოლიტიკა

2019-2020 წლების ამოცანაა პოლიტიკის იმპლემენტაცია და ახალი სტანდარტების პრაქტიკაში დანერგვა

მაკრო-ფისკალური სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულია ფისკალური რისკების მართვის ეფექტიანობის გაძლიერებაც. საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ფარგლებში მნიშვნელოვანია ფისკალური სექტორის მაკროეკონომიკური რისკების ანალიზის განვითარება და სახელმწიფო საწარმოების მართვის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება, მათ შორის საწარმოების კლასიფიცირება, პირობითი ვალდებულებებისა და მათი ოპერაციებიდან გამომდინარე სხვა შესაძლო ფისკალური რისკების მონიტორინგი/პრევენცია, რათა გაიზარდოს სახელმწიფო საწარმოთა წილი, რომელსაც ფარავს ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტი. სამოქმედო გეგმის ფარგლებში დაგეგმილია სახელმწიფო საწარმოთა კორპორატიზაციის სტრატეგიის შემუშავება.

ფისკალური რისკების მართვის რეფორმის წარმატებით განხორციელება, შემთხვევითი და გაუთვალისწინებელი ფაქტორების საბიუჯეტო მაჩვენებლებზე და ქვეყნის ეკონომიკურ

განვითარებაზე უარყოფით ზემოქმედებას მინიმუმამდე დაიყვანს და შეამცირებს ბიუჯეტის გაუთვალისწინებელი ხარჯის რისკებს. ფისკალური რისკების ანალიზის შემდგომი გაუმჯობესება და გამჭვირვალობა კი დადებითად აისახება ქვეყნის საკრედიტო რეიტინგებზე და გაამყარებს ინვესტორთა ნდობას საქართველოს ეკონომიკისადმი.

საჯარო ფინანსების მართვის ქვე-თავით გათვალისწინებული მესამე ამოცანაა საბიუჯეტო პროცესის მეტი გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა. შესაბამისად, გაგრძელდება მუშაობა ბიუჯეტის გამჭვირვალობის გაუმჯობესების მიმართულებით - ძირითადი საბიუჯეტო დოკუმენტაცია რედაქტირებად ფორმატში ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოებისთვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდის საშუალებით. მომზადდება სახელმწიფო ბიუჯეტის მოქალაქის გზამკვლევი და გათვალისწინებული იქნება ღია ბიუჯეტის კვლევის და სხვა გამჭვირვალობის მიმართულებით საერთაშორისო ინსტრუმენტების რეკომენდაციები რეფორმის შემდგომი ეტაპებისათვის.

ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში საზოგადოების ჩართულობის მიზნით, დონორების და საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის მხარდაჭერით, შეიქმნება ელექტრონული პლატფორმა, რომლის გამოყენებით ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა დაგეგმოს მომავალი წლის ბიუჯეტი პრიორიტეტის ან მხარჯავი დაწესებულების მიხედვით.

ადგილობრივი თვითმმართველობა

2018 წელს, კონსტიტუციის ახალი რედაქციით განისაზღვრა, რომ სახელმწიფო ხელისუფლებისა და თვითმმართველი ერთეულების უფლებამოსილებათა გამიჯვნა ეფუძნება სუბსიდიარობის პრინციპს, რაც კონკრეტული უფლებამოსილებების იმ სახელისუფლებლო დონეზე არსებობას გულისხმობს, სადაც ის უფრო ეფექტიანად განხორციელდება. შესაბამისად, გაჩნდა საჭიროება ჩატარდეს ყველა იმ უფლებამოსილების, თუ სერვისის ანალიზი, რომელიც დღეს ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ხორციელდება, თუმცა შესაძლებელია, სამომავლოდ განხილულ იქნეს ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციად.

შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ქვეთავის ძირითად ამოცანად ჩამოყალიბდა თვითმმართველობის გაძლიერების მიზნით, მათი უფლებამოსილებების გაფართოება. ამოცანის განხორციელების მთავარ აქტივობებად განისაზღვრა (1) "ადგილობრივ დონეზე კარგი მმართველობის საშუალოვადიანი (2019-2025) სტრატეგიის" შემუშავება და (2) ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის დამატებით გადასაცემი უფლებამოსილებების ანალიზი. მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის გადასაცემი უფლებამოსილებების დელეგირება შესაბამის ფინანსურ რესურსებთან ერთად განხორციელდება, რაც ადგილობრივ თვითმმართველობებს საშუალებას მისცემს სწრაფად და ეფექტიანად განახორციელონ ახლად დაკისრებული ვალდებულებები.

ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების აუცილებელი კომპონენტია მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების ეტაპობრივი განვითარება და გაუმჯობესება. სწორედ ამ საკითხს ეხმიანება სამოქმედო გეგმის 6.2 ამოცანა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მოამზადებს სამოქმედო გეგმას, რომლითაც შემუშავდება ყველა იმ სერვისის ჩამონათვალი, რომელიც ელექტრონულ ფორმატში უნდა მიეწოდოს მოქალაქეებს ადგილობრივ დონეზე 2021 წლიდან. სამოქმედო გეგმაში გაწერილი იქნება ელექტრონული სერვისების სამომავლოდ დანერგვის ეტაპები.

ბიუჯეტი

რეფორმის საბჭოს სამდივნომ პრიორიტეტად დაისახა სამოქმედო გეგის ბიუჯეტირება მაღალი სტანდარტების შესაბამისად. SIGMA-ს ექსპერტთა დახმარებით ჩამოყალიბდა სამოქმედო გეგმის ბიუჯეტის ფორმა, რომელიც პასუხისმგებელ უწყებებს საშუალებას აძლევს თითოეული აქტივობისთვის გააკეთონ ზუსტი ფინანსური გათვლა სახელმწიფო ბიუჯეტის, დონორის ან სხვა სახსრებიდან მიღებული დაფინანსების შესაბამისად. რესურსების მობილიზაციის მიზნით, ბიუჯეტის ფორმა შესაძლებლობას იძლევა გამოვლინდეს ისეთი აქტივობები, რომელთა დაფინანსების წყარო გეგმის მიღების ეტაპზე არ არის მოძიებული. აღნიშნული ეხმარება საბჭოს სამდივნოს წარმატებით ითანამშრომლოს დონორ ორგანიზაციებთან და, როგორც მაკოორდინირებელმა უწყებამ, შეასრულოს მედიატორის როლი, გეგმის პასუხისმგებელ უწყებებსა და საკითხით დაინტერესებულ დონორებს შორის.

რეფორმის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის ბიუჯეტის თანახმად, გეგმის იმპლემენტაციისთვის საჭიროა 3 162 295.00 ლარი. თანხების ზუსტი გადანაწილებისთვის იხილეთ ცხრილი 2.

ცხრილი 2: 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის ბიუჯეტი

* 18 ხელფას-ები შესაძლებლობების განვითარება ტექნიკური დახმარება აღჭურვი-ლობა ბეჭდური/სხვა მასალები ინვესტიცია (ICT) სხვა ხარჯები ჯამი
1 - 80 240.00 60 300.00 - 9 600.00 81 500.00 - 231 640
2 - 9 500.00 454 834.00 - - 30 000.00 - 494 334
3 - 11 400.00 36 000.00 - - 120 000.00 - 167 400
4 377 623.00 103 809.00 1 150 420.00 442 000.00 72 798.00 100 000.00 19 271.00 2 265 921
5 - - - - - - - -
6 - 3 000.00 - - - - - 3 000
ჯამი 377 623.00 207 949.00 1 701 554.00 442 000.00 82 398.00 331 500.00 19 271.00 3 162 295.00

მონიტორინგი და შეფასება

ყველა წარმატებული რეფორმის მნიშვნელოვანი წინაპირობაა მონიტორინგისა და ანგარიშგების ეფექტური სისტემის არსებობა, რომელიც საშუალებას იძლევა რეგულარულად შეგროვდეს და გაანალიზდეს ინფორმაცია მიღწეული პროგრესის შესახებ და აღნიშნული ეცნობოთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს.

სამოქმედო გეგმის შემუშავების პარალელურად, საბჭოს სამდივნომ, SIGMA-ს მიერ მომზადებულ გზამკვლევის შეფასების შუალედურ ანგარიშში წარმოდგენილ რეკომენდაციებზე დაყრდნობით, მოამზადა საჯარო მმართველობის რეფორმის სამოქმედო გეგმის მონიტორინგისა და შეფასების მეთოდოლოგია.

სამოქმედო გეგმის მონიტორინგის და შეფასების მეთოდოლოგია მიზნად ისახავს შეაფასოს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული, როგორც აქტივობების შესრულება, ასევე ამოცანების განხორციელებისას მიღწეული შედეგები, უზრუნველყოს ხარვეზების დროული აღმოჩენა და მათი გადაჭრის მიზნით რეკომენდაციების მომზადება. აგრეთვე, მთავრობის მიზანია ამ პროცესში უზრუნველყოფილ იქნეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა აქტიური ჩართულობა.

ქვემოთ წარმოდგენილ ცხრილში აღწერილია სამოქმედო გეგმის მონიტორინგის და შეფასების მეთოდოლოგიის ძირითადი საკითხები.

ცხრილი 3: მონიტორინგის და შეფასების მეთოდოლოგია

მონიტორინგი
მონიტორინგის ძირითადი ეტაპები
  • პასუხისმგებელი უწყებების მიერ მონიტორინგის ცხრილის შევსება;

  • სამდივნოს მიერ პასუხისმგებელი უწყებების მიერ მოწოდებული ინფორმაციის დამუშავება და რეფორმის განხორციელების პროცესში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის განსახილველად მიწოდება;

  • არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ კომენტარების მომზადება და სამდივნოსთვის წარდგენა;

  • სამდივნოს მიერ მონიტორინგის შედეგების დამუშავება და საბჭოს სხდომაზე წარდგენა.

სიხშირე წელიწადში ერთხელ
შინაარსი მონიტორინგის ფარგლებში შეფასდება სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესი აქტივობებთან და მათ ინდიკატორებთან მიმართებით. მონიტორინგის ანგარიში, შეფასების ანგარიშისგან განსხვავებით, არ იმსჯელებს შედეგის ინდიკატორების შესრულების საკითხზე.
შეფასება
შეფასების ძირითადი ეტაპები
  • პასუხისმგებელი უწყებების მიერ სამდივნოსთვის გეგმის შესრულების წერილობითი ანგარიშის წარდგენა;

  • საჭიროების მიხედვით, სამდივნოს მიერ პასუხისმგებელ უწყებასთან შეხვედრების გამართვა (Key informant interviews);

  • სამდივნოს მიერ შეფასების ანგარიშის პროექტის მომზადება და კომენტარებისთვის სამოქალაქო საზოგადოებასა და საბჭოს ექსპერტთა დონის სამუშაო ჯგუფისთვის წარდგენა;

  • მიღებული კომენტარების განხილვის შემდგომ, სამდივნოს მიერ საბოლოო ანგარიშის მომზადება და საჯარო მმართველობის რეფორმის საბჭოსთვის წარდგენა;

  • შეფასების ანგარიშის განხილვა საბჭოს სხდომაზე.

სიხშირე სამოქმედო გეგმის ვადის ბოლოს
შინაარსი სამოქმედო გეგმის შეფასების ანგარიშში განხილული იქნება როგორც აქტივობების შესრულება, ასევე ამოცანების განხორციელების შედეგად მიღწეული შედეგები.
მონიტორინგის და შეფასების კრიტერიუმები
რეიტინგი სრულად შესრულდა

მონიტორინგი – აქტივობის შესასრულებლად დაგეგმილი ყველა ეტაპი სრულად შესრულდა.

შეფასება – ამოცანის შედეგის ინდიკატორი სრულად მიღწეულია

უმეტესწილად შესრულდა

მონიტორინგი – აქტივობის შესასრულებლად დაგეგმილი ეტაპების ნახევარზე მეტი სრულად შესრულდა და მხოლოდ მცირე ნაწილი დარჩა შესასრულებელი.

შეფასება – ამოცანის შედეგის ინდიკატორის 51%-ზე მეტი მიღწეულია

ნაწილობრივ შესრულდა

მონიტორინგი – აქტივობის შესასრულებლად დაგეგმილი ეტაპების ნახევარზე ნაკლები შესრულდა და უმეტესი ნაწილი დარჩა შესასრულებელი.

შეფასება – მიღწეულია ამოცანის შედეგის ინდიკატორის 51%-ზე ნაკლები

არ შესრულდა

მონიტორინგი – აქტივობის შესასრულებლად დაგეგმილი არც ერთი ეტაპი არ შესრულდა.

შეფასება – ამოცანის შედეგის საბაზისო მონაცემი უცვლელია

სტატუსი განხორციელების პროცესი ჯერ არ დაწყებულა
განხორციელების პროცესი მიმდინარეობს
განხორციელების პროცესი შეჩერებულია
განხორციელების პროცესი დასრულებულია