1. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემები და მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული დოკუმენტაცია არის საჯარო და ხელმისაწვდომია გასაცნობად ნებისმიერი პირისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.
2. სააგენტო უფლებამოსილია ნებისმიერი დოკუმენტი მიიღოს, გამოსცეს ან გასცეს როგორც ქაღალდის მატარებელზე, ასევე, ელექტრონული და მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით.
3. სააგენტო უფლებამოსილია ელექტრონული ასლის სახით შეინახოს და გასცეს თავის მიერ შექმნილი ან თავისთან დაცული ნებისმიერი მატერიალური დოკუმენტი.
4. სააგენტო უფლებამოსილია დაამოწმოს თავის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების, ასევე, თავისთან დაცული სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტაციის ასლები, თუ დოკუმენტის დედნისა და ასლის შინაარსი შეესაბამება ერთმანეთს.
5. სააგენტოს მიერ დამოწმებული დოკუმენტის ასლს აქვს ოფიციალური ძალა და ადასტურებს დედანთან იგივეობას.
6. ელექტრონული სახით დოკუმენტი გაიცემა სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის – www.napr.gov.ge შესაბამისი ბმულების მეშვეობით.
7. სააგენტოს მიერ გამოცემული ელექტრონული დოკუმენტის ყველა ეგზემპლარი ორიგინალია. ელექტრონულ დოკუმენტს არ შეიძლება ჰქონდეს ელექტრონული ასლი.
8. სააგენტოს მიერ შექმნილი ან/და სააგენტოში დაცული ელექტრონული დოკუმენტის ამონაბეჭდი არის ელექტრონული დოკუმენტის ასლი და მას ელექტრონული დოკუმენტის თანაბარი იურიდიული ძალა აქვს, თუ ის ხელმოწერისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ არის დამოწმებული ან/და დადასტურებული.
9. სააგენტოს მიერ შექმნილი ან/და სააგენტოში დაცული მატერიალური დოკუმენტის ელექტრონულ ასლს ორიგინალის თანაბარი იურიდიული ძალა აქვს, თუ ის ხელმოწერისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით არის დამოწმებული ან/და დადასტურებული.
10. სააგენტოს მიერ მომზადებული ინფორმაციის, ასევე, ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის, დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნის ან განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილების განმცხადებლისთვის გაცნობად ითვლება ამ ინფორმაციის/გადაწყვეტილების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება.
11. სააგენტო ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოს მასთან დაცული დოკუმენტაციის ელექტრონული ასლის გაცნობა.
12. განმცხადებლის ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია დააბრუნოს მასთან დაცული დოკუმენტაციის დედნები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნული დოკუმენტაცია წარმოადგენს რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების საფუძველს (უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს