1. ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციისთვის ან რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების რეგისტრაციისთვის ფიზიკური პირი სააგენტოს წარუდგენს წერილობით განცხადებას ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის ან რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით, საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტსა და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს.

2. განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) განმცხადებლის სახელს;

ბ) განმცხადებლის იურიდიულ მისამართს;

გ) ინდივიდუალური მეწარმის საფირმო სახელწოდებასა და იურიდიულ მისამართს;

დ) განმცხადებლის პირად ნომერს, ხოლო თუ განმცხადებელი საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი ან უცხო ქვეყნის მოქალაქეა − მის მიერ წარდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საიდენტიფიკაციო მონაცემებს;

ე) განმცხადებლის ხელმოწერას.

3. ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციისთვის ან რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების რეგისტრაციისთვის განცხადების სააგენტოსთვის წარდგენის უფლება აქვთ აგრეთვე „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ოკუპირებულ ტერიტორიებზე − აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებსა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) ლეგიტიმურად მცხოვრებ ფიზიკურ პირებს, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არიან რეგისტრირებული და რომლებსაც მინიჭებული აქვთ პირადი ნომერი. მათი ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაცია ხორციელდება ამ მუხლით დადგენილი წესით. ამ პირთა ვინაობის დასადგენად გამოიყენება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზა ან/და, არსებობის შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათი რეგისტრაციისა და მათთვის პირადი ნომრის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. ინდივიდუალური მეწარმის საფირმო სახელწოდება უნდა შეიცავდეს მისი სამართლებრივი ფორმის აღმნიშვნელ დამატებას: „ინდივიდუალური მეწარმე“ ან „ინდმეწარმე“.

5. ინდივიდუალური მეწარმის საფირმო სახელწოდება შეიძლება იყოს მისი სახელი ან/და გვარი, ასევე შეიძლება შეირჩეს სამეწარმეო საზოგადოების საქმიანობის საგნის მიხედვით ან იყოს ფანტაზიის ნაყოფი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით მეწარმის საფირმო სახელწოდებისთვის დადგენილი პირობების დაცვით. რეესტრიდან ამონაწერში, გარდა საფირმო სახელწოდებისა, ასევე მიეთითება ინდივიდუალური მეწარმის სახელი, გვარი და საიდენტიფიკაციო ნომერი.

6. ინდივიდუალური მეწარმე უფლებამოსილია წერილობით გასცეს გენერალური სავაჭრო მინდობილობა. გენერალური სავაჭრო მინდობილობა შეიძლება ორ ან ორზე მეტ პირს ერთობლივად მიეცეს და განისაზღვროს, რომ ისინი ცალ-ცალკე ან ერთად წარმოადგენენ მეწარმეს (საერთო გენერალური სავაჭრო მინდობილობა).

7. ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლებია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირის გარდაცვალება, სასამართლოს მიერ მისი გარდაცვლილად გამოცხადება ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, აგრეთვე მისი მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია უქმდება ნებისმიერი პირის მოთხოვნით ან სააგენტოს ინიციატივით.

9. ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის გაუქმება იწვევს გენერალური სავაჭრო მინდობილობის (არსებობის შემთხვევაში) შეწყვეტა