1. დაინტერესებული ფიზიკური პირის (მათ შორის, მისი წარმომადგენლის) ვინაობა დგინდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, მათ შორის, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის, საქართველოში მცხოვრები უცხოელის ბინადრობის მოწმობის, დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის საფუძველზე. დასაშვებია დაინტერესებული პირის/წარმომადგენლის ვინაობის დადგენა სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ან საერთაშორისო მართვის მოწმობის საფუძველზე, რომელიც გაცემულია საქართველოს შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურების მიერ. უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტად ასევე მიიჩნევა შესაბამისი ქვეყნის მიერ გაცემული პასპორტი, რომელიც განკუთვნილია უცხოეთში სამოქმედოდ, ბინადრობის მოწმობა ან სამშობლოში დაბრუნების დროებითი მოწმობა.
2. დაინტერესებული იურიდიული პირი იდენტიფიცირდება რეგისტრაციის დამადასტურებელი ამონაწერით შესაბამისი რეესტრიდან ან რეგისტრაციის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტით, ხოლო სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი − რეგისტრაციის დამადასტურებელი ამონაწერით შესაბამისი რეესტრიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მისი დაფუძნების დამადასტურებელი დოკუმენტით.
3. დაინტერესებული პირის, მისი წარმომადგენლის ან/და განცხადების წარმდგენის ვინაობის დასადგენად სააგენტოს უნდა წარედგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი დოკუმენტი. სარეგისტრაციო განცხადების მიღებაზე უფლებამოსილ პირს შეუძლია აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე, დაინტერესებული პირის, მისი წარმომადგენლის ან/და განცხადების წარმდგენის ვინაობის დადგენის მიზნით, გამოიყენოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზა. თუ სარეგისტრაციო განცხადების წარდგენისას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი დოკუმენტის საფუძველზე პირის ვინაობის დადგენა შესაძლებელია ელექტრონულ მონაცემთა ბაზით, სარეგისტრაციო დოკუმენტაციას არ დაერთვის დაინტერესებული პირის, მისი წარმომადგენლის ან/და განცხადების წარმომდგენის ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან ამონაბეჭდი ელექტრონულ მონაცემთა ბაზიდა