„კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.“

გ. უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა

201. ორივე მხარემ წარადგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი არაერთი განჩინება იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ ხდებოდა პრაქტიკაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმების გამოყენება, კერძოდ, იმ ნორმების რომლებიც არეგულირებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების პროცედურას.

1. მომჩივნების მიერ წარდგენილი პრაქტიკა

202. მომჩივნების მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს განჩინებებს შორის ყველაზე რელევანტური მაგალითების მოკლე მიმოხილვა მოცემულია ქვემოთ.

(ა) უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 13 მაისის განჩინება (საქმე №ას-277-263-2016)

203. 2016 წლის 13 მაისის განჩინებით, რომელიც რეგისტრირებულია ნომრით – ას-277-263-2016, უზენაესმა სასამართლომ სამოქალაქო საქმეზე გააუქმა ქვემდგომი სასამართლოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს, განჩინება. უზენაესმა სასამართლომ თავისი განჩინების მე-12, მე-14 და 21-28-ე პარაგრაფებში მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გასაჩივრების უფლება შემოიფარგლებოდა არა მხოლოდ მოპასუხით (194-ე მუხლის მე-2 ნაწილის მკაცრი განმარტების შესაბამისად), არამედ შეიძლებოდა გამოყენებულიყო იმ პირის მიერ, რომელსაც ეხება ანუ რომლის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებზეც ახდენს გავლენას გასაჩივრებული უზრუნველყოფის ღონისძიება (როდესაც 194-ე მუხლის მე-2 ნაწილი განიმარტება ისეთ ზოგად ნორმებთან ერთად, როგორიცაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი და 414-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

204. იმავე განჩინების 32-ე პარაგრაფსა და სარეზოლუციო ნაწილში, უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა, რომ დაზარალებული პირის მიერ შეტანილი საჩივარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების წინააღმდეგ, უნდა შეისწავლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197(1), 419-ე და 420-ე მუხლების შესაბამისად, ანუ, იმ წესების მიხედვით, რომლებიც არეგულირებს კერძო საჩივრების განხილვას. ამრიგად, დაზარალებული პირის მიერ შეტანილი ასეთი საჩივარი, პირველ რიგში, უნდა განიხილოს იმ სასამართლომ, რომელმაც მიიღო უზრუნველყოფის ღონისძიება (თბილისის სააპელაციო სასამართლო) და მხოლოდ შემდეგ არის შესაძლებელი განიხილოს ზემდგომმა სასამართლომ (უზენაესი სასამართლო).

(ბ) უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 6 აპრილისა (საქმე № ას-175-164-2017) და 2015 წლის 6 იანვრის განჩინებები (საქმე № ას-1135-1081-2014)

205. 2017 წლის 6 აპრილისა და 2015 წლის 6 იანვარის განჩინებით, რომლებიც რეგისტრირებულია ნომრებით – ას-175-164-2017 და ას-1135-1081-2014, უზენაესმა სასამართლომ სამოქალაქო საქმეებზე უცვლელად დატოვა ქვემდგომი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებები. უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199(1) მუხლში მოცემული წესი, რომლის მიხედვითაც, როდესაც პირი აღარ არის მოპასუხე სამოქალაქო საქმეში (სხვა სიტყვებით, როდესაც საბოლოო და ძალაში შესული განჩინებით უარი ეთქვა მოპასუხის წინააღმდეგ მოთხოვნას), ამ პირის მიმართ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს, მაშინაც კი, თუ სხვა თანამოპასუხეებთან დაკავშირებით გრძელდება საქმის არსებითი განხილვა.

206. უზენაესმა სასამართლომ დამატებით დაადასტურა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199(1) მუხლში მოცემული წესი – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების არასტაბილურობა იმ პირის მიმართ, რომელიც აღარ არის მოპასუხე – უნდა განიხილებოდეს ამავე კოდექსის 197(1), 419-ე და 420-ე მუხლების შესაბამისად, ე. ი. კერძო საჩივრის განხილვის მარეგულირებელი ნორმების მიხედვით. ამრიგად, ასეთი საჩივარი, რომელიც შეტანილია მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე განჩინების წინააღმდეგ, რომელიც გავლენას ახდენს ყოფილ მოპასუხეზე, თავდაპირველად უნდა განიხილოს იმ სასამართლომ, რომელმაც დაადასტურა გაუქმება (თბილისის სააპელაციო სასამართლო) და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა განიხილოს ზემდგომმა სასამართლომ (უზენაესი სასამართლო).

(გ) უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის განჩინება (საქმე № ას‑806‑773‑2016)

207. 2016 წლის 29 დეკემბრის განჩინებით სამოქალაქო საქმის შესახებ, რომელიც დარეგისტრირდა ნომრით – ას-806-773-2016, უზენაესმა სასამართლომ უცვლელად დატოვა ქვემდგომი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დაადასტურა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199(1) მუხლში მოცემული წესი. აღნიშნული წესის მიხედვით, როდესაც პირი აღარ არის მოპასუხე სამოქალაქო საქმეში (ე.ი. როდესაც ამ მოპასუხის წინააღმდეგ მიმართულ მოთხოვნას საბოლოოდ და შეუცვლელად ეთქვა უარი), ამ პირთან მიმართებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს, მაშინაც კი, თუ სხვა თანამოპასუხეებთან დაკავშირებით გრძელდება საქმის არსებითი განხილვა (განჩინების მე-14 და მე-15 პარაგრაფები).

208. უზენაესმა სასამართლომ დამატებით განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199(1) მუხლი იმის განსაზღვრით, რომ თუ სასამართლოს გამორჩა უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება იმ პირთან მიმართებით, რომელიც აღარ არის საქმეში მოპასუხე, აღნიშნული პირი, ყოფილი მოპასუხე, უფლებამოსილი იყო მიემართა უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებისთვის, ნებისმიერ შემდგომ ეტაპზე. უზენაესმა სასამართლომ დააზუსტა, რომ ex post factum ასეთი უფლება, რომ მოითხოვო გაუქმება, არ ექვემდებარებოდა არანაირ ვადას და შეიძლებოდა გამოყენებულიყო ნებისმიერ მომენტში. მან დამატებით აღნიშნა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებისთვის ნებისმიერი ასეთი საჩივარი ex post factum სასამართლოში უნდა შეტანილიყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197(1) მუხლის შესაბამისად ანუ კერძო საჩივრის მარეგულირებელი წესების თანახმად (მე-15 პარაგრაფი განჩინების in fine). კერძოდ, პირს, რომელიც აღარ არის მოპასუხე სამოქალაქო საქმეში, ჯერ უნდა შეეტანა კერძო საჩივარი იმ სასამართლოში, რომელმაც გამოტოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება. შემდეგ, აღნიშნულ სასამართლოს უნდა მიეღო გადაწყვეტილება საჩივრის გაუქმებაზე და მხოლოდ შემდეგ იქნებოდა შესაძლებელი ზემდგომ სასამართლოში განჩინების გასაჩივრება კოდექსის 197(1) მუხლის მე-4 ნაწილის, 419-ე და 420-ე მუხლების შესაბამისად. ზუსტად ამგვარად მოხდა შესაბამისი გასაჩივრების პროცედურა ამ საქმეში, რაც დაადასტურა უზენაესმა სასამართლომ, როგორც შესაფერისი პროცესუალური გასაჩივრების საშუალება (მე-7-12, მე-15 in fine, მე-17-22-ე პარაგრაფები და 2016 წლის 29 დეკემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი).

(დ) უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 13 ნოემბრის გაჩინება (საქმე № ას‑1185‑1114‑2012)

209. 2012 წლის 13 ნოემბრის განჩინებით, რომელიც რეგისტრირებულია ნომრით – ას-1185-1114-2012, უზენაესმა სასამართლომ სამოქალაქო საქმეზე განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე მუხლი. კერძოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ აღნიშნული წესით, მოსარჩელეს ან მოპასუხეს უფლებამოსილება ჰქონდათ, როგორც სამართალწარმოების ფორმალურ მხარეებს, მოეთხოვათ მითითებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლა სხვა ტიპის ღონისძიებით. მან დამატებით დააზუსტა, რომ მოსარჩელის ან მოპასუხის მიერ ამ წესის გამოყენება არ უნდა დაქვემდებარებოდა არანაირ ვადას და დამოკიდებული უნდა ყოფილიყო მხოლოდ განსახილველ საქმეში გარემოებების შეცვლაზე. განჩინებიდან, კერძოდ, მისი სარეზოლუციო ნაწილიდან, ასევე გამომდინარეობდა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი ტიპის მეორით შეცვლის შესახებ საჩივრები უნდა შეეტანათ მოსარჩელეს ან მოპასუხეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197(1), 419-ე და 420-ე მუხლების ანუ კერძო საჩივრის განხილვის მარეგულირებელი ნორმების შესაბამისად.

(ე) უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 17 ნოემბრის განჩინება (საქმე № ას‑934‑1139‑08)

210. 2008 წლის 17 ნოემბრის განჩინებით, რომელიც რეგისტრირებულია ნომრით – ას--934-1139-08, უზენაესმა სასამართლომ სამოქალაქო საქმეზე უცვლელად დატოვა ქვემდგომი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება. უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხე, სამართალწარმოების ფორმალური მხარე, უფლებამოსილი იყო მიემართა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი საგნის მეორე ქონებით შეცვლისთვის (ანუ ქონების ტიპი, რაზეც გავლენას ახდენდა უზრუნველყოფის ღონისძიება) სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. განჩინებიდან ასევე აშკარა იყო, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე მუხლის საფუძველზე საჩივრები უნდა შეეტანათ მოსარჩელეს ან მოპასუხეს, კოდექსის 197(1), 419-ე და 420-ე მუხლების ანუ კერძო საჩივრის განხილვის მარეგულირებელი ნორმების შესაბამისად.

(ვ) უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის განჩინება (საქმე № ას‑1215‑1140‑2015)

211. უზენაესმა სასამართლომ სამოქალაქო საქმის თაობაზე 2016 წლის 2 თებერვლის განჩინებით, რომელიც რეგისტრირებულია ნომრით – ას-1215-1140-2015, დაადასტურა წესი, რომელსაც ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199(1) მუხლი. აღნიშნულის შესაბამისად, როდესაც პირი აღარ არის მოპასუხე სამოქალაქო საქმეში (ანუ როდესაც ამ მოპასუხის წინააღმდეგ მიმართულ მოთხოვნას საბოლოოდ და შეუცვლელად ეთქვა უარი), ამ პირთან მიმართებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს, მაშინაც კი, თუ სხვა თანამოპასუხეებთან დაკავშირებით გრძელდება საქმის არსებითი განხილვა. როგორც დასტურდება მოცემული სამოქალაქო საქმით, ეს წესი მოქმედებდა საკორპორაციო დავაზეც ანუ როდესაც ყოფილი თანამოპასუხე, რომელმაც წარმატებით მიაღწია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების (კომპანიის ქონების დაყადაღება) გაუქმებას 199(1) მუხლის საფუძველზე, წარმოადგენდა კომპანიას, რომლის ერთადერთი მფლობელი იყო მეორე თანამოპასუხე, ვის მიმართაც გაგრძელდა სამოქალაქო სამართალწარმოება (განჩინების მე-11 და მე-12 პარაგრაფები).

212. უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებისთვის 199(1) მუხლის საფუძველზე საჩივარი სასამართლოში უნდა შეტანილიყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197(1) მუხლის შესაბამისად, ე. ი. კერძო საჩივრის განხილვის მარეგულირებელი ნორმების თანახმად.

(ზ) უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 6 მარტისა და 17 ნოემბრის განჩინებები (საქმეები № ას-28-25-2017 და ას-1113-1033-2017)

213. უზენაესმა სასამართლომ სამოქალაქო საქმეების თაობაზე 2017 წლის 6 მარტისა და 17 ნოემბრის განჩინებებით, რომლებიც რეგისტრირებულია, შესაბამისად, ას-28-25-2017 და ას-1113-1033-2017 ნომრებით, ერთი მხრივ დაადასტურა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლის უფლების გამოყენება დაკავშირებული იყო სამართალწარმოების მხარესთან (მოსარჩელე, მოპასუხე და მესამე მხარე) და მეორე მხრივ, ასეთი საჩივარი არ ექვემდებარებოდა არანაირ ვადებს და შესაძლებელი იყო სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. უზენაესმა სასამართლომ დამატებით დაადასტურა, რომ 196-ე მუხლის საფუძველზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლის შესახებ საჩივარი უფლებამოსილ სასამართლოში უნდა შეეტანათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197(1) მუხლის შესაბამისად, ე. ი. კერძო საჩივრის განხილვის მარეგულირებელი ნორმების თანახმად.

2. მთავრობის მიერ წარდგენილი პრაქტიკა

214. მთავრობის მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს განჩინებებს შორის ყველაზე რელევანტური მაგალითების მოკლე მიმოხილვა მოცემულია ქვემოთ.

(ა) უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 27 ოქტომბრისა და 2017 წლის 19 აპრილის განჩინებები (საქმეები № ას-1102-1051-2014 და ას-471-439-2017)

215. უზენაესმა სასამართლომ სამოქალაქო საქმეებზე 2014 წლის 27 ოქტომბრისა და 2017 წლის 19 აპრილის განჩინებებში, რომლებიც რეგისტრირებულია, შესაბამისად, ას-1102-1051-2014 და ას-471‑439‑2017 ნომრებით, დაადასტურა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197(1) და 419-ე მუხლების შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები უნდა განხილულიყო მხოლოდ ორი ინსტანციის მიერ. ასევე, ზემდგომი სასამართლოს განჩინებები, რომლებიც დაკავშირებულია კერძო საჩივრის შეტანასთან, იყო საბოლოო და ძალაში შესული და დამატებითი საჩივრით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები არ საჩივრდებოდა.

(ბ) უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 18 მაისის განჩინება (საქმე № 194-194-2018)

216. უზენაესმა სასამართლომ სამოქალაქო საქმის შესახებ 2018 წლის 18 მაისის განჩინებაში, რომელიც რეგისტრირებულია ნომრით – 194-194-2018, მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ზოგადი პრინციპი – უფლების სასამართლო წესით დაცვა – არ შეიძლება შეეთავსოს შესაბამისი პროცედურული მოთხოვნების დარღვევით სასამართლოსთვის მიმართვის გარანტიას. თავისი ბუნებით, სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების გამოყენება უნდა შეესაბამებოდეს სხვადასხვა პროცედურულ წესებს. სამოქალაქო პროცედურით მინიჭებულია არა მხოლოდ უფლებები, ასევე დაკისრებულია პროცედურული ვალდებულებები და აღნიშნული ვალდებულებები უნდა შეესრულებინა ყველას, ვისაც სურდა მიემართა სასამართლოსთვის თავისი სამოქალაქო უფლებების დასაცავად (განჩინების მე-12 და მე-13 პარაგრაფები).

(გ) უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 10 მარტისა და 2016 წლის 29 ივლისის განჩინებები (საქმეები № ას-116-109-2015 და ას-650-621-2016)

217. უზენაესმა სასამართლომ სამოქალაქო საქმეებზე 2015 წლის 10 მარტისა და 2016 წლის 29 ივლისის განჩინებებში, რომლებიც რეგისტრირებულია, შესაბამისად, ას-116-109-2015 და ას-650‑621‑2016 ნომრებით, ერთი მხრივ დაადასტურა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლის უფლების გამოყენება დაკავშირებული იყო სამართალწარმოების მხარესთან (მოსარჩელე, მოპასუხე და მესამე მხარე) და მეორე მხრივ, ასეთი გასაჩივრება არ ექვემდებარებოდა არანაირ ვადებს და შესაძლებელი იყო სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. უზენაესმა სასამართლომ დამატებით დაადასტურა, რომ 196-ე მუხლის საფუძველზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლის შესახებ საჩივარი უფლებამოსილ სასამართლოში უნდა შეეტანათ იმავე კოდექსის 197(1) მუხლის შესაბამისად, ე. ი. კერძო საჩივრის განხილვის მარეგულირებელი ნორმების თანახმად.

(დ) უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 30 სექტემბრის განჩინებები (საქმე № ას‑661‑628‑2014)

218. უზენაესმა სასამართლომ სამოქალაქო საქმეზე 2015 წლის 30 სექტემბრის განჩინებაში, რომელიც დარეგისტრირებულია ნომრით – ას-661-628-2014, აღნიშნა, რომ „იძულების არაპირდაპირი მტკიცებულება შესაძლებელია წარედგინოს სასამართლოს ნების გამოვლენის შეზღუდვის თაობაზე დასაბუთებული ვარაუდის დასამტკიცებლად“ სახელშეკრულებო ურთიერთობებში, სამოქალაქო კოდექსის 85-ე მუხლის მნიშვნელობით.

(ე) უზენაესი სასამართლოს პრეცედენტული სამართალი სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით

219. სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით მთავრობამ წარადგინა უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის საილუსტრაციო მაგალითები (იხ. პარაგრაფი 188 ზემოთ). კერძოდ, მათ წარმოადგინეს უზენაესი სასამართლოს მიერ 2002 წლიდან 2017 წლამდე (ე. ი. წინამდებარე საქმეში საკუთრების დავის საბოლოო განხილვამდე და განხილვის შემდგომ) გამოტანილი რვა განჩინება. თითოეულით დადასტურდა სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი სახის ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის პრინციპი სამოქალაქო სარჩელის წარდგენით ან სისხლის სამართლის საქმის აღძვრით.

220. კერძოდ, უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი ზემოაღნიშნული განჩინება, რომელიც გამოტანილია სამოქალაქო საქმეზე 2002 წლის 15 მარტს და რეგისტრირებულია ნომრით – 3/1186-01, განსახილველი საქმის მსგავსად ეხებოდა ხანდაზმულობის ვადების საკითხს იძულებით დადებულ გარიგებასთან დაკავშირებით. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ სამოქალაქო კოდექსის 85-ე და 89-ე მუხლების შესაბამისად, იძულებით დადებული გარიგების ბათილობის უფლების გამოყენება შესაძლებელი იყო ერთი წლის განმავლობაში იმ მდგომარეობის დასრულებიდან, რაც უტოლდებოდა იძულებას. ამავე დროს, სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის დენა უნდა შეწყდეს თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სამოქალაქო სარჩელს ან შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ან აღსასრულებელი მოქმედების განხორციელება.

221. უზენაესმა სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა, რომ ერთწლიანი ხანდაზმულობის ვადის დენა 89-ე მუხლის თანახმად შეწყდა, როდესაც რ.ყ.-მ (აღნიშნულ საქმეში საჩივრის ავტორი) მიმართა პროკურატურას სისხლის სამართლის განცხადებით იძულებასთან დაკავშირებით, რის გამოც მან დადო გარიგება.

III. ეროვნული და საერთაშორისო მასალები

A. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2008 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ

222. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულმა ანგარიშმა, 2008 წლის პირველ ნახევარში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, დაადასტურა (85-ე გვერდზე) 2008 წლის პირველ დეკემბერს ქ. ხ.-ის მიერ მთავარ პროკურატურაში სისხლისსამართლებრივი საჩივრის შეტანის ფაქტი „რუსთავი 2“-ის აქციების სავარაუდო იძულებით დათმობასთან დაკავშირებით.

B. საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ანგარიში, გამოქვეყნებული აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2010 წლის 11 მარტს

223. ამონარიდი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ზემოხსენებული ანგარიშიდან, „რუსთავი 2“-ის საკუთრების შესახებ დავასთან დაკავშირებით, იკითხება შემდეგნაირად:

„კერძო საკუთრებაში მყოფი ეროვნული მაუწყებლები „რუსთავი 2“ და „იმედი“, ქვეყნის ორი ყველაზე პოპულარული ტელევიზია და ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ზოგადად მიიჩნეოდა, რომ მთავრობის სასარგებლო სარედაქციო პოლიტიკა ჰქონდათ.

2008 წლის ნოემბერში „რუსთავი 2”-ის დამფუძნებელმა და ყოფილმა მესაკუთრემ, [ე. კ.] განაცხადა, რომ ხელისუფლებამ მისგან ტელეკომპანია მიიტაცა 2004 წელს. 2008 წლის დეკემბერში, „რუსთავი 2“-ის მომდევნო მესაკუთრემ, [ქ. ხ.], პროკურატურასა და პარლამენტში შეიტანა საჩივარი, რომ იგი იძულებული გახდა 2006 წელს დაეთმო საკუთრების უფლება ტელევიზიაზე, ხელისუფლების წარმომადგენლების ზეწოლის გამო. განცხადებებს არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია“.

C. მოსამართლეთა ქცევის „ბანგალორის პრინციპები“

224. ბანგალორის 2001 წლის მოსამართლეთა ქცევის კოდექსის პროექტი (შემდგომში – „ბანგალორის პრინციპები“ მიღებული იქნა მოსამართლეთა ჯგუფის მიერ სასამართლო ხელისუფლების ერთიანობის განმტკიცების მიზნით და იგი გადახედილ იქნა 2002 წლის ნოემბერში, ჰააგაში, მრგვალი მაგიდის შეხვედრის ფარგლებში უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეების შეხვედრის დროს. მასში მოცემული მნიშვნელოვანი პრინციპები შემდეგნაირად იკითხება:

„ღირებულება 1: დამოუკიდებლობა

პრინციპი: სასამართლოს დამოუკიდებლობა არის სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფის წინაპირობა და სამართლიანი სასამართლო განხილვის ძირითადი გარანტია. შესაბამისად, მოსამართლემ უნდა დაიცვას და ცხოვრებაში დაამკვიდროს სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპი, როგორც ინდივიდუალური, ისე ინსტიტუციური ასპექტით.

გამოყენება:

1.1 მოსამართლემ უნდა განახორციელოს თავისი სამოსამართლო ფუნქცია დამოუკიდებლად, მხოლოდ ფაქტების შეფასების საფუძველზე, კანონის შეგნებული გაცნობიერების შესატყვისად და ყოველგვარი  ზემოქმედების გარეშე, წაქეზების, იძულების, მუქარის, ან პირდაპირი თუ ირიბი ჩარევის გარეშე, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის და რა მიზანსაც არ უნდა ემსახურებოდეს.

1.2 მოსამართლე დამოუკიდებელი უნდა იყოს, როგორც მთლიანად საზოგადოების, ასევე მის მიერ განსახილველი საქმის კონკრეტულ მხარეთა მიმართ.

1.3 მოსამართლე უნდა იყოს თავისუფალი არა მხოლოდ ნებისმიერი, თანამდებობისათვის შეუსაბამო ურთიერთობის ან ზემოქმედებისგან ხელისუფლების აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო შტოების მხრიდან, არამედ ეს დამოუკიდებლობა ობიექტური დამკვირვებლისთვისაც თვალსაჩინო უნდა იყოს.

1.4 სამოსამართლო მოვალეობების განხორციელების დროს, როდესაც მოსამართლემ დამოუკიდებლად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მან უნდა იმოქმედოს კოლეგა მოსამართლეების აზრისაგან დამოუკიდებლად.

1.5 მოსამართლემ უნდა დაიცვას და განამტკიცოს სამოსამართლო მოვალეობების შესრულების გარანტიები, რათა შეინარჩუნოს და გააძლიეროს მოსამართლეთა ინსტიტუციური და პრაქტიკული დამოუკიდებლობა.

1.6 მოსამართლემ უნდა გამოავლინოს და წაახალისოს მოსამართლეთა ქცევის მაღალი სტანდარტები, სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობის ამაღლების მიზნით, რაც უმნიშვნელოვანესია სასამართლოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის.

ღირებულება 2: მიუკერძოებლობა

პრინციპი: მოსამართლის მიუკერძოებლობა მის მიერ თავისი მოვალეობების ჯეროვნად შესრულების აუცილებელი პირობაა. ის ვრცელდება არა მხოლოდ გამოტანილი გადაწყვეტილებაზე, არამედ იმ პროცესზეც, რომელიც წინ უძღვის გადაწყვეტილების მიღებას.

გამოყენება:

2.1 მოსამართლემ თავისი სამოსამართლო ვალდებულებები უნდა განახორციელოს წინასწარი კეთილგანწყობის, ტენდენციურობისა ან წინასწარ შექმნილი ცუდი აზრის გარეშე.

2.2 მოსამართლემ უნდა უზრუნველყოს, რომ მისი ქცევა სასამართლოში და სასამართლოს გარეთ, ხელს უწყობდეს და აძლიერებდეს საზოგადოების, იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებისა და სასამართლო პროცესის მხარეთა ნდობას მოსამართლეთა და სასამართლო ხელისუფლების მიუკერძოებლობისადმი.

2.3 მოსამართლე, რამდენადაც ეს შესაძლებელია გონივრულობის ფარგლებში, უნდა მოიქცეს იმგვარად, რომ მაქსიმალურად შეამციროს ის გარემოებები, რომლებიც შეიძლება გახდეს მისთვის სასამართლო სხდომებში მონაწილეობისა და გადაწყვეტილების გამოტანის უფლების ჩამორთმევის საფუძველი.

2.4 მოსამართლემ არ უნდა გააკეთოს შეგნებულად რაიმე კომენტარი იმ საქმეზე, რომელსაც ის განიხილავს, ან რომელიც შეიძლება გახდეს მისი განხილვის საგანი, და რამაც შეიძლება, ვითარების გონივრულად შეფასებიდან გამომდინარე, რაიმე სახით გავლენა მოახდინოს ამ საქმის გადაწყვეტაზე ან ეჭვქვეშ დააყენოს პროცესის აშკარა სამართლიანად წარმართვა. მოსამართლემ ასევე თავი უნდა შეიკავოს ისეთი საჯარო ან სხვა სახის კომენტარისაგან, რომელმაც შეიძლება, გავლენა მოახდინოს ამა თუ იმ პირთან ან საკითხთან დაკავშირებულ საქმის სამართლიან განხილვაზე.

2.5 მოსამართლემ უნდა აიცილოს საქმე იმ შემთხვევაში, თუ მას არ შეუძლია საქმეზე მიუკერძოებელი გადაწყვეტილების მიღება, ან, იმ შემთხვევაში, როდესაც ობიექტურ დამკვირვებელს შესაძლოა, გაუჩნდეს ეჭვი, რომ მოსამართლეს არ შეუძლია საქმის მიუკერძოებლად გადაწყვეტა.....მოსამართლე ვერ იქნება ჩამოცილებული საქმის განხილვაში მონაწილეობისაგან იმ შემთხვევაში, თუ ამ საქმის განსახილველად ვერ დაინიშნება ვერანაირი სხვა სასამართლო განხილვა, ან, საქმის სასწრაფოდ განხილვის აუცილებლობიდან გამომდინარე, მისი გადაწყვეტის დაყოვნებამ შესაძლოა გამოიწვიოს მართლმსაჯულების არასწორად განხორციელება. ...

ღირებულება 4: წესიერება

პრინციპი: წესიერება, წესიერების დემონსტრირება მოსამართლეთა ნებისმიერი საქმიანობის განხორციელების განუყოფელი ნაწილია.

გამოყენება:

4.1 მოსამართლისთვის დაუშვებელია არაკორექტული ქცევა და ასეთი ქცევის დემონსტრირება  მის თანამდებობასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოქმედების განხორციელებისას.

4.2 საზოგადოების მხრიდან მუდმივი ყურადღება ვალდებულს ხდის მოსამართლეს, დაიცვას რიგი შეზღუდვები, რაც რიგითი მოქალაქისათვის შესაძლოა იყოს მძიმე, და ეს უნდა მიიღოს თავისუფლად და ნებაყოფლობით. კერძოდ, მოსამართლის ქცევა უნდა შეესაბამებოდეს მისი თანამდებობის მაღალ სტატუსს. ...

4.6 მოსამართლისათვის, ისევე როგორც  სხვა ნებისმიერი მოქალაქისათვის, გარანტირებულია გამოხატვის, რწმენის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება, თუმცა ამ უფლებების განხორციელებისას მოსამართლემ უნდა იმოქმედოს იმგვარად, რომ ყოველთვის ზრუნავდეს მოსამართლის თანამდებობის მაღალი სტატუსის დაცვაზე და სასამართლოს მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაზე. ...

4.8 მოსამართლემ არ უნდა დაუშვას თავისი ოჯახის წევრების, სოციალური თუ სხვაგვარი ურთიერთობების უარყოფითი გავლენა სამოსამართლო ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებულ მის ქმედებებსა და მის მიერ სასამართლო გადაწყვეტილებების მიღებაზე.

4.9 მოსამართლეს არ აქვს უფლება, გამოიყენოს ან ისარგებლოს საკუთარი თანამდებობრივი ავტორიტეტით, ან დაუშვას მისი გამოყენება საკუთარი, თავისი ოჯახის წევრების ან ნებისმიერი სხვა პირების ინტერესების მისაღწევად. ასევე, მოსამართლემ არ უნდა იმოქმედოს იმგვარად, ან არ უნდა მისცეს სხვა პირებს იმგვარად მოქმედების უფლება, რაც შესაძლებელს გახდის შექმნას წარმოდგენა, რომ ვიღაც არასათანადო გავლენას ახდენს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებაზე მისი განსაკუთრებული მდგომარეობიდან გამომდინარე. ...

4.11 თავისი მოვალეობების ჯეროვნად შესრულების პირობით, მოსამართლეს შეუძლია: ...

4.11.3 იყოს ოფიციალური ორგანოს, სამთავრობო კომიტეტის, კომისიის ან სათათბირო ორგანოს წევრი, თუ ამგვარი წევრობა არ არის შეუთავსებელი მიუკერძოებლობისა და მოსამართლის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის აღქმასთან ...

4.13 მოსამართლეს უფლება აქვს, დააფუძნოს ან გაწევრიანდეს მოსამართლეთა ასოციაციებში, მონაწილეობა მიიღოს სხვა ორგანიზაციებში, რომლებიც მოსამართლეთა ინტერესებს წარმოადგენენ. ...“

225. 2007 წლის მარტში სასამართლო ხელისუფლების გაძლიერების საკითხებზე მომუშავე მოსამართლეთა ჯგუფმა დაამტკიცა კომენტარები „ბანგალორის პრინციპებთან“ მიმართებით. მისი შესაბამისი ნაწილები იკითხება შემდეგნაირად:

„65. სასამართლოს გარეთ მოსამართლემ ასევე უნდა შეიკავოს თავი ისეთი წინასწარ გამიზნული გამონათქვამებისა და ქცევებისაგან, რომლებიც დიდი ალბათობით შეიძლება შეფასდეს მიკერძოების გამოხატულებად. ყველაფერმა – ურთიერთობის წრემ, საქმიანმა ინტერესებმა ან, თუნდაც, შენიშვნებმა, რომლებსაც ის უვნებელ ხუმრობად თვლის – შეიძლება, ჩრდილი მიაყენოს მის მიუკერძოებლობას საზოგადოების თვალში. მოსამართლის თანამდებობის დაკავების შემდეგ უნდა შეწყვიტოს პოლიტიკური საქმიანობის მხარდაჭერა და პოლიტიკური ხასიათის ნებისმიერი კონტაქტის. მოსამართლის პოლიტიკური საქმიანობა, ისევე როგორც სასამართლოს გარეთ გაკეთებული განცხადებები, რომლებიც საზოგადოებაში დაპირისპირებებსა და აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, ეჭვქვეშ აყენებს მის მიუკერძოებლობას. მათ შეიძლება შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება სასამართლო ხელისუფლებასა და აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო შტოს შორის არსებული ურთიერთობების ბუნებასთან დაკავშირებით. ამა თუ იმ პარტიის ან პოლიტიკური ძალის მხარდასაჭერი მოქმედება თუ განცხადება, გარკვეული განმარტების საფუძველზე ნიშნავს, რომ მოსამართლე საჯაროდ იკავებს დებატებში მონაწილე ერთ რომელიმე მხარეს. მიკერძოების შთაბეჭდილება უფრო იზრდება, თუ მოსამართლის მოქმედებები კრიტიკის ან გაკიცხვის ობიექტად იქცევა, რაც, როგორც წესი თითქმის გარდაუვალია. შეჯამების სახით რომ ითქვას, მოსამართლე, რომელიც თავის პრივილეგირებულ თანამდებობრივ მდგომარეობას იმისთვის იყენებს, რომ პოლიტიკურ სარბიელზე გამოვიდეს, ზიანს აყენებს საზოგადოების რწმენას სასამართლო ხელისუფლების მიუკერძოებლობისადმი. თუმცა, არსებობს გამონაკლისები. მათ, კერძოდ, განეკუთვნება მოსამართლის მიერ შესაბამის დროს გამოთქმული კომენტარები სასამართლო ხელისუფლების ინსტიტუტის დასაცავად ან საზოგადოებისა თუ სპეციალიზებული აუდიტორიისათვის სამართლის კონკრეტული საკითხებისა და კონკრეტული გადაწყვეტილებების განმარტება, ასევე საქმიანობა, რომლის მიზანიცაა ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა. თუმცა, ასეთ შემთხვევებშიც მოსამართლემ შეძლებისდაგვარად თავი უნდა აარიდოს ისეთ პოლემიკაში ჩართვას, რომლებიც შეიძლება, პოლიტიკურად მიკერძოებულად ჩაითვალოს. მოსამართლე განურჩევლად უნდა ემსახუროს ყველას, მიუხედავად, მათი პოლიტიკური ან სოციალური შეხედულებისა. სწორედ ამიტომ, მოსამართლე შეძლებისდაგვარად უნდა იღვწოდეს საზოგადოების რწმენის და ნდობის შესანარჩუნებლად. ...

67. პოტენციური ინტერესთა კონფლიქტი წარმოიშობა, როცა მოსამართლის (ან მისი ახლობლების) პირადი ინტერესები ეწინააღმდეგება მის მოვალეობას, მიუკერძოებლად განიხილოს სასამართლო საქმეები. სასამართლო მიუკერძოებლობა გულისხმობს, როგორც რეალურ მიუკერძოებლობას, ასევე ობიექტური დამკვირვებლისაგან მის ასეთად აღქმას. როცა საუბარი იმ საკითხებს ეხება, რომლებიც სასამართლოსთანაა დაკავშირებული, ინტერესთა კონფლიქტის არსებობის დადგენის კრიტერიუმი არის, როგორც რეალურად არსებული წინააღმდეგობა მოსამართლის კერძო ინტერესებსა და საქმის მიუკერძოებლად განხილვის ვალდებულებას შორის, ასევე ის გარემოებები, რომლებიც ობიექტურ დამკვირვებელს ასეთი წინააღმდეგობის აღქმაზე მიუთითებდა. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლის ოჯახის წევრებს პოლიტიკური საქმიანობის სრული უფლება აქვთ, მოსამართლემ უნდა იცოდეს, რომ მისი ოჯახის წევრებისა და ახლო ნათესავების პოლიტიკურ საქმიანობას შეუძლია, თუნდაც მცდარი, მაგრამ უარყოფითი გავლენა მოახდინოს საზოგადოების წარმოდგენაზე მისი მიუკერძოებლობის შესახებ. ...

69. მოსამართლე უნდა ცდილობდეს, გადაარწმუნოს თავისი ოჯახის წევრები, მიიღონ მონაწილეობა ისეთ საქმიანობასა თუ გარიგებაში, რომლებიც შესაძლოა აღიქმებოდეს, როგორც  მისი თანამდებობრივი მდგომარეობის არამართლზომიერად გამოყენება. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ თავიდან აცილებულ იქნეს მოსამართლის თანამდებობის არაკეთილსინდისიერი გამოყენება ან ფავორიტიზმი, რათა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი დისკვალიფიკაციის რისკი. ...

81. მოსამართლის დისკვალიფიკაციის აღიარებული კრიტერიუმია მისი მიკერძოებულობის შესახებ საფუძვლიანი ეჭვის არსებობა. მიკერძოების ან წინასწარ შექმნილი აზრის არსებობის თაობაზე ეჭვის საფუძველი დგინდება სხვადასხვა ფორმულების გათვალისწინებით, როგორებიცაა: „მაღალი ალბათობა”, „რეალური შესაძლებლობა”, „დიდი ალბათობა”, ასევე „საფუძვლიანი ეჭვი” მიკერძოების თაობაზე. მიკერძოების არსებობის შესახებ ეჭვი დასაბუთებული უნდა იყოს, ის უნდა მოდიოდეს გონიერი, სამართლიანი და ინფორმირებული ადამიანებისაგან, რომლებიც ყურადღებით შეისწავლიან საკითხს და მის შესახებ მოთხოვნილ ინფორმაციას მიიღებენ. ტესტი ხორციელდება შემდეგი კრიტერიუმით: „რა დასკვნას გამოიტანდა ისეთი პირი, რომელსაც გაანალიზებული ექნება და საკითხს რეალურად და პრაქტიკულად მიუდგება. მიიჩნევს თუ ასეთი პირი, რომ არსებობს უფრო მეტი ალბათობა იმისა, რომ წარმოდგენილი მოსამართლე გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად არ მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას?” მოსამართლის ქცევა ფასდება ჰიპოთეტური გონიერი დამკვირვებლის პოზიციიდან, რათა ხაზი გაესვას გამოყენებული კრიტერიუმის ობიექტურობას, რაც დაფუძნებულია სასამართლოსადმი საზოგადოებრივი ნდობის შენარჩუნების აუცილებლობაზე და არ ეფუძნება სხვა კოლეგა მოსამართლეების მიერ მისი შესაძლებლობისა და შესრულებული სამუშაოს შეფასებას. ...

90. კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, საფუძვლიანი ეჭვი წინასწარი განწყობის არსებობის თაობაზე შესაძლოა წარმოიშვას: (ა) თუ მოსამართლეს და განსახილველ საქმეში ჩართულ საზოგადოების ნებისმიერ წევრს შორის პირადი მეგობრობა ან არაკეთილგანწყობა არის; (ბ)თუ მოსამართლე ახლოს იცნობს განსახილველ საქმეში ჩართულ საზოგადოების წევრს, განსაკუთრებით, თუ ამ პირის სანდოობა შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს საქმის გადაწყვეტისათვის; (გ) თუ იმ შემთხვევაში, როცა მოსამართლემ უნდა განსაზღვროს ინდივიდის სანდოობა, მან უარი თქვა ამ პირის მტკიცებულებებზე წინა საქმეში ისეთი აშკარად პირდაპირი ნათქვამი ფორმით, რომ ისინი ეჭვქვეშ აყენებენ მოსამართლის შესაძლებლობას, მოგვიანებით ეტაპზე გონივრულად გამოიკვლიოს ამ პირის მტკიცებულებები; (დ) თუ მოსამართლე, განსაკუთრებით საქმის განხილვისას, მკვეთრად და გაუწონასწორებლად გამოთქვამდა მხარეთა შორის სადავო საკითხთან დაკავშირებით თავის მოსაზრებას, რაც საფუძვლიან ეჭვს ბადებს იმის თაობაზე, შესწევს თუ არა მას უნარი, ობიექტურად განსაჯოს ეს საკითხი; ან (ე) თუ რაიმე სხვა მიზეზის გამო შესაძლოა, არსებობდეს დაეჭვების რეალური საფუძველი, თუ რამდენად შეძლებს მოსამართლე, უკუაგდოს არარელევანტური მოსაზრებები, ცრურწმენები და წინასწარი განწყობები და გამოიტანოს განსახილველ საკითხებზე ობიექტური სასამართლო გადაწყვეტილება. სხვა თანაბარი პირობების არსებობისას, დროის დინებასთან ერთად, ეს პროტესტი გახდება თანდათანობით სუსტი, კერძოდ, რაც უფრო მეტი დრო გავა იმ მოვლენიდან, რომელიც, სავარაუდოდ, საფუძვლად ედება მოსამართლის მიკერძოებასთან  დაკავშირებულ საფრთხეს და კონკრეტულ საქმეს შორის, რომელზეც ეს პროტესტი წარმოიშვა. ...

143. მოსამართლის ოჯახის წევრები, მეგობრები, სოციალური, სამოქალაქო და პროფესიული კოლეგები, რომლებსაც ის რეგულარულად ეკონტაქტება და რომლებთანაც მსჯელობს ამა თუ იმ საერთო ინტერესზე ან საზრუნავზე და ენდობა და სჯერა, არიან იმ მდგომარეობაში, რომელიც შესაძლოა არასათანადო გავლენას ახდენდეს, მოსამართლის იმ ქმედებებზე, რომლებიც მის მიერ სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებას უკავშირდება, ან ასეთ შთაბეჭდილებას ქმნიდეს. მათ შეიძლება, პირადი ინტერესი ამოძრავებდეთ, ან მოქმედებდნენ, როგორც მხარეთა თუ ადვოკატის გავლენების გამავრცელებელი. მოსამართლემ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რომ ამგვარი ურთიერთობები არ ახდენდეს გავლენას, თუნდაც ქვეცნობიერად, მისი, როგორც მოსამართლის ქმედებაზე ან მის მიერ მისაღებ გადაწყვეტილებაზე“.

IV. მესამე მხარის არგუმენტები

226. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა – ერთ-ერთი ამ საქმეში იმ ორ მესამე მხარედ ჩართულთაგან (იხ. პარაგრაფი 5 ზემოთ) – წარმოადგინა მისი მოსაზრებები ქვეყანაში მედია გარემოსა და სასამართლო სისტემის გამოწვევებთან დაკავშირებით. ყველაზე მნიშვნელოვანი ამონარიდები ამ წერილობითი კომენტარებიდან იკითხება შემდეგნაირად:

„დასაწყისშივე, სახალხო დამცველი ირწმუნება, რომ საქართველოში დამოუკიდებელი მედია აქტიურია და თავისუფლად გამოხატავს მრავალფეროვან შეხედულებებს. თუმცა, საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო ანგარიშის მიხედვით, მაკონტროლებელმა ჯგუფებმა გამოთქვეს შეშფოთება მედია პლურალიზმისთვის შეზღუდული გარემოსა და მედიაში სავარაუდო პოლიტიკური ჩარევის შესახებ, განსაკუთრებით მათ მიმართ ვინც კრიტიკულად არის განწყობილი. კერძოდ, კვლავ რჩებოდა შეშფოთება, მთავრობის მიერ ზოგიერთი მედიასაშუალების მიმართ ჩარევასა და სავარაუდო ოპოზიციის სასარგებლოდ მიკერძოებულ კრიტიკასთან დაკავშირებით, კერძოდ, ქვეყნის ყველაზე ფართოდ ყურებადი ტელევიზიის, „რუსთავი 2“ -თან მიმართებით. ...

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს დამოუკიდებელ სასამართლო ხელისუფლებას, არსებობს მინიშნებები, სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაში ჩარევასთან დაკავშირებით. ... სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ სამართლიანი სასამართლოს გარანტიები მოიცავს სასამართლოების ვალდებულებას, საკმარისად დაასაბუთოს თავიანთი გადაწყვეტილებები. მიუხედავად ამისა, სასამართლო გადაწყვეტილებებში საკმარისი დასაბუთების არარსებობა საქართველოში კვლავ იდენტიფიცირებულია, როგორც სტრუქტურული პრობლემა“.

227. მეორე მესამე მხარედ ჩართულმა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (იხ. პარაგრაფი 5 ზემოთ), წარმოადგინა თავისი მოსაზრებები ორ სამართლებრივ საკითხზე: (i) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 85-ე და 89-ე მუხლებს შორის ურთიერთმიმართება და (ii) ეროვნულ სასამართლოებში საქმეთა განაწილების პრინციპები.

228. მას შემდეგ, რაც საკუთარი სამართლებრივი ანალიზი წარმოადგინა შესაბამის შიდასახელმწიფოებრივ სამართალსა და პრაქტიკასთან დაკავშირებით, მესამე მხარედ ჩართულმა შეაჯამა და გააკეთა შემდეგი დასკვნითი განცხადებები, თითოეულზე ამ ორ საკითხთან მიმართებით:

„30. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, უნდა აღინიშნოს, რომ არსებული სასამართლო პრაქტიკა ცხადყოფს, როდესაც ხელშეკრულება ბათილია 85-ე მუხლის [სამოქალაქო კოდექსის] საფუძველზე, მოსარჩელის მიერ დაცული უნდა იქნეს ერთწლიანი შეცილების ვადა, როგორც ეს მოცემულია 89-ე მუხლში. ...

42. როგორც ზემოაღნიშნულიდან ირკვევა, განსახილველი საქმეების განაწილების მარეგულირებელი წესები სასიცოცხლო როლს ასრულებს შესაბამისი მოსამართლეების მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად, რომლებიც განიხილავენ საქმეს და ამგვარი წესების არარსებობამ მარტივად შეიძლება გამოიწვიოს უფლების ბოროტად გამოყენება, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას სასამართლო ხელისუფლების შიდა დამოუკიდებლობას. ...“

სამართალი

I. სასამართლოს მიერ განსახილველი საქმის ფარგლები

ა. სასამართლოს წინაშე საქმისწარმოების დაწყება

1. სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესის საფუძველზე, მომჩივნების მიერ წარმოდგენილი მოთხოვნა დროებითი ღონისძიებების გამოყენების შესახებ

229. 2017 წლის 3 მარტს, სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესზე დაყრდნობით, მომჩივნებმა მოითხოვეს სასამართლოსგან მოპასუხე სახელმწიფოსთვის შემდეგი დროებითი ღონისძიებების დაწესება:

„უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულებისგან თავის შეკავება;

„რუსთავი 2“-ის დახურვისგან, ასევე დახურვის ხელშეწყობისა და წახალისებისგან, ან ნებისმიერი ფორმით მის მაუწყებლობაში ჩარევისგან თავის შეკავება;

კომპანიის მენეჯმენტის და/ან სარედაქციო საბჭოს შეცვლისგან თავის შეკავება, იქნება ეს უშუალოდ თუ წარმომადგენლების და/ან დაკავშირებული პირების მეშვეობით“.

230. რაც შეეხება მოთხოვნის საფუძვლებს, მომჩივნები აპელირებდნენ კონვენციის მე-10 მუხლში მითითებულ მომჩივნის უფლებაზე. მიუხედავად იმისა, რომ საქმე, ერთი შეხედვით, წარმოადგენდა ჩვეულებრივ სამოქალაქო დავას კერძო სუბიექტებს შორის, მომჩივანთა აზრით, სახელმწიფოს მიერ „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ სავარაუდოდ ორკესტრირებული კამპანიის ქრონოლოგია (იხ. პარაგრაფები 32-49 ზემოთ) იძლევა პოლიტიკური ინტერესების არსებობის ვარაუდის საფუძველს. როგორც ფაქტობრივად ერთადერთი ოპოზიციური სატელევიზიო არხი ქვეყანაში, რომლის სარედაქციო პოლიტიკას ვერ აკონტროლებდნენ ამჟამინდელი მმართველი ძალები, მომჩივნები აცხადებდნენ, რომ სახელმწიფო მანქანამ გამოიყენა ქ.ხ.-ს სხვაგვარად დაუსაბუთებელი სამოქალაქო სარჩელი ფარული მიზნის, ანუ თავისუფალი მედია საშუალების გაჩუმების მისაღწევად.

231. მომჩივნების მოთხოვნას დროებითი ღონისძიებების შესახებ არ ერთოდა შიდა სასამართლოების გადაწყვეტილებათა არცერთი ასლი, მათ შორის უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება საკუთრებასთან დაკავშირებული დავის არსებით მხარეზე და იმავე დღეს მიღებული გადაწყვეტილება – 2015 წლის 5 აგვისტოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ (იხ. პარაგრაფები 151 და 164 ზემოთ). საჩივარი მხოლოდ შეიცავდა 2017 წლის 2 მარტის სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ასლს.

232. 2017 წლის 3 მარტს სასამართლომ, განსახილველი საქმის განსაკუთრებული გარემოებების გათვალისწინებით, გამოიყენა სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესი და მიუთითა მოპასუხე სახელმწიფოს, რომ: „მხარეთა ინტერესებიდან, ასევე სასამართლო პროცედურების სათანადოდ განხორციელების ინტერესებიდან გამომდინარე, უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება უნდა შეჩერდეს და რომ ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს მომჩივანი კომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ნებისმიერი ფორმით ჩარევისგან“. დროებითი ღონისძიება გაგრძელდა 2017 წლის 8 მარტამდე.

233. 2017 წლის 7 მარტს სასამართლომ გადაწყვიტა, გაეგრძელებინა შემდგომ შეტყობინებამდე 2017 წლის 3 მარტს მითითებული დროებითი ღონისძიების მოქმედების ვადა.

234. 2018 წლის 28 მარტს მთავრობამ, საქმის მისაღებობისა და არსებითი მხარის შესახებ მოსაზრებების წარდგენასთან ერთად, მოითხოვა სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესის მიხედვით დაკისრებული დროებითი ღონისძიების გაუქმება. სხვა არგუმენტებს შორის, აღნიშნეს, რომ გაუმართლებელია 39-ე წესის გამოყენება ისეთ საქმეში, რომლის მისაღებობასთან და არსებით მხარესთან დაკავშირებით არსებობდა სერიოზული კითხვის ნიშნები. მთავრობამ ასევე განაცხადა, რომ რადგან დროებითი ღონისძიება ეყრდნობოდა კონვენციის მე-10 მუხლის საფუძველზე პირველი მომჩივნის საჩივარს, არ არსებობდა არანაირი გამოუსწორებელი რისკი მომჩივნის გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებით. სახელმწიფოს არ სურდა ჩარევა და არც ჩარეულა, „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკაში ან ინფორმაციისა თუ იდეების გავრცელების უფლებაში. პირველი მომჩივნის სარედაქციო პოლიტიკა უცვლელი იყო 2012 წლის ოქტომბერში კოალიცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ და ასევე უცვლელი იყო შიდა და ევროპულ სასამართლოში საქმის განხილვის პერიოდში.

235. 2018 წლის 28 ივნისს მომჩივნებმა უპასუხეს მთავრობის პოზიციას დროებითი ღონისძიების გაუქმების შესახებ და კვლავ მიუთითებდნენ თავიანთ არგუმენტებზე პირველი მომჩივნის კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული უფლებებისთვის სავარაუდოდ არსებული რისკების შესახებ (იხ. პარაგრაფი 230 ზემოთ).

2. არსებით მხარეზე მომჩივანთა მიერ წარდგენილი საჩივრები

236. 2017 წლის 26 აპრილს თითოეულმა მომჩივანმა წარადგინა ოთხი დამოუკიდებელი საჩივარი კონვენციის 34-ე მუხლის საფუძველზე. მათ წარადგინეს რამდენიმე პრეტენზია კონვენციის მე-6, მე-10 და მე-18 მუხლების, ასევე კონვენციის დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის საფუძველზე. საჩივრების ფორმების შესაბამისი ნაწილები, რომელშიც ცხრილის ფორმით (სექცია „F“ – „კონვენციის და/ან დამატებითი ოქმების სავარაუდო დარღვევა/დარღვევები და შესაბამისი არგუმენტები“) იყო მოცემული მათი საჩივრების აღწერა, შეიცავდა ქვემოთ მითითებულ ფორმულირებებს.

237. ამრიგად, პირველმა მომჩივანმა წარადგინა შემდეგი საჩივრები, რისთვისაც პირველ რიგში აპელირებდა კონვენციის დებულებებზე, რომლებსაც ეყრდნობა (ცხრილის მარცხენა მხარე), და შემდეგ აყალიბებდა ფაქტობრივ დეტალებს და სამართლებრივ არგუმენტებს (ქვემოთ მოტანილი ტექსტი უცვლელია):

„მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი: „რუსთავი 2“-მა ვერ მიიღო სამართლიანი სასამართლო განხილვა მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, როგორც ამას მოითხოვს კონვენციის მე-6 მუხლი. თბილისის საქალაქო სასამართლოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები იყვნენ მიკერძოებულნი და მთავრობის ზეგავლენის ქვეშ. მთლიანობაში პროცესი ისე იყო კოორდინირებული, რომ უზრუნველეყო გადაწყვეტილების მიღება მთავრობის ნდობით აღჭურვილი პირის [ქ. ხ.] სასარგებლოდ... [პირველი მომჩივნის საჩივრების აღწერაში მითითებული იყო სამივე ინსტანციის მოსამართლეთა სია, რომელნიც, მომჩივნის თანახმად, სხვადასხვა მიზეზით, არ იყვნენ დამოუკიდებელნი და მიუკერძოებელნი]. მართალია, ქ.ხ.-ს პრეტენზიები „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ უარყოფილი იქნა, დაყადაღების გადაწყვეტილება, რომელმაც მნიშვნელოვანი სირთულეები შეუქმნა „რუსთავი 2“-ის საქმიანობას, მიღებული იყო მიუკერძოებლობას მოკლებული მოსამართლეების მიერ... მოსამართლე თ.უ.-ს 2015 წლის 5 აგვისტოს განჩინება დაყადაღებასთან დაკავშირებით იყო არაკანონიერად გადაჭარბებული და თვითნებური. ამასთან, განჩინების ძალაში დატოვება უზენაესი სასამართლოს მიერ ზეპირი მოსმენის გარეშე მაშინ, როცა „რუსთავი 2“ აღარ იყო სამოქალაქო მოპასუხე, წარმოადგენდა აშკარა პროცესუალურ დარღვევას. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია კომპანიის მხრიდან იმ მოქნილობის გათვალისწინებით, რომელიც მან გამოიჩინა განჩინების, სულ მცირე, მოდიფიცირებასთან დაკავშირებით, რაც კომპანიას მისცემდა ნორმალური ყოველდღიური ფინანსური საქმიანობის წარმართვის შესაძლებლობას. მოთხოვნა უარყოფილი იქნა არასერიოზული არგუმენტის საფუძველზე, რომ გადაწყვეტილება საქმის არსებით მხარეზე მიღებული იყო სამოქალაქო მოსარჩელეთა სასარგებლოდ.

მე-10 მუხლი: „რუსთავი 2“-ს აქვს გამოხატვის თავისუფლება, რაც გულისხმობს მთავრობის მხრიდან ჩარევის გარეშე საკუთარი სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრის და პოლიტიკოსთა თუ მათი გადაწყვეტილებების გაკრიტიკების უფლებას. საქართველოს მთავრობამ განახორციელა რიგი ღონისძიებები – დაშინება, ზეწოლა, ფინანსური და სხვა სახის პრობლემების შექმნა და ბოლოს საკუთრებასთან დაკავშირებით ორკესტრირებული დავა ნდობით აღჭურვილი პირის გამოყენებით – რათა შეეცვალა „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკა და ჩაეხშო მისი კრიტიკული ხმა.

„რუსთავი 2“-ის წილებისა და საკუთრების განგრძობადი დაყადაღების, ასევე მენეჯმენტისთვის ფინანსური ვალდებულებების აღების აკრძალვამ შედეგად მოიტანა მნიშვნელოვანი დავალიანება საგადასახადო უწყების, მარეგულირებელი კომისიის, მაუწყებელთა ევროპული კავშირისა და სხვათა მიმართ... [პირველმა მომჩივანმა წარმოადგინა სავარაუდო ფინანსური სირთულეების დეტალური აღწერა]. მთავრობის პოლიტიკა და მისი წარმომადგენლებისა და ნდობით აღჭურვილი პირების მიერ მიღებული ზომები წარმოადგენს არაკანონიერ ჩარევას გამოხატვის თავისუფლებაში.

მე-10 მუხლი მე-18 მუხლთან ერთობლიობაში: „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ განხორციელებულმა ზომებმა, მათ შორის მენეჯმენტის დაშინებამ, რეიტინგის გაზომვაში ჩარევამ, სარეკლამო დროის რეგულირებამ და საკუთრების შესახებ დავის წამოწყებამ, ცხადყო საქართველოს მთავრობის ფარული განზრახვა, შეზღუდოს „რუსთავი 2“-ის გამოხატვის თავისუფლება. მაგალითად, მთავრობა აშანტაჟებდა ნ.გ.-ს და მოითხოვდა მისგან „რუსთავი 2“-დან წასვლას. ე.წ. შემოწმება სატელევიზიო რეიტინგების მზომავი კომპანიის TV MR საქართველოს მიერ, და ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონში იყო სპეციალურად შექმნილი და გამიზნული „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ. ეს უკანასკნელი დაადასტურა კიდეც პარლამენტის წევრმა გ. თ.-მ.

მოსამართლე თ.უ.-ს 2015 წლის 5 ნოემბრის განჩინება „რუსთავი 2“-ში დროებითი მმართველების დანიშვნის შესახებ, ალბათ, ყველაზე ნათელი მაგალითია. მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა დებულებები დაუყოვნებლივი აღსრულების შესახებ, რითაც გადავადდა კომპანიის გადაცემა მთავრობის ნდობით აღჭურვილი პირისთვის [ქ.ხ.], მოსამართლე [თ.უ.-მ] დანიშნა „რუსთავი 2“-ის დროებითი მმართველები. 2015 წლის 5 ნოემბრის განჩინებაცხადყოფს მთავრობის ნამდვილ მოტივაციას: მოსამართლემ [თ.უ.] გააკრიტიკა „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკა და განაცხადა, რომ კომპანია კონცენტრირებულია მის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესზე, რითაც საფრთხის ქვეშ აყენებს ქართული საზოგადოების უფლებას მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღებაზე. გარდა ამისა, მოსამართლის თანახმად, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ინფორმაციის მიწოდებისას დაცული უნდა იყოს ობიექტურობისა და სამართლიანობის სტანდარტები, რის გარანტიასაც ამჟამინდელი მენეჯმენტი არ იძლევა. ამავე დროს, მოსამართლემ [თ.უ.] დროებით მმართველებს მიანიჭა შეუზღუდავი ძალაუფლება სარედაქციო პოლიტიკის შესაცვლელად, გადაცემების დასახურად, კომპანიის ჟურნალისტების გასათავისუფლებლად და ყველა მენეჯერული თუ წარმომადგენლობითი ფუნქციების შესასრულებლად.

დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 აგვისტოს განჩინებით „რუსთავი 2“-ს აეკრძალა მოძრავი და უძრავი ქონების გაყიდვა და გაქირავება, იპოთეკით დატვირთვა და ნებისმიერი სახის ფინანსური ვალდებულების აღება, საბანკო სესხის ჩათვლით. 2015 წლის 5 აგვისტოს განჩინება გააკრიტიკეს ეუთოს წარმომადგენელმა მედიის საკითხებში, საქართველოს სახალხო დამცველმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა... [პირველმა მომჩივანმა წარმოადგინა 2015 წლის 5 აგვისტოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე განჩინების აღსრულების წინააღმდეგ გასაჩივრების პროცედურული ქრონოლოგია] 2017 წლის 2 მარტს, თითქმის 4 თვის შემდეგ, უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვიტა ყადაღის ძალაში დატოვება. 2017 წლის 2 მარტის განჩინების თანახმად, დიდმა პალატამ განიხილა და გამოიტანა გადაწყვეტილება საქმის არსებითი მხარის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილებით, რითაც კომპანია დაუბრუნდა ქ.ხ.-ს, დიდი პალატის თანახმად, „რუსთავი 2“-ის მოთხოვნა ყადაღის მოხსნასთან დაკავშირებით უკვე აღარ იყო რელევანტური. უკანონო ყადაღის შედეგად, „რუსთავი 2“-ს დაუგროვდა მნიშვნელოვანი ფინანსური ვალდებულებები სახელმწიფო ბიუჯეტის, მარეგულირებელი კომისიის, მაუწყებელთა ევროპული კავშირისა და სხვათა მიმართ. „რუსთავი 2“-ის დავალიანება, საჩივრის წარდგენის მომენტისთვის, ჯამში შეადგენს 30 მილიონ ლარზე მეტს. „რუსთავი 2“-ის აქტივების განგრძობადი დაყადაღებით ირღვევა დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი.

დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი მე-18 მუხლთან ერთობლიობაში: „რუსთავი 2“-ის აქტივების დაყადაღების მიზანია ამ მედია საშუალების განადგურება და არ ემსახურება კონვენციით განსაზღვრულ რომელიმე დებულებას საკუთრების უფლების შეზღუდვასთან მიმართებით. საკუთრების შესახებ დავა მთლიანად დაიგეგმა და იმართება საქართველოს მთავრობის მიერ „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მიზნით. ვიცე პრემიერ-მინისტრმა [კ.კა.] განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-ის მესაკუთრე შეიცვლებოდა. ბიძინა ივანიშვილმა ასევე გააკეთა განცხადება დავის შესახებ მანამდე, სანამ [ქ.ხ.-ს] სარჩელი შეტანილი იქნებოდა. კოალიცია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გ.თ.-მ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, ასევე განაცხადა, რომ „რუსთავი 2“ ერთ დღეში აღარ იარსებებდა“.

238. მეორე, მესამე და მეოთხე მომჩივნების მიერ წარდგენილი სამი ინდივიდუალური საჩივარი შესაბამის ნაწილებში (სექცია „F“ – „კონვენციის და/ან დამატებითი ოქმების სავარაუდო დარღვევა/დარღვევები და შესაბამისი არგუმენტები“) შეიცავს იდენტურ ფორმულირებებს საჩივრების არსის აღსაწერად, მხოლოდ შესაბამისი მომჩივნების სახელების განსხვავებით (ქვემოთ მოტანილი ტექსტი უცვლელია):

„მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი („მიუკერძოებელი სასამართლოს“ და „პროცესის სამართლიანობის“ შესახებ): „ტელეკომპანია საქართველომ“/ლ. ყარამანიშვილმა/გ. ყარამანიშვილმა ვერ მიიღეს სამართლიანი განხილვა მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, როგორც ამას ითვალისწინებს კონვენციის მე-6 მუხლი. თბილისის საქალაქო სასამართლოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები იყვნენ მიკერძოებულნი და მთავრობის ზეგავლენის ქვეშ. მთლიანობაში პროცესი ისე იყო კოორდინირებული, რომ უზრუნველეყო გადაწყვეტილების მიღება მთავრობის ნდობით აღჭურვილი პირის [ქ.ხ.] სასარგებლოდ... [მეორე, მესამე და მეოთხე მომჩივნების საჩივრების აღწერაში წარმოდგენილია სამივე ინსტანციის მოსამართლეთა სია, რომელნიც, მომჩივნების თანახმად, სხვადასხვა მიზეზით, არ იყვნენ დამოუკიდებელნი და მიუკერძოებელნი].

ქართული სასამართლოს პროცედურები არ იყო სამართლიანი. მოსმენები გაიმართა უპრეცედენტოდ მოკლე ვადებში, ხოლო მომჩივნებს არ ჰქონდათ შემდეგი მოსმენისთვის მომზადების შესაძლებლობა. იურისტებს არ ეძლეოდათ არგუმენტების გაჟღერების შესაძლებლობა და მათ ხშირად აჯარიმებდნენ და აძევებდნენ სასამართლოდან. თბილისის საქალაქო სასამართლომ და სააპელაციო სასამართლომ მომჩივნის წინააღმდეგ გადაწყვეტილების გამოტანით გადაუხვიეს დადგენილ პრაქტიკას. უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ სრულიად შეცვალა ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ გამოყენებული სამართლებრივი დასაბუთება, თუმცა დაადგინა ახალი ფაქტები ზეპირი მოსმენების გარეშე, სადაც მომჩივნებს არ მიეცათ გაბათილების შესაძლებლობა მტკიცებულებებისა და არგუმენტების წარდგენის გზით.

დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი (სასამართლო გადაწყვეტილებასთან მიმართებით, რითაც მომჩივნებს ჩამოერთვათ წილები): 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით, უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ჩამოართვა „ტელეკომპანია საქართველოს“/ლ. ყარამანიშვილს/გ. ყარამანიშვილს წილები „რუსთავი 2“-ში [მეორე, მესამე და მეოთხე მომჩივნებმა წარმოადგინეს ფაქტობრივი დეტალები მათი შესაბამისი პროცენტული წილების თაობაზე „რუსთავი 2“-ში]. ქართული კანონმდებლობა და არსებული პრაქტიკა იძლევა წილებისა და უძრავი ქონების კეთილსინდისიერი მესაკუთრეების მაღალი დონის დაცვის შესაძლებლობას. ჩანაწერები საჯარო რეესტრში, სადაც დარეგისტრირებულია წილებისა და უძრავი ქონების მესაკუთრეობა, მიიჩნევა უტყუარად. პრეზუმფცია შესაძლოა გაბათილდეს, თუკი მყიდველმა იცოდა, რომ რეესტრის ჩანაწერი არაზუსტია. ცოდნა უნდა დადასტურდეს მტკიცებულებით. პრინციპი „უნდა სცოდნოდა“ ვერ გამოდგება ამ შემთხვევაში. დიდმა პალატამ ვერ დაასაბუთა, რომ „ტელეკომპანია საქართველომ“/ლ. ყარამანიშვილმა/გ. ყარამანიშვილმა 2012 წელს იცოდნენ, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერი „რუსთავი 2“-ის წილების შესახებ არაზუსტი იყო. შესაბამისად, მომჩივანთა წილების დაბრუნება [ქ. ხ.-სთვის] არაკანონიერი იყო.

დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი მე-18 მუხლთან ერთობლიობაში: საკუთრებასთან დაკავშირებული დავა ორკესტრირებული იყო მთავრობის მიერ კრიტიკული მედია საშუალების გაჩუმების მიზნით, მისი მესაკუთრეების შეცვლის გზით. სამოქალაქო მოსარჩელე [ქ.ხ.] მხოლოდ მთავრობის ინტერესების გამტარი პირია. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა დააანონსა საკუთრების დავის დაწყება ჯერ კიდევ სარჩელის შეტანამდე, ასევე დაადასტურა, რომ ჰქონდა შეხვედრები და განხილვები [ქ.ხ.-სთან]. ბიძინა ივანიშვილმა, აგრეთვე, დაადასტურა, რომ იგი დაპირდა მხარდაჭერას ქ.ხ.-ს. გარდა ამისა, ვიცე-პრემიერმა, კ.კა.-მ განაცხადა, რომ „რუსთავი 2“ დაუბრუნდებოდა მის „ნამდვილ მესაკუთრეებს“. 2015 წლის 26 ოქტომბერს ჩაწერილ ინტერვიუში [ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული] მმართველი პარტიის – ქართული ოცნების წარმომადგენელმა, პარლამენტარმა გ.თ.-მ განაცხადა „რუსთავი 2“-სა და მიმდინარე საკუთრების დავის შესახებ: [მომჩივნებს მოაქვთ ციტატები გ.თ.-ს ინტერვიუდან, რომლებიც მითითებულია 45-ე და 46-ე პარაგრაფებში ზემოთ]. მოგვიანებით, პარლამენტარმა გ.თ.-მ დაამატა, რომ „რუსთავი 2“ ხვალ აღარ იარსებებს“. „რუსთავი 2“-ის დამფუძნებელი და დიდი ხნის განმავლობაში დირექტორი ე. კ. გარდაცვლილი იპოვეს საკუთარ ფარეხში მეორე დღეს იმ ინტერვიუს შემდეგ, რომელშიც მან გააკრიტიკა მთავრობის დაუფარავი გეგმები „რუსთავი 2“-ის მესაკუთრის შეცვლასთან დაკავშირებით“.

239. 2017 წლის 28 ნოემბერს სასამართლოს რეგლამენტის 54-ე წესის მე-2 პუნქტის “b” ქვეპუნქტის შესაბამისად, მოცემული საქმის შეტყობინებისას, სასამართლომ საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მომჩივანთა საჩივრებში წარმოდგენილი პრეტენზიების განხილვის საფუძველზე (იხ. პარაგრაფები 236-38 ზემოთ), მიიჩნია, რომ პირველი მომჩივნის მიერ კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის, მე-10 მუხლის, მე-18 მუხლისა და დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის საფუძველზე შეტანილი საჩივრები ეხებოდა 2015 წლის 5 აგვისტოს განჩინებით ყადაღის სახით დაწესებულ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებს (იხ. პარაგრაფები 85-88 ზემოთ). ხოლო, კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, მე-18 მუხლისა და დამატებითი ოქმის პირველი მუხლის საფუძველზე წარდგენილი მეორე, მესამე და მეოთხე მომჩივანთა საჩივრები ეხებოდა სამართალწარმოების მხოლოდ ძირითად ნაწილს – „რუსთავი 2“-ის წილებზე საკუთრების დადგენას (შემდგომში „საკუთრებასთან დაკავშირებული დავა“).

ბ. მხარეთა კომენტარები საქმის ფარგლებთან დაკავშირებით

240. თავიანთ დამატებით არგუმენტებში საქმის მისაღებობისა და არსებითი მხარის შესახებ, პირველმა მომჩივანმა („რუსთავი 2“) სურვილი გამოთქვა, მასაც შეხებოდა საკუთრების დავა. მათ განაცხადეს, რომ აღნიშნული განზრახვა – საკუთრების დავის შედეგის, ასევე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გასაჩივრების თაობაზე – გამოხატეს თავიანთ თავდაპირველ საჩივარში, რომელიც ეფუძნება კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტს და მე-10 მუხლს (ეს უკანასკნელი განხილულია როგორც ცალკე, ისე მე-18 მუხლთან ერთობლიობაში). მეორე მხრივ, პირველმა მომჩივანმა დაადასტურა, რომ დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის (განხილული როგორც ცალკე, ისე მე-18 მუხლთან ერთობლიობაში) საფუძველზე შეტანილი საჩივრები ყურადღებას ამახვილებს მხოლოდ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებზე.

241. რაც შეეხება მეორე, მესამე და მეოთხე მომჩივნებს, დაადასტურეს, რომ მათ მიერ კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის და დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის (განხილული როგორც ცალკე, ისე კონვენციის მე-18 მუხლთან ერთობლიობაში) საფუძველზე შეტანილი საჩივრები მიემართება საკუთრების დავას.

242. პასუხად, მთავრობამ განაცხადა, რომ საქმის შესახებ შეტყობინების გაგზავნის შემდეგ კითხვების დასმისას, სასამართლომ განსაზღვრა საქმის ფარგლები. შესაბამისად, ჩაითვალა, რომ პირველი მომჩივნის მიერ წარდგენილი საჩივრის ნაწილი ეხებოდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებს, ხოლო საკუთრების დავასთან დაკავშირებული საკითხები ეხებოდა მხოლოდ მეორე, მესამე და მეოთხე მომჩივანთა ინტერესებს. მთავრობამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სწორედ ასეთი იყო თავად სასამართლოს მიერ დადგენილი საქმის ფარგლები, 2003 წლის ნოემბერში სასამართლოს თავმჯდომარის მიერ გამოცემული წერილობითი პოზიციების შესახებ პრაქტიკული დირექტივის მე-14 მუხლის „ბ“ პუნქტის შესაბამისად (ცვლილებები შევიდა 2008 და 2014 წლებში) და რომ მხარეებმა პატივი უნდა სცენ ამ სასამართლო გადაწყვეტას.

243. შესაბამისად, მთავრობამ გამოთქვა პრეტენზია, რომ პირველი მომჩივნის მიერ შეტყობინების მიღების შემდეგ გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ მისი საჩივრის გარკვეული ასპექტები უნდა განიხილებოდეს საკუთრების დავის კონტექსტში, არის გაუმართლებელი მცდელობა, რომლის მიზანიცაა საქმის ფარგლების გაფართოება. მთავრობამ ხაზი გაუსვა, რომ მას არ მოეთხოვებოდა პირველი მომჩივნის იმ საჩივრებზე პასუხის გაცემა, რაც ეხებოდა საკუთრებასთან დაკავშირებულ დავას. მიუხედავად ამისა, მათი მხრიდან ამ დისკუსიაში ჩართვისგან თავის არიდება არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს განხილული, როგორც ამ საკითხთან დაკავშირებით „რუსთავი 2“-ის უსაფუძვლო ბრალდებების მიღების გამოხატულება.

გ. სასამართლოს პოზიცია

244. სასამართლოსთვის „წარდგენილი“ საქმის ფარგლები, ინდივიდუალური საჩივრის უფლების უზრუნველყოფის ჭრილში, განისაზღვრება მომჩივნის საჩივრით ან „პრეტენზიის“ მიხედვით იმ გაგებით, როგორითაც ის განისაზღვრება კონვენციის 34-ე მუხლში (იხ. ბოლოდროინდელი პრეცედენტის სახით Radomilja and Others v. Croatia [GC], nos. 37685/10 and 22768/12, §§ 108-09, 20 March 2018, და Foti and Others v. Italy, 10 December 1982, § 44, Series A no. 56). 34-ე მუხლის ფორმულირება ცხადყოფს, რომ კონვენციის ტერმინოლოგიაში ტერმინი „პრეტენზია“ ან საჩივარი შედგება ორი ნაწილისგან, კერძოდ, ფაქტობრივი ბრალდებებისა და მათი დასაბუთების მიზნით გაჟღერებული იურიდიული არგუმენტებისგან. ეს ორი ელემენტი გადაჯაჭვულია, რადგან გასაჩივრებული ფაქტი განხილული უნდა იყოს შესაბამისი იურიდიული არგუმენტების ჭრილში, და პირიქით. ფაქტობრივი და იურიდიული ელემენტების ამ თანდაყოლილი კავშირის მაგალითია სასამართლოს რეგლამენტში. ამგვარად, სასამართლოს რეგლამენტის 47-ე წესის პირველი პუნქტის (e) და (f) ქვეპუნქტებში განმარტებულია, რომ ყველა საჩივარი უნდა შეიცავდეს, სხვა კომპონენტებთან ერთად, მკაფიოდ და გასაგებად ჩამოყალიბებულ ფაქტობრივი გარემოებების, კონვენციის სავარაუდო დარღვევის/დარღვევების აღწერასა და შესაბამის არგუმენტაციას. 47-ე წესის მე-5 პუნქტის პირველი ქვეპუნქტის თანახმად, ამ მოთხოვნების შეუსრულებლობა, გარკვეულ შემთხვევებში, შეიძლება გახდეს სასამართლოს მიერ საქმის განხილვაზე უარის თქმის საფუძველი (იხ. Radomilja and Others ციტირებული ზემოთ; §§ 110-11).

245. მართალია, სასამართლო სრულად არის უფლებამოსილი, განიხილოს, კონვენციის კონტექსტში, საჩივარში გასაჩივრებული გარემოებები, ასევე „განიხილოს ფაქტები განსხვავებულად“, იგი მაინც შეზღუდულია მომჩივანთა მიერ ეროვნული კანონმდებლობის ფარგლებში წარმოდგენილი ფაქტებით. თუმცა, ეს არ უშლის ხელს მომჩივანს, კონვენციის ფარგლებში მიმდინარე პროცესის მსვლელობაში განმარტოს ან განავრცოს თავისი თავდაპირველი არგუმენტაცია. სასამართლოს შეუძლია გაითვალისწინოს არა მხოლოდ თავდაპირველი საჩივარი, არამედ დამატებითი დოკუმენტებიც, რომლებიც ავსებს საჩივარს აქამდე გამოტოვებული ან ბუნდოვანი დეტალების განმარტებით. ასევე, სასამართლომ შეიძლება ნათელი მოჰფინოს ასეთ ფაქტებს proprio motu (საკუთარი ინიციატივით) (იხ. ბოლოდროინდელი პრეცედენტის სახით, Radomilja and Others, მითითებული ზემოთ, §§ 121 და 122, და K.-H.W. v. Germany [GC], no. 37201/97, § 107, ECHR 2001‑II). თუკი მოპასუხე სახელმწიფოსთვის საჩივრის შესახებ შეტყობინების შემდეგ მომჩივანი წარადგენს ახალ პრეტენზიებს, რომლებიც ვერ განიხილება, როგორც თავდაპირველი საჩივრის განვრცობა, რომელზეც მხარეებმა უკვე გააკეთეს კომენტარი, სასამართლო, როგორც წესი, არ მიიღებს ასეთ ახალ საკითხებს განსახილველად (იხ., სხვებს შორის, Kovach v. Ukraine, no. 39424/02, § 38, ECHR 2008, და Saghinadze and Others v. Georgia, no. 8768/05, § 72, 27 May 2010).

246. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნების მიერ წარდგენილი თავდაპირველი საჩივრის შესაბამისი ნაწილების ფორმულირება, ყურადღებით წაკითხვისა და შესაბამის ფაქტებთან შეჯერების შედეგად, არ ტოვებს ეჭვს ოთხივე მომჩივნის საჩივრების საგნის თაობაზე (იხ. პარაგრაფები 237 და 238 ზემოთ). შესაბამისად, ნათელია, რომ პირველმა მომჩივანმა წარმოადგინა რამდენიმე პრეტენზია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ, ხოლო მეორე, მესამე და მეოთხე მომჩივნებმა („რუსთავი 2“-ის მესაკუთრეები) აქცენტი გააკეთეს საკუთრების დავის საკითხზე. თუკი პირველ მომჩივანს სურდა თავისი საჩივრის ფარგლების გაფართოება საკუთრების დავის საკითხზეც, მას შესაბამისი მკაფიო განცხადება უნდა გაეკეთებინა თავისი პირველადი საჩივრის “F” სექციაში – “კონვენციის და/ან დამატებითი ოქმების სავარაუდო დარღვევა/დარღვევები და შესაბამისი არგუმენტები” – როგორც ეს მან გააკეთა მოგვიანებით, შეტყობინების შემდგომ წარმოდგენილ მოსაზრებებში. მართლაც, სასამართლოს რეგლამენტის 47-ე წესის პირველი პუნქტის “f” და მე-2 პუნქტის “a” ქვეპუნქტის თანახმად, შეტანილი საჩივრების შინაარსისა და ფარგლების დადგენისას, სასამართლო ვერ გაითვალისწინებს რაიმე სხვა დოკუმენტს, გარდა კონვენციის სავარაუდო დარღვევის/დარღვევების შესახებ მომჩივნის მიერ მკაფიოდ და გასაგებად ჩამოყალიბებული განცხადებისა. შესაბამისად, სწორედ თავად პირველი მომჩივნის მიერ თავისი საჩივრის შესაბამის ნაწილში აღწერილი კონვენციის სავარაუდო დარღვევების შესახებ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სასამართლომ (რომელიც უფლებამოსილია, გააკეთოს კონკრეტული საქმის ფაქტების მომჩივნისგან განსხვავებული სამართლებრივი კვალიფიკაცია ან საჭიროების შემთხვევაში, გააკეთოს ფაქტების განსხვავებული ინტერპრეტაცია [იხ. Foti and Others ციტირებული ზემოთ; § 44]) მიიჩნია, რომ პირველი მომჩივნის პრეტენზია ეხება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებს, ხოლო მეორე, მესამე და მეოთხე მომჩივნების პრეტენზიები ეხება საკუთრების დავის საკითხს.

247. მიუხედავად ზემოთქმულისა, რადგან ხსენებული საჩივრები ნებისმიერ შემთხვევაში მიუღებელია ქვემოთ მოტანილი მიზეზების გამო (იხ. პარაგრაფები 270-74 ქვემოთ), სასამართლო არ მიიჩნევს, რომ არსებობს საჭიროება, დადგინდეს, ექცევა თუ არა განსახილველი საქმის ფარგლებში, კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, მე-10 და მე-18 მუხლების საფუძველზე, პირველი მომჩივნის შემდგომი მითითება საკუთრების დავის შედეგებთან დაკავშირებით (შეად. Radomilja and Others; §§ 122 და 129), რომელიც პირველად გაჟღერდა შეტყობინების შემდგომ საქმის მისაღებობისა და არსებითი მხარის შესახებ მოსაზრებებში.

II. კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის, მე-10 და მე-18 მუხლების დარღვევა და კონვენციის დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის დარღვევა, როგორც ამას პირველი მომჩივანი აცხადებს

248. პირველი მომჩივანი, „რუსთავი 2“, ასაჩივრებდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის და მე-10 მუხლის შესაბამისად და კონვენციის დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის შესაბამისად – ბოლო ორი დებულება მოყვანილი იყო როგორც ცალკე, ასევე კონვენციის მე-18 მუხლთან ერთობლიობაში – რომ 2015 წლის 5 აგვისტოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გახანგრძლივებულად გამოყენებამ, რითაც კომპანიის სხვადასხვა აქტივებს ყადაღა დაედო, იყო თვითნებური გადაწყვეტილება, რაც იყო არაპროპორციული ჩარევა მის საკუთრების უფლებაში, ჰქონდა კომპანიის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე ნეგატიური გავლენა და წარმოადგენდა ფარულ მცდელობას გაეჩუმებინათ იგი.

249. პირველი მომჩივანი ასევე ასაჩივრებდა, რომ მოსამართლე თ.უ.-ს , უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მ.თ.-ს ჩართვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების წარმოებაში პირველ და ბოლო ინსტანციაში წარმოადგენდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტით, გათვალისწინებული დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევას.

250. პირველი მომჩივანი ასევე ასაჩივრებდა, როგორც ზემოთ აღინიშნა, კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტს და მე-10 მუხლებს, უკანასკნელი დებულება მოყვანილია ცალკე, ასევე მე-18 მუხლთან ერთობლიობაში, საკუთრების დავასთან მიმართებით (იხ. პარაგრაფი 240 ზემოთ). კერძოდ, მომჩივანი აცხადებდა, რომ მას აღუკვეთეს სამართლიანი სასამართლოს უფლება, რადგან საკუთრების დავა განიხილეს მოსამართლეებმა, რომლებიც არ იყვნენ დამოუკიდებელნი და მიუკერძოებელნი. მომჩივანი ასევე აცხადებდა, რომ საკუთრების დავის შედეგი – უზენაესი სასამართლოს საქმის არსებითი განხილვით 2017 წლის 2 მარტს მიღებული გადაწყვეტილება, წარმოადგენდა სახელმწიფოს შენიღბულ მცდელობას შეეზღუდა დამოუკიდებელი სატელევიზიო არხი.

251. კონვენციის დებულებები, რომლებიც მოჰყავს პირველ მომჩივანს, ამბობ