1. პირველადი წყალმოსარგებლე შეიძლება იყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირი, რომელიც ფლობს, ექსპლუატაციას უწევს და მართავს ძირითად/მაგისტრალურ საირიგაციო ინფრასტრუქტურას, აგრეთვე ახორციელებს მის მოვლა-შენახვას და წყლის მიწოდებას.

2. პირველადი წყალმოსარგებლე ვალდებულია:

ა) მომსახურება გასწიოს ამ კანონითა და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით;

ბ) შეასრულოს ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებები;

გ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციასა და სხვა წყალმომხმარებელს მიაწოდოს შესაბამისი ხარისხის წყალი, უზრუნველყოს საირიგაციო ინფრასტრუქტურის სათანადოდ დაცვა და განახორციელოს ღონისძიებები სარწყავი წყლის დაბინძურების აღსაკვეთად;

დ) შეიმუშაოს და საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს წყლის მიწოდების რეჟიმი და უზრუნველყოს მისი შესრულება სამინისტროს მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად, იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს წყლის მიწოდებისას პროფილური წყალმომხმარებლისთვის პრიორიტეტული გარემოს შექმნა;

ე) დაამუშაოს განსაკუთრებულ ღონისძიებათა გეგმები წყლის დეფიციტის დროს, განსხვავებულ კლიმატურ და ჰიდროლოგიურ პირობებში ასამოქმედებლად;

ვ) უზრუნველყოს მის მიერ გაწეული მომსახურების პირობებისა და მომსახურების ტარიფების შესახებ ინფორმაციის საჯაროობა;

ზ) შეიმუშაოს და საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს საინვესტიციო პროგრამა და მომდევნო წლის სამუშაო გეგმა;

თ) ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული პირობების შესაბამისად პერიოდულად წარუდგინოს მას სათანადო ანგარიში;

ი) დროულად გადაიხადოს ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური.

საქართველოს 2023 წლის 3 მაისის კანონი №2817 – ვებგვერდი, 19.05.2023