1. რეესტრის რეგისტრირებული მონაცემები საჯაროა და ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის. საჯაროა ასევე რეგისტრაციის საფუძვლად გამოყენებული დოკუმენტაცია და სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებით წარდგენილი დოკუმენტები, მეწარმის მიერ კანონმდებლობის შესაბამისად გამოქვეყნებული სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.
2. რეგისტრაციის პროცესში წარდგენილი დოკუმენტების ელექტრონული ასლები განთავსებულია სააგენტოს ერთიან ელექტრონულ პორტალზე და საფასურის გადახდის გარეშე ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის. რეგისტრაციის მოთხოვნა მიიჩნევა მონაცემთა სუბიექტის მიერ პერსონალური მონაცემების ამ მუხლის შესაბამისად დამუშავებაზე თანხმობის განცხადებად.
3. ელექტრონული სახით დოკუმენტი ხელმისაწვდომია სააგენტოს ელექტრონული პორტალის შესაბამისი ბმულების მეშვეობით. სააგენტოს მიერ შექმნილი ან/და სააგენტოში დაცული ელექტრონული დოკუმენტის ამონაბეჭდი არის ელექტრონული დოკუმენტის ასლი და მას ელექტრონული დოკუმენტის თანაბარი იურიდიული ძალა აქვს, თუ ის ხელმოწერისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ არის დამოწმებული ან/და დადასტურებული.
4. სააგენტოში დაცული სარეგისტრაციო დოკუმენტის ან სხვა დოკუმენტაციის ასევე სააგენტოს მიერ რეგისტრაციის შედეგად შექმნილი ნებისმიერი დოკუმენტის დედნის გამოთხოვა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი აქტის საფუძველზე და ექვემდებარება სავალდებულო წესით დაბრუნებას. სამართალდამცავი ან სხვა სახელმწიფო ორგანოების მიერ დასაშვებია მხოლოდ ამ დოკუმენტის ასლის გამოთხოვა.
5. განმცხადებლის ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია დააბრუნოს მასთან დაცული დოკუმენტის დედნები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დოკუმენტი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების საფუძველია (უფლების დამადასტურებელ დოკუმენტია).
6. სააგენტოში დაცული უფლების დამადასტურებელი ან სხვა დოკუმენტის, ასევე სააგენტოს მიერ რეგისტრაციის შედეგად შექმნილი ნებისმიერი დოკუმენტის დედნის ან ასლის გამოთხოვა არ აჩერებს რეგისტრირებული მონაცემების მოქმედებას და არ კრძალავს მათ საფუძველზე რეგისტრაციას ან/და ამონაწერის თუ სხვა დოკუმენტის ან ინფორმაციის გაცემას.
7. რეგისტრირებული მონაცემების ხელმისაწვდომობისთვის გადაიხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების საფასური, გარდა ამ მუხლის მე-2−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების