დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი
„ ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას საკუთრება ვინმეს კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში...."
ა. მისაღებობა
1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების წარმოება
(ა) მთავრობის არგუმენტები
252. მთვარობამ თავდაპირველად განაცხადა, რომ კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი, არ მოქმედებს ამ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების წარმოების მიმართ. ამასთან დაკავშირებით მთავრობა ამტკიცებდა, რომ სასამართლოს მიერ საეტაპო პრეცედენტული საქმისგან „Micallef v. Malta ([დიდი პალატა] no. 17056/06, პუნქტები 84-85, ECHR 2009)), განსხვავებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის გამოც ჩიოდა პირველი მომჩივანი – აქტივების დაყადაღება – არ შეიძლება განხილულიყო იმ სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების ქმედითად განმსაზღვრელ საშუალებად, რომლებიც წარმოადგენდა საკუთრების დავის საგანს.
253. მთავრობამ ასევე გააპროტესტა, რომ, ყოველ შემთხვევაში, პირველი მომჩივნის მიერ შეტანილი საჩივრები სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებით შეტანილი იყო დაგვიანებით. ამგვარად, იმ დროს როდესაც პირველი მომჩივანი 2015 წლის 5 აგვისტოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების განჩინებას ხდიდა სადაოდ, რადგან ამ განჩინებით ყადაღა დაედო მის აქტივებს, ამასთან მიმართებით საბოლოო შიდასახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება (იხ. ზემოთ 196-ე და მე-200 პარაგრაფებში ციტირებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლი და 419-ე. მუხლის მე-3 ნაწილი). ამ გადაწყვეტილებით საბოლოოდ ძალაში დარჩა სადავო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები განხილული იქნა მხოლოდ ორი ინსტანციის სასამართლოში, და მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების წარმოებაზე უმაღლესი იურისდიქციის მქონე ინსტანციისა, იყო საბოლოო და სავალდებულო. მთავრობამ განსაკუთრებით ხაზი გაუსვა, რომ ეს მიდგომა მუდმივად იყო ფორმულირებული და მხარდაჭერილი უზენაესი სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში (იხ. პარაგრაფები 204, 206-07, 210 და 215 ზემოთ). რაც შეეხება 2016 წლის 17 ნოემბრის საჩივარს, რომელიც პირველმა მომჩივანმა სხვა სამ მომჩივანთან ერთად შეიტანა უზენაეს სასამართლოში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე და 1991 მუხლების შესაბამისად (იხ. ზემოთ პარაგრაფი 148), ამგვარი მოქმედება იყო შეუსაბამო სამართლებრივი დაცვის საშუალება და ვერ შეაჩერებდა ექვსთვიანი ვადის დინებას. კერძოდ, მთავრობამ განაცხადა, რომ იმ დროს, როდესაც ეს სამართლებრივი დებულებები მოქმედებდა სამართალწარმოების მხოლოდ არსებული მხარეებისთვის, პირველმა მომჩივანმა შეუქცევადად დაკარგა გასაჩივრების უფლება როგორც თანამოპასუხემ 2016 წლის 7 ივნისს, როდესაც 2015 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება პირველ მომჩივანთან დაკავშირებულ ნაწილში ძალაში შევიდა სააპელაციო ინსტანციის მიერ მისი ძალაში დატოვების შემდეგ. პირველმა მომჩივანმა აღიარა, რომ მას აღარ გააჩნდა ეროვნულ დონეზე მისი როგორც მხარის სტატუსი (იხ. პარაგრაფი 149 ზემოთ). მთავრობა ამტკიცებდა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოების მხოლოდ რეალურ მხარეებს აქვთ უფლება, საჩივარი შეიტანონ ეროვნულ სასამართლოებში. მთავრობამ ხაზი გაუსვა, რომ მას შემდეგ რაც პირველი მომჩივანი აღარ იყო თანამოპასუხე, მას არ განუცხადებია სურვილი, ჩართულიყო პროცესში მესამე მხარედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 88-ე-92-ე მუხლების შესაბამისად. ამასთან მიმართებით, მთვარობამ სასამართლოს ყურადღება გაამახვილა უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებაზე (საქმე N194-194-2018), რომელიც ცალსახად ადგენდა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის არცერთი დებულება შეიძლება განმარტებული იყოს ისე, რომ ანიჭებდეს ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს უფლებას, მიმართონ შიდა სასამართლოებს სასამართლოზე ხელმისაწვდომობის ძირითადი პროცედურული მოთხოვნების დაუცველად (იხ. პარაგრაფი 216 ზემოთ).
254. მთავრობამ ასევე განაცხადა, რომ პირველი მომჩივნის 2016 წლის 17 ნოემბრის საჩივარი, გაეუქმებინა 2015 წლის 5 აგვისტოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის შესაბამისად, იყო დაუსაბუთებელი. ამასთან, მან განაცხადა, რომ სადავოდ ქცეული აკრძალვა ეხებოდა ყველა მოპასუხეს ამ დავაში, არა მხოლოდ პირველ მომჩივანს. დაკისრებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება საჭირო იყო მისი ერთობლიობით, რადგან მას შემდეგაც, რაც პირველი მომჩივანი აღარ იყო თანამოპასუხე, საკუთრების დავა გაგრძელდა მეორე, მესამე და მეოთხე მომჩივნებთან, რომლებიც იყვნენ პირველი მომჩივნის მესაკუთრეები. ამის გათვალისიწინებით, მესაკუთრეების კუთვნილი წილების ღირებულება დგებოდა გაუფასურების და გაქრობის რისკის ქვეშ, თუკი კომპანიას მიეცემოდა უფლება, შესულიყო სხვადასხვა სამართლებრივ ურთიერთობებში, როგორც ცალკე იურიდიული პირი. რაც შეეხება პირველი მომჩივნის მითითებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე მუხლზე (იხ. ქვემოთ პარაგრაფი 257), მთავრობა იმეორებს, რომ ამ დებულების ტექსტი ცალსახად ადგენს, რომ მას შეიძლება დაეყრდნოს მხოლოდ სამართალწარმოების რეალური მხარეები – ან მოსარჩელე, ან მოპასუხე, ან მესამე მხარე დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ან მის გარეშე (იხ. მათი არგუმენტი ზემოთ 253-ე პარაგრაფში). მთავრობამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ყველა ზემოხსნებული პროცედურული ხარვეზის გათვალისწინებით, პირველი მომჩივნის 2016 წლის 17 ნოემბრის საჩივარი, რომელიც წარმოადგენდა შეუსაბამო სამართლებრივი დაცვის საშუალებას, არ იქნა არსებითად განხილული უზენაესი სასამართლოს მიერ (იხ. პარაგრაფი 151 ზემოთ). წინა მსჯელობის გათვალისწინებით, მთვარობა ასკვნიდა, რომ პირველი მომჩივნის 2016 წლის 17 ნოემბრის საჩივარი წარმოადგენდა უბრალო მცდელობას, შეეჩერებინა ექვსთვიანი ვადის დენა, რომელიც სხვაგვარად დაიწყებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2015 წლის 20 ნოემბერს გამოტანილი გადაწყვეტილებით, საბოლოო გადაწყვეტილება კონვენციის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის მნიშვნელობით სარჩელის უზრუნველყოფისღონისძიების წარმოებასთან მიმართებით. ვინაიდან პირველმა მომჩივანმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების წარმოების შესახებ საჩივარი შეიტანა დაგვიანებით, 2017 წლის 3 მარტს, საჩივრის გარკვეული ნაწილი ცალსახად შეტანილი იყო ვადის დარღვევით.
255. სხვა შემთხვევაში, მთავრობამ ასევე განაცხადა, რომ პირველი მომჩივნის პრეტენზია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების წარმოებასთან დაკავშირებით იყო მიუღებელი შიდასახელმწიფოებრივი დაცვის საშუალებების არამოწურვის გამო კონვენციის 35-ე მუხლის 1-ლი და მე-4 პუნქტების შინაარსის გათვალისწინებით. კერძოდ, თუ პირველი მომჩივანი მიიჩნევდა, რომ 2015 წლის 5 აგვისტოს სარჩელის უზრუნველყოფის განჩინება გახდა უკანონო მას შემდეგ, რაც მან დაკარგა 2016 წლის 7 ივნისს თანამოპასუხის სტატუსი, მას უნდა შეეტანა კერძო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე‑20-ე მუხლების შესაბამისად და მოეთხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება ამავე კოდექსის 1991 მუხლზე მითითებით. რაც შეეხება პირველი მომჩივნის 2016 წლის 17 ნოემბრის საჩივარს, მთავრობამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გარდა ასეთი საჩივრის შეტანის უფლების არქონისა, „რუსთავი 2“-მა სადავო საჩივრით მიმართა სულ სხვა შიდასახელმწიფოებრივ სასამართლოს. ამდენად, მან სარჩელი შეიტანა უზენაეს სასამართლოში, მაშინ როდესაც კერძო საჩივრის შეტანის წესები ნათლად ადგენდა, რომ ასეთი საჩივარი პირველად უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელმაც სავარაუდოდ დაუშვა პროცედურული დარღვევა. კერძოდ, თუკი პირველი მომჩივანი მიიჩნევდა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება საავტორო უფლების წარმოების შეწყვეტის შემდეგ, სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების მოთხოვნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის საფუძველზე პირველად უნდა შეეტანათ ამ უკანასკნელ სასამართლოში კერძო საჩივრის წესის შესაბამისად. ამ არგუმენტის გასამყარებლად, მთავრობამ მოუწოდა სასამართლოს, მხედველობაში მიეღო უზენაესი სასამართლოს შესაბამისი სამართლებრივი პრაქტიკა. კერძოდ, თავის 2016 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე NAS-806-773-2016), რომლის ასლი წარედგინა სასამართლოს მომჩივნების მიერ (იხ. პარაგრაფები 207 და 208 ზემოთ), უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საჩივარი, რომელიც 1991 მუხლის საფუძველზე ხორციელდება, უნდა იქნეს შეტანილი კომპეტენტურ სასამართლოში და უნდა იქნეს განხილული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე და 420-ე მუხლების შესაბამისად, დებულებები, რომლებიც არეგულირებენ კერძო საჩივრის შეტანის წესს.
(ბ) პირველი მომჩივნის არგუმენტები
256. პირველმა მომჩივანმა განაცხადა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ პროცედურები მოექცა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის სამოქალაქო-სამართლებრივ ფარგლებში; მან განაცხადა, რომ სასამართლოს მიერ „მიკალეფის“ გადაწყვეტილებაში განსაზღვრული ორივე პირობა – დაკმაყოფილებულია (მიკალეფი, ზემოთ მითითებული, პარაგრაფები 84-85). კერძოდ, პირველი მომჩივანი აცხადებდა, რომ სადავო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ბუნების გათვალისწინებით – „რუსთავი 2“-ის აქტივების დაყადაღება – ასეთ ზომებს ჰქონდა მნიშვნელოვანი და პირდაპირი გავლენა სამოქალაქო უფლებაზე საკუთრების დავაში. პოზიციის გასამყარებლად პირველმა მომჩივანმა გაავლო მთელი რიგი პარალელები სასამართლოს გადაწყვეტილებასთან საქმეში – Pekárny a cukrárny Klatovy, a.s., v. the Czech Republic (nos. 12266/07 and 3 others, § 64‑73, 12 January 2012).
257. მთავრობის შესაგებლების პასუხად, რომელიც გულისხმობს, რომ არ იქნა დაცული ექვსთვიანი ვადა და არ იყო ამოწურული შიდასამართლებრივი დაცვის საშუალებები, პირველმა მომჩივანმა დაადასტურა, რომ ეროვნული კანონმდებლობის თანახმად, ერთი მხრივ აღარ იყო შესაძლებელი დამატებითი სააპელაციო საჩივრის წარდგენა 2015 წლის 5 აგვისტოს, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების წინააღმდეგ, მას შემდეგ რაც თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა 2015 წლის 20 ნოემბრით დათარიღებული თავისი საბოლოო სააპელაციო გადაწყვეტილება. თუმცა პირველი მომჩივანი აცხადებდა, რომ ზემოაღნიშნული ექვსთვიანი ვადის შეზღუდვა არ უნდა ათვლილიყო 2015 წლის 20 ნოემბრით დათარიღებული საბოლოო გადაწყვეტილებიდან, რადგან არსებობდა 2015 წლის 5 აგვისტოთი დათარიღებული სარჩელის უზრუნველყოფის განჩინების ეჭვქვეშ დაყენების ორი დამატებითი შესაძლებლობა. კერძოდ, პირველმა მომჩივანმა მიუთითა სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის 196-ე და 1991 მუხლები, ორი დებულება, რომელიც მოიცავდა უზენაეს სასამართლოში წარდგენილი, 2016 წლის 17 ნოემბრით დათარიღებული განცხადების სამართლებრივ საფუძვლებს. რაც შეეხება 196-ე მუხლს, პირველი მომჩივანი აცხადებდა, რომ ამ დებულების საფუძველზე ნებისმიერ პირს ან ფიზიკურ პირს, რომლებზეც ვრცელდება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება – იქნება ეს მოსარჩელე, მოპასუხე, მესამე პირი თუ უბრალოდ დაზარალებული საქმის მხარის სტატუსის გარეშე – შეეძლო მიემართა აღნიშნული დროებითი ზომის ერთი სახის მეორით შეცვლის მოთხოვნით. პირველმა მომჩივანმა ხაზგასმით აღნიშნა, უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე მითითებით, რომელიც ეხება სამოქალაქო საქმეს N AS-1185-1114-2012 (იხ. პარაგრაფი 209 ზემოთ), რომ საჩივრის წარდგენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე მუხლის შესაბამისად, არ იყო შეზღუდული რაიმე ვადით და დამოკიდებული იყო მხოლოდ გარემოებების ცვლილებაზე არსებულ საქმეში. აღნიშნულთან დაკავშირებით დროში შეზღუდვების არარსებობა განპირობებული იყო იმ ფაქტით, რომ შეუძლებელი იყო იმის გათვალისწინება, ზუსტად როდის იყო მოსალოდნელი დაკისრებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების უარყოფითი შედეგების დადგომა.
258. რაც შეეხება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების მოთხოვნის შესახებ ალტერნატიულ დებულებას (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლი), პირველმა მომჩივანმა განაცხადა, რომ მითითებული დებულება იყო სათანადო სამართლებრივი დაცვის საშუალება, რადგან ქ.ხ.-ს მიერ საავტორო უფლების დარღვევის შესახებ სარჩელზე უარის თქმის და პირველ მომჩივანთან დაკავშირებით დავის შეწყვეტის შემდეგ, თბილისის სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო გაეუქმებინა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება „რუსთავი 2“-ის აქტივების დაყადაღების შესახებ. ვინაიდან სასამართლომ არ შეასრულა ეს ვალდებულება, პირველ მომჩივანს მიეცა უფლება 1991 მუხლის შესაბამისად წარედგინა სააპელაციო საჩივარი 2015 წლის 20 ნოემბრის საბოლოო სააპელაციო გადაწყვეტილების წინააღმდეგ უმაღლეს სასამართლო ინსტანციაში, უზენაეს სასამართლოში. აღნიშნულთან დაკავშირებით, პირველი მომჩივანი აცხადებდა, რომ შესაბამისი ადგილობრივი კანონი და პრაქტიკა არ ავალდებულებდა მას წარედგინა მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების ან ერთი სახის მეორით შეცვლის თაობაზე, კერძო სააპელაციო საჩივრებისთვის განსაზღვრული პროცედურის საფუძველზე (რომლის საფუძველზე სააპელაციო საჩივარი პირველად წარდგენილი იყო იმავე სასამართლოში, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, რამაც უარყოფითი გავლენა მოახდინა მხარის უფლებებზე ან ინტერესებზე). პირველი მომჩივანი ასევე აცხადებდა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება არ ჩაბარდა მას. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პირველმა მომჩივანმა განაცხადა, რომ უფლება ჰქონდა გაეგზავნა 2016 წლის 17 ნოემბრით დათარიღებული თავისი საჩივარი პირდაპირ უზენაეს სასამართლოში. პირველმა მომჩივანმა ასევე მიუთითა, რომ სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის 1991 მუხლით გათვალისწინებული უფლების გამოყენება, 196-ე მუხლით გათვალისწინებული უფლების ანალოგიურად, არ ექვემდებარებოდა სამართლებრივ შეზღუდვებს და აქედან გამომდინარე არ შეიძლება ითქვას, რომ 2016 წლის 17 ნოემბრით დათარიღებული მისი განცხადება ხანდაზმული იყო.
259. რაც შეეხება საკითხს, ჰქონდა თუ არა პირველ მომჩივანს საჭირო პროცედურული სტატუსი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე და 1991მუხლებით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის დროებითი ღონისძიების გაუქმების ან შეცვლის შესახებ საჩივრის წარდგენისთვის მას შემდეგ, რაც დაკარგა თანამოპასუხის სტატუსი, „რუსთავი 2“ აცხადებდა, რომ მას ამის უფლება ჰქონდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ზოგადი წესის შესაბამისად, რაც უზრუნველყოფდა სასამართლო დაცვის უფლებას ყველასთავის (იხ. პარაგრაფი 192 ზემოთ). გარდა ამისა პირველმა მომჩივანმა მიუთითა უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებაზე, NAS-277-263-2016 საქმეში, იმის დასადასტურებლად, რომ ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, ის ღია იყო იმ პირისთვისაც კი, რომელიც არ იყო სამოქალაქო წარმოებების მხარე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გასაჩივრებასთან დაკავშირებით, რომელიც გავლენას ახდენდა მის უფლებებზე (იხ. პარაგრაფი 203 ზემოთ). რაც შეეხება აღნიშნულ სამართალწარმოებებში ჩართვის შესაძლებლობას მესამე მხარის უფლებამოსილებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 88-ე-92-ე მუხლების შესაბამისად (იხ. პარაგრაფი 195 ზემოთ), პირველი მომჩივანი აცხადებდა, რომ საჩივრის წარდგენა ასეთი პროცედურული სტატუსის მოპოვებისთვის, იქნებოდა მიზანშეუწონელი. პირველი მომჩივნის მოსაზრებით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმ ფაქტს, რომ უზენაესმა სასამართლომ, ფაქტობრივად განიხილა მისი 2016 წლის 17 ნოემბრის განცხადება საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, პროცედურული ხარვეზის დადასტურების გარეშე (იხ. პარაგრაფი 151 ზემოთ). ნებისმიერ შემთხვევაში პირველმა მომჩივანმა ასევე მიუთითა, რომ მისი სხვადასხვა აქტივების დაყადაღება 2015 წლის 5 აგვისტოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საფუძველზე, იყო განგრძობადი სიტუაცია, რომელიც უწყვეტად გაგრძელდა მისი საჩივრის შეტანის თარიღიდან 2017 წლის 2 მარტამდე, უზენაესი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების თარიღი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხზე და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების თარიღი საკუთრების დავის არსებით ნაწილზე.
260. ზემოაღნიშნული არგუმენტების გათვალისწინებით, პირველმა მომჩივანმა პრეტენზია გამოთქვა, რომ ექვსთვიანი ვადის ათვლა დაიწყო უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებიდან, რომლის საფუძველზე უმაღლესმა სასამართლომ არსებითად განიხილა მისი 2016 წლის 2 მარტის საჩივარი, რომელიც წარდგენილი იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე და 1991 მუხლების შესაბამისად. ანალოგიურად, ვინაიდან მან მიმართა სათანადო სამართლებრივი დაცვის საშუალებებს საბოლოოდ დაწესებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გასაჩივრებასთან დაკავშირებით, პირველმა მომჩივანმა განაცხადა, რომ მისი საჩივრები სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების პროცედურების შესახებ, მიუღებელი არ იყო შიდა სამართლებრივი დაცვის საშუალებების არამოწურვის გამო, კონვენციის 35-ე მუხლის1-ლი და მე-4 პუნქტების მნიშვნელობის ფარგლებში.
(გ) სასამართლოს შეფასება
261. მოცემულ საქმეში სასამართლო საჭიროდ არ თვლის განიხილოს კომპლექსური საკითხი იმის დასადგენად ექცევა თუ არა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების პროცედურები მოცემულ საქმეში კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის ფარგლებში, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში მომჩივნის მიერ წარდგენილი საჩივრის ნაწილი მიუღებელია სხვა მიზეზის გამო.
262. სასამართლო მიუთითებს, რომ პირველი მომჩივნის საჩივრების არსი სასამართლოს წინაშე არის ის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 აგვისტოს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ, რომლის თანახმად დაყადაღდა მისი სხვადასხვა აქტივები და ხელი შეუშალა კონკრეტულ იურიდიულ ურთიერთობებში შესვლას, დაწესებული იქნა სამართლიანი სასამართლოს გარანტიების დარღვევით და დაარღვია მისი კონკრეტული უფლებები კონვენციის თანახმად. ვინაიდან სავარაუდო დარღვევების არსი იყო ზემოხსენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების შესრულების დაკისრება, პირველი საკითხი, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს არის ის თუ რას ადგენდა საბოლოო ეროვნული გადაწყვეტილება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების პროცედურებთან მიმართებით. ამ კითხვის პასუხი არის მკაფიო, რადგან ადგილობრივი კანონი ნათლად განმარტავს, რომ პროცედურები უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით, იწარმოება მხოლოდ იურისდიქციის ორ დონეზე, მეორე და უმაღლეს ინსტანციაში, კერძო სააპელაციო საჩივრებისთვის განსაზღვრული პროცედურების და აღნიშნულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებების შესაბამისად (იხ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მუხლი 1971- და 419-ე მუხლის მე-3 ნაწილი, ასევე უზენაესი სასამართლოს შესაბამისი პრაქტიკა, მითითებული პარაგრაფებში 204, 206-7, 210 და 215 ზემოთ). ეს საკითხი არც კი გახადა სადაო პირველმა მომჩივანმა (იხ. პარაგრაფი 257 ზემოთ). შედეგად ეს იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომელმაც საბოლოოდ ძალაში დატოვა 2015 წლის 5 აგვისტოთი დათარიღებულ სადავო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და მიუთითა რომ შემდგომ გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა (იხ. პარაგრაფი 128 ზემოთ) რომელიც წარმოადგენდა საბოლოო ეროვნულ გადაწყვეტილებას კონვენციის 35-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მნიშვნელობის ფარგლებში.
263. მეორე კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს, უკავშირდება პირველი მომჩივნის პრეტენზიას, რომ დროებითი ზომების დაკისრებამ 2015 წლის 5 აგვისტოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების განჩინების საფუძველზე, შექმნა „განგრძობადი სიტუაცია“. სასამართლო თვლის, რომ ეს არგუმენტი დაუსაბუთებელია პრეცედენტული სამართლის გათვალისწინებით, რადგან როცა კონვენციის უფლების სავარაუდო დარღვევა გამოწვეულია კონკრეტულ დროში განხორციელებული კონკრეტული მოვლენით (სასამართლო გადაწყვეტილების მიღება ან სხვა წერილობითი სამართლებრივი აქტი ამის მკაფიო მაგალითია), ასეთი შემთხვევის სამართლებრივი შედეგები, რომელიც შესაძლოა გაგრძელდეს მნიშვნელოვანი დროის განმავლობაში, არ კვალიფიცირდება „განგრძობად სიტუაციად“ კონვენციის 35-ე მუხლის 1-ლ პუნქტში მითითებული ექვსთვიანი ვადის ათვლის მიზნებისთვის (იხ., ბევრ სხვა წყაროებს შორის, Călin and Others v. Romania, nos. 25057/11 and 2 others, §§ 58-60, 19 July 2016; Posti and Rahko v. Finland, no. 27824/95, §§ 39-40, ECHR 2002‑VII; Meltex LTD v. Armenia (dec.), no. 37780/02, 27 May 2008; and Petkov and Others v. Bulgaria (dec.), nos. 77568/01 and 2 others, 4 December 2007).
264. მესამე და ბოლო კითხვა სასამართლოს წინაშე პირველი მომჩივნის საჩივრების შესაბამისი ნაწილის მისაღებობასთან დაკავშირებით, არის 2015 წლის 5 აგვისტოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ განჩინების გასაჩივრების გარეშე ძალაში დატოვების შემდეგ 2015 წლის 20 ნოემბრის საბოლოო გადაწყვეტილების საფუძველზე, შეიძლებოდა თუ არა პირველი მომჩივნის 2016 წლის 17 ნოემბრის საჩივრის, რომელიც მოითხოვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე და 1991მუხლებით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებას ან შეცვლას, განხილვა, როგორც დამატებითი სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალება. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ ამოწურვის შესახებ წესი, კონვენციის 35-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მოითხოვს, რომ სამართლებრივი დაცვის საშუალებები, რომლებიც უნდა ამოიწუროს არის მხოლოდ ის საშუალებები, რომლებიც ხელმისაწვდომი და საკმარისია გამოსაყენებლად სავარაუდო დარღვევების გამოსწორებისათვის. (იხ. Selmouni v. France [GC], no. 25803/94, § 74, ECHR 1999-V). თუმცა მომჩივანი არ არის ვალდებული მიმართოს სამართლებრივი დაცვის საშუალებებს, რომლებიც არ არის ადეკვატური ან ეფექტური (იხ. Akdivar and Others v. Turkey, 16 September 1996, § 67, Reports 1996‑IV), და ასეთი სამართლებრივი დაცვის საშუალებების გამოყენების მცდელობას აუცილებლად ექნება „საბოლოო გადაწყვეტილების“ განსაზღვრისათვის შედეგები და შესაბამისად, ექვსთვიანი ვადის წესის ამოქმედების საწყისი წერტილის ათვლის მიზნებისთვის (შეადარეთ, მაგალითად, Prystavska v. Ukraine (dec.), no. 21287/02, 17 December 2002, and Kucherenko v. Unkraine (dec.), no. 41974/98, 4 May 1999).
265. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო სათანადოდ ითვალისწინებს მხარეთა მრავალ არგუმენტს იმ საკითხთან დაკავშირებით ჰქონდა თუ არა პირველ მომჩივანს სათანადო locus standi სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე და 1911 მუხლების შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები იმ საკითხზე, რომ მას შემდეგ რაც აღარ იქნება თანამოპასუხე, პირველ მომჩივანს კვლავ ექნება თუ არა საჩივრის წარდგენის უფლებამოსილება ზემოაღნიშნული ორი დებულების საფუძველზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ პირველ მომჩივანს ექნებოდა საჩივრის წარდგენის სათანადო უფლება, ცხადია, რომ ეროვნული კანონმდებლობის და პრაქტიკის გათვალისწინებით აღნიშნული საჩივარი უნდა წარდგენილიყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე და 420-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, იმ წესების შესაბამისად, რომლებიც არეგულირებს კერძო სააპელაციო საჩივრების განხილვას. ნამდვილად, უზენაესი სასამართლო პრაქტიკის, მათ შორის პირველი მომჩივნის მიერ წარდგენილი გადაწყვეტილებების განხილვა, თანმიმდევრულად მეტყველებს, რომ საჩივრები სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების შესახებ, იდენტური იყო იმდენად რამდენადაც მათი განხილვა ეხებოდა კერძო სააპელაციო საჩივრებს (იხ. პარაგრაფები 206, 208, 209-212 და 217 ზემოთ). კერძო სააპელაციო საჩივრების დამუშავება კოდექსის 1971, 419-ე და 420-ე მუხლების შესაბამისად, თავის მხრივ გულისხმობდა, რომ ასეთი სააპელაციო საჩივარი პირველად წარდგენილი უნდა იყოს სასამართლოში, რომელმაც სავარაუდოდ დაარღვია მხარის პროცედურული უფლებები და ინტერესები.
266. კერძოდ, სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმის ფარგლებში განხილულის მსგავს ვითარებაში, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2016 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე N AS-806-773-2016) დაადგინა, რომ როდესაც ეროვნულმა სასამართლომ ვერ გააუქმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლში ჩამოთვლილი წინაპირობებიდან ერთ-ერთის მატერიალიზების შემდეგ, აღნიშნულის გასაჩივრება დაზარალებულ მხარეს შეეძლო კერძო სააპელაციო საჩივრის შეტანით იმავე კოდექსის 1971 მუხლის შესაბამისად (იხ. 207-ე და 208-ე პარაგრაფები ზემოთ). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სასამართლო აღნიშნავს, რომ კოდექსის 196-ე და/ან 1991 მუხლების თანახმად, პირველი მომჩივნის მიერ საჩივრის შეტანის პროცედურულად ერთადერთი სწორი გზა თბილისის სააპელაციო სასამართლოში კერძო სააპელაციო საჩივრის შეტანა იქნებოდა, სწორედ იმ სასამართლოში, რომელმაც სავარაუდოდ ვერ შეძლო სადავო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება ამ კონკრეტულ მომჩივანთან დაკავშირებით ძირითადი სამართალწარმოების დასრულების შემდეგ. რადგან პირველი მომჩივანი ასე არ მოიქცა, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მან არ გამოიყენა გაცხადებული სამართლებრივი დაცვის საშუალებები ოფიციალური მოთხოვნების და ეროვნული კანონმდებლობით განსაზღვრული ვადების შესაბამისად. როგორც ეს ინტერპრეტირებული და გამოყენებულია შიდა სასამართლოების მიერ. ეს უკანასკნელი გარემოება პირველი მომჩივნის 2016 წლის 17 ნოემბრის პროცედურულად ხარვეზიან საჩივარს ავტომატურად უკარგავს მნიშვნელობას ექვსთვიანი წესის გამოთვლის მიზნებისთვის (შედარებისთვის იხ. მაგალითად, Rezgui v. France (dec.), no. 49859/99, 7 November 2000; Polcarová v. the Czech Republic (dec.) [Committee], no. 52256/15, § 58, 15 May 2018; and Sazas v. Slovenia (dec.) [Committee], no. 53257/13, §§ 24-27 10 October 2017).
267. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე და 1991 მუხლებში გათვალისწინებული სამართლებრივი დაცვის საშუალებები მოიცავს განსაკუთრებულ სამართლებრივი დაცვის საშუალებებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში. სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც ეს იყო აღიარებული პირველი მომჩივნის მიერ და სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, საჩივრის შეტანა ზემოთ აღნიშნული დებულებებიდან ერთ-ერთის მიხედვით არ ექვემდებარებოდა დროში შეზღუდვას, თუმცა, სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს ფართოდ დამკვიდრებულ პრეცედენტულ სამართალზე, რომლის მიხედვითაც, სასამართლო დაცვის საშუალებები, რომლებიც დროში ზუსტ შეზღუდვას არ ექვემდებარება, ქმნის გაურკვევლობას და მნიშვნელობას უკარგავს კონვენციის 35-ე მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ ექვსთვიანი ვადის წესს, არ წარმოადგენს ეფექტურ სამართლებრივი დაცვის საშუალებებს 35-ე მუხლის 1ლი პუნქტის მიხედვით (იხ. სხვა მრავალ წყაროებთან ერთად მაგალითად: Galstyan v. Armenia, no. 6986/03, § 39, 15 November 2007; Williams v. the United Kingdom (dec.) no. 32567/06, 17 February 2009; Kolu v. Finland (dec.), no. 56463/10, 3 May 2011; and Denisov v. Russia (dec.), no. 33408/03, 6 May 2004). მართლაც, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლის ან მოხსნის მოთხოვნის შესაძლებლობა არ იყო რეგულირებული კონკრეტული დროის შეზღუდვით და მისი გამოყენება თავისუფლად იყო შესაძლებელი ნებისმიერ დროს, თუ გარკვეული გაუთვალისწინებელი გარემოებები გამოიკვეთებოდა, სამართლებრივი დაცვის საშუალებების ასეთი მახასიათებლები იწვევს მიუღებელ გაურკვევლობას, სასამართლო პროცესის საბოლოო გადაწყვეტილებასთან მიმართებით (შედარებისთვის იხ. მაგალითად, Smadikov v. Russia (dec.), no. 10810/15, §§ 39, 41, 46 and 49, 31 January 2017).
268. ზემოთ აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ პირველი მომჩივანი 2016 წლის 17 ნოემბრის საჩივარს პროცედურული ფორმალობების გათვალისწინებით შეიტანდა (იხ. ზემოთ 266-ე პარაგრაფში აღნიშნული მსჯელობა), აღნიშნული საჩივარი ვერ იქნებოდა მიღებული მხედველობაში ექვსთვიანი ვადის შეზღუდვის ათვლისთვის, რადგან იგი დაეყრდნობოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე და 1991 მუხლებს, ორ განსაკუთრებულ დაცვის საშუალებას, რომლებიც არ თავსდებოდა შიდასამართლებრივი დაცვის საშუალებების ნორმალურ ჯაჭვში, რომლებიც გათვალისწინებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების განსახილველად (შეადარეთ, mutatis mutandis მაგალითად, Martynets v. Russia (dec.), no. 29612/09, 5 November 2009, and AO “Uralmash” v. Russia (dec.), no. 13338/03, 10 April 2003). ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც ხდება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გასაჩივრება სასამართლოში, გათვალისწინებულია სამართლებრივი დაცვის მხოლოდ ის საშუალებები, რომლებიც წარმოადგენს ჩვეულებრივი შიდა სამართალწარმოების ჯაჭვის ნაწილს, კონვენციის 35-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიზნებისთვის, მიუხედავად იმისა, შესაძლებელია თუ არა, რომ მოგვიანებით ადგილი ჰქონოდა რაიმე სახის შესაძლო სამართლებრივი დაცვის საშუალების გამოყენებას არსებითი სასამართლო განხილვის პარალელურად. (იხ. მაგალითად: RTBF v. Belgium, no. 50084/06, §§ 90-91, ECHR 2011 (extracts); Hachette Filipacchi Associés v. France (dec.), no. 71111/01, 2 February 2006; and Maurice v. France (dec.), no. 11810/03, 6 July 2004).
269. ამგვარად, სასამართლო ასკვნის, რომ პირველი მომჩივნის 2016 წლის 17 ნოემბრის საჩივარი არ წარმოადგენდა სამართლებრივი დაცვის ქმედით საშუალებას კონვენციის 35-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიზნებისთვის. იგი განმარტავს, რომ თარიღი, როდესაც დაიწყო ექვსთვიანი ვადის ათვლა, იყო 2015 წლის 20 ნოემბერი, ეს იყო თარიღი, როდესაც თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ძალაში დატოვა სადავო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება (შედარებისთვის იხ. Tucka v. the United Kingdom (no. 1) (dec.), no. 34586/10, §§ 12-15, 18 January 2011; Riedl‑Riedenstein and Others v. Germany (dec.), no. 48662/99, 22 January 2002; and Babinsky v. Slovakia (dec.), no. 35833/97, 11 January 2000). თუმცა, რადგან პირველმა მომჩივანმა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მე-10 და მე-18 მუხლების და დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად საჩივრები 2017 წლის 3 მარტს შეიტანა, აღნიშნული საჩივრები მიუღებლად უნდა იქნეს ცნობილი კონვენციის 35-ე მუხლის 1-ლი და მე-4 პუნქტების თანახმად.
2. „რუსთავი 2“-ის წილებზე საკუთრების დავის არსებით მხარესთან დაკავშირებული სამართალწარმოება
270. მთავრობამ განაცხადა, რომ რადგან პირველი მომჩივანი არ წარმოადგენდა საკუთრების შესახებ დავის მხარეს, მას არ გააჩნდა უფლება, საჩივარი წარმოედგინა ამ განხილვასთან მიმართებით კონვენციის დარღვევის შესახებ, კონვენციის 34-ე მუხლის გათვალისწინებით. მათ ასევე განაცხადეს, რომ თუ პირველი მომჩივანი მიიჩნევდა, რომ საკუთრების შესახებ დავამ გავლენა იქონია მის რომელიმე უფლებაზე, მას უნდა მიემართა სასამართლოსთვის და მოეთხოვა დავაში მესამე მხარედ ჩართვა დამოუკიდებელი სარჩელით ან მის გარეშე (ასევე იხ. 253-ე პარაგრაფი ზემოთ). ამასთან, მიუხედავად უმოქმედობისა, რაც სასამართლო პროცესში მესამე მხარედ ჩართულობას ეხებოდა, მთავრობამ განაცხადა, რომ პირველი მომჩივნის საჩივრები საკუთრების დავასთან დაკავშირებით მიჩნეული უნდა იქნეს მიუღებლად, რადგან შიდა დაცვის სამართლებრივი საშუალებები ამოწურული არ იყო კონვენციის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით.
271. პირველი მომჩივანი არ დაეთანხმა. პირველ რიგში მან განაცხადა, რომ რადგან მეორე, მესამე და მეოთხე მომჩივნები, მისი მესაკუთრეები საკუთრების შესახებ უფლებებს იცავდნენ დავის მიმდინარეობისას, შესაბამისი შიდა სამართალწარმოება პირდაპირ გავლენას ახდენდა კონვენციით გათვალისწინებულ მის სხვადასხვა უფლებაზე. მეორე – პირველმა მომჩივანმა ასევე განაცხადა, რომ ის ვალდებული არ იყო, მოეთხოვა მესამე მხარედ ჩართვა, რადგან ასეთი საჩივარი მისი აზრით, წასაგებად იქნებოდა განწირული. კერძოდ, პირველმა მომჩივანმა განაცხადა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 89-ე მუხლი, რომელიც სამართალწარმოებაში მესამე მხარის ჩართულობას განსაზღვრავს დამოუკიდებელი საჩივრის გარეშე – ფაქტიურად ვერ იქნებოდა გამოყენებული მოცემულ ვითარებაში, რადგან შიდა დებულების ტექსტის გათვალისწინებით, მისთვის შეუძლებელი იყო მტკიცება, რომ საკუთრების შესახებ დავის შედეგი გავლენას მოახდენდა მის სამოქალაქო უფლებებზე და პასუხისმგებლობებზე vis-à-vis მომჩივნის, ქ.ხ., ან მოპასუხეების, მეორე, მესამე და მეოთხე მომჩივნების.
272. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირველი მომჩივნის არგუმენტები შეიცავს წინააღმდეგობას. ერთი მხრივ მან განაცხადა, რომ მომჩივანს, ქ.ხ.-ს უფლება თუ ექნებოდა, აღესრულებინა შიდა სასამართლოს საბოლოო განჩინება საკუთრების შესახებ დავაზე და გახდებოდაპირველი მომჩივნის ერთადერთი მესაკუთრე, პირველ მომჩივანს შეეზღუდებოდა უფლება, შეენარჩუნებინა სარედაქციო თავისუფლება ახალი მფლობელის ზემოქმედებისგან (იხ. პარაგრაფები 230 და 250 ზემოთ). მეორე მხრივ. პირველმა მომჩივანმა ასევე განაცხადა, რომ საკუთრების შესახებ დავის შედეგი სავარაუდოდ ვერ მოახდენდა გავლენას მის სამოქალაქო უფლებებზე და პასუხისმგებლობებზე რომელიმე მხარის მიმართ.
273. სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ მაშინაც კი, თუ დავუშვებთ, რომ პირველი მომჩივანი მართალი იყო, როდესაც აცხადებდა, რომ ვერ ჩაერთვებოდა საკუთრების შესახებ დავაში მესამე მხარედ, ეს არგუმენტი კიდევ უფრო აშკარას ხდის იმ ფაქტს, რომ ,,რუსთავი 2“ ვერ იქნება სუბიექტი საკუთრების შესახებ დავაში. პირველი მომჩივანი კომპანია, წარმოადგენდა საკუთრების შესახებ დავის ობიექტს მოსარჩელეს და მოპასუხეებს, მეორე, მესამე და მეოთხე მომჩივანებს შორის. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ პირველი მომჩივანი აღიარებდა, რომ მისი უფლებები და სამართლებრივი ინტერესები ეროვნულ დონეზე წარმოდგენილი იყო მეორე, მესამე და მეოთხე მომჩივნების მიერ. ამასთან, იგივე სამი მომჩივანი, როგორც პირველი მომჩივნის მესაკუთრეები, მათი უფლებების ფარგლებში განაგრძობენ ამ უკანასკნელის ინტერესების გაჟღერებას სასამართლოს წინაშე (იხ. პარაგრაფი 279 ქვემოთ). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პირველ მომჩივანს არ შეუძლია განაცხადოს, რომ დამოუკიდებელი და დაუცველი ინტერესი გააჩნია საკუთრების შესახებ დავასთან დაკავშირებით. თუმცა, სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ფართოდ დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, პირს არ შეუძლია გაასაჩივროს მისი კონვენციით მინიჭებული უფლებების დარღვევის შესახებ იმ სასამართლო განხილვის ფარგლებში, რომელზეც მხარეს არ წარმოადგენდა (იხ. მაგალითად, Štimac and Kuzmin-Štimac v. Croatia (dec.), no. 70694/12, § 50 27 September 2016; Duran v. Turkey (dec.), no. 79599/13, § 11, 19 May 2015; and Kugler v. Austria (dec.), no. 65631/01, 27 November 2008).
274. აქედან გამომდინარე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საკუთრების დავასთან დაკავშირებით პირველი მომჩივნის საჩივრები, მაშინაც კი, თუ დავუშვებთ, რომ ისინი თავსდება მიმდინარე საქმის ფარგლებში (იხ. პარაგრაფი 247 ზემოთ), არ შეესაბამება კონვენციის დებულებებს 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის (ა) ქვეპუნქტის გათვალისწინებით და უარყოფილი უნდა იქნეს კონვენციის 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.
III. კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის, მე-18 მუხლისა და კონვენციის დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის დარღვევა, რაზეც დავობდა მეორე-მეოთხე მომჩივანი
275. მეორე, მესამე და მეოთხე მომჩივანი, კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, დავობდნენ, რომ საკუთრების დავაზე სასამართლო განხილვა იყო უსამართლო, რადგან საბოლოო ეტაპზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, ზეპირი მოსმენის გარეშე, მოულოდნელად შეცვალა დავის სრული სამართლებრივი სტრუქტურა, რომელიც ვითარდებოდა ქვედა ინსტანციის სასამართლოებში სამართალწარმოების დროს. ამგავრად, ისინი ამტკიცებდნენ, რომ მაშინ, როდესაც დავა ქვედა ინსტანციის სასამართლომ განიხილა სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თვალსაზრისით, უზენაესმა სასამართლომ ყურადღება გადაიტანა სამოქალაქო კოდექსის 85-ე მუხლზე.
276. ისინი, აგრეთვე, დავობდნენ, რომ უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებაში მოცემული საფუძვლები არ იყო საკმარისი და/ან იყო აშკარად თვითნებური და არღვევდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლ პუნქტს.
277. სამი მომჩივანი ასევე დავობდა, რომ მოსამართლე თ. უ. (პირველი ინსტანციის სასამართლოში), მოსამართლეები ნ.გ. და შ.ყ. (თბილისის სააპელაციო სასამართლოში), მოსამართლე მ.თ. (უზენაეს სასამართლოში) და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აცილებული უნდა ყოფილყვნენ საკუთრების დავის განხილვისაგან, რადგან არსებობდა გარემოებები, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებდა მათ დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას, რაც არღვევდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამის პრინციპებს. რაც შეეხება მოსამარლე ნ.გ.-ს, მეორე-მეოთხე მომჩივანმა ეჭვქვეშ დააყენა მისი დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა ორი სხვადასხვა საფუძვლით: (i) მოსამართლე თ.უ.-სთან მისი სიახლოვის გამო, რადგან ორივე იყო მოსამართლეთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრი (იხ. პარაგრაფი 136 ზემოთ) და (ii) იმ ფაქტის გამო, რომ მოსამართლის მიმართ მიმდინარეობდა დისციპლინური სამართალწარმოება საკუთრების დავის განხილვის დროს (იხ.პარაგრაფი 141 ზემოთ).
278. მეორე-მეოთხე მომჩივანმა კონვენციის დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის საფუძველზე, ეჭვქვეშ დააყენა საკუთრების დავის შედეგი.
279. ბოლოს, კონვენციის მე-18 მუხლზე მითითებით, დამატებითი ოქმის 1-ლ მუხლთან ერთობლიობაში, სამმა მომჩივანმა შინაარსობრივად გაიმეორა პირველი მომჩივნის მოსაზრება, რომელიც ეხებოდა საკუთრების დავაზე სასამართლო განხილვაში სახელმწიფოს ჩარევას, რომელსაც ჰქონდა პირველი მომჩივნის გაჩუმების ფარული მიზანი.
280. კონვენციის შესაბამისი დებულებები მოცემულია 251-ე პარაგრაფში ზემოთ.
ა. მისაღებობა
1. კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე საჩივრების მისაღებობა
(ა) მთავრობის არგუმენტები
281. რაც შეეხება მეორე-მეოთხე მომჩივნის საჩივრებს, რომლებიც ეხება სასამართლო განხილვის ბოლო ეტაპზე საკუთრების დავის სავარაუდო მოულოდნელ გადაკვალიფიცირებას სამოქალაქო კოდექსისი 54-ე მუხლიდან 85-ე მუხლზე, მთავრობამ პოზიცია დააფიქსირა, რომ ეს საჩივრები იყო აშკარად დაუსაბუთებელი. კერძოდ, საქმის შესაბამის გარემოებებზე მითითებით, მთავრობამ განაცხადა, რომ ფაქტობრივად, საკუთრების დავა პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მიერ განხილული იყო სამოქალაქო კოდექსის ორივე მუხლის – 54-ე და 85-ე მუხლების შესაბამისად. ამდენად, მეორე-მეოთხე მომჩივანს ჰქონდა სათანადო შესაძლებლობა, რომ ქვედა ინსტანციებში სასამართლო განხილვისას ჩამოეყალიბებინათ და განემარტათ საკუთარი პოზიცია ორივე სამართლებრივ საფუძველთან დაკავშირებით. ასეთ ვითარებაში, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსისი 85-ე მუხლი საქმის გარემოებების მიმართ, არ წარმოადგენდა სიახლეს, რასაც ადგილი ჰქონდა საბოლოო ეტაპზე. აგრეთვე, მეორე-მეოთხე მომჩივნის მიმართ, ადგილი არ ჰქონია არავითარ უსამართლობას, რომელიც წარმოიშვებოდა უზენაეს სასამრთლოში ზეპირი მოსმენის არარსებობის გამო. მთავრობა აცხადებდა, რომ უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილება, რომ კანონის საფუძველზე, უარი ეთქვა ამგვარ მოსმენაზე, არ არღვევდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლ პუნქტს იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ამ ინსტანციის ფარგლებში განიხილული იქნა მხოლოდ სამართლებრივი საკითხები. მთავრობა ასევე აცხადებდა, რომ იმ ფაქტმა, რომ მეორე მომჩივანს შეეძლო უზენაეს სასამართლოში წარედინა სასამართლოს მეგობრის მოსაზრება, მაშინ, როცა მოწინააღმდეგე ქ.ხ., რომელმაც არ წარადგინა რაიმე საპასუხო კომენტარი (იხ.პარაგრაფი 158 ზემოთ), შესაბამისი მომჩივნები უპირატეს პოზიციაში ჩააყენა მის ოპონენტთან პირისპირ.
282. მთავრობამ ასევე განაცხადა, რომ მეორე-მეოთხე მომჩივნის საჩივრები იმის შესახებ, რომ უზენაესი სასამრთლოს 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება შეიცავდა არასათანადო და/ან თვითნებურ დასაბუთებას, იყო, აგრეთვე, აშკარად დაუსაბუთებელი. მეორე-მეოთხე მომჩივნის საჩივრები ყურადღებით იქნა შესწავლილი უზენაესი სასამართლოს მიერ, რომელმაც პასუხი გასცა მათ მიერ წარდგენილ თითოეულ საკითხს. მთავრობამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შესაბამისი მომჩივნები სასამართლოს წინაშე არ დავობდნენ, რომ უზენაესმა სასამართლომ საკუთრების დავა განიხილა უყურადღებოდ ან დაუშვა დაუდევარი ტექნიკური ხასიათის შეცდომები ან არასწორად განმარტა მათი არგუმენტები (მთავრობამ მოიხსენია საქმე Donadze v. Georgia, no. 74644/01, §§ 16 და 31-40, 2006 წლის 7 მარტი). მთავრობამ დეტალური მითითება გააკეთა მეორე-მეოთხე მომჩივნის კონკრეტულ პრეტენზიებზე და სთხოვა სასამართლოს, ყურადღება გაემახვილებინა იმ ფაქტზე, რომ უზენაესმა სასამართლომ განიხილა ხანდაზმულობის ვადებთან დაკავშირებული მათი არგუმენტები და გაეცა დამაჯერებელი და გონივრული პასუხები შესაბამის შიდა კანონმდებლობასა და პრაქტიკაზე დაყრდნობით. კერძოდ, უზენაესმა სასამართლომ გარკვევით და სათანადოდ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 89-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის ვადებიდან გამომდინარე, როგორც lex specialis, და აგრეთვე, ამავე კოდექსის 1008-ე მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 85-ე მუხლის გამოყენება ამ საქმის გარემოებების მიმართ არ იყო ხანდაზმულობის ვადით შეზღუდული (იხ. პარაგრაფები166-168 ზემოთ).
283. რაც შეეხება საკუთრების დავის განხილვაში ჩართული მოსამართლეების დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას, მთავრობამ პოზიცია დააფიქსირა ზოგიერთი საჩივრის მისაღებობასთან დაკავშირებით. კერძოდ, მან განაცხადა, რომ საჩივრები მოსამართლე ნ.გ.-ს მიმართ, რამდენადაც ამ ერთ კონკრეტულ მოსამართლესთან დაკავშირებული პრეტენზია ეხებოდა მის წინააღმდეგ მიმდინარე დისციპლინურ სამართალწარმოებას (იხ.პარაგრაფი 277 ზემოთ) და მოსამართლე შ.ყ.-ს მიმართ იყო მიუღებელი, რადგან ამოწურული არ იყო დაცვის შიდასამართლებრივი საშუალებები, კონვენციის 35-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად. მთავრობამ აღნიშნა ის ფაქტი, რომ შესაბამისი საჩივრები ამ ორი მოსამართლის მიმართ, რომ მოეხდინათ თვითაცილება, არასოდეს ყოფილა არსებითად განხილული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის შესაბამისი საპროცესო დებულებების საფუძველზე (იხ. პარაგრაფები 141-142 ზემოთ).
284. მთავრობას არ გაუპროტესტებია იმ საჩივრების მისაღებობა, რომლებიც ეხებოდა მოსამართლე თ.უ.-ს; მოსამართლე ნ.გ.-ს, რამდენადაც საეჭვო იყო ამ უკანასკნელის სავარაუდო სიახლოვე, მოსამარლე თ.უ.-სთან; მოსამართლე მ.თ.-სა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას, და წარმოადგინა თავისი არგუმენტები მხოლოდ საჩივრის არსებით მხარესთან მიმართებით (იხ. პარაგრაფი 277 ზემოთ და პარაგრაფები 323-328 ქვემოთ).
(ბ) მეორე-მეოთხე მომჩივნის არგუმენტები
285. მეორე-მეოთხე მომჩივანი აცხადებდა, რომ უზენაესმა სასამართლომ მოულოდნელად სრულად შეცვალა ის სამართლებრივი საფუძველი, რომლის შესაბამისად საკუთრების დავა თავდაპირველად იქნა განხილული. შედეგად, სამი მომჩივანი დავობდა, რომ მათ არ ჰქონდათ შესაძლებლობა, წარედგინათ არგუმენტები (ზეპირად ან წრილობით) სამოქალქო კოდექსის 85-ე მუხლთან დაკავშირებით, რაც წარმოადგენდა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დარღვევას. მათ განაცხადეს, რომ უზენაეს სასამართლოს არ ჰქონდა 85-ე მუხლის გამოყენების უფლება, რადგან მათ წარადგინეს საკასაციო საჩივარი სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად. სხვა სიტყვებით, უზენაესი სასამართლო გასცდა მათი საჩივრის ფარგლებს. 85-ე მუხლის გამოყენება საკუთრების დავასთან დაკავშირებული გარემოებების მიმართ იმ სიტუაციაში, როდესაც ქვედა ინსტანციის ორმა სასამართლომ ეს საქმე განიხილა მხოლოდ 54-ე მუხლის შესაბამისად, უტოლდებოდა ახალი ფაქტობრივი გარემოებების შექმნას. სამი მომჩივანი ასევე აცხადებდა, რომ თუ უზენაესმა სასამრთლომ დაადგინა, რომ 85-ე მუხლი წარმოადგენდა lex specialis განსახილველი დავის შემთხვევაში, მას თვითონ არ უნდა გადეწყვიტა საქმე და უნდა დაებრუნებინა დაბალი ინსტანციის სასამართლოებისთვის ხელახალი განხილვისთვის. უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის სამოქალაქო კოდექსის 85-ე მუხლის მიხედვით განხილვა, ამ სამართლებრივი მიდგომის უეცარი ცვლილების შესახებ ნებისმიერი წინასწარი შეტყობინების გარეშე, და ზეპირ მოსმენაზე უარის თქმა წარმოადგენდა „სამართლებრივ სიახლეს“, რამაც გააკვირვა მომჩივნები და დაარღვია არა მხოლოდ ეროვნული კანონმდებლობის დებულებები, არამედ დატოვა ისინი ეფექტური შესაძლებლობის გარეშე, რომ წარედგინათ მათი სამართლებრივი არგუმენტები.
286. მეორე-მეოთხე მომჩივნის აზრით, უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებაში მოცემული არგუმენტები ეყრდნობიოდა შიდა კანონმდებლობის არასწორად განმარტებასა და საქმის მასალების არასწორ შეფასებას. ისინი თავის ვრცელ განცხადებებში ამბობდნენ, რომ მათ პრეტენზიაზე საპასუხოდ, უზენაეს სასამართლოს სათანადოდ არ განუმარტავს, თუ რატომ არ იყო შეზღუდული ამ საქმის გარემოებებთან დაკვშირებით სამოქალაქო კოდექსის 85-ე მუხლის გამოყენება 89-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადის მიხედვით, ეს უკანასკნელი წარმოადგენს lex specialis 85-ე მუხლთან მიმართებით. მეორე-მეოთხე მომჩივანმა ასევე გააპროტესტა უზენაესი სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლში მოცემული ხანდაზმულობის ვადის შესახებ დებულების გამოყენება, რადგან ეს უკანასკნელი იყო სრულად შეუსაბამო სახელშეკრულებო ურთიერთობებში იძულების საკითხის განხილვისთვის. მეორე-მეოთხე მომჩივნის აზრით, უზენაესმა სასამართლომ ასევე ვერ შეძლო სათანადოდ აეხსნა, რომელი მტკიცებულებებით დაადგინა, შესაძლებლობების ბალანსის გამოყენებით, ის ფაქტი, რომ ქ.ხ. იძულებული იყო ხელი მოეწერა წილების შესყიდვის 2005 წლის 26 დეკემბრისა და 2006 წლის 17 ნოემბრის ხელშეკრულებებზე. სამი მომჩივანი ასევე ჩიოდა, რომ სისხლის სამართლის 2008 წლის 1 დეკემბრის საჩივარი, რომელშიც სავარაუდოდ ქ.ხ., აღწერდა მასზე განხორციელებული ზეწოლის გარემოებებს, არ ფიგურირებდა სამოქალაქო საქმის მასალებში, მიუხედავად იმისა, რომ ის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებაში მოხსენებული იყო, როგორც მნიშვნელოვანი მტკიცებულება. იმ შემთხვევაშიც კი, რომ მოსარჩელე ქ.ხ.-ს ნამდვილად წარედგინა სისხლის სამართლის საჩივარი 2008 წლის 1 დეკემბერს, სამი მომჩივანი, ადგილობრივი სამართლებრივი ექსპერტის კომენტარზე მითითებით, დავობდა, რომ სისხლის სამართლის საჩივრის უბრალოდ აღძვრა არ შეიძლებოდა საკმარისი ყოფილიყო იმისათვის, რომ გავლენა მოეხდინა სამოქალაქო კოდექსის 89-ე მუხლით განსაზღვრული ვადის ათვლაზე. კერძოდ, სხვებს შორის, მომჩივნების მიერ წარდგენილი სამართლებრივი კომენტარები შეიცავდა განცხადებას, რომელიც არ იყო გამყარებული სასამრთლო პრაქტიკით, რომ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას არ შეეძლო გამოეწვია ხელშეკრულების გაუქმების უფლებით სარგებლობა 89-ე მუხლის შესაბამისად.
287. რაც შეეხება მთავრობის პოზიციას იმ საჩივრების მისაღებობის თაობაზე, რომლებიც ეხებოდა მოსამართლე ნ.გ.-სა, რამდენადაც მასთან დაკავშირებული საჩივარი ეხებოდა მის მიმართ აღძრულ დისციპლინურ სამართალწარმოებას (იხ. პარაგრაფი 284 ზემოთ) და მოსამართლე შ.ყ.-ს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას, მეორე-მეოთხე მომჩივანმა განაცხადა, რომ 2016 წლის 7 და 9 ივნისს აცილების შესახებ შესაბამისი წერილობითი შუამდგომლობის წარდგენით (იხ. პარაგრაფები 141 და 142 ზემოთ) მათ სათანადოდ ამოწურეს დაცვის შიდასამართლებრივი საშუალებები. მოსამართლე ნ.გ.-სთან დაკავშირებით მეორე მომჩივანი, აცილების შესახებ შუამდგომლობის ასლის წარდგენის გარეშე, ამტკიცებდა, რომ მან პირველ მომჩივანთან ერთად მოსამართლესთან დაკავშირებით პირველად პრეტენზიები წარადგინა 2016 წლის 3 ივნისს. რაც შეეხება მათი საჩივრის დანარჩენ ნაწილს, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს მოსამართლე თ.უ.-ს; მოსამართლე ნ.გ.-ს, რამდენადაც საეჭვო იყო მისი სავარაუდო სიახლოვე მოსამართლე თ.უ.-სთან; მოსამართლე მ.თ.-სა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დამოუკიდებლობასა და მოიუკერძოებლობას, მთავრობის მხრიდან შეპასუხხების არარსებობის გათვალისწინებით, (იხ. პარაგრაფი 284 ზემოთ), სამი მომჩივანი აცხადებდა, რომ ეს საჩივრები ასევე გამოცხადებული უნდა ყოფილიყო მისაღებად.
(გ) სასამართლოს შეფასება
(i) ბოლო ინსტანციის სასამართლო განხილვისას საკუთრების დავაზე სამართლებრივი გადახედვის გაუმართლებელ ცვლილებასთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივრის მისაღებობა
288. თავდაპირველად, და მეორე-მეოთხე მომჩივნის არგუმენტების საპასუხოდ, სასამართლო იმეორებს, რომ მისი ფუნქცია არ არის განსაზღვროს, დაიცვეს თუ არა შიდა სასამართლოებმა საკუთრების დავის განხილვისას მატერიალური ან საპროცესო კანონმდებლობის ნორმები (მაგალითისთვის იხ. Bochan v. Ukraine (no. 2) [GC], no. 22251/08, § 61, 2015 წლის 5 თებერვალი). შესაბამისად, კონვენციიდან გამომდინარე, სრულიად არაარსებითია, შეეძლო თუ არა უზენაეს სასამართლოს, შიდაკანონმდებლობის შესაბამისად, გაეუქმებინა თბილისის სააპელაციოს სასამართლოს გადაწყვეტილება და 2017 წლის 2 მარტს მიეღო დავასთან დაკავშირებული საბოლოო გადაწყვეტილება ქვედა ინსტანციის სასამართლოებისათვის საქმის ხელახლა განსახილველად გადაგზავნის გარეშე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს არ შეუძლია არ აღნიშნოს, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლაში არაფერია უჩვეულო, ისევე როგორც მის მიერ სამოქალაქო დავასთან დაკავშირებით საბოლოო, საკასაციო ინსტანციის, გადაწყვეტილების მიღებაში (კერძოდ, იხ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლი, რომელიც მითითებულია 199-ე პარაგრაფში ზემოთ; და მაგალითისთვის, შეადარეთ G.S. v. Georgia, no. 361/13, §§ 25‑27, 2015 წლის 21 ივლისი; Gogitidze and Others v. Georgia, no. 6862/05, § 36, 2015 წლის 12 მაისი, და Gorelishvili v. Georgia, no. 12979/04,§§ 16‑19, 2007 წლის 5 ივნისი).
289. სასამართლოს წინაშე დასმული საკითხი არ ეხება იმას, საკუთრების დავაზე გადაწყვეტილების მიღებისას, უზენაესმა სასამართლომ დაარღვია თუ არა შიდასაპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ფარგლები, (შეადარეთ Sotiris და Nikos Koutras ATTEE v. Greece, no. 39442/98, § 17, ECHR 2000‑XII), არამედ ეხება იმას, გამოიწვია თუ არა მისმა საბოლოო გადაწყვეტილებამ საპირისპირო პროცესსა და დაცვის საშუალებების თანასწორად მიღებაზე მეორე-მეოთხე მომჩივნის უფლებების გაუმართლებელი შეზღუდვა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად. აღნიშნულთან დაკავშირებით, ერთადერთი შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც სამმა მომჩივანმა სასამართლოს წინაშე გააჟღერა, არის მათ მიერ იმაზე მითითება, რომ სასამართლოს ბოლო, საკასაციო ინსტანციაზე, სავარაუდოდ შეიცვალა სამართლებრივი განხილვის მიდგომა (იხ. პარაგრაფი 285 ზემოთ). სასამართლო, არ გამორიცხავს, რომ პრინციპულად, სასამართლოს ბოლო და უმაღლეს ინსტანციაზე, სასამართლო განხილვასთან დაკავშირებულმა მოულოდნელმა ცვლილებამ, კონკრეტულ გარემოებებში, მომჩივანი, მოპასუხესთან მიმართებით, შეიძლება დააყენოს არახელსაყრელ მდგომარეობაში მის მიერ შესაბამის სასამართლოზე გავლენის მოხდენის მიზნით, სამართლებრივი არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობის თვალსაზრისით. (იხ. mutatis mutandis, Súsanna Rós Westlund v. Iceland, no. 42628/04, §§ 40-41, 2007 წლის 6 დეკემბერი). აგრეთვე, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, საკუთრების დავასთან მიმართებით სამოქალაქო კოდექსის 85-ე მუხლის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, მოეთხოვებოდათ შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვა (მაგალითისთვის იხ. Clinique des Acacias and Others v. France, nos. 65399/01 and 3 others, § 38, 2005 წლის 13 ოქტომბერი, და Skondrianos v. Greece, nos.63000/00 and 2 others, §§ 29-30, 2003 წლის 18 დეკემბერი).
290. მიუხედავად ამისა, მომჩივანთა თავდაპირველი პრეტენზიების საწინააღმდეგოდ, მთავრობისთვის საქმის შესახებ შეტყობინების გაგზავნიდან და მხარეთა მიერ დამატებითი არგუმენტების წარდგენის შემდეგ ნათელი გახდა, რომ საკუთრების დავა, სამოქალაქო კოდექსისი მხოლოდ 54-ე მუხლის საფუძველზე არასოდეს განხილულა ქვედა ინსტანციის – თბილსისი საქალაქო სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს დონეზე. პირიქით, ქ.ხ.-ს 2015 წლის 4 აგვისტოს სამოქალაქო სარჩელიდან და აგრეთვე, პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებებში მოცემული სამართლებრივი საფუძვლებიდანაც ირკვევა, რომ სამოქალაქო კოდექსის 85-ე მუხლი მუდმივად განიხილებოდა სამართალწარმოების განმავლობაში. მეორე-მეოთხე მომჩივანს ჰქონდა საკმარისი შესაძლებლობა, რათა 85-ე მუხლთან მიმართებით შიდა სასამართლოებში წარედგინა საკუთარი არგუმენტები, და პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა სათანადოდ განიხილეს სამოქალაქო კოდექსის 85-ე მუხლი მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში (იხ. პარაგრაფები 75, 81, 110-11 და 145 ზემოთ). სასამართლო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმ ფაქტს, რომ მეორე-მეოთხე მომჩივანი პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ დაცვით სიტყვაში აღნიშნავდა, რომ საკუთრების დავასთან დაკავშირებულ გარემოებებთან მიმართებით სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 85-89 მუხლები და არა 54-ე მუხლი (იხ. პარაგრაფი 82 ზემოთ). აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგოდ, როდესაც სამივე მომჩივანმა განაცხადა, რომ საქმე განხილული უნდა ყოფილიყო სამოქალაქო კოდექსის 85-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლო უცნაურად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ არსებული დროისათვის, ისინი აკრიტიკებდნენ უზენაეს სასამართლოს აღნიშნული სამართლებრივი დებულების გამოყენებისთვის.
291. გარდა ამისა, სასამართლო ვერ ადგენს, რომ ქ.ხ.-ს მეორე-მეოთხე მომჩივანთან შედარებით უპირატესობა მიენიჭა უზენაეს სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოებისას. ორივე მხარეს მიეცა თანაბარი შესაძლებლობა წარედგინათ წერილობითი მოსაზრებები, და არცერთ მათგანს არ შეეძლო წარედგინა ახალი ფაქტობრივი მტკიცებულება სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე (იხ. Súsanna Rós Westlund, მოცემულია 71-ე პარაგრაფში ზემოთ). უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ მეორე-მეოთხე მომჩივანი მოწინააღმდეგესთან მიმართებით, იყო პროცედურულად უპირატეს მდგომარეობაში, იქედან გამომდინარე, რომ გარდა სხვა სამართლებრივი საკითხებისა, მხოლოდ მათ მიეცათ შესაძლებლობა, უზენაესი სასამართლოს წინაშე წარედგინათ სასამართლოს მეგობრის მოკლე მიმართვა, სხვებს შორის, სამოქალაქო კოდექსის 85-ემუხლის თაობაზე (იხ. პარაგრაფი 158 ზემოთ). რაც შეეხება მეორე-მეოთხე მომჩივნის პრეტენზიას, რომ მათ არ განუხილავთ სამოქალაქო კოდექსის 85-ე მუხლი საკუთარ სამართლებრივ არგუმენტაციაში, სასამართლო ვერ ხედავს თუ რა მხრივ შეიძლება მიეწეროს აღნიშნული ფაქტი უზენაეს სასამართლოს. მომჩივნებმა იცოდნენ ან უნდა სცოდნოდათ, რომ 85-ე მუხლი, 54-ე მუხლთან ერთად, მითითებული იყო მოსარჩელე ქ.ხ.-ს მიერ, და რომ პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლომაც აღნიშნული სამართლებრივი დებულებები განიხილა საკუთარ გადაწყვეტილებებში. თუ, ზემოაღნიშნული გარემოებებისდა მიუხედავად, მომჩივნებმა გადაწყვიტეს, რომ 85-ე მუხლი არ განეხილათ საკუთარ სამართლებრივ არგუმენტაციაში, აღნიშნული გამოწვეული იყო მათი უმოქმედობით ან ტაქტიკური არჩევნით, და ნებისმიერ შემთხვევაში, მათ უნდა გაითვალისწინონ საკუთარი მიდგომის თანმდევი სამართლებრივი მოვლენები უზენაესი სასამართლოს წინაშე მოცემულ საქმესთან დაკავშირებით (შეადარეთ, mutatis mutandis, Roberts and Roberts v. the United Kingdom (dec.), no. 38681/08, § 37, 2011 წლის 5 ივლისი).
292. სასამართლო აგრეთვე აღნიშნავს, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, საკუთრების დავა განეხილა სამოქალაქო კოდექსის 85-ე მუხლის ჭრილში, რომელზეც პირველად მიუთითა მოსარჩელემ და რომელიც განიხილეს ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა, იყო სამართლებრივი და არა ფაქტობრივი შეფასება (იხ. პარაგრაფი 165 ზემოთ). არსებითად, უზენაესმა სასამართლომ, საქმისთვის ორივე მხარის მიერ წარდგენილი მოსაზრებების გათვალისწინებით, მხოლოდ მკაფიოდ წარმოაჩინა საქმის სამართლებრივი მხარე და დაადასტურა მოსარჩელის არგუმენტაცია იძულებასთან მიმართებით, რომელსაც საქმის აღძვრის მომენტიდანვე ეწინააღმდეგებოდა მეორე-მეოთხე მომჩივანი. შედეგად, არ შეიძლება ითქვას, რომ დარღვეულ იქნა მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები (შეადარეთ ძალიან მსგავს გარემოებებს შემდეგ საქმეში APBP v. France, no. 38436/97, §§ 30-34, 2002 წლის 21 მარტი). ამ უკანასკნელი დასკვნის შესაბამისად, ფაქტი, რომ უზენაესმა სასამართლომ აღარ ჩაატარა ზეპირი მოსმენები, ვერ წარმოშობს სადავო საკითხებს კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად. საკასაციო ინსტანციას ჰქონდა სრული შესაძლებლობა, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ შესაბამისი სამართლებრივი დებულებების ინტერპრეტაციები სათანადოდ განეხილა მხოლოდ მხარეთა მიერ წარდგენილი წერილობითი მოსაზრბებისა და საქმესთან დაკავშირებული სხვა მასალების საფუძველზე, მითუმეტეს, რომ ქვედა ორი ინსტანციის სასამართლოში ორივე მხარის არაერთი ზეპირი მოსმენა გაიმართა (იხ. როგორც აღნიშნული ქვეყნისთვის სპეციფიური საქმეები, Rizhamadze v. Georgia, no. 2745/03, §§ 37-40, 2007 წლის 31 ივლისი და Gogoladze v. Georgia, no. 4683/03, §§ 31-37, 2007 წლის 11 დეკემბერი).
293. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბოლო ინსტანციის სასამართლო განხილვისას საკუთრების დავაზე სამართლებრივი განხილვის გაუმართლებელ ცვლილებასთან დაკავშირებით მეორე-მეოთხე მომჩივნის მოთხოვნები, რომლებიც უკავშირდება მე-6 მუხლის 1-ლ პუნქტს, არსებითად დაუსაბუთებელია და უნდა იქნეს უარყოფილი კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 (a) და მე-4 პუნქტების შესაბამისად.
(ii) უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებაში არასაკმარისი და/ან თვითნებური მსჯელობის თაობაზე საჩივრის მისაღებობა
294. მხარეთა მიერ წარმდგენილი მოსაზრებების შესაბამისად, სასამართლო განსაზღვრავს, რომ მეორე-მეოთხე მომჩივნის არგუმენტები უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებასთან მიმართებით, ძირითადად კონცენტრირებული იყო სამ მოთხოვნაზე:
უზენაესმა სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა 85-ე მუხლით გათვალისწინებულ იძულებასთან მიმართებით, აღნიშნულის მაგივრად მას უნდა გამოეყენებინა ამავე კოდექსის 89-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის ერთწლიანი ვადა;
ქ.ხ.-ს მიერ 2008 წლის 1 დეკემბერს სისხლისსამართლებრივი საჩივრის წარდგენა არ შეიძლება დადასტურდეს, რადგან სამოქალაქო საქმის მასალებში არ არსებობს მისი ასლი, და ნებისმიერ შემთხვევაში, ამგვარი სარჩელი ვერ შეაჩერებდა ხანდაზმულობის ვადის დინებას;
უზენაესმა სასამართლომ ვერ განმარტა, თუ რომელი მტკიცებულებით დასტურდებოდა, რომ მოსარჩელე ქ.ხ.-მ იძულებით დათმო „რუსთავი 2“-ის წილები.
295. სასართლო იმეორებს, რომ ხელშემკვრელ სახელმწიფოებს უფრო მეტი ფარგლები აქვთ სამოქალაქო უფლებებთან და ვალდებულებებთან დაკავშირებული საქმეების განხილვისას ვიდრე სისხლისსამართლებრივ საქმეებთან მიმართებით (იხ. სხვა საქმეებს შორის, Levages Prestations Services v. France, no. 21920/93, § 46, 1996 წლის 23 ოქტომბერი, და Dombo Beheer B.V. v. the Netherlands, §32, no. 14448/88, 1993 წლის 27 ოქტომბერი). შესაბასმიად, მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნები სამოქალაქო უფლებებთან მიმართებით ნაკლებ სირთულეებს წარმოშობს, ვიდრე სისხლისსამართლებრივ ბრალდებებთან მიმართებით (იხ. Bartaia v. Georgia, no. 10978/06, §§ 28 და 32, 2018 წლის 26 ივლისი; იხ. ასევე König v. Germany, no. 6232/73, § 96, 1978 წლის 28 ივნისი). გარდა ამისა, თავისი ხანგრძლივი პრეცედნტული სამართლის მიხედვით, სასამართლოს კომპეტენციაში არ შედის შიდა სასამართლოთა ფაქტობრივი ან სამართლებრივი შეცდომების განხილვა, თუ ამგვარი დარღვევები არ ხელყოფს კონვენციით დაცულ უფლებებსა და თავისუფლებებს, მაგალითად, როდესაც კონკრეტულად შეიძლება ითქვას, რომ ისინი წარმოადგენენ კონვენციის მე-6 მუხლთან შეუსაბამო „უსამართლობის“ საფუძვლებს. აღნიშნული დებულება უზრუნველყოფს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას, იგი არ ადგენს მტკიცებულებათა მისაღებობის წესებს ან იმ მეთოდებს, რომელთა მიხედვითაც აღნიშნული მტკიცებულებები უნდა შეფასდეს. აღნიშნული განეკუთვნება შიდა კანონმდებლობისა და სასამართლოების კომპეტენციას. როგორც წესი, შიდა სასამართლეობის მიერ მტკიცებულებათა შეფასება და მათთვის მნიშვნელობის მინიჭება არ განეკუთვნება სასამართლოს განხილვის საგანს. სასამართლო არ უნდა მოქმედებდეს როგორც მეოთხე ინსტანციის ორგანო და შესაბამისად მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის ჭრილში არ განიხილავს შიდა სასამართლოთა გადაწყვეტილებებს თუ აღნიშნული გადაწყვეტილებები არ იქნება მიჩნეული მიკერძოებულად და არსებითად დაუსაბუთებლად. „შეფასების აშკარა ხარვეზის“ ცნებასთან დაკავშირებული მოსაზრების თანახმად (une erreur manifeste d’appréciation – საფრანგეთის ადმინისტრაციული სამართლის პრინციპი), როგორც იგი გამოყენებულია კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის ფარგლებში, თუ შიდა სასამართლოს მიერ სამართალთან ან ფაქტთან მიმართებით შეცდომა იმდენად აშკარაა, რომ ობიექტური შემფასებლის შეხედულებით, ასეთი გადაწყვეტილება არცერთ სასამართლოს არ უნდა მიეღო, ამგვარი არსებითი შეცდომა შეიძლება მიჩნეულ იქნეს, როგორც პროცესის სამართლიანობის დარღვევა (მაგალითისთვის შეადარეთ, Bochan v. Ukraine (no. 2) [GC], no. 22251/08, §§ 61-62, ECHR 2015).
296. რაც შეეხება მეორე-მეოთხე მომჩივნის პირველ მოთხოვნას, რომელიც ეხება უზენაესი სასამართლოს სავარაუდო უმოქმედობას, იძულებასთან მიმართებით 89-ე მუხლის საფუძველზე კანონით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის გამოყენებასთან დაკავშირებით (იხ. პარაგრაფი 286 ზემოთ), სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი მოთხოვნა არსებითად დაუსაბუთებელია. 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებაში, უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ 89-ე მუხლში მითითებული ხანდაზმულობის ვადა საქმის გარემოებებს სპეციფიურად ეხება 85-ე მუხლთან ერთად. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ქ.ხ. იმყოფებოდა იძულების განგრძობით მდგომარეობაში 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, რამაც გამოიწვია ქვეყანაში მმართველი ძალის ცვლილება. საკასაციო ინსტანციმ შემდეგ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლზე, რომელიც ეხება ხანდაზმულობის ვადის ათვლის შეწყვეტის ზოგად წესს. აღნიშნულთან დაკავშირებით, უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ქ.ხ.-მ, 2008 წლის 1 დეკემბერს სისხლისსამართლებრივი საჩივრის წარდგენით, 138-ე მუხლის მნიშვნელობით, შეწყვიტა 89-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა. სამოქალაქო კოდექსის 89-ე მუხლის საფუძველზე არსებული მდგომარეობის ანალიზზე დამატებით, უზენაესმა სასამართლომ აგრეთვე აღნიშნა რომ იძულების აქტი იმდენად აშკარა იყო, რომ შესაძლებელი იყო მისი მიჩნევა სამოქალაო დელიქტად, და სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის საფუძველზე, სამოქალაქო დელიქტთან დაკავშირებით ზიანის ანაზღაურებაზე მოთხოვნის წარსადგენად ხანდაზმულობის ვადა მოიცავს სამ წელს. ამრიგად, უზენაესმა სასამართლომ მსჯელობა წარმართა ალტერნატიული მიმართულებით, და განაცხადა, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ მდგომარეობას მივიჩნევდით სამოქალაქო დელიქტად, 1008-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა 138-ე მუხლის ფარგლებში მაინც შეწყვეტილად ჩაითვლებოდა, რადგან სისხლისსამართლებრივი საჩივარი წარდგენილ იქნა 2008 წლის 1 დეკემბერს. სხვა სიტყვებით, ერთი და იგივე შედეგი დადგებოდა – კერძოდ, ხანდაზმულობის ვადა იქამდე შეწყდებოდა ვიდრე მდგომარეობა გაუტოლდებოდა იძულების ან დელიქტის ფარგლებს – იმისდა მიუხედავად, გამოყენებული იქნებოდა 89-ე მუხლის ერთწლიანი ვადა თუ სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის სამწლიანი ვადა.
297. სასამართლო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმ ფაქტს, რომ უზენაესი სასამართლოს დასკვნები ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან დაკავშირებით, ეხმაურება კარგად დამკვიდრებულ შიდა სასამართლო პრაქტიკას (იხ. პარაგრაფები 219 და 220 ზემოთ). განსაკუთრებულ საინტერესო შემთხვევას წარმოადგენს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება საქმეში N. 3 / 1186-01, რომლის თანახმადაც, არ შეიძლება ითქვას, რომ უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება იყო შეუსაბამო წინა შიდა სასამართლო პრაქტიკასთან. სასამართლო კვლავ ადგენს, რომ მეორე-მეოთხე მომჩივანმა ძალიან კარგად იცოდა ზემოაღნიშნული შიდა სამართლებრივი პრაქტიკის არსებობა სამოქალაქო კოდექსის 85-ე-89-ე და 138-ე მუხლებთან დაკავშირებით – სისხლისსამართლებრივი საჩივრის შეტანის გზით შესაბამისი ერთწლიანი ვადის შეწყვეტა – იმიტომ, რომ ეს იყო მეორე მომჩივნის მიერ 2016 წლის 16 თებერვალს წარდგენილი საკონსტიტუციო სარჩელის საგანი (იხ. პარაგრაფი 133 ზემოთ). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ შეიძლება ითქვას, რომ უზენაესმა სასამართლომ იძულებასთან მიმართებით თავიდან აიცილა სამოქალაქო კოდექსის 89-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ერთწლიანი ვადა, ან შეცდა შესაბამისი შიდა კანონმდებლობის განმარტებისას, როდესაც დაადგინა, რომ სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის შესაბამისად, შესაბამისი ხანდაზმულობის ვადა გავიდა (შეადარეთ, მაგალითად, Anđelković v. Serbia, no. 1401/08, § 27,1401/08, §27, 2013 წლის 9 აპრილი).
298. რაც შეეხება მეოთხე მომჩივნის პრეტენზიას, 2008 წლის 1 დეკემბრის სამოქალაქო საქმის მასალებში თავდაპირველი სისხლის სამართლის საჩივრის არარსებობის შესახებ, სასამართლო აღნიშნავს, რომ არც სამი მომჩივანი აპროტესტებს ამ სისხლის სამართლის საჩივრის არსებობას შიდა დონეზე. მეორე-მეოთხე მომჩივანი ამ საქმესთან დაკავშირებით მხოლოდ პასუხობს ქ.ხ.-ს მითითებას, რომ „სისხლის სამართლის საჩივრის არსებობის უბრალო ფაქტი ... საკმარისი არ იყო იმისთვის, რომ ძალადობის ფაქტი დადგენილიყო ...“ (იხ. პარაგრაფი 81 ზემოთ). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამოქალაქო საქმის მასალები შეიცავს ქ.ხ.-ს 2009 წლის 28 იანვრისა და 12 მარტის შემდგომი ორი სისხლის სამართლის საჩივრის ასლს, რომელთა დოკუმენტები 2008 წლის 1 დეკემბრის სისხლის სამართლის საჩივრის შინაარსს იმეორებდა. უფრო მეტიც, ის ფაქტი, რომ ქ.ხ.-მ სისხლის სამართლის საჩივარი წარადგინა 2008 წლის 1 დეკემბერს ყველასთვის კარგად იყო ცნობილი, რადგან ასახული იყო 2008 წლის სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშში და ასევე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში „რუსთავი 2“-ის საკუთრებაში არსებული ქონების შესახებ (იხ. პარაგრაფები 222 და 223 ზემოთ). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ იზიარებს მეორე-მეოთხე მომჩივნის პრეტენზიას, რომ სამოქალაქო საქმის მასალებში 2008 წლის 1 დეკემბრის სისხლისსამართლებრივი საჩივრის არარსებობამ უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები გახადა აშკარად დაუსაბუთებელი (შეადარეთ, Khamidov v. Russia, №72118/01, § 174, 2017 წლის 15 ნოემბერი).
299. და ბოლოს, მეორე-მეოთხე მომჩივნის მტკიცების შესახებ, რომ უზენაესმა სასამართლომ ვერ დააკონკრეტა, რა მტკიცებულებებმა დაადასტურა ძალადობის ფაქტი, სასამართლო აღნიშნავს, რომ უზენაესმა სასამართლომ შემდეგი მტკიცებულებები მოიხსენია:
(i) 2008 წლის 1 დეკემბრის ქ.ხ.-ს თავდაპირველი სისხლისსამართლებრივი საჩივარი, აგრეთვე მისი ორი შემდგომი 2009 წლის 28 იანვრისა და 12 მარტის სისხლისსამართლებრივი საჩივარი, რომლის ფარგლებშიც იგი პროკურატურის ორგანოებს გამუდმებით მიუთითებდა იძულების შემცველ ფაქტებზე;
(ii) ის ფაქტი, რომ 2009 წლის 21 აპრილს ქ.ხ.-მ, რომელმაც იმ დროისთვის საქართველო დატოვა სახელმწიფოს მხრიდან დევნის გამო, გერმანიაში პოლიტიკური თავშესაფარი მიენიჭა;
(iii) ის ფაქტი, რომ ქ.ხ.-ს დევნა იქნა აღნიშნული აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2009 წლის ადამიანის უფლებათა შესახებ ანგარიშში;
(iv) ის ფაქტი, რომ 2012 წლის ოქტომბერში მმართველ ძალებში ცვლილებების შემდეგ საქართველოს პარლამენტმა ქ.ხ.-ს წინა მმართველი რეჟიმის მიერ პოლიტიკური ნიშნით დევნილი პირის სტატუსი მიენიჭა.
300. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ შესაბამის შიდა კანონმდებლობასა და პრაქტიკაში სახელშეკრულებო ურთიერთობების საფრთხე შეიძლება დადგინდეს არაპირდაპირი მტკიცებულებებითაც და რომ მტკიცებულებათა დადგენა იყო არა ფაქტის, არამედ სამართლებრივი შეფასების საგანი (იხ. პარაგრაფები 165 და 292 ზემოთ), არ შეიძლება ითქვას, რომ უზენაესმა სასამართლომ არ მიუთითა ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც ადასტურებენ ძალადობის ელემენტს.
301. საბოლოო ჯამში, არ შეიძლება ითქვას, რომ მეორე-მეოთხე მომჩივნის პრეტენზიებმა გამოავლინა, სულ მცირე საკამათო საფუძვლებით, უზენაესი სასამართლოს რაიმე „შეფასების აშკარა ხარვეზი“ 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების დასაბუთებაში.
302. შედეგად, კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე წარდგენილი მეორე-მეოთხე მომჩივნის შესაბამისი საჩივარი „მეოთხე ინსტანციის“ ხასიათისაა, აშკარად დაუსაბუთებელია და, შესაბამისად, უნდა იქნეს უარყოფილი კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 (a) და მე-4 პუნქტების მიხედვით.
(iii) საკუთრების დავის განხილვაში ჩართული მოსამართელეების დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებული საჩივრების მისაღებობა
303. სასამართლო ადგენს, რომ მეორე-მეოთხე მომჩივანი, კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ეჭვქვეშ აყენებს საკუთრების დავის განხილვაში მონაწილე რიგ მოსამართლეთა დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას. კერძოდ, ისინი პრეტენზიას გამოთქვამდნენ თ.უ.-ს მიმართ, რომელმაც დავა განიხილა პირველი ინსტანციის სასამართლოში, მოსამართლეების ნ.გ.-სა და შ.ყ.-ს მიმართ, რომლებიც მონაწილეობდნენ სააპელაციო ინსტანციაში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მ.თ.-სა და ამ უკანასკნელის თავმჯომარის მიმართ. სასამართლო ასევე ადგენს, რომ მოსამართლე ნ.გ.-ს წინააღმდეგ მეორე-მეოთხე მომჩივანმა წარადგინა 2 დამოუკიდებელი საჩივარი – პირველი, რომელიც ეხება მოსამართლე თ.უ.-სთან სავარაუდო სიახლოვეს და მეორე, რომელიც დაკავშირებულია მის წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებაზე. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მთავრობამ გააპროტესტა ზოგიერთი საჩივრის მისაღებობა. კერძოდ, არ დაეთანხმა საჩივარი, რომელიც ეჭვქვეშ აყენებდა მოსამართლე ნ.გ.-ს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას, მის წინააღმდეგ დაწყებული დისციპლინური სამართალწარმოების გამო და მოსამართლე შ.ყ-სთან დაკავშირებულ საჩივარს.
304. სასამართლო თვლის, რომ იმისათვის, რომ მომჩივანმა შეძლოს მოსამართლის მიუკერძოებლობისა და/ან დამოუკიდებლობის ეჭვქვეშ დაყენება კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მან უნდა აჩვენოს, რომ აღნიშნული მოსამართლის აცილება მოითხოვა შიდა დონეზე, შესაბამისი პროცედურული წესების დაცვით (შეადარეთ, სხვა მრავალ საქმეს შორის, Posokhov v. Russia (dec.), no. 63486/00,2002 წლის 9 ივლისი; Roberts and Roberts, მითითებული ზემოთ, § 37; და Yasar v. Turkey (dec.), no. 30500/96 1999 წლის 1 ივნისი ). მოცემული საქმის გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მეორე–მეოთხე მომჩივნის განცხადებები მოსამართლე ნ.გ.-ის აცილების შესახებ, რამდენადაც ამ უკანასკნელის მიმართ მიმდინარეობს დისციპლინარული სამართალწარმოება და მოსამართლე შ.ყ.-ს აცილების შესახებ, განუხილველი დარჩა იმის გამო, რომ მომჩივნებმა არ შეასრულეს შესაბამისი პროცედურული მოთხოვნები. კონკრეტულად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლი – დებულება, რომელიც განსაზღვრავს ოფიციალურ წესებს აცილების შუამდგომლობის წარდგენის შესახებ – იმპერატიულად მიუთითებს, რომ ასეთი წარდგენილი შუამდგომლობა შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით და მაქსიმუმ, მანამ, სანამ მხარეები გაცვლიან თავიანთ ბოლო ზეპირ არგუმენტებს, მეორე–მეოთხე მომჩივანმა, ფაქტობრივად, მიმართა 2016 წლის 7 და 9 ივნისს მხარეთა პოზიციების გაცვლის შემდეგ (იხ. პარაგრაფები 141 და 142 ზემოთ). მომჩივნებმა დამაჯერებლად არ განუმარტეს შიდა სასამართლოს, რატომ იცდიდნენ ხანგრძლივი დროით, შუამდგომლობის წარდგენამდე. მეორე მხრივ, სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში არსებული მასალების შესაბამისად, მომჩივნებმა უფრო ადრე იცოდნენ ან უნდა სცოდნოდათ იმ ფაქტების შესახებ, რომლებსაც ემყარებოდა აცილების თაობაზე მათი შუამდგომლობები. აქედან გამომდინარე, მოსამართლე შ.ყ.-სთან დაკავშირებით, მომჩივნებს 2016 წლის 27 აპრილსითვის უნდა სცოდნოდათ ამ კონკრეტული მოსამართლის სპეციალიზაციის შესახებ სისხლის სამართალში (იხ. პარაგრაფი 138 ზემოთ), ხოლო რაც შეეხება დისციპლინარული სამართალწარმოებების დაწყებას მოსამართლე ნ.გ.-ის მიმართ, მათ აღნიშნული ფაქტის შესახებ უნდა სცოდნოდათ 2016 წლის 1 ივნისისთვის, როდესაც „რუსთავი 2“–ის გენერალურმა დირექტორმა ის ახსენა პრეს-კონფერენციაზე (იხ. პარაგრაფი 139 ზემოთ). სასამართლო ითვალისწინებს მეორე მომჩივნის მტკიცებას, რომ ამას ადგილი ჰქონდა 2016 წლის 3 ივნისს, როდესაც მიმართა მოსამართლე ნ.გ.-ს აცილების მოთხოვნით, პირველ რიგში, დისციპლინური სამართალწარმოების საფუძველზე (იხ. პარაგრაფი 287 ზემოთ). თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულმა მომჩივანმა არ წარადგინა მტკიცებულება, საქმის არსებული მასალები მკაფიოდ მიუთითებს, რომ მეორე მომჩივანმა ხელმოწერილი შუამდგომლობა შესაბამისი საფუძვლით ხსენებული მოსამართლის აცილების შესახებ წარადგინა 2016 წლის 7 ივნისს (იხ. პარაგრაფი 141 ზემოთ).
305. სასამართლო ადასტურებს, რომ კარგად დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად, კონვენციის 35-ე მუხლის 1-ლ პუნქტში მითითებული ამოწურვის წესები უნდა მოქმედებდეს შიდა კანონმდებლობაში განსაზღვრული ოფიციალური მოთხოვნებისა და ხანდაზმულობის ვადების დაცვით (იხ., სხვა მრავალ საქმეს შორის, Ben Salah Adraqui and Dhaime v. Spain (dec.), no. 45023/98, ECHR 2000‑IV, და Rezgui, მითითებული ზემოთ). სასამართლოს მოსაზრებით, ერთგვარად სწორია, როდესაც განიხილება შიდა მოსამართლეების აცილების მოთხოვნები (იხ. მაგალითად, Yasar, მითითებული ზემოთ). ამდენად, სასამართლოს შეფასებით, იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლში მითითებული ოფიციალური მოთხოვნების შესაბამისად, მეორე–მეოთხე მომჩივანმა არ გააჟღერა პრეტენზიები მოსამართლეების შ.ყ.-სა და ნ.გ.-ს მიმართ (დისციპლინური სამართალწარმოებების ფაქტებთან მიმართებით), კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე წარდგენილი მათი საჩივრების შესაბამისი ნაწილი უარყოფილი უნდა იქნეს კონვენციის 35-ე მუხლის 1-ლი და მე-4 პუნქტების შესაბამისად, დაცვის შიდასამართლებრივი საშუალებების არამოწურვის გამო.
306. რაც შეეხება მეორე-მეოთხე მომჩივნის დანარჩენ პრეტენზიებს კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ მოსამართლე თ.უ.-ს, მოსამართლე ნ.გ.-ს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას, მისი მოსამართლე თ.უ.-სთან სავარაუდო სიახლოვის გამო, მოსამართლე მ.თ.-სთან – უზენაესი სასამართლოს მოსამართლესა და ამავე ინსტანციის თავმჯდომარესთან, სასამართლო, მხარეების მიერ წარმოდგენილი არგუმენტებისა და და მთავრობის მხრიდან შეწინააღმდეგების არარსებობიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ აღნიშნული პრეტენზიები წარმოქმნის ფაქტისა და კანონის მნიშვნელოვან საკითხებს კონვენციის მიხედვით, რომელთა განსაზღვრა მოითხოვს საქმის არსებითი მხარის განხილვას. აქედან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ საჩივრის ეს ნაწილი არ არის აშკარად დაუსაბუთებული კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 (a) პუნქტის მნიშვნელობის ფარგლებში. არ დადგინდა მისი მიუღებლად გამოცხადების რაიმე სხვა საფუძველი. შესაბამისად, ის უნდა გამოცხადდეს მისაღებად.
2. კონვენციის დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის შესაბამისად წარდგენილი საჩივრების მისაღებობა ცალკე და კონვენციის მე-18 მუხლთან ერთობლიობაში
307. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, პირველად განიხილოს კონვენციის დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის შესაბამისად წარდგენილი საჩივრები ცალკე, შემდეგ კონვენციის მე–18 მუხლის შესაბამისად წარდგენილი საჩივრები, წინა დებულებასთან ერთობლიობაში.
(ა) კონვენციის დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის საფუძველზე წარდგენილი საჩივრები
308. სასამართლოს შესაბამის პრეცედენტულ სამართალზე მითითებით, მთავრობამ განაცხადა, რომ მეორე-მეოთხე მომჩივანსა და ქ.ხ–ს შორის საკუთრების შესახებ დავის სასამართლო განხილვა არ შეიძლება ჩაითვალოს სახელმწიფოს მიერ ხსენებული მომჩივნების საკუთრების უფლებებში ჩარევად (იხ., მაგალითად, Zagrebačka banka d.d. v. Croatia, no. 39544/05, §§ 250-51, 12 დეკემბერი 2013).
309. მეორე-მეოთხე მომჩივანი არ დაეთანხმა და აცხადებდა, რომ საკუთრების შესახებ დავის შედეგი წარმოადგენდა პირველ მომჩივანში მათი წილების უკანონო ჩამორთმევას.
310. სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო სამართლებრივი დავები თავისთავად არ იწვევს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის შესაბამისად (იხ., mutatis mutandis, Ruiz Mateos v. the United Kingdom, no. 13021/87, კომისიის 1988 წლის 8 სექტემბრის განჩინება, განჩინებები და ანგარიშები (DR) 57, გვ. 268 და 275; Tormala v. Finland (განჩინება) no. 41258/98, 2004 წლის 16 მარტი; Eskelinen v. Finland (განჩინება), no. 7274/02, 2004 წლის 3 თებერვალი; Kranz v. Poland (განჩინება), no. 6214/02, 2002 წლის 10 სექტემბერი; და Skowronski v. Poland (განჩინება) no. 52595/99, 28 ივნისი 2001). კერძოდ, მხოლოდ ის ფაქტი, რომ სახელმწიფო თავისი სასამართლო სისტემის მეშვეობით, უზრუნველყოფს ფორუმს ასეთი კერძო სამართლებრივი დავის განხილვისთვის, არ წარმოშობს სახელმწიფოს მიერ საკუთრების უფლებებში ჩარევას კონვენციის დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის შესაბამისად (იხ., მაგალითად, Kuchař and Štis v. the Czech Republic (განჩინება) no. 37527/97, 1998 წლის 21 ოქტომბერი). სახელმწიფო შესაძლოა იყოს პასუხისმგებელი ასეთი განხილვებით გამოწვეულ ზიანზე, თუ სასამართლო გადაწყვეტილებები არ არის მიღებული შიდა სამართლის შესაბამისად ან არის ნაკლოვანი თვითნებურობის ან აშკარად დაუსაბუთებლობის გამოკონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის საწინააღმდეგოდ (იხ., მაგალითად Vulakh and Others v. Russia no. 33468/03, § 44, 2012 წლის 10 იანვარი). თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლოს იურისდიქცია იმის შესამოწმებლად, რომ შიდა სამართალი სწორად იყოს განმარტებული და გამოყენებული, შეზღუდულია და მის ფუქნციებში არ შედის შიდა სასამართლოების ჩანაცვლება. სასამართლოს ფუქნციაა, უზრუნველყოს, რომ აღნიშნული სასამართლოების გადაწყვეტილებები არ იყოს თვითნებური ან სხვაგვარად აშკარად არაგონივრული (იხ., მაგალითად Anheuser-Busch Inc. v. Portugal [დიდი პალატა], no. 73049/01, § 83, ECHR 2007- I).
311. ზემოხსენებული პრეცედენტული სამართლის პრინციპების გათვალსიწინებით, სასამართლო თვლის, რომ მეორე-მეოთხე მომჩივნის საჩივრები, საკუთრებასთან დაკავშირებული დავის შედეგების შესახებ, prima facie არ წარმოშობს საკითხს კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის შესაბამისად. მართლაც, ეს დებულება არ შეიძლება განიმარტოს, როგორც გარანტია, რომ სასურველი შედეგი იქნეს მიღებული სამოქალაქო სამართალწარმოების შედეგად (იხ., მაგალითად Burdiashvili and Others v. Georgia (განჩინება) no. 26290/12, § 36, 2017 წლის 4 აპრილი; იხ., mutatis mutandis, Slivenko and Others v. Latvia (განჩინება) [დიდი პალატა], no. 48321/99, § 121, ECHR 2002 – II (ამონარიდები); და იხილეთ Sardin v. Russia (განჩინება), no. 69582/01, ECHR 2004 – II). უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებაში „შეფასების აშკარა ხარვეზის“ არარსებობის შესახებ თავისი წინა დასკვნებიდან გამომდინარე (იხ., პარაგრაფები 295-97 ზემოთ), და იმის განმეორებით, რომ ეროვნული კანონის განმარტება და გამოყენება არ არის მისი ფუნქცია, სასამართლო ადგენს, რომ საკუთრების შესახებ დავის სასამართლო განხილვა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მეორე-მეოთხე მომჩივნის საკუთრების უფლებაში ჩარევად (შეადარეთ, მაგალითად, Zagrebačka banka d.d. v. Croatia, მითითებული ზემოთ, § 252).
312. დამატებითი ოქმის პირველი მუხლის საფუძველზე წარმოდგენილი მეორე- მეოთხე მომჩივნის საჩივრები არის აშკარად დაუსაბუთებელი და უარყოფილი უნდა იქნეს კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 (a) და მე-4 პუნქტების შესაბამისად.
(ბ) კონვენციის მე–18 მუხლის კონვენციის დამატებითი ოქმის 1-ლ მუხლთან ერთობლიობაში წარდგენილი საჩივრები
313. სხვა არგუმენტებთან ერთად, მთავრობამ განაცხადა, რომ ვინაიდან ადგილი არ ჰქონდა ჩარევას მეორე-მეოთხე მომჩივნის უფლებებში, დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის შესაბამისად, კონვენციის მე–18 მუხლი არ შეიძლება განხილულ იქნეს წინა „არსებით“ დებულებებთან ერთობლიობაში. აქედან გამომდინარე, მეორე-მეოთხე მომჩივნის საჩივრები ამ უკანსკნელი დებულების შესაბამისად, არის დაუსაბუთებელი.
314. მეორე-მეოთხე მომჩივანი არ დაეთანხმა და ამტკიცებდა, რომ კონვენციის მე–18 მუხლის გამოყენების ფარგლები შესაძლოა ფარავდეს კონვენციის დამატებითი ოქმის 1-ლ მუხლს, ამ უკანსკნელი დებულების ფარგლებში პირდაპირი და ნაგულისხმევი შეზღუდვების არსებობის გათვალისწინებით. სამი მომჩივანი შემდეგ აცხადებდა, რომ საქმის შესაბამისი გარემოებების გათვალისწინებით, იმ შემთხვევებზე მითითებით, რომლებიც სავარაუდოდ გამოიწვია სახელმწიფოს მიერ „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ წარმოებულმა კამპანიამ (იხ., პარაგრაფები 32–49 ზემოთ), საკუთრების შესახებ დავის სასამართლო განხილვის დომინანტური მიზანი იყოს „რუსთავი 2“-ის გაჩუმება, მისი მფლობელებისთვის – მეორე-მეოთხე მომჩივანი – კომპანიაში მათი წილების ჩამორთმევის გზით.
315. სასამართლო იმეორებს, რომ ზოგადი პრინციპები კონვენციის მე-18 მუხლის განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, განისაზღვრა დიდი პალატის მიერ გადაწყვეტილებაში საქმეზე Merabishvili v. Georgia ([დიდი პალატა], no. 72508/13, 2017 წლის 28 ნოემბერი, §§ 287-317). რამდენადაც დგას მე-18 მუხლის გამოყენების საკითხი, სასამართლომ დაადასტურა აღნიშნულ პრეცენდენტული მნიშვნელობის საქმეში, რომ ეს დებულება არ შეიძლება არსებობდეს დამოუკიდებლად. მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ კონვენციის ან მისი ოქმების ისეთ მუხლთან ერთობლიობაში, რომელიც განსაზღვრავს ან აზუსტებს იმ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომელთა დაცვა მაღალმა ხელშემკვრელმა მხარეებმა იკისრეს მათი იურისდიქციის ფარგლებში. ხოლო, მე-18 მუხლის დარღვევას შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც არ ირღვევა ის მუხლი, რომელთან ერთობლიობაშიც მოხდა მისი გამოყენება, რაზეც ეს მუხლი ვრცელდება, წინა დებულების დარღვევას შეიძლება ადგილი ჰქონდეს იმ შემთხვევაში, თუ განსახილველი უფლება ან თავისუფლება ექვემდებარება კონვენციით დაშვებულ შეზღუდვებს (იქვე., §§ 287 და 290).
316. ზემოთციტირებული სამი პრინციპის გათვალისწინებით, პირველი საკითხი სასამართლოს წინაშე, არის შეიძლება თუ არა, კონვენციის მე-18 მუხლზე დაყრდნობა კონვენციის დამატებითი ოქმის 1-ლ მუხლთან ერთობლიობაში. ანუ, ის საკითხი, ექვემდებარება თუ არა ამ უკანსკნელი დებულებით დაცული უფლებები და თავისუფლებები დასაშვებ შეზღუდვებს. ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ საქმეში OAO Neftyanaya Kompaniya Yukos v. Russia, (no. 14902/04, §§ 263-66, 2011 წლის 20 სექტემბერი), სასამართლომ, შეკითხვაზე ექვემდებარება თუ არა კონვენციის დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი დასაშვებ შეზღუდვებს, საბოლოო პასუხის გაცემის გარეშე, იგულისხმა, რომ კონვენციის მე-18 მუხლი, პრინციპში, გამოყენებული უნდა იქნეს წინა დებულებასთან ერთობლიობაში. თუმცა, განსახილველ საქმეში პრობლემა არის ის, რომ მეორე – მეოთხე მომჩივნის მითითება დამატებითი ოქმის 1-ლ მუხლზე, იყო აშკარად დაუსაბუთებელი. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლომ ვერ შეძლო დაედგინა სახელმწიფოს მიერ შესაბამისი მომჩივნების საკუთრების ინტერესებში ჩარევის არსებობა (იხ., პარაგრაფები 310-12 ზემოთ), დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი არ შეიძლება ითქვას, რომ ოდესმე იყო საქმესთან შემხებლობაში. ეს არის ის, რაც განასხვავებს მოცემულ საქმეს OAO Neftyanaya Kompaniya Yukos საქმისგან, სადაც სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა სხვადასხვა ინსტანციების ჩარევას მომჩივნის კომპანიის საკუთრების უფლებებსა და დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის საფუძველზე შესაბამისი საჩივრების არსებითი მხარის განხილვის პროცესებში, არსებითი დებულების დარღვევებისა და არდარღვევების დადგენის შესახებ (შეადარეთ, OAO Neftyanaya Kompaniya Yukos, მითითებული ზემოთ, §§ 558, 563-75, 588-607 და 664).
317. საერთო ჯამში, იმ აფქტის გათვალისწინებით, რომ კონვეცნიის ზემოთ მითითებული არსებითი დებულების – დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის – შესაბამისად სადავო საკითხიც კი არ შეიძლება არსებობდეს მოცემული საქმის კონკრეტულ გარემოებებში, კონვენციის მე-18 მუხლი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს დამოუკიდებლად (იხ., Merabishvili, მითითებული ზემოთ, § 287; OAO Neftyanaya Kompaniya Yukos, მითითებული ზემოთ, §§ 663 და 664; და Gusinskiy v. Russia, no. 70276/01, § 73, ECHR 2004 – IV).
318. შესაბამისად, მეორე-მეოთხე მომჩივნის საჩივრები კონვენციის მე–18 მუხლის საფუძველზე, დამატებითი ოქმის 1-ლ მუხლთან ერთობლიობაში, არის აშკარად დაუსაბუთებელი და უარყოფილ უნდა იქნეს კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 (a) და მე-4 პუნქტების შესაბამისად.
ბ. საქმის არსებითი მხარე
1. მომჩივანთა არგუმენტები
319. მეორე-მეოთხე მომჩივანი კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე დავობდა, რომ საკუთრებასთან დაკავშირებული დავის განხილვა არ მომხდარა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ არც პირველ, არც სააპელაციო და არც საკასაციო იურიდსიქციის დონეზე.
320. პირველი ინსტანციის სასამართლოსთან დაკავშირებით, მეორე-მეოთხე მომჩივანი ამტკიცებდა, რომ მოსამართლე თ.უ., საქმის განმხილველი ერთადერთი მოსამართლე, არ იყო არც დამოუკიდებელი აღმასრულებელი ხელისუფლებისგან და არც მიუკერძოებელი. მათი მტკიცების დასადასტურებლად, სამი მომჩივანი თავდაპირველად აცხადებდა, რომ საქმის განხილვა დაიწყო „forum shopping“-ით, ისინი ამტკიცებდნენ, რომ იცოდნენ რა, რომ მოსამართლე თ.უ. წარმოადგენდა სამოქალაქო საქმეების განმხილველ ერთადერთ მოსამართლეს, რომელიც სპეციალიზირებული იყო ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული დავების საკითხებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ქ.ხ.-მ ხელოვნურად ჩართო თავის ქმედებაში აბსოლუტურად შეუსაბამო სარჩელი საავტორო უფლებების შესახებ. მეორე მხრივ, მეორე-მეოთხე მომჩივანი მიუთითებდა იმ ფაქტზე, რომ მოსამართლე თ.უ.-ს დედას ბრალი ედებოდა სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ობიექტური დამკვირვებლის თვალით, საეჭვო იყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიების განახლება და აღნიშნული ქალბატონის წინააღმდეგ ბრალის ოფიციალურად წარდგენა შესაბამისი ინციდენტიდან 20 თვის შემდგომ (იხ., პარაგრაფი 97 ზემოთ). ამ საეჭვო გარემოებამ შესაძლოა საზოგადოება მიიყვანოს იმ მოსაზრებამდე, რომ ამგვარი გაურკვეველი დაყოვნების შემდგომ, მოსამართლის დედის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის განახლებით, რომელიც დაემთხვა „რუსთავი-2“-ის საკუთრების შესახებ დავის განხილვის დაწყებას, ხელისუფლებას სურდა, საქმის განმხილველ მოსამართლეზე ბერკეტის მოპოვება. ის ფაქტი, რომ საბოლოო ჯამში მოსამართლის დედა მსჯავრდებულ იქნა, არ გამორიცხავს ხელისუფლების მიერ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის მოსამართლეზე ზეწოლის განსახორციელებლად გამაყენებას. მესამე, მეორე-მეოთხე მომჩივანი მიუთითებდა მოსამართლე თ.უ.-ს მეუღლის მიერ 2015 წლის 7 ივლისს, 13 აგვისტოსა და 2 ოქტომბერს სოციალურ ქსელ „Facebook”-ში გარცელებულ „პოსტებზე“ და აღნიშნავდა, რომ ეს „პოსტები“ მოიცავდა უარყოფით შეხედულებებს „რუსთავი-2“-თან მიმართებით. სატელევიზიო არხის მიმართ მოსამართლის ოჯახის ასეთი ახლო წევრის მიერ ამგვარი არაობიექტური დამოკიდებულების გათვალისწინებით, სავსებით ობიექტური იყო ის ვარაუდი, რომ თავად მოსამართლე ვერ იქნებოდა მიუკერძოებელი სატელევიზიო კომპანიის საკუთრების შესახებ დავის განხილვისას. მეორე-მეოთხე მომჩივანი ამტკიცებდა, რომ „Facebook”-ის „პოსტებიდან“ გამოტანილი დასკვნა არ მდგომარეობდა იმაში, რომ რომელიმე კონკრეტული „პოსტი“ ზეგავლენას მოახდენდა მოსალართლე თ.უ.-ს კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე, თუმცა, „პოსტების“ ერთობლიობა ქმნიდა გონივრულ საფუძველს იმ შიშისათვის, რომ მოსამართლის მეუღლე და თავად მოსამართლე არ იყვნენ მიუკერძოებლები „რუსთავი 2“-სა და მისი მფლობელების მიმართ. მოსამართლის მეუღლის მიერ აღნიშნული სახის „პოსტების“ არაერთხელ გამოქვეყნების ფაქტი აჩვენებდა, რომ მას თანმიმდევრულად ჰქონდა ეს მოსაზრება. აღნიშნულთან დაკავშირებით, მეორე-მეოთხე მომჩივანი მიუთითებდა სამოსამართლო ქცევის ბანგალორის პრინციპების 4.8 პრინციპზე, რომლის თანახმადაც, მოსამართლემ არ უნდა დაუშვას, რომ მისმა ოჯახურმა, სოციალურმა ან სხვა ურთიერთობებმა არაჯეროვანი ზეგავლენა მოახდინოს მის ქცევაზე. ისინი ამტკიცებნდნენ, რომ მოსამართლის ოჯახის ახლო წევრის ქმედებები საკმარისი იყო იმისათვის, რომ აღნიშნულს გამოეწვია ეჭვი მოსამართლის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, იმ პირდაპირი მტკიცების არარსებობის შემთხვევაშიც კი, რომ მოსამართლე თავადაც იზიარებდა აღნიშნულ შეხედულებებს. და ბოლოს, მეორე-მეოთხე მომჩივანი ამტკიცებდა, რომ მოსამართლე თ. უ.-ს მიერ საკუთრების შესახებ დავის განხილვის სისწრაფე, აგრეთვე მის მიერ მომჩივნების საწინააღმდეგოდ გამოტანილი წინასწარი და შუალედური გადაწყვეტილებები, მათ შორის, მოსამართლე თ.უ.-ს უარი საქმიდან მის აცილებაზე, ადასტუებდნენ მის პირად მიკერძოებულობას მათ წინააღმდეგ.
321. სააპელაციო ინსტანციასთან დაკავშირებით, მეორე-მეოთხე მომჩივანი აცხადებდა, რომ საკუთრების შესახებ დავის განხილვისას თბილისის სააპელაციო სასამართლო არ იყო მიუკერძოებელი, საქმის განხილვაში მოსამართლე ნ.გ.-ს მონაწილეობის გამო. კერძოდ, სამი მომჩივანი ამტკიცებდა, რომ აღნიშნულ მოსამართლეს მჭიდრო კავშირი ჰქონდა მოსამართლე თ. უ.-სთან, ვინაიდან ორივე მათგანი წარმოადგენდა საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის დამფუძნებელს, სწორედ იმ მოსამართლეთა ასოციაციის, რომელმაც საჯაროდ დაუჭირა მხარი მოსამართლე თ.უ.-ს და გააკრიტიკა „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი (იხ., პარაგრაფი 135 ზემოთ). აღნიშნულთან დაკავშირებით, მეორე-მეოთხე მომჩივანი ამტკიცებდა, რომ ასოციაციის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადება უადგილო იყო, ვინაიდან „რუსთავი 2“ არასოდეს დასხმია თავს სასამართლო სისტემას, იგი მხოლოდ და მხოლოდ მიუკერძოებლად მიუთითებდა სამოქალაქო სამართალწარმოებაზე. ვინაიდან ტელევიზია წარმოადგენდა საზოგადოებრივ სადარაჯოს, მას ჰქონდა აღნიშნულის განხორციელების სრული უფლება. მეორე-მეოთხე მომჩივანი აგრეთვე უარყოფდა იმას, რომ პირველი მომჩივანი, „რუსთავი 2“, როდესმე შეეცადა ხელოვნურად შეექმნა გარემო მოსამართლეების, მათ შორის ნ.გ.-ს აცილებისათვის. სატელევიზიო არხი მხოლოდ და მხოლოდ იყენებდა გამოხატვის თავისუფლებას, მაშინ, როდესაც მოსამართლეები ვალდებულნი იყვნენ ემოქმედათ თავშეკავებულად და ეთმინათ კანონიერი კრიტიკა მედიის მხრიდან. ისინი აგრეთვე ამტკიცებდნენ, რომ თავად ის ფაქტი, რომ მოსამართლეების კავშირის განცხადებები არ ეხებოდა საქმის არსებით მხარეს, იყო საკმაოდ უმნიშვნელო. მიკერძოებულობის შეფასების მიზნებისათვის, მნიშვნელოვანი იყო ის, რომ აღნიშნული განცხადებები აშკარად მხარს უჭერდა მოსამართლე თ.უ.-სა და მის თვითნებურ გადაწყვეტილებებს.
322. და ბოლოს, რაც შეეხება საკასაციო ინსტანციას, მეორე-მეოთხე მომჩივანი აცხადებდა, რომ მას აკლდა დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა შემადგენლობაში ორი მოსამართლის არსებობის გამო – მოსამართლე მ.თ. და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. ყოფილ მოსამართლესთან დაკავშირებით მომჩივნები მიუთითებდნენ იმ ფაქტზე, რომ უზენაეს სასამართლოში არჩევამდე, იგი მუშაობდა ყოფილი პრემიერ მინისტრის კუთვნილი ბანკის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, და 2012-2014 წლებში მან კოალიცია „ქართულ ოცნებას“ შეწირულობის სახით გადასცა 34 000 ლარი (დაახლოებით 10 600 ევრო) (იხ., პარაგრაფი 157 ზემოთ), რაც მიუთითებს იმაზე, რომ მას აქვს აშკარა პოლიტიკური სიმპათიები მმართველი პარტიის მიმართ. თუმცაღა, იმის გათვალისწინებით, რომ „რუსთავი 2“-ის საკუთრებასთან დაკავშირებული დავა პოლიტიკურად სენსიტიური იყო, გაუმართლებელი იყო საქმის განხილვა აშკარა პოლიტიკური ორიენტაციის მქონე მოსამართლის მიერ. რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, მომჩივნები მიუთითებდნენ, რომ იგი შესაძლოა მტრულად ყოფილიყო განწყობილი „რუსთავი 2“-ის დირექტორის, ნ.გვ.-ს მიმართ, ვინაიდან სწორედ ამ უკანასკნელმა დააწესა მის მიმართ დისციპლინური სასჯელი 2006 წელს, როდესაც ნ.გვ. იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. ნ.გვ.-ს მიერ აღნიშნულ დისციპლინურ წარმოებას შედეგად მოჰყვა მისი მოსამართლის პოსტიდან დათხოვნა 2006 წელს. მეორე-მეოთხე მომჩივანი ამტკიცებდა, რომ აღნიშნული ფაქტები წარმოადგენდნენ საკმარის საფუძველს იმისათვის, რომ ობიექტურ დამკვირვებელს ეჭვი შეეტანა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიკერძოებულობაში „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორთან მიმართებით. და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ მეორე-მეოთხე მომჩივნის საჩივარი მიმართული იყო უზენაესი სასამართლოს ამ შემადგენლობის ცხრიდან მხოლოდ ორი მოსამართლის წინააღმდეგ (იხ., პარაგრაფი 161 ზემოთ), ისინი ამტკიცებდნენ, რომ სავსებით შესაძლებელი იყო აღნიშნული ორი მოსამართლის მიერ სასამართლოს შემადგენლობის სხვა მოსამართლეებზე ზეგავლენის მოხდენა. ისინი აგრეთვე ამტკიცებდნენ, რომ პრინციპში, უმთავრესი საკითხი მდგომარეობდა არა იმაში, რეალურად ჰქონდა თუ არა ადგილი აღნიშნული სახის ზეგავლენას, არამედ იმაში, რომ არსებობდა აღნიშნული ზეგავლენის მოხდენის ალბათობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ორი მოსამართლის მხრიდან დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ნაკლებობის ფაქტმა შებღალა უზენაესი სასამართლოს ის სრული შემადგენლობა, რომელიც განიხილავდა საკუთრების შესახებ დავას, რითაც დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი.
2. მთავრობის არგუმენტები
323. მთავრობა ამტკიცებდა, რომ მეორე-მეოთხე მომჩივნის პრეტენზიები მოსამართლე თ.უ.-ს, მოსამართლე ნ.გ-ს, მოსამართლე მ.თ.-სა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შესახებ, არ შეესაბამებოდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტით მოთხოვნილ მტკიცების სტანდარტებს, და ვერ დაძლიეს პირველი, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრეზუმფცია.
324. რაც შეეხება მოსამართლეს თ.უ.-ს, მთავრობა პირველ რიგში აცხადებდა, რომ “forum-shopping”-ით ბრალდება არ იყო დასაბუთებული. უპირველეს ყოვლისა, მომჩივნების ბრალდებების საწინააღმდეგოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოში თ.უ. არ იყო ერთადერთი მოსამართლე, რომელიც წარმოადგენდა ექსპერტს საავტორო უფლებების სფეროში. შესაბამის დროს, იმავე სასამართლოს ორი სხვა მოსამართლე იყო საავტორო უფლებებთან დაკავშირებული დავების განხილვის სპეციალისტი. ამასთანავე, მთავრობა აღნიშნავდა, რომ საკუთრებასთან დაკავშირებული დავის საქმე მოსამართლეს გადაეცა ანბანური თანმიმდევრობით, „საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ“ 1998 წლის ივნისის საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად (იხ., პარაგრაფი 91 ზემოთ). რაც შეეხება მოსამართლე თ.უ.-ს მიმართ არსებულ ეჭვებს, მისი დედის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის გამო, მთავრობა აცხადებდა, რომ ეს სამართალწარმოება დაიწყო 2014 წლის იანვარში, 2015 წლის 4 აგვისტოს ქ.ხ.-ს მიერ სასამართლოში საკუთრებასთან დაკავშირებული დავის აღძვრამდე დიდი ხნით ადრე. რაც შეეხება დაყოვნებას, ინციდენტსა და ქალბატონის წინააღმდეგ გამოტანილ ბრალდებას შორის, მთავრობა მიუთითებდა დოკუმენტებზე, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ აღნიშნული გამოწვეული იყო პროკურატურის გადაწყვეტილებით, მიეცათ მხარეებისთვის შესარიგებელი დრო (იხ., პარაგრაფი 97). მთავრობა ხაზს უსვამდა იმას, რომ აღნიშნული პრაქტიკა სულაც არ იყო უჩვეულო. მათ წარმოადგინეს სტატისტიკური მონაცემები საქართველოს მთავარი პროკურატურიდან, რომელიც აჩვენებდა, რომ 2014 წლის განმავლობაში, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების გამოძიება, იმ დანაშაულის, რომელიც ბრალად ედებოდა თ.უ.-ს დედას, აღძრული იყო 1 032 შემთხვევაში, რომელთაგანაც ბრალდება წარდგენილი იყო მხოლოდ 115 საქმესთან დაკავშირებით, ხოლო დანარჩენი კი დასრულდა მხარეების შორის მორიგებით. ამასთანავე, მთავრობის მიერ წარმოდგენილი იქნა დოკუმენტები, რომლებშიც მითითებული იყო, რომ მოსამართლე თ. უ.-ს დედა საბოლოოდ მსჯავრდებულ იქნა 2017 წლის 11 დეკემბერს, მოსამართლე თ.უ.-ს მიერ ქ.ხ.-ს სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ (იხ., პარაგრაფი 98 ზემოთ). მოსამართლე თ.უ.-ს არასოდეს გამოუვლენია პირადი მიკერძოება და არ არსებობდა არანაირი გარემოება, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა მეორე-მეოთხე მომჩივნის შიშის ობიექტურად გამართლება იმის თაობაზე, რომ ქ.ხ.-ს სასარგებლოდ დავის გადაწყვეტის მიზნით, ხელისუფლება ზემოქმედებას ახდენდა მოსამართლეზე.
325. რაც შეეხება მოსამართლე თ.უ.-ს მეუღლის მიერ “Facebook”-ში გამოქვეყნებულ „პოსტს“, მთავრობა ამტკიცებდა, რომ მეორე-მეოთხე მომჩივნის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ვერანაირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა საქმის განხილვის დროს მოსამართლე თ.უ.-ს მეუღლის ზეგავლენის ქვეშ მოქცევას. არც მომჩივნების მიერ მითითებული ბანგალორის პრინციპები და არც რაიმე სხვა საერთაშორისო დოკუმენტი მოსამართლეთა მიუკერძოებლობაზე, არ კრძალავს მოსამართლის ოჯახის წევრების გამოხატვის თავისუფლებას, ან მოვლენებთან და პიროვნებებთან დაკავშირებით მათ მიერ დადებითი თუ უარყოფითი მოსაზრებების ჩამოყალიბებას. ამასთანავე, გასაჩივრებული „Facebook პოსტები“ არ გამოხატავდა რაიმე სახის მოსაზრებას სამოქალაქო საქმის შედეგებთან დაკავშირებით, აღნიშნული უბრალოდ იყო უარყოფითი კომენტარები „რუსთავი 2“-ისა და მისი გენერალური დირექტორის მიმართ. თუმცა, ვინაიდან ვერ იქნა დამტკიცებული აღნიშნული მოსაზრებების ზეგავლენა მოსამართლეზე, არ შეიძლება ითქვას, რომ მოსამართლეს აკლდა დამოუკიდებლობა ან მიუკერძოებლობა. მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმ ფაქტს, რომ 2015 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში მოსამართლე თ. უ. ხაზს უსვამს იმას, რომ მისი მეუღლე არასოდეს ათანხმებს მასთან „Facebook პოსტებს“ და არც კი იცოდა აღნიშნული „პოსტების“ შესახებ. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ მოსამართლე თ.უ.-ს მიერ მიღებული იყო მრავალი გადაწყვეტილება, როგორც პროცედურული ასევე არსებითი, მომჩივნების სასარგებლოდ და აღნიშნული გადაწყვეტილებები შესაძლოა იყოს იმის მანიშნებელი, რომ არ არსებობს მათ მიმართ რაიმე სახის მიკერძოება. და ბოლოს, შესაბამისი დოკუმენტური მტკიცებულებების წარდგენის საფუძველზე, მთავრობამ სასამართლოს მოუწოდა გაეთვალისწინებინა ის ფაქტი, რომ მოსამართლე თ.უ.-ს თანამდებობაზე ყოფნის ვადა ამოიწურა 2016 წლის 29 აპრილს. ამის შემდეგ მან მიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს განმეორებით უვადოდ დანიშვნის მოთხოვნით და მონაწილეობა მიიღო ღია კონკურსში, თუმცა საბჭოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული იქნა სხვა კანდიდატის სასარგებლოდ. მოსამართლე თ.უ.-ს კარიერაში განხორციელებულმა აღნიშნულმა ვითარებებმა, მთავრობის აზრით, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მეორე-მეოთხე მომჩივნის მოსაზრების უსაფუძვლობას, იმის თაობაზე, რომ „რუსთავი 2“-ის დავასთან დაკავშირებით მოსამართლე მოქმედებდა ხელისუფლების ზეგავლენის ქვეშ.
326. რაც შეეხება საკუთრების შესახებ დავასთან დაკავშირებით სააპელაციო დონეზე არსებულ დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას, კერძოდ კი მოსამართლე ნ.გ.-ს წინააღმდეგ წარმოდგენილ პრეტენზიას, მთავრობამ აღიარა, რომ საკუთრების შესახებ დავის განხილვის პერიოდში მოსამართლეები თ.უ. და ნ.გ. სხვა დაახლოებით ორმოცდაათ მოქმედ მოსამართლესთან ერთად იყვნენ მოსამართლეთა ასოციაციის წევრები. მთავრობა ამტკიცებდა, რომ ასოციაციის 2015 წლის 31 აგვისტოს და 20 ოქტომბრის განცხადებები არ მიუთითებდნენ მოსამართლეების თ.უ.-სა და ნ.გ.-ს პირად მიკერძოებულბაზე და მათ წინასწარ განსაზღვრულ პოზიციაზე. სადავო განცხადებები არ ეხებოდა საკუთრების შესახებ დავის არსებით მხარეს. მეტიც, აღნიშნული მიზნად ისახავდა იმ პერიოდში მედიაში განხორციელებული სახიფათო თავდასხმებისაგან სასამართლოს დაცვას. ზოგადად, მთავრობა ამტკიცებდა, შესაბამის შედარებით მასალებზე მითითებით, რომლებიც ეხებოდა ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ავსტრალია, ჩეხეთის რესპუბლიკა, უნგრეთი და პორტუგალია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოსამართლეთა ასოციაციის მიერ ცალკეული მოსამართლეების დაცვა მედიაში განხორციელებული თავდასხმებისაგან, არ წარმოადგენდა იშვიათობას.
327. რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას, კერძოდ კი მეორე-მეოთხე მომჩივნის მიერ წარმოდგენილ ბრალდებებს მოსამართლე მ.თ.-სა და აღნიშნული სასამართლოს თავმჯდომარის წინააღმდეგ, მთავრობა აცხადებდა, რომ შესაბამისი პრეტენზიები იყო აშკარად დაუსაბუთებელი. ყოფილ მოსამართლესთან დაკავშირებით, მთავრობამ განაცხადა, რომ მისი კავშირი ბ-ნ ივანიშვილის ოჯახის კუთვნილ ბანკთან, რომელსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა საკუთრების დავასთან, ვერ გამოიწვევდა ვერანაირ ლეგიტიმურ ეჭვს საკუთრების დავის განხილვისას მის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით. მთავრობის მიერ აგრეთვე წარმოდგენილი იქნა დოკუმენტური მტკიცებულება შემდგომ ფაქტებთან დაკავშირებით. 2015 წელს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არჩევამდე, მოსამართლე მ.თ.-ს 1985 წლიდან 2005 წლამდე ეკავა სხვადასხვა პოზიცია საქართველოს სხვადასხვა სასამართლოში. აღნიშნულის შემდგომ ათი წლის განმავლობაში, 2005 წლიდან 2015 წლამდე იგი საქმიანობდა კერძო სექტორში. მან კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შეწირულობა განახორციელა მხოლოდ 2012 და 2014 წლებში, ანუ იმ პერიოდში, როდესაც იგი დასაქმებული იყო კერძო სექტორში. 2015 წლის 12 ივნისს უზენაესი მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის შემდგომ, არ მოიპოვება არანაირი ინფორმაცია მოსამართლე მ.თ.-ს პოლიტიკური საქმიანობის შესახებ. პირიქით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წერილის თანახმად, 2015 წლის 12 ივნისის შემდგომ მ.თ.-ს არ განუხორციელებია შეწირულობა კოალიცია „ქართული ოცნების“ ან სხვა პოლიტიკური პარტიის მისამართით. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან დაკავშირებით მთავრობამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რაც მიუთითებს თავმჯდომარის მიერ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებაზე იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც მოხდა ათ წელზე მეტი ხნის წინ – 2006 წელს მის მიმართ დისციპლინური საქმის წარმოებისას. მეორე მხრივ, მთავრობა ამტკიცებდა, რომ მოსამართლის მიერ რომელიმე მხარის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება წარსულში არსებული საქმეების გამო, შესაძლოა გამორჩეული იქნეს მაშინ, როდესაც მოსამართლე აშკარად გამოხატავს სამაგიეროს გადახდის სურვილს. ნებისმიერ შემთხვევაში, 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება მიღებული იქნა ერთხმად, უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის ცხრავე მოსამართლის მიერ. მოცემულ ვითარებაში, ორი ცალკეული მოსამართლის დამოუკიდებლობასთან და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებული ვერანაირი ეჭვი ვერ მოახდენდა გავლენას ცხრა მოსამართლის მიერ ერთსულოვნად მიღებულ გადაწყვეტილებაზე. ამასთან დაკავშირებით, მთავრობამ აგრეთვე აღნიშნა, რომ დიდი პალატის მოსამართლეთა უმრავლესობა (ხუთი – ცხრიდან) უზენაესი სასამართლოს წევრი გახდა 2009-11 წლებში, მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში იყო პრეზიდენტი სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობის პარტია და „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს, ნ.გვ.-ს ეკავა სხვადასხვა მაღალი თანამდებობები მაშინდელ ხელისუფლებაში.
328. და ბოლოს, მთავრობამ სასამართლოს შესთავაზა, სრული კონტექსტით განეხილა მეორე-მეოთხე მომჩივნის პრეტენზიები მიკერძოებულობასთან დაკავშირებით. აღნიშნული კონტექსტის უმთავრეს და აქტუალურ ასპექტს წარმოადგენდა ის, რომ როგორც ეს აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებაში (იხ., პარაგრაფი 173 ზემოთ), „რუსთავი 2“ აწარმოებდა შეთანხმებულ კამპანიას, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა სხვადასხვა მოსამართლეზე ზეწოლა და მათი აცილებისთვის შესაბამისი ვითარების შექმნას. აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავრობამ მიუთითა იმ სხვადასხვა სახის შეურაცხყოფაზე, რომელიც სატელევიზიო არხის გენერალური დირექტორის მიერ მიმართული იყო სხვადასხვა მოსამართლის წინააღმდეგ (იხ., პარაგრაფები 175-76 ზემოთ) და მოუწოდა სასამართლოს გაეთვალისწინებინა აღნიშნული ასპექტი შესაბამისი პრეტენზიების განხილვის დროს.
3. სასამართლოს შეფასება
329. სასამართლო აღნიშნავს, რომ მეორე-მეოთხე მომჩივანმა ეჭვქვეშ დააყენა პირველი ინსტანციის სასამართლოს (თბილისის საქალაქო სასამართლო) სააპელაციო სასამართლოს (თბილისის სააპელაციო სასამართლო) და საკასაციო სასამრთლოს (უზენაესი სასამართლო) დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, მოსამართლეების – თ.უ.-ს, ნ.გ.-ს, მ.თ.-ს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის საკუთრების შესახებ დავაში მონაწილეობის გამო. სასამართლო განიხილავს გასაჩივრებული იურისდიქციის თითოეულ დონეს ცალ-ცალკე.
(ა) ზოგადი პრინციპები
330. იმის დასადგენად, შესაძლოა თუ არა სასამართლო მიჩნეულ იქნეს დამოუკიდებლად, კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის მნიშვნელობით, ყურადღება უნდა მიექცეს, inter alia, მისი წევრების დანიშვნის წესსა და საქმიანობის ვადას, გარე ზეწოლების მიმართ გარანტიების არსებობას და კითხვას – ქმნის თუ არა ორგანო დამოუკიდებლობის შთაბეჭდილებას (იხ., Maktouf and Damjanović v. Bosnia and Herzegovina [დიდი პალატა], nos. 2312/08 და 34179/08, § 49, ECHR 2013 (ამონარიდები), დამატებითი მითითებებით). სასამართლოს წევრი დამოუკიდებელი უნდა იყოს როგორც აღმასრულებლებისგან, ისე ორივე მხარისგან (იხ., მაგალითად, Ringeisen v. Austria, 1971 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება, სერია A, no. 13, გვ. 39, § 95, და Le Compte, Van Leuven and De Meyere v. Belgium, 1981 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება, სერია A, no. 43, გვ. 24, § 55).
331. სასამართლო იმეორებს, რომ მიუკერძოებლობა ჩვეულებრივ აღნიშნავს ცრურწმენის ან მიკერძოებულობის არარსებობას და მისი არსებობა შეიძლება შემოწმდეს სხვადასხვა გზით. სასამრთლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით მიუკერძოებლობის არსებობა მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის მიზნებისთვის უნდა დადგინდეს სუბიექტურობის ტესტის მიხედვით, სადაც ყურადღება უნდა მიექცეს კონკრეტული მოსამართლის შინაგან რწმენასა და ქცევას, რაც ნიშნავს, რომ უნდა გაირკვეს, აქვს თუ არა მოსამართლეს რაიმე პირადი წინასწარ ჩამოყალიბებული დამოკიდებულება ან მიკერძოება მოცემულ საქმესთან დაკავშირებით; ასევე, ობიექტურობის ტესტის მიხედვით, რომლის მიხედვითაც უნდა დადგინდეს, რომ თვითონ სასამართლო და სხვა ასპექტებთან ერთად მისი შემადგენლობა, უზრუნველყოფს თუ არა საკმარის გარანტიებს იმისათვის, რომ გამოირიცხოს ნებისმიერი ლეგიტიმური ეჭვი მის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით (იხ., მაგალითად, Kyprianou v. Cyprus [დიდი პალატა], no. 73797/01, § 118, ECHR 2005-XIII, და Micallef , ციტირებული ზევით, § 93). მიუკერძოებლობის საკითხებთან დაკავშირებულ უმეტეს შემთხვევებში სასამართლო აქცენტს აკეთებს ობიექტურობის ტესტზე (იხ., Micallef, ციტირებული ზემოთ, § 95 და Morice v. France [დიდი პალატა], no. 29369/10, § 75, 2015 წლის 23 აპრილი). თუმცა, არ არსებობს მკვეთრი განსხვავება სუბიექტურ და ობიექტურ მიუკერძოებლობას შორის, რამდენადაც მოსამართლის ქცევამ შესაძლოა გამოიწვიოს არა მხოლოდ გარე დამკვირვებლის ობიექტური შეშფოთება მის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით (ობიექტურობის ტესტი), არამედ, შესაძლოა დააყენოს მისი შინაგანი რწმენის საკითხი (სუბიექტურობის ტესტი) (იხ., Kyprianou, ციტირებული ზემოთ, § 119). ამგვარად, ზოგიერთ შემთხვევაში, როდესაც შესაძლოა რთული იყოს მტკიცებულებების მოპოვება, რომელთა მეშვეობითაც უარყოფილ იქნება მოსამართლის სუბიექტური მიუკერძოებლობის პრეზუმფცია, ობიექტური მიუკერძოებლობის მოთხოვნა უზრუნველყოფს დამატებით მნიშვნელოვან გარანტიას (იხ., Pullar v. the United Kingdom, 10 ივნისი, 1996, §32, ანგარიშები 1996-III).
332. რაც შეეხება ობიექტურობის ტესტს, მოსამართლის ქცევისგან დამოუკიდებლად უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა დადასტურებადი ფაქტები, რომლებმაც შესაძლოა წარმოშვას ეჭვები მოსამართლის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. ეს გულისხმობს, რომ იმის დადგენისას, არსებობს თუ არა კონკრეტულ საქმეში ლეგიტიმური საფუძველი შიშისთვის, რომ კონკრეტულ მოსამართლეს ან საქმის განმხილველ ორგანოს აკლია მიუკერძოებლობა. დაინტერესებული პირის მოსაზრება მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი. გადამწყვეტია ის, შესაძლოა თუ არა ასეთი შიშის ობიექტურად დადასტურება (იხ., Micallef, ციტირებული ზემოთ, § 96, და Morice, ასევე აღნიშნულია ზემოთ § 76). ობიექტურობის ტესტი უმეტესწილად ეხება იერარქიულ ან სხვა კავშირებს მოსამართლესა და სამართალწარმოების სხვა მონაწილეებს შორის (იხ., Micallef , ციტირებული ზემოთ, § 97). ამიტომ, თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს, არის თუ არა სადავო ურთიერთობები ისეთი ხასიათის და ხარისხის, რომ სასამართლოს მიუკერძოებლობის ნაკლებობაზე მიუთითებდეს (იხ., Pullar, ციტირებული ზემოთ, § 38). აქედან გამომდინარე, შეხედულებებსაც კი შესაძლოა გარკვეული მნიშვნელობა ჰქონდეს ან სხვა სიტყვებით „სამართალი არა მხოლოდ უნდა აღსრულდეს, არამედ, უნდა ჩანდეს, რომ ის აღსრულდა“ (იხ., Denisov v. Ukraine [დიდი პალატა], no. 6639/11, § 63 , 25 სექტემბერი, 2018, და De Cubber v. Belgium, 26 ოქტომბერი, 1984, § 26, სერია A, no. 86). რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არის ნდობა, რომელსაც დემოკრატიულ საზოგადოებაში სასამართლოები უნდა იწვევდნენ. ამგვარად, ნებისმიერი მოსამართლე, რომლის მიმართაც არსებობს ეჭვი მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, უნდა იქნეს ჩამოშორებული (იხ., Castillo Algar v. Spain, 1998, § 45, ანგარიშები 1998-VIII). სასამართლო კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ მიკერძოების არსებობა ობიექტურობის ტესტის მიხედვით უნდა გაიზომოს ობიექტური დამკვირვებლის სტანდარტით (იხ., სხვებს შორის, Pullar , ციტირებული ზემოთ, § 39, A.K. v. Liechtenstein, no. 38191/12, § 75, 9 ივლისი, 2015; და Miminoshvili v. Russia, no. 20197/03, § 114, , 28 ივნისი, 2011). სასამართლო ისევ აღნიშნავს, რომ შეხედულება, რომ მოსამართლე არ არის მიუკერძოებელი, არ განისაზღვრება მხოლოდ აშკარა ინტერესთა კონფლიქტით (იხ., მაგალითად, Micallef, ციტირებული ზემოთ, § 102; Ramljak v. Croatia, no. 5856/13, § 31, 27 ივნისი, 2017; და Dorozhko and Pozharskiy v. Estonia, nos. 14659/04 და 16855/04, § 58 , 24 აპრილი, 2008) ან მოსამართლის ქცევის მანერით (შეადარეთ Morice, ციტირებული ზემოთ, § 86), არამედ, ასევე მოსამართლის ქცევით სასამართლო დარბაზის გარეთ (შეადარეთ, mutatis mutandis, Tocono and Profesorii Prometeişti v. Moldova, no. 32263/03, §§ 17 და 31, 26 ივნისი, 2007).
333. დამოუკიდებლობისა და ობიექტური მიუკერძოებლობის კონცეფციები მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან და დამოკიდებულია გარემოებებზე, რომლებიც შესაძლოა მოითხოვდეს ერთობლივ განხილვას (იხ., Ramos Nunes de Carvalho e Sá v. Portugal [დიდი პალატა], nos. 55391/13 და 2 სხვა, § 150 , 6 ნოემბერი, 2018, და Cooper v. the United Kingdom [დიდი პალატა], no. 48843/99, § 104, ECHR 2003‑XII).
(ბ) ამ პრინციპების გამოყენება მოცემული საქმის გარემოებებზე
(i) თბილისის საქალაქო სასამართლოს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა
334. მეორე-მეოთხე მომჩივანი სამი საფუძვლით აყენებდნენ ეჭვქვეშ თბილისის საქალაქო სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას, რომელმაც განიხილა საკუთრებასთან დაკავშირებული დავა ერთი მოსამართლის შემადგენლობით (მოსამართლე თ.უ.).
(α) მოსამართლე თ.უ.-სთვის საქმის გადაცემა თბილისის საქალაქო სასამართლოში
335. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ შიდა სასამართლოების ფუნქციაა, რომ მართონ საკუთარი სასამართლო პროცესები, რათა უზრუნველყონ მართლმსაჯულების სათანადო განხორციელება. სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშემკვრელი სახელმწიფოები სარგებლობენ თავისუფალი შეფასების გარკვეული ზღვარით საქმეების კონკრეტული სასამართლო შემადგენლობებისთვის გასანაწილებლად საჭირო მეთოდების შემუშავების პროცესში. უამრავი ფაქტორი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული ხელისუფლების მიერ საქმეთა განაწილებისას, როგორიცაა, მაგალითად, ხელმისაწვდომი რესურსები, მოსამართლეების კვალიფიკაცია, ინტერესთა კონფლიქტები, სასამართლოს დატვირთულობა და ა.შ. სასამართლომ ადრე დაადგინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისი ფუნქცია არ არის შეაფასოს, არსებობდა თუ არა ხელისუფლებისთვის სამართლებრივი საფუძველი, რათა (ხელმეორედ) გადაეცა საქმე კონკრეტული მოსამართლისთვის ან სასამართლოსთვის, ის უნდა დარწმუნდეს, რომ ასეთი (ხელახალი) გადაცემა შეესაბამება მე-6 მუხლის 1-ლ პუნქტს, კერძოდ, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მოთხოვნებს (შეადარეთ, mutatis mutandis, Sutyagin v. Russia, no. 30024/02, § 187 178-93, 3 May 2011). მოცემულ საქმესთან დაკავშირებულ ფაქტებში სასამართლო ვერ ხედავს სასამართლოს “forum shopping”-ის ნიშნებს, რასაც ამტკიცებდნენ მომჩივნები. მომჩივნები აღნიშნავდნენ, რომ თ.უ. იყო ერთადერთი მოსამართლე თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომლის სპეციალიზაციაც იყო ინტელექტუალური საკუთრების სამართალი, თუმცა საქმეში არსებული დოკუმენტებით გამოვლინდა, რომ, ფაქტობრივად, კიდევ ორი ასეთი სპეციალიზაციის მქონე მოსამართლე იყო ხელმისაწვდომი. ამ თვალსაზრისით ასევე მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მოსამართლე თ.უ.-მ თვითონ აღწერა დაწვრილებით, თუ როგორ გადაეცა მას საკუთრებასთან დაკავშირებული დავა. კერძოდ, მან დაადასტურა, რომ საქმის გადაცემის გადაწყვეტილება მიღებული იყო ანბანური თანმიმდევრობით, „საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ“ 1998 წლის 26 ივნისის საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილი წესით (იხ. 91-ე და 324-ე პარაგრაფები ზემოთ). მომჩივნებმა ვერ შეძლეს გაებათილებინათ მოსამართლე თ.უ.-ს სარწმუნო განმარტება და მათ არ წარუდგენიათ რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა რომელიმე ალტერნატიულ ვერსიას საქმის ამ კონკრეტული მოსამართლისთვის გადაცემის შესახებ.
336. ზემოაღნიშნული მოსაზრებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მეორე-მეოთხე მომჩივნის საჩივრები თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განაწილებასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ შეიძლება წარმოშვას რაიმე დადგენილი ფაქტები, რომლებიც გააჩენდა ობიექტურად გამართლებულ ეჭვს მოსამართლის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.
(β) მოსამართლე თ.უ.-ს დედის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა
337. სასამართლო მიიჩნევს, რომ ასევე დაუსაბუთებელია მეორე-მეოთხე მომჩივნის მეორე ბრალდება მოსამართლე თ.უ.-ს წინააღმდეგ, რომ მასზე მოახდინეს გავლენა საკუთრების შესახებ დავის განხილვის დროს, დედამისის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცესის წამოწყებით.
338. ამასთან დაკავშირებით, სამივე მომჩივნის ერთადერთი არგუმენტი იყო ის, რომ მოსამართლის დედის მიერ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების თარიღსა (2014 წლის 7 იანვარი) და მის წინააღმდეგ ბრალის წაყენების თარიღს (2015 წლის 24 სექტემბერი) შორის დაყოვნება საეჭვო იყო და შესაბამისად მიუთითებდა იმ ფაქტზე, რომ სისხლის სამართლის პროცესი განახლდა მას შემდეგ, რაც საკუთრების შესახებ დავა გადაეცა მოსამართლე თ.უ.-ს. თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ პროკურატურამ შიდა დონეზე და მთავრობამაც, კონვენციის ფარგლებში მიმდინარე პროცესის დროს, წარმოადგინა დასაბუთებული განმარტება ამ გარემოებებთან დაკავშირებით. ამგვარად, საქმეში არსებული მასალების მიხედვით, ბრალდებულის – მოსამართლე თ.უ.-ს დედის – ხნიერების და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, ისევე როგორც შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაშაულის ნაკლებად მძიმე ხასიათიდან გამომდინარე (სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლი), პროკურატურამ, კარგად დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, მას მისცა დრო დანაშაულის მსხვერპლთან, მის სიძესთან, შესარიგებლად. ასეთი შემარიგებელი პრაქტიკის არსებობა დასტურდება პროკურატურის სტატისტიკური მონაცემებით, რომელიც ეხება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის ქვეშ ჩადენილი დანაშაულებათა საქმისწარმოებას 2014-15 წლებში. პროკურატურამ მხოლოდ მას შემდეგ წაუყენა ბრალდება სამართალდამრღვევს, რაც შერიგების ყველა შესაძლებლობა ამოიწურა (იხ. პარაგრაფები 97-8 და 324 ზემოთ).
339. ამგვარად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მეორე-მეოთხე მომჩივნის ბრალდება მოსამართლე თ.უ.-ს დედის სისხლისსამართლებრივ დევნასა და საკუთრების დავის განხილვას შორის სავარაუდო კავშირზე უარყოფილი უნდა იყოს, როგორც დაუსაბუთებელი (შეადარეთ საქმეს Khodorkovskiy and Lebedev v. Russia, nos. 11082/06 and 13772/05, § 541, 25 July 2013).
(γ) მოსამართლე თ.უ.-ს ცოლის „Facebook პოსტები“
340. რაც შეეხება მეორე-მეოთხე მომჩივნის საჩივრებს მოსამართლე თ.უ.-ს მეუღლის მიერ გამოქვეყნებულ „Facebook პოსტებთან“ დაკავშირებით, არასოდეს არ ყოფილა დავის საგანი მხარეებს შორის, რომ სამი შესაბამისი „პოსტი“, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ‑ 2015 წლის 7 ივლისს, 13 აგვისტოსა და 2 ოქტომბერს, იყო მოსამართლის მეუღლის ავტორობით. შესაბამისად, სასამართლოს ამოცანაა დაადგინოს, მოახდინა თუ არა ოჯახის ახლო წევრის ამ კონკრეტულმა ქმედებამ გავლენა მოსამართლის მიერ საკუთარი სასამართლო ფუნქციების შესრულებაზე.
341. ზემოხსენებულ ზოგად პრინციპებზე მითითებით სასამართლო განმეორებით აღნიშნავს, რომ სასამართლო ფუნქციის ლეგიტიმაცია დამოკიდებულია საზოგადოებრივ ნდობაზე. საზოგადოებრივი ნდობა, თავის მხრივ, ემყარება, სხვებს შორის, მოსამართლის ინსტიტუციურ და ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას და მის მიუკერძოებლობას, ეს უკანასკნელი წარმოადგენს აუცილებელ თვისებას მოსამართლისთვის. მიუკერძოებლობა უნდა არსებობდეს როგორც ფაქტი (სუბიექტური ტესტი) და როგორც გონივრული გამოვლინება (ობიექტური ტესტი) (იხ. პრეცედენტული სამართლის პრინციპები, რომლებიც შეჯამებულია 331-333 პარაგრაფებში ზემოთ).
342. ზემოხსენებული სუბიექტური ტესტის მიხედვით, საქმე ეხება იმ მოსამართლის პირად რწმენასა და ქცევას, რომლის მიუკერძოებლობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. სასამართლო მიიჩნევს, რომ პრინციპული მნიშვნელობის საკითხია, რომ მოსამართლემ განიხილოს თვითაცილება პროცესიდან, თუკი ამ მოსამართლემ გააკეთა საჯარო განცხადებები საქმის შედეგებთან დაკავშირებით. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსამართლე თ.უ.-ს არანაირი მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია. რამდენადაც, სადავო „Facebook პოსტები“ დაწერა არა მოსამართლემ, არამედ მისმა მეუღლემ, გამოყენებული უნდა იყოს ობიექტური ტესტი. იბადება ორი ურთიერთდაკავშირებული კითხვა: (i) იყო თუ არა ეს განცხადებები იმ ხასიათის მატარებელი, რომ წარმოეშვა ობიექტურად გამართლებადი წუხილი „რუსთავი 2“-ის წილებზე საკუთრების უფლების შესახებ დავის სასამართლო განხილვის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით და (ii) შეიძლება თუ არა ითქვას, რომ მოსამართლე თ.უ.-ს ცოლის მიერ გამოქვეყნებული განცხადებები უკავშირდება უშუალოდ თვითონ მოსამართლეს.
343. რაც შეეხება პირველ შეკითხვას, სადავო საჯარო განცხადებების ხასიათთან დაკავშირებით, სასამართლო აღიარებს, რომ ეს განცხადებები წარმოაჩენდა „პოსტების“ ავტორის უარყოფით შეხედულებას „რუსთავი 2“-ის, როგორც ტელეარხისა და პერსონალურად მისი გენერალური დირექტორის, ნ.გვ.-ს, მიმართ. თუმცა, არცერთი მათგანი არ წარმოადგენს საკუთრების შესახებ დავის რეალურ მხარეს. მოსამართლის ცოლს არანაირი ფორმით არ გაუკეთებია კომენტარი მიმდინარე საკუთრების შესახებ დავის საბოლოო შედეგზე. არცერთი „Facebook პოსტი“, მათ შორის „პოსტი“, რომელიც წინ უსწრებდა საკუთრების შესახებ დავის მოსამართლე თ.უ.-სთვის გადაცემას, ვერ იქნება აღქმული, რომ ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს მოსამართლის მეუღლე ცდილობდა ქმრის სასამართლო თანამდებობის ექსპლუატაციას ან მასზე გავლენის მოხდენას.
344. რაც შეეხება მეორე შეკითხვას, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსამართლეთა ქცევის ბანგალორის პრინციპების მიხედვით, მოსამართლემ არ უნდა მისცეს მის ოჯახურ, სოციალურ თუ სხვა ურთიერთობებს საშუალება, გავლენა მოახდინონ მის ქცევაზე სასამართლოში (იხ. ბანგალორის პრინციპების 4.8 პუნქტი, რომელიც ციტირებულია 224-ე პარაგრაფში ზემოთ). სასამართლო მიუკერძოებლობის მოთხოვნა არ ზღუდავს მოსამართლის ოჯახს, გამოხატოს საკუთარი შეხედულებები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ ოჯახის ახლო წევრების ქმედებებმა, კონკრეტულ გარემოებებში, უარყოფითად იმოქმედოს მოცემული მოსამართლის მიუკერძოებლობის მიმართ საზოგადოებრივ აღქმაზე (იხ. ბანგალორის პრინციპების შესახებ კომენტარის 67-ე პარაგრაფი, ციტირებულია 225-ე პარაგრაფში ზემოთ). სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნულ საქმეში, მეორე-მეოთხე მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომ სასამართლო გადაწყვეტილების მიღების დროს, მოსამართლე თ.უ.-ზე გავლენა მოახდინა მისი მეუღლის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულმა განცხადებებმა. საქმის მასალებში არ არის მტკიცებულება, რომ მოსამართლემ ოდესმე განიხილა „რუსთავი 2“-ის წილებზე საკუთრების შესახებ დავა მის მეუღლესთან პირადად თუ საჯაროდ. 2015 წლის 19 ოქტომბერს მიღებულ გადაწყვეტილებაში, მოსამართლემ ხაზი გაუსვა, რომ მის მეუღლეს არასოდეს შეუთანხმებია მასთან „Facebook პოსტების“ შინაარსი და რომ ამ „პოსტების“ არსებობის შესახებ მან არც კი იცოდა. შესაბამისად, სასამართლო, ობიექტური დამკვირვებლის პოზიციიდან, მიიჩნევს, რომ მოსამართლემ საკმარისი დისტანცირება მოახდინა მისი მეუღლის მიერ „Facebook“-ზე გამოქვეყნებული მოსაზრებებისგან.
345. დაბოლოს, სასამართლო ხელახლა აღნიშნავს, რომ კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევა ვერ დასაბუთდება გადაწყვეტილების მიმღები სასამართლოს დამოუკიდებლობისა თუ მიუკერძოებლობის შესაძლო არარსებობით, თუკი მიღებული გადაწყვეტილება ექვემდებარებოდა შემდგომ კონტროლს სასამართლო ორგანოს მხრიდან, რომელსაც აქვს სრული იურისდიქცია და უზრუნველყოფს კანონით გათვალისწინებული გარანტიების დაცვას (იხ., მაგალითად Helle v. Finland, 19 December 1997, §46, Reports 1997-VIII). ამასთან დაკავშირებით, სასამართლო ყურადღების მიღმა არ ტოვებს იმ ფაქტს, რომ მეორე-მეოთხე მომჩივანს ჰქონდა წვდომა თბილისის სააპელაციო სასამართლოზე, ინსტანციაზე, რომელსაც აქვს სრული იურისდიქცია ხელახლა შეისწავლოს საკუთრების შესახებ დავა ფაქტებთან და სამართალთან მიმართებით. სააპელაციო სასამართლოს მიუკერძოებლობა განხილულია ქვემოთ (იხ. 349-53 პარაგრაფები ქვემოთ). სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არა მხოლოდ უზრუნველყო საკუთრების შესახებ დავის საქმის ხელახალი არსებითი განხილვა, არამედ შეეხო, მართალია არა ისე დეტალურად, როგორც შემდგომ ეს უზენაესმა სასამართლომ გააკეთა, მეორე-მეოთხე მომჩივნის პრეტენზიას მოსამართლე თ.უ.-ს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე (იხ. პარაგრაფები 106,147 და 173 ზემოთ; განსხვავებისთვის შეადარეთ Kyprianou-ს, ციტირებულია 134-ე პარაგრაფში ზემოთ და Henryk Urban and Ryszard Urban v. Poland, no. 23614/08, § 54, 30 November 2010).
(δ) მოსამართლე თ.უ.-ს პროცედურული გადაწყვეტილებები
346. მეორე-მეოთხე მომჩივანი ასევე ჩიოდა, რომ მოსამართლე თ.უ.-ს მიერ მიღებული სხვადასხვა პროცედურული გადაწყვეტილებები და ის სისწრაფე, რომლითაც ამ საქმის შესწავლა მოხდა, მიუთითებდა იმაზე, რომ მოსამართლე მიკერძოებული იყო მათ წინააღმდეგ. თუმცა, სასამართლო იმეორებს, რომ ერთი მხარისთვის არახელსაყრელი რიგი პროცედურული გადაწყვეტილებები, არ შეიძლება ამ მხარემ გამოიყენოს, როგორც სასამართლოს მიკერძოებულობის დამადასტურებელი სარწმუნო მტკიცებულება (იხ., მაგალითად, Khodorkovskiy and Lebedev, ციტირებულია 539 და 540 პარაგრაფებში, და Miminoshvili, ციტირებულია 114-ე პარაგრაფში ზემოთ). ამგვარად, მოსამართლე თ.უ.-ს მხრიდან არ გამოვლენილა რაიმე განსაკუთრებული წინასწარი დამოკიდებულების ამსახველი ნიშნები იმ სხვადასხვა პროცედურული გადაწყვეტილებების საფუძველზე, რომლითაც მეორე-მეოთხე მომჩივანი უკმაყოფილო იყო.
(ε) დასკვნა
347. სასამართლო ასკვნის, რომ შეუძლებელია იმის თქმა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ერთი მოსამართლის შემადგენლობას, რომელმაც განიხილა საკუთრების შესახებ დავა, აკლდა დამოუკიდებლობა ან მიუკერძოებლობა. შესაბამისად, ამ ნაწილში არ დარღვეულა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი.
(ii) თბილისის სააპელაციო სასამართლოს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა
348. მეორე-მეოთხე მომჩივანმა სადავო გახადა თბილისის სააპელაციო სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საკითხი იმაზე დაყრდნობით, რომ მოსამართლე ნ.გ.-ს, რომელიც სააპელაციო სასამართლოს შემადგენლობაში მყოფი სამი მოსამართლიდან ერთ-ერთი იყო, შესაძლო ახლო ურთიერთობა ჰქონდა მოსამართლე თ.უ.-სთან, რომელმაც გადაწყვეტილება მიიღო პირველ ინსტანციაში. ამ ბრალდების გასამყარებლად მომჩივნებმა მიუთითეს იმ ფაქტზე, რომ ორივე მოსამართლე საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრები იყვნენ და ამ უკანასკნელმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა უადგილო საჯარო განცხადებები პირველი ინსტანციის მოსამართლის მხარდასაჭერად.
349. თუმცა, სასამართლო მიიჩნევს, ობიექტური დამკვირვებლის პოზიციიდან, რომ საკითხის რეალისტური და პრაქტიკული გადმოსახედიდან, მეორე-მეოთხე მომჩივნის ბრალდებები მოსამართლე ნ.გ.-ს წინააღმდეგ დაუსაბუთებელია. დასაწყისისთვის, სასამართლო იმეორებს, რომ მოსამართლეს, როგორც ნებისმიერ სხვა ინდივიდს, აქვს გამოხატვის, რწმენის, გაერთიანებისა და შეკრების თავისუფლება, თუმცა ამ უფლებათა განხორციელებისას, იგი უნდა მოიქცეს ისეთი ფორმით, რომ შეინარჩუნოს სასამართლო თანამდებობის ღირსება და სასამართლო ხელისუფლების მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა (იხ. განმარტებები ზემოთ 344-ე პარაგრაფში; შეადარეთ mutatis mutandis, N.F. v. Italy, no. 37119/97, §§ 31 და 32, ECHR 2001-IX; Kudeshkina v. Russia, no. 29492/05, § 86, 26 February 2009; და Harabin v. Slovakia (dec.), no. 62584/00, 29 June 2004). მოსამართლეს შეუძლია ჩამოაყალიბოს ან შეუერთდეს მოსამართლეთა გაერთიანებებს ან მონაწილეობა მიიღოს სხვა ორგანიზაციებში, რომლებიც წარმოადგენენ მოსამართლეთა ინტერესებს (იხ. კომენტარი ბანგალორის პრინციპებზე, ციტირებულია 225-ე პარაგრაფში ზემოთ). ამგვარად, სასამართლო ვერ ხედავს ვერაფერს უადგილოს იმ ფაქტში, რომ ორივე მოსამართლე, თ.უ. და ნ.გ., საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრები იყვნენ, თექვსმეტ სხვა მოსამართლესთან ერთად, იმ ასოციაციისა, რომელიც წარმოადგენს მოქმედი მოსამართლეების ინტერესებს. საკუთრების შესახებ დავის განხილვის დროისთვის, მოსამართლე თ.უ. და მოსამართლე ნ.გ. ჯერ კიდევ ამ ორგანიზაციის წევრები იყვნენ, ორმოცდაათამდე სხვა მოქმედ ქართველ მოსამართლესთან ერთად.
350. რაც შეეხება 2015 წლის 31 აგვისტოსა და 20 ოქტომბერს მოსამართლეთა ასოციაციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, სასამართლომ მათშიც შეუფერებელი ვერაფერი აღმოაჩინა. პირველ რიგში, სასამართლო მნიშვნელობას ანიჭებს იმ ფაქტს, რომ ეს განცხადებები „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მიერ მოსამართლე თ.უ.-ზე საჯარო შეტევების საპასუხოდ გაკეთდა. ამ კონკრეტული მოსამართლის მისამართით გენერალურმა დირექტორმა თავის სატელევიზიო გამოსვლებში ისეთი ტერმინები და გამოთქმები გამოიყენა, როგორიცაა „ზონდერმოსამართლე“ (ეს გამონათქვამი ნაცისტების კონოტაციას შეიცავს), „მოსამართლის ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს“, „უწიგნური“, „კორუმპირებული“, „მარიონეტი“, „თემიდას ფსევდომსახური“, „ნაჯახით შეიარაღებული“, „დაქირავებული“ და „ნაძირალა“ (ქვეყნის შიგნით მიმდინარე სასამართლო განხილვების პროცესში „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მიერ გამოყენებული სხვა ეპითეტები იხ. 175-176 პარაგრაფებში ზემოთ). საქმეში არსებული სხვა მასალებიდან ნათელი ხდება, რომ გენერალური დირექტორი არც კი მალავდა იმას, რომ ამგვარ შეურაცხმყოფელ საჯარო გამონათქვამებს განზრახ იყენებდა იმ მიზნით, რომ მოსამართლის პროვოცირება მოეხდინა და მისი აცილების მოთხოვნის საფუძვლები შეექმნა (იხ. პარაგრაფები 104 და 173 ზემოთ). ამ მხრივ, სასამართლოს მნიშვნელოვნად მიაჩნია ხაზი გაუსვას, რომ სასამართლო პროცესში მონაწილე მხარეებს შეუძლიათ თავიანთი უფლებები და კანონიერი ინტერესები ხმაურიანი ფორმითაც კი დაიცვან, რომელიც შესაძლოა გადაჭარბებული შეფასებების გაკეთებასაც მოიცავდეს, თუმცა მათ მაინც მოეთხოვებათ, რომ ამგვარი ქცევა შემოიფარგლოს მკაცრად სასამართლო დარბაზში (იხ., მაგალითად, Čeferin v. Slovenia, no. 40975/08, § 54, 16 January 2018). თუმცა, ამ შემთხვევაში „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა არჩია მოსამართლე თ.უ.-ს კრიტიკა გაეჟღერებინა არა სასამართლო დარბაზში, მაშინ როცა ამისათვის ყველა შესაძლებლობა ჰქონდა იმის გათვალისწინებით, რომ იმ დროისთვის „რუსთავი 2“ ჩართული იყო პროცესში როგორც მხარე, არამედ „რუსთავი 2“-ის მძლავრი მედია საშუალებები არასათანადოდ გამოეყენებინა მოსამართლის პროვოცირებისა და ამ უკანასკნელის აცილების წინაპირობების ხელოვნურად შექმნის მიზნით.
351. ამას გარდა, მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლე თ.უ.-ს მიმართ მისაღები კრიტიკის ფარგლები უფრო ფართო იყო, ვიდრე რიგითი მოქალაქის შემთხვევაში (იხ. ზემოთ ციტირებული Morice, § 131), სასამართლო მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნულ დასაშვები კრიტიკის ზღვარს გადააბიჯა, როცა სატელევიზიო არხის მეშვეობით მოსამართლეს მძიმე პირად შეურაცხყოფას აყენებდა (სხვა საქმეებთან ერთად იხ. Rodriguez Ravelo v. Spain, no. 48074/10, § 46, 12 January 2016; Kincses v. Hungary, no. 66232/10, § 37, 27 January 2015; Saday v. Turkey, no. 32458/96, § 35, 30 March 2006; და Skałka v. Poland, no. 43425/98, § 36, 27 May 2003). ვინაიდან „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მხრიდან მოსამართლე თ.უ.-ს მისამართით განხორციელებული უსაფუძვლო მედია შეტევები შეიძლება განხილული იყოს როგორც მოსამართლის გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენის შეუფერებელი მცდელობა და ზოგადად წვლილი შეიტანოს სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტის შელახვაში (იხ. აგრეთვე მისი გამონათქვამები თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის შესახებ პარაგრაფებში 177 და 178 ზემოთ), სასამართლომ ვერ აღმოაჩინა ვერაფერი უადგილო იმაში, რომ მოსამართლეთა ასოციაციამ გადაწყვიტა საჯარო განცხადებები გაეკეთებინა და დაეცვა ზოგადად სასამართლო სისტემა და კერძოდ მოსამართლე თ.უ., მით უმეტეს, რომ ეს უკანასკნელი დისკრეციის ვალდებულებიდან გამომდინარე შეზღუდული იყო გაეცა პასუხი (იხ. Radobuljac v. Croatia, no. 51000/11, § 54, 28 June 2016, და Morice, ციტირებულია ზემოთ, §108). რაც შეეხება აღნიშნული განცხადებების შინაარსს, სასამართლომ ისინი ცივილურად და დაბალანსებულად მიიჩნია.
352. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ ხედავს მეორე-მეოთხე მომჩივნის არგუმენტებში ვერაფერს ისეთს, რაც მას დაარწმუნებს, რომ ზედმეტი სიახლოვე იყო მოსამართლე თ.უ.-ს და მოსამართლე ნ.გ.-ს შორის, რაც ამ უკანასკნელს ხელს შეუშლიდა საკუთრების დავა განეხილა სააპელაციო დონეზე აუცილებელი მიუკერძოებლობითა და დამოუკიდებლობით.
353. აქედან გამომდინარეობს, რომ არ დარღვეულა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი თბილისის სააპელაციო სასამართლოს შემადგენლობის მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, რომელმაც განიხილა საკუთრებასთან დაკავშირებული დავა. სააპელაციო დონეზე დაცული იყო კონვენციის ზემოთ აღნიშნული დებულებით უზრუნველყოფილი გარანტიები (იხ. პრეცედენტული სამართალი – მოცემულია 345-ე პარაგრაფში ზემოთ).
(iii) უზენაესი სასამართლოს მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა
354. მეორე-მეოთხე მომჩივანი ამტკიცებდა, რომ უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, რომელიც ცხრა წევრისგან შედგებოდა, შეილახა ორი მოსამართლის – მ.თ.-ს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის – საკუთრებასთან დაკავშირებულ დავაში მონაწილეობის გამო.
(α) რაც შეეხება მოსამართლე მ.თ.-ს
355. მეორე-მეოთხე მომჩივნის საჩივრების არსი მოსამართლე მ.თ.-ს მიმართ ის იყო, რომ მას უარი უნდა ეთქვა დიდი პალატის წევრობაზე, რადგან მან რამდენიმე წლით ადრე ფინანსური შეწირულობა გადასცა კოალიცია „ქართულ ოცნებას“. თუმცა, სასამართლო ამ არგუმენტებს დამაჯერებლად არ მიიჩნევს.
356. პირველ რიგში, საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარეობს, რომ „რუსთავი 2“-ის წილების საკუთრებაზე დავა ეხება ორ კერძო მხარეს. არც კოალიცია „ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური პარტია და არც ნებისმიერი სახელმწიფო ორგანო არ ყოფილა სასამართლო პროცესის მონაწილე ან დაკავშირებული საქმის არსებით მხარესთან სააპელაციო სასამართლოში (შეადარეთ Pabla Ky v. Finland, no. 47221/99, § 33, ECHR 2004-V). მეორე მხრივ, მხედველობაში იღებს რა სასამართლო ხელისუფლების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობის მნიშვნელობის შესახებ ზოგად კითხვას , სასამართლო მზად არის ჩათვალოს, რომ მოსამართლეების მიერ სადავო პოლიტიკურ დისკუსიებში საჯაროდ მონაწილეობისგან თავშეკავების საჭიროების გარდა (იხ. სასამართლოს დასკვნები 344-ე და 349-ე პარაგრაფებში ზემოთ), უმჯობესია, რომ მოსამართლეებმა საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების ვადის განმავლობაში ასევე თავი შეიკავონ პარტიული პოლიტიკური საქმიანობისგან, როგორიცაა პოლიტიკური პარტიებისთვის ან კამპანიებისთვის შეწირულობები (იხ. ასევე ბანგალორის პრინციპები და მისი კომენტარები, რომლებიც მოცემულია 224-ე და 225-ე პარაგრაფებში ზემოთ). თუმცა, საქმის მასალებიდან გამომდინარე, მოსამართლე მ.თ.-მ აღნიშნულ პოლიტიკურ პარტიას თანხა გადაურიცხა რამდენიმე წლით ადრე, როდესაც ის დასაქმებული იყო კერძო სექტორში (იხ. 327-ე პარაგრაფი ზემოთ). მეორე-მეოთხე მომჩივანმა ვერ შეძლო სასამართლოსთვის ნებისმიერი სხვა ფაქტის წარდგენა, რომელიც დაადასტურებდა მოსამართლე მ.თ.-ს მონაწილეობას ნებისმიერ პარტიულ პოლიტიკურ საქმიანობაში მისი მოსამართლეობის ვადის განმავლობაში.
357. ამგვარად, სასამართლო ასკვნის, რომ არ არსებობდა საკმარისი საფუძვლები მოსამართლე მ.თ.-ს სასამართლო პროცესიდან ჩამოცილებისთვის. სასამართლო იმეორებს, რომ ის ფაქტი, რომ მომჩივანი ასაჩივრებს სხვადასხვა ინსტანციების სასამართლოს ყველა მოსამართლის ან მათი უმეტესობის მიკერძოებას, რომლებიც ჩართული არიან მისი საქმის განხილვაში, შესაძლოა გარკვეულ გარემოებებში მიჩნეული იყოს მართლმსაჯულების განხორციელების ხელშეშლის მცდელობად და შესაბამისად, მიუთითებდეს მიკერძოების შესახებ შუამდგომლობის ბოროტად გამოყენებაზე. შიდა სასამართლოთა მოსამართლეების აცილების მოთხოვნები არ უნდა იყოს მიმართული მოპასუხე სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემის პარალიზებისკენ და ეს ასპექტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, როდესაც საქმე ეხება ბოლო ინსტანციის სასამართლოს და როდესაც ასეთი მოთხოვნები ვერ გადაწყდება სააპელაციო სასამართლოს მიერ (იხ. A.K. – ციტირებულია ზემოთ, §§ 80 და 82).
(δ) რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს
358. მეორე-მეოთხე მომჩივანი ამტკიცებდა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც იყო დიდი პალატის შემადგენლობაში, შესაძლოა ჰქონოდა პირადი მიკერძოება „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის წინააღმდეგ, რადგან 2006 წელს ამ უკანასკნელმა მისი იუსტიციის საბჭოს წევრობის დროს, მონაწილეობა მიიღო მის წინააღმდეგ მიმდინარე დისციპლინურ პროცესში (იხ. 156-ე პარაგრაფი ზემოთ).
359. სასამართლო მიიჩნევს, რომ პირადი მტრული დამოკიდებულება მხარის მიმართ ჩვეულებრივ უნდა განიხილებოდეს, როგორც საქმიდან ჩამოცილების მყარი საფუძველი, რადგან მოსამართლეებს მოეთხოვებათ იმოქმედონ მტრული განზრახვის გარეშე (შეადარეთ, მაგალითად, Morice – ციტირებულია ზემოთ, §§ 165 და 166 და Debled v. Belgium ,22 September 1994, § 37, Series A no. 292-B). თუმცა, პრაქტიკაში ძალიან რთულია მოსამართლის პირადი მიკერძოების არსებობის დადგენა სუბიექტურობის ტესტის მიხედვით და სასამართლო ჩვეულებრივ უპირატესობას ანიჭებს, რომ სიტუაცია შეაფასოს ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე. მაგალითად, საქმეში Tocono and Profesorii Prometeişti სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსამართლის პირადი წყენა დავის მხარის მიმართ შესაძლოა გამოვლენილიყო მხოლოდ ობიექტურობის ტესტის მიხედვით, სადაც გათვალისწინებული იქნებოდა არა მხოლოდ წარსული მოვლენები, რომლებიც ობიექტური დამკვირვებლის თვალსაზრისით, შესაძლოა მიჩნეული ყოფილიყო მტრობის შესაძლო მიზეზად, არამედ განიხილებოდა კითხვაც, გამოხატა თუ არა მოსამართლემ ოდესმე შურისძიების სურვილი (იხ. საქმე Tocono and Profesorii Prometeişti , ციტირებულია ზემოთ, §§ 28-33).
360. სასამართლო აღიარებს, რომ მეორე-მეოთხე მომჩივნის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ საჩივრის მხარდასაჭერად მოყვანილმა ფაქტებმა შესაძლოა წარმოშვას მიკერძოების შესახებ დასაბუთებადი პრეტენზია. დისციპლინური სამართალწარმოება, რომელიც იწვევს აცილებას, სერიოზული საკითხია, რომელმაც, პრინციპში, შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს შესაბამისი პირის პირად და პროფესიულ ცხოვრებაზე. ამის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს გაფართოებულ შემადგენლობას, რომლის მიმართაც წაყენებული იყო მოთხოვნა თავმჯდომარის აცილების შესახებ, სიღრმისეულად უნდა განეხილა ეს საკითხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ თავისი 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით დაწვრილებით განიხილა მეორე-მეოთხე მომჩივნების შესაბამისი არგუმენტები, ყურადღებით შეაფასა ისინი როგორც სუბიექტურობის, ისე ობიექტურობის ტესტების მიხედვით, რომლებიც მოცემულია კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლ პუნქტში. შიდა სასამართლოს გადაწყვეტილება მოიცავდა დეტალურ დასაბუთებას, რომელიც დამაჯერებლად აქარწყლებდა მომჩივნების შიშს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით (იხ. 162-ე პარაგრაფი ზემოთ).
361. იმეორებს რა, რომ სასამართლო ყოველთვის უნდა მიიჩნეოდეს პირადი განწყობებისა და მიკერძოებისგან თავისუფალ ორგანოდ (იხ., მაგალითად, Kyprianou – ციტირებულია ზემოთ, § 119) და რომ აღიარებული უნდა იყოს მოსამართლის პირადი მიუკერძოებლობა, სანამ არ იარსებებს საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება (იხ. Hauschildt v. Denmark, 24 May 1989, § 47, Series A no. 154), სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მეორე-მეოთხე მომჩივანს არ წარუდგენია არც ადგილობრივ დონეზე და არც მის წინაშე ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მიუთითებდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ასეთ ნეგატიურ დამოკიდებულებაზე ნ.გვ.-ს მიმართ წარსული მოვლენების გამო, რომელსაც ადგილი ჰქონდა ათ წელზე მეტი ხნის წინ. გარდა იმისა, რომ არ არსებობდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შურისძიების სურვილის დამადასტურებელი მტკიცებულებები (ასევე, განსხვავებისთვის შეადარეთ Tocono and Profesorii Prometeişti, ციტირებულია ზემოთ, §§ 28‑33 და Remli, ციტირებულია ზემოთ, §§ 43-48), ასევე საქმის მასალებში არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს, რომ მოსამართლემ ოდესმე გამოთქვა ნებისმიერი მოსაზრება „რუსთავი 2“-ზე, ნ.გვ.-ზე ან ამ უკანასკნელის როლზე მის წინააღმდეგ წარმართულ დისციპლინურ საქმეში. იმ გარემოებებში, როდესაც მეორე-მეოთხე მომჩივნი სისტემატურად წარადგენდა უსაფუძვლო აცილების მოთხოვნებს სხვა არაერთი მოსამართლის მიმართ მართლმსაჯულების სამივე დონეზე და როდესაც გრძელდებოდა „რუსთავი 2“-ის შეტევები საქმეში ჩართული ზოგიერთი მოსამართლის მიმართ, სასამართლო მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს კარგად დასაბუთებული გადაწყვეტილება თავმჯდომარის საქმიდან არაცილებასთან დაკავშირებით არ იყო გაუმართლებელი საქმის გარემოებებიდან გამომდინარე და იმ არგუმენტების მხედველობაში მიღებით, რომლებიც გამოყენებული იყო მის ასაცილებლად.
362. სასამართლო დამატებით მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ შესაბამისი დისციპლინური პროცედურების შედეგად მოხდებოდა თავმჯდომარის განთავისუფლება მისი მაშინდელი სასამართლო თანამდებობიდან 2006 წელს (მეტი დეტალები ამ დისციპლინური წარმოების შესახებ იხ. Turava and Others v. Georgia (dec.) [Committee], nos. 7607/07 and 8710/07, §§ 4-29 and 34-35, 27 November 2018), ის ფაქტი, რომ შემდგომში მან მოახერხა გამხდარიყო ქვეყნის მართლმსაჯულების უმაღლესი ორგანოს თავმჯდომარე, ობიექტური დამკვირვებლის თვალსაზრისით ძალზე რთულს ხდის წარსულში მიღებული პროფესიული დარტყმის ხანგრძლივი შედეგების დანახვას. უფრო მეტიც, სასამართლო, ადრეული დასკვნების გათვალისწინებით (იხ. 343-ე პარაგრაფი ზემოთ) ხაზს უსვამს, რომ ნ.გვ. არ ყოფილა არც დავის მონაწილე მხარე და არც საკუთრებასთან დაკავშირებული დავის მონაწილე მხარის წარმომადგენელი.
363. დაბოლოს, სასამართლო ასევე მნიშვნელობას ანიჭებს იმ ფაქტს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იყო მხოლოდ ერთი მოსამართლე ცხრა მოსამართლისგან შემდგარი დიდი პალატის გაფართოებულ შემადგენლობაში, რომელმაც განიხილა საკუთრების დავა. შესაბამისად, ობიექტური დამკვირვებლის თვალთახედვით, არ შეიძლება ითქვას, რომ სრული გაფართოებული შემადგენლობის რეპუტაცია შეილახა მომჩივნების აცილების მოთხოვნით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სასამართლო შემადგენლობამ საქმეზე ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღო (შეადარეთ, სხვებს შორის, Sturua v. Georgia, no. 45729/05, § 35, 28 March 2017; Fazlı Aslaner v. Turkey, no. 36073/04, §§ 37-39, 4 March 2014; Ferragut Pallach v. Spain (dec.), no. 1182/03, 28 February 2006; Garrido Guerrero v. Spain (dec.), no. 43715/98, ECHR 2000-III; OOO ‘Vesti’ and Ukhov v. Russia, no. 21724/03, § 83, 30 May 2013; და Diennet v. France, 26 September 1995, § 38, Series A no. 325‑A). სასამართლო უყურადღებოდ არ ტოვებს იმ ფაქტს, რომ საქმეში Morice v. France სასამართლომ დაადგინა, რომ ის ფაქტი, რომ ერთადერთი მოსამართლე, რომლის მიუკერძოებლობაც „იდგა სამართლიანი ეჭვის ქვეშ“ და რომელიც იყო გაფართოებულ შემადგენლობაში, არ იყო გადამწყვეტი ობიექტური მიუკერძოებლობის საკითხისთვის კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად. თუმცა, სასამართლომ ცალსახად დააკონკრეტა, რომ ზემოხსენებული დასკვნა შეზღუდული იყო ფრანგული საქმის „ძალიან თავისებური კონტექსტით“ (იხ.Morice – ციტირებულია ზემოთ, §§ 84-86 და 89). ამგვარად, Morice-ს საქმისგან სხვა განმასხვავებელ ნიშნებთან ერთად, ამ კონკრეტულ საქმეში მომჩივნებს ჰქონდათ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის აცილების მოთხოვნის შესაძლებლობა და მათი მოთხოვნა სერიოზულად იყო განხილული მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით (იხ. 360-ე და 162-ე პარაგრაფები ზემოთ და განსხვავებისთვის შეადარეთ იქვე, §§ 53, 66 და 68). Morice-ს საქმეში საფრანგეთის სასამართლოებმა დაადგინეს აშკარა პირადი მტრობის არსებობა მომჩივანსა და მოსამართლეს შორის, რომლის მიკერძოება იყო გასაჩივრებული, მაშინ, როდესაც ამ კონკრეტულ საქმეში მეორე-მეოთხე მომჩივნმა ვერ შეძლო წარედგინა მტკიცებულებები მათსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შორის რაიმე პირადი ან პროფესიული კონფლიქტის შესახებ (იხ. პარაგრაფები 359-362 და 162 ზემოთ და განსხვავებისთვის შეადარეთ იქვე, §§ 50 და 86).
(γ) დასკვნა
364. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ასკვნის, რომ უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის შემადგენლობას, რომელმაც განიხილა საკუთრებასთან დაკავშირებული დავა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის და მოსამართლე მ.თ.-ს მონაწილეობით, არ შეიძლება ითქვას, რომ აკლდა დამოუკიდებლობა ან მიუკერძოებლობა. აქედან გამომდინარე, არ დარღვეულა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი.
IV. სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესი
365. მიუღებლობის შესახებ მისი ზემოთ მოცემული დასკვნების გათვალისწინებით (იხ. პარაგრაფები 230, 235 და 269 ზემოთ), სასამართლო მიიჩნევს, რომ აღარ არის საჭირო სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესის გამოყენების გაგრძელება (შეადარეთ, მაგალითად, A.D. and Others v. Turkey, no. 22681/09, §§ 84 and 128, 22 July 2014; Suleymanov v. Russia, no. 32501/11, §§ 161 and 162, 22 January 2013; და Balogun v. the United Kingdom, no. 60286/09, §§ 34 and 35, 10 April 2012).
ამ მიზეზებით, სასამართლო:
ერთხმად აცხადებს საჩივრის იმ ნაწილს მისაღებად, რაც ეხება მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის ფარგლებში მეორე, მესამე და მეოთხე მომჩივნების პრეტენზიებს მოსამართლეების თ.უ., ნ.გ. (წინა მოსამართლესთან მის ახლობლობასთან დაკავშირებით), მ.თ. და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას, ხოლო საჩივრის დანარჩენ ნაწილს მიუღებლად;
იღებს გადაწყვეტილებას, გაუქმდეს სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესის გამოყენება;
ადგენს ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ არ დარღვეულა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი თბილისის საქალაქო სასამართლოში ერთი მოსამართლის შემადგენლობის (მოსამართლე თ.უ.) დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის კუთხით;
ერთხმად ადგენს, რომ არ დარღვეულა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი თბილისის სააპელაციო სასამართლოს შემადგენლობის, რომელშიც შედიოდა მოსამართლე ნ.გ., დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის კუთხით;
ადგენს ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ არ დარღვეულა მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის შემადგენლობის, რომელშიც შედიოდნენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და მოსამართლე მ.თ., დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის კუთხით.
შესრულებულია ინგლისურ ენაზე და ეცნობათ წერილობით 2019 წლის 18 ივლისს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე წესის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.
მილან ბლაშკო ანგელიკა ნუსბერგერი
სექციის განმწესრიგებლის მოადგილე თავმჯდომარე
კონვენციის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და სასამართლოს რეგლამენტის 74-ე წესის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილებას თან ერთვის მოსამართლე დე გაეტანოს განსხვავებული აზრი.
მოსამართლე დე გაეტანოს ნაწილობრივ განსხვავებული აზრი
1. ვწუხვარ, რომ არ შემიძლია დავეთანხმო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-5 პუნქტებს. ჩემი აზრით, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევას, მოსამართლე თ.უ.-სა (თბილისის საქალაქო სასამართლოს შემადგენლობის ერთადერთი მოსამართლე; იხ., გადაწყვეტილების პარაგრაფი 334) და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან (რომელიც იყო საბოლოო ინსტანციის სასამართლოს შემადგენლობაში; იხ. გადაწყვეტილების პარაგრაფი 354) მიმართებით.
2. არავითარი წინააღმდეგობა არ გამაჩნია ზოგად პრინციპებთან, როგორც მიუკერძოებლობის ობიექტურ ტესტთან დაკავშირებით, რაც აღნიშნულია გადაწყვეტილების 332-ე პარაგრაფში. მე, როგორც პრაქტიკოს მოსამართლეს, დაგროვილი მაქვს უამრავი შეფასება, რა თქმა უნდა, არა უარყოფითი გაგებით (colorem habet, substantiam vero nullam), არამედ იმ თვალსაზრისით, რომ ეს მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელებისთვის და ზოგ საქმეში, სხვებთან შედარებით, მსგავს შეფასებებს მნიშვნელოვანი წონა უნდა მიენიჭოს ობიექტური მიუკერძოებლობის საკითხების განსაზღვრისას. შიდა სასამართლოების მიერ „რუსთავი 2“-ის საქმის განხილვა იყო ძალიან მნიშნელოვანი, რასაც მედია-საშუალებები აქტიურად აშუქებდნენ, საქმე პოლიტიკური ელფერითა და ტენდენციებით – ნამდვილად, არ იყო რიგითი საქმე, არამედ მრავალი თვის განმავლობაში საქართველოში წარმოადგენდა კონკრეტული მნიშვნელობის საქმეს. აღნიშნული მიზეზით, შეფასებებს ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა.
3. ეჭვგარეშეა, რომ ზოგადად, მოსამართლის ოჯახის წევრები თავისუფალნი არიან, იყვნენ პოლიტიკურად და სოციალურად აქტიურები, ასევე, მათ შეუძლიათ თავისუფლად გამოხატონ აზრი იმ საკამათო საკითხებზე, რომლებიც ზეგავლენას ახდენს საზოგადოებაზე. თუმცა, მოსამართლემ ყოველთვის უნდა იქონიოს მხედველობაში, რომ ზოგ შემთხვევაში, ოჯახის ახლო წევრების მსგავსმა ქმედებებმა, შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს საზოგადოების დამოკიდებულებაზე მისი მიუკერძოებლობის მიმართ. აღნიშნულს უმრავლესობაც დაეთანხმა გადაწყვეტილების 344-ე პარაგრაფში. თუმცა, შემდეგ უმრავლესობა ობიექტურიდან სუბიექტურ ტესტზე გადავიდა, ვინაიდან მეორე-მეოთხე მომჩივანს „არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება, რომ საქმის განხილვისას მოსამართლე თ.უ.-ზე გავლენა მოახდინა სოციალურ ქსელში მისი მეუღლის მიერ გამოქვეყნებულმა განცხადებებმა“. შემდგომ უმრავლესობამ აღნიშნა, რომ „საქმის მასალებიდან არ დგინდებოდა მოსამართლის მიერ მის მეუღლესთან „რუსთავი 2“-ის წილებზე საკუთრების დავის ოდესმე, პირადად ან საჯაროდ განხილვის ფაქტი“. უმრავლესობა მტკიცებულების სახით მოსამართლისა და მისი ცოლის პირად საუბარს („pillow talk”) მოელოდა? თუ საჯარო რესტორანში სადილის დროს საუბრის ფარულ ჩანაწერს? შემდგომ, უმრავლესობის თანახმად, მოსამართლე თ.უ.-მ, 2015 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში, მიუთითა, რომ „მისი მეუღლე მას არასდროს უთანხმებდა თავისი „Facebook პოსტების“ შინაარსს და რომ მან არც კი იცოდა მათი არსებობის შესახებ“ (მკაფიო მითითება გადაწყვეტილების 104-ე პარაგრაფზე). უმრავლესობამ მხოლოდ ამ მსჯელობის საფუძველზე მიიჩნია, რომ მოსამართლე თ.უ. სათანადოდ იყო დისტანცირებული მისი ცოლის მიერ „Facebook”-ზე გამოთქმული მოსაზრებებისგან.
4. მე ვითხოვ განსხვავებულ მოსაზრებას. ჩვენ აქ განვიხილავთ როგორც ობიექტური მიუკერძოებლობის საკითხს, ასევე, სავარაუდოდ, საქართველოს სასამართლოებში ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მგრძნობიარე საქმეს. მოსამართლე თ.უ.-ს უხეშმა, თითქმის უპატივცემულო განცხადებამ, რომ გამოქვეყნების დროს მან არ იცოდა მისი ცოლის „Facebook პოსტების“ შესახებ (რადგან, აშკარად, მოგვიანებით მან აღნიშნულის შესახებ იცოდა), თავისთავად, არ შეიძლება გონიერ ობიექტურ შემფასებელს გადააფიქრებინოს ის ვარაუდი, რომ მას და მის მეუღლეს ოჯახური დისკუსიების დროს ნასაუბრები ჰქონდათ საკუთრების დავაზე. ჩემი აზრით, მოსამართლე თ.უ. არ იყო საკმარისად დისტანცირებული მისი მეუღლის მოსაზრებებისგან, რადგან იგი არც მის „Facebook პოსტებს“ უარყოფდა, როგორც შეუსაბამოს და მინიმუმ, არც იმას ამტკიცებდა, რომ ოჯახში მას და მის მეუღლეს შორის არსებობდა „ჩინეთის კედელი“, ანუ შეგნებულად შექმნილი ეთიკური ბარიერი, რომელიც აღკვეთდა კომუნიკაციას (ამ შემთხვევაში, მეუღლეებს შორის) მოსამართლის ფუნქციებთან დაკავშირებულ საკითხებზე. მოსამართლემ უბრალოდ აღნიშნა მისი ცოლის გამოხატვის თავისუფლების შესახებ, რაც არაპირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ იგი ვერაფერ შეუსაბამოს ვერ ხედავდა მის კომენტარებში. უფრო მეტიც, დამოკიდებულებათა პრობლემას ართულებს ის, რომ მან 2015 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში შეურაცხმყოფელი ფორმით აღნიშნა, რომ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნ.გვ.-მ, ორკესტრირება გაუწია საჯარო კამპანიას მის წინააღმდეგ (იხ. გადაწყვეტილების პარაგრაფი 106). მხოლოდ ამ მსჯელობიდან გამომდინარე, გონიერი შემფასებლისთვის მოსამართლე თ.უ. უნდა ყოფილიყო ასოცირებული მისი ცოლის მიერ „Facebook პოსტებში“ გამოთქმულ მოსაზრებებთან.
5. უფრო მეტიც, უმრავლესობამ საჭიროდ არ მიიჩნია, დეტალურად განეხილა სადავო „Facebook პოსტების“ ხასიათი, რათა დაედგინა მათი გავლენა სამართლიან შემფასებელზე ამ ძალიან დელიკატურ საქმეში. „Facebook პოსტები“ ეხებოდა ან „რუსთავი 2“-ს, როგორც სატელევიზიო არხს ან მის გენერალურ დირექტორს, ნ.გვ.-ს. ამ ორიდან არცერთი წარმოადგენდა რეალურ მხარეს საკუთრების დავაზე. თუმცა, შემფასებლის თვალით, გონივრული იყო ორივეს, პირველი მომჩივნის – სატელევიზიო არხი „რუსთავი 2“-ისა და პირველი მომჩივნის მესაკუთრეების – მეორე-მეოთხე მომჩივნის, ერთ მთლიანობად აღქმა, რომელსაც „რუსთავი 2“-ის თაობაზე შიდა სასამართლოებში მიმდინარე სასამართლო ისტორიაში იდენტური მიზნები ჰქონდა. რა თქმა უნდა, როგორც შიდა დონეზე, ასევე სასამართლოს წინაშე, სატელევიზიო კომპანიის მესაკუთრეები საჯაროდ გამოხატავდნენ შიშს არხის სარედაქციო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც თავად არხი ბოლომდე იბრძოდა, თავის კორპორატიულ ინტერესებთან ერთად, მესაკუთრეთა უფლებების მატერიალური უფლებების გამო. მსგავს გარემოებებში, როდესაც სატელევიზიო არხისა და მისი მესაკუთრეების საჯაროდ დაფიქსირებული ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა, მოსამართლის ოჯახის ახლო წევრის, კონკრეტულად მისი მეუღლის მხრიდან, ნებისმიერი შეურაცხმყოფელი განცხადება, შეიძლება საზოგადოების მიერ აღქმული იქნეს, როგორც არხის მეპატრონეების, მეორე-მეოთხე მომჩივნის მიმართ მტრული განწყობილების გამომჟღავნება.
6. მოსამართლე თ.უ.-ს მეუღლის მიერ 2015 წლის 7 ივლისს გამოქვეყნებული პირველი „Facebook პოსტი“ ნაკლებად შეურაცხმყოფელი იყო. მან კრიტიკული აზრი დააფიქსირა „რუსთავი 2“-ის მიერ პირდაპირ ეთერში ტრანსლირებული სატელევიზიო მუსიკალური კონკურსის ჟიურის წევრებზე და არა თავად არხზე. თუმცა, 2015 წლის 13 აგვისტოს გამოქვეყნებული მეორე „პოსტი“ იყო საკმაოდ მკაფიო: ამ „პოსტში“ მან „რუსთავი 2“ შეადარა ქართულ ლიტერატურულ პერსონაჟს, არქიფო სეთურს, რომელიც არის „დიდი ძმის“, ტოტალიტარული მმართველის მხატვრული სახე. სამართლიანი და სათანადოდ ინფორმირებული შემფასებელი, ამ შემთხვევაში, თავს ვერ აარიდებდა იმ დასკვნას, რომ მოსამართლის მეუღლეს „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით ჰქონდა სრულიად ნეგატიური („პოლიტიკური“ ხასიათის) მოსაზრებები. რაც შეეხება მისი 2015 წლის 2 ოქტომბერის, მესამე „Facebook პოსტს“, (ანუ მაშინ, როდესაც მის მეუღლეს აცილების თაობაზე ჯერ არ ჰქონდა მიღებული 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება, მითუმეტეს, არც 2015 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმის არსებით მხარეზე) გამოქვეყნებულ მესამე „Facebook პოსტს“, შეიძლება ითქვას, რომ კომენტარები, რომლებიც მან დაამატა წარმოადგენდა ნ.გვ.-ს მიმართ პერსონალურ თავდასხმას, და ვინაიდან, ეს პირდაპირ არ უკავშირდება თავად სატელევიზიო არხს, ჩემთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია აღნიშნული „პოსტის“ საწყისი. „Facebook”-ზე ნ.გვ.-ს მიმართ თავისი უარყოფითი და სატირული მოსაზრებების განახლების მიზნით, მოსამართლის მეუღლემ გააზიარა „გასართობი“ გვერდის, „დაყადაღებული რუსთავი 2“-ის ახალი სტატუსი და ამით, შემთხვევით ან განზრახ, შეეხო 2015 წლის 5 აგვისტოს მისი მეუღლის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხს. ჩემთვის (დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი სამართლიანი შემფასებლისთვის, თუნდაც, მას არ ჰქონდეს მოსამართლის საქმიანობის გამოცდილება), მოსამართლის მეუღლის ქმედებამ გამოამჟღავნა კმაყოფილების ყველა ნიშანი, რაც გამოწვეული იყო მისი მეუღლის მიერ საკუთრების დავის ფარგლებში „რუსთავი 2“-ის ქონებაზე ყადაღის გამოყენებაზე გადაწყვეტილების მიღებით. 2015 წლის 13 აგვისტოსა და 2 ოქტომბერს „Facebook პოსტების“ გამოქვეყნებით მოსამართლის მეუღლემ საჯარო სივრცეში გამოხატა უარყოფითი დამოკიდებულება „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკაზე და კვლავ გამოამჟღავნა კმაყოფილების ნიშნები სხვის წარუმატებლობაზე („Schadenfreude“), რაც გამოწვეული იყო მისი მეუღლის გადაწყვეტილებით დაეყადაღებინა კომპანიის ქონება. სათანადო, სამართლიანი და ინფორმირებული შემფასებლის თვალსაზრისით, მოსამართლის ოჯახის ახლო წევრის მსგავსი ქმედება ზიანს აყენებს თ.უ.-ს შესაძლებლობას, რომ საკუთრების დავა განიხილოს „რუსთავი 2“-ისა და მისი მესაკუთრეების მიმართ (მეორე-მეოთხე მომჩივანი) აშკარა არაობიექტურობით. თბილისის საქალაქო სასამართლომ უხეშად უარყო აღნიშნული „პოსტებით“ გადმოცემული სრული სურათი და მისი გავლენა ობიექტური მიუკერძოებლობის საკითხზე.
7. აღნიშნულს მივყავარ თბილისის სააპელაციო სასამართლომდე. გადაწყვეტილების 345-ე პარაგრაფში უმრავლესობა ასევე ეყრდნობა საქმეს Helle v. Finland (1997 წლის 19 დეკემბერი, § 46, Reports of Judgments and Decisions 1997-VIII), რათა უარყოს პრეტენზია მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევასთან დაკავშირებით, მოსამართლე თ.უ.-ს მეუღლის „Facebook პოსტების“ გამო. მიუხედავად იმისა, რომ მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევა ნამდვილად არ შეიძლება ემყარებოდეს გადაწყვეტილების მიმღები დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანოს სავარაუდო არარსებობას, თუ გადაწყვეტილება დაექვემდებარა გადასინჯვას შესაბამისი სასამართლო ორგანოს მიერ, რომელსაც აქვს სრული იურისდიქცია და უზრუნველყოფს აღნიშნული დებულებით გათვალისწინებული გარანტიების პატივისცემას, მოცემული საქმის ამ გარემოებებში ეს პრინციპი შეუსაბამოა. მიუხედავად იმისა, რომ მომჩივნებს, მინიმუმ თეორიულად, ჰქონდათ, ასევე, ხელმისაწვდომობა თბილისის სააპელაციო სასამართლოზე, რომელსაც, რა თქმა უნდა, ჰქონდა სრული იურისდიქცია, შეეფასებინა ფაქტები და სამართლის საკითხები, სააპელაციო სასამართლოს არ შეეძლო პირველი ინსტანციის დონეზე მიუკერძოებლობის მოთხოვნის დარღვევის აღდგენა, ორი მიზეზის გამო: პირველი, თავად სააპელაციო სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე აგრეთვე აქტიურად დავობდნენ მომჩივნები; და მეორე, რაც კიდევ უფრო კრიტიკულია, გადაწყვეტილების 345-ე პარაგრაფში უმრავლესობის მიერ დაფიქსირებული მოსაზრების საპირისპიროდ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ვერ უზრუნველყო აცილების თაობაზე მოსამართლე თ.უ.-ს 2015 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მომჩივანთა სააპელაციო საჩივრის სათანადოდ განხილვა (იხ. გადაწყვეტილების 147-ე პარაგრაფი და შეადარეთ საქმეს Editorial Board of Grivna Newspaper v. Ukraine, no. 41214/08, § 68, 2019 წლის 16 აპრილი, მასში არსებულ სხვა მითითებებთან ერთად). დიდი პატივისცემის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლოსთან მიმართებით, არ იქნება ფაქტობრივად სწორი, თუ ვიტყვით, რომ აცილების საკითხი აღნიშნულმა სასამართლომ „განიხილა, თუმცა, არა ისეთივე დეტალური ფორმით, როგორც შემდგომ უზენაესმა სასამართლომ“.
8. როგორც უკვე აღინიშნა, ასევე არ ვეთანხმები უმრავლესობის მოსაზრებას უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის შემადგენლობასთან დაკავშირებით მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევის არდადგენასთან მიმართებით. თუმცა, ჩემი განსხვავებული პოზიცია ეხება მხოლოდ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და არა მოსამართლე მ.თ.-ს მონაწილეობას. უმრავლესობამ საჩივრის ეს ნაწილი უარყო, ძირითადად, ოთხი საფუძვლით (იხ. გადაწყვეტილების პარაგრაფები 361-363): (1) მეორე-მეოთხე მომჩივნებს არ წარმოუდგენიათ რაიმე ინფორმაცია, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ჰქონდა უარყოფითი დამოკიდებულება ნ.გვ.-ს მიმართ; (2) აღნიშნული მომჩივნები სისტემატურად წარადგენდნენ „დაუსაბუთებელ მოთხოვნებს“ რამდენიმე მოსამართლის აცილების თაობაზე; (3) დროის გასვლა (2006 წლიდან, როდესაც ხსენებული თავმჯდომარე გათავისუფლებულ იქნა მოსამართლის თანამდებობიდან დისციპლინური სამართალწარმოების გამო, რომელიც აღიძრა და ხორციელდებოდა ნ.გვ.-ს მიერ, როდესაც იგი იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი (იხ. პარაგრაფი 156), 2017 წლამდე, როდესაც უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის შემადგენლობა გამოცხადდა (იხ. პარაგრაფი 161)); და (4) დიდი პალატის გაფართოებულ შემადგენლობაში რამდენიმე მოსამართლიდან ერთი იყო თავმჯდომარე.
9. რაც შეეხება აღნიშნული ოთხი საფუძვლიდან პირველს, აბსოლუტურად გაუგებარია, შემთხვევით თუ განზრახ, უმრავლესობა კვლავ გადადის ობიექტურიდან სუბიექტურ მიუკერძოებლობაზე. მეორე საფუძველთან მიმართებით (გაუგებარია, აცილების მოთხოვნებთან დაკავშირებით ზედსართავი სახელით – „დაუსაბუთებელი“ – უმრავლესობა გულისხმობდა მოთხოვნებს, რომლებიც იყო პროცესის ბოროტად გამოყენება, თუ იმ მოთხოვნებს, რომლებიც აღმოჩნდა უბრალოდ გაუმართლებელი – ყველა გაუმართლებელი მოთხოვნა არ წარმოადგენს პროცესის ბოროტად გამოყენებას), მართებულია აღინიშნოს falsus in uno, falsus in omnibus – მოწმეთა სანდოობის შეფასებისას ერთხელ გამოყენებული საერთო სამართლის პრინციპი, რომელიც იურისდიქციათა უმრავლესობიდან ამოღებულ იქნა. შემდგომ, უმრავლესობა ადასტურებს და მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც უარყოფილ იქნა თავმჯდომარესთან დაკავშირებული საჩივარი, იყო „კარგად დასაბუთებული“ (იხ. გადაწყვეტილების პარაგრაფი 162). აღნიშნული გადაწყვეტილების ზედაპირულად განხილვაც ადასტურებს, რომ უზენაესი სასამართლო საკითხს მიუდგა მხოლოდ მიუკერძოებლობის სუბიექტური კუთხით და სრულებით უგულებელყო ობიექტური მხარის განხილვა. დროის გასვლასთან დაკავშირებით, უმრავლესობამ მიიჩნია, რომ „ობიექტური შემფასებლის თვალსაზრისით, რთული იყო წარსულში მიყენებული პროფესიული დარტყმის რაიმე ხანგრძლივი ეფექტის განსაზღვრა.“ მე აღნიშნული (მესამე) საფუძველი, მარტივად რომ ვთქვა, უჩვეულოდ მიმაჩნია. ჩემი, როგორც პრაქტიკოსი მოსამართლის გამოცდილებით, ჩვეულებრივი ადამიანი ქუჩაში იტყვის: „საბოლოოდ, ათი წლის შემდეგ, მას ნამდვილად შეუძლია მიიღოს თავისი“ (უკაცრავად შილოკთან). მაშინ, როდესაც მზად ვარ დავუშვა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ვერ იქნებოდა სუბიექტურად მიკერძოებული „რუსთავი 2“-ის მიმართ – რისი არავითარი მტკიცებულებაც არ არსებობს, ძალიან პრობლემურად მიმაჩნია, რომ ამ მოსამართლემ მონაწილეობა მიიღო საკუთრების დავის განხილვაში „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, რომლის გენერალური დირექტორი, ადამიანი, რომელიც ყველასთვის ასოცირდება ამ არხთან, არის არხის სახე და სპიკერი და ათი წლის წინ აღძრა საქმე მის წინააღმდეგ, რის შედეგადაც იგი გაათავისუფლეს იმ დროს დაკავებული თანამდებობიდან. უნდა ვაღიაროთ, საქმის Tocono and Profesorii Prometeişti (no. 32263/03, §§ 28-33, 2007 წლის 26 ივლისი) გარემოებებისგან განსხვავებით, მოცემულ შემთხვევაში, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს არასდროს გაუჟღერებია, არც პირადად და არც საჯაროდ, არანაირი კომენტარი, რომელიც გამოხატავდა „რუსთავი 2“-ის ან მისი მესაკუთრეების, ან რა თქმა უნდა, გენერალური დირექტორის (ნ.გვ.-ს) მიმართ მტრულ დამოკიდებულებას. თუმცა, ვინაიდან ზემოხსენებული ნ.გვ.-ს მიერ წარმოებული დისციპლინური სამართალწარმოება დასრულდა თავმჯდომარის იმ დროს დაკავებული მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლებით, თუნდაც ნებისმიერი დამატებითი გარემოებების არარსებობის პირობებში, წარსულში მიყენებული ასეთი უხეში პროფესიული დარტყმა საკმარისი იყო, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დამოკიდებულება შეფასებულიყო უარყოფითად სამართლიანი დამკვირვებლის მიერ, პირადად „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, დანამდვილებით იდენტიფიცირებით თუ არა, ახლო ასოციაციით მაინც, თავად არხისა და მისი მესაკუთრეების მიმართ.
10. ბოლოს, რაც შეეხება მეოთხე საფუძველს, უმრავლესობა ცდილობს, რომ ძალიან შერჩევითი მითითებებით მოცემული საქმე განასხვავოს დიდი პალატის გადაწყვეტილებისგან საქმეზე Morice v. France ([GC], no. 29369/10, §§ 79-92, ECHR 2015). მაგალითად, 363-ე პარაგრაფში, უმრავლესობის თანახმად, „სასამართლოს არ დავიწყებია ის ფაქტი, რომ საქმეში Morice v. France დადგინდა, მხოლოდ ერთი მოსამართლის (როგორც „ღია ნამდვილი ეჭვისთვის“) ყოფნა გაფართოებულ შემადგენლობაში არ იყო გადამწყვეტი ობიექტური მიუკერძოებლობისთვის, კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად“. თუმცა, უმრავლესობა უგულებელყოფს Morice-ის პარაგრაფის უდიდეს ნაწილს, საიდანაც ეს აზრია გადმოტანილი. ვციტირებ Morice-ის 89-ე პარაგრაფს სრულად:
“89. ბოლოს, სასამართლო იზიარებს მთავრობის არგუმენტს, რომ J.M.-ს ყოფნა მოსამართლეთა გაფართოებულ, ათწევრიან შემადგენლობაში არ არის გადამწყვეტი ობიექტური მიუკერძოებლობის საკითხთან მიმართებით, კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად. თათბირის საიდუმლოობის გათვალისწინებით, შეუძლებელია J.M.–ს უშუალო გავლენის დადგენა მოცემულ შემთხვევაზე. მაშასადამე, აღწერილ კონტექსტში (იხ. პარაგრაფები 84-86 ზემოთ), ამ სასამართლოს მიუკერძოებლობის საკითხი შესაძლოა ღიად დარჩეს ნამდვილი ეჭვისთვის.” (ხაზგასმა დამატებულია)
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თათბირი ასევე იყო საიდუმლო; და ამასთან, აღნიშნულ საქმეში ჩვენ ვსაუბრობთ არა რომელიმე მოსამართლეზე, არამედ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეზე (შეადარეთ, mutatis mutandis, Perote Pellon v. Spain, no. 45238/99, § 50, 2002 წლის 25 ივლისი და Castillo Algar v. Spain, 1998 წლის 28 ოქტომბერი, § 49, Reports 1998‑VIII). შემდეგ, უმრავლესობა უთითებს Morice-ის 84-83-ე და 89-ე პარაგრაფებზე, რათა გაამართლოს მოსაზრება, რომ „ ... სასამართლომ [Morice-ში] მკაფიოდ განმარტა, რომ ზემოაღნიშნული დასაბუთება ეხებოდა საფრანგეთის საქმის მხოლოდ „მეტად გამონაკლის კონტექსტს“. დიდი პატივისცემის მიუხედავად, რა შეიძლება იყოს შიდა სასამართლოებში „რუსთავი 2“-ის საქმეზე უფრო მეტად საგამონაკლისო? საქმის სენსიტიურობიდან გამომდინარე, მიუხედავად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესა და ნ.გვ.-ს შორის არსებული პიროვნული დაპირისპირების აშკარა მტკიცებულების არარსებობისა (363-ე პარაგრაფის ბოლოს უმრავლესობა კვლავ გადადის სუბიექტურ მიუკერძოებლობაზე) და თავმჯდომარისა და ხსენებული ნ.გვ.-ს წინა ისტორიის გათვალისწინებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ყოფნა იმ შემადგენლობაში, რომელსაც საქმეზე ეროვნულ დონეზე საბოლოო სიტყვა უნდა ეთქვა, საკმარისი მიზეზი უნდა ყოფილიყო თავმჯდომარის თვითაცილების ან აცილებისთვის. ობიექტური შემფასებლის თვალსაზრისით, თუნდაც ერთმა მიკერძოებულმა მოსამართლემ შესაძლოა მოსამართლეთა გაფართოებული შემადგენლობა აშკარად გახადოს მოწყვლადი და სინამდვილეში, საჭირო არ არის არსებულ შემთხევაზე ამ მოსამართლის რეალური გავლენის ფარგლების დადგენა (იხ. Morice, მოხსენიებული ზემოთ, § 89).
11. შეჯამების სახით, მიუკერძოებლობის სუბიექტური და ობიექტური ტესტების დაპირისპირებითა და Morice-ის არსის იგნორირებით, მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით უმრავლესობა მივიდა დასკვნამდე, რომელიც ჩემთვის დამაბნეველია. მინდა ვირწმუნო, რომ აზრთა სხვადასხვაობა ზემოაღნიშნულ ორ საკითხზე გამოწვეულია ობიექტური მიუკერძოებლობის მიმართ ჩემი, როგორც პრაქტიკოსი მოსამართლის მგრძნობიარე დამოკიდებულებით და არა იმ ფაქტით, რომ სასამართლო შორსაა ცხოვრებისა და შიდა დონეზე სასამართლო განხილვის რეალობისგან.
1 სალაპარაკო ქართულში „არქიფო სეთურის“ ლიტერატურული გმირი, იგივე „მამა-მარჩენალი“, „დიდი ძმის“ ტიპური ტოტალიტარული მმართველის სინონიმი გახდა, რომელიც ტოტალურ თვალთვალს, დეზინფორმაციას, დაშინებასა და მანიპულირებას იარაღად იყენებს ხალხის სამართავად, რათა ისინი ლიდერის პიროვნების კულტზე დამოკიდებული გახადოს და ეს იყოს წამყვანი იდეოლოგია. „ასინეთა“ არის იგივე ნაწარმოების ქალი პერსონაჟის სახელ