1. იურიდიული პირის რეგისტრაციის მიზნით სააგენტოს სავალდებულოდ წარედგინება:
ა) ყველა დამფუძნებლის მიერ ხელმოწერილი და სათანადო წესით დამოწმებული სადამფუძნებლო შეთანხმება;
ბ) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი თითოეული პირის მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული თანხმობა ასეთი ფუნქციის შესრულებაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნება გამოხატულია სადამფუძნებლო შეთანხმებაში;
გ) სუბიექტის იურიდიული მისამართის განსაზღვრისთვის ადგილსამყოფლის მესაკუთრის სათანადო წესით დადასტურებული თანხმობა ან ადგილსამყოფლით სარგებლობის თაობაზე დადგენილი წესით გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულება;
დ) საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტი/ინფორმაცია.
2. იურიდიული პირის სადამფუძნებლო შეთანხმება შეიცავს წესდებას, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ მონაცემებს.
3. სადამფუძნებლო შეთანხმებაში უნდა მიეთითოს, არსებობს თუ არა დამფუძნებლების მიერ შემუშავებული წესდება. თუ დამფუძნებლების მიერ შემუშავებული წესდება არ არსებობს, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ შესაბამისი სამართლებრივი ფორმის სუბიექტისთვის დამტკიცებული სტანდარტული წესდება მიიჩნევა სამეწარმეო საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმების ნაწილად და დაერთვის სუბიექტის სარეგისტრაციო დოკუმენტაციას.
4. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული სტანდარტული წესდება განთავსებულია ელექტრონულ პორტალზე და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის. სარეგისტრაციო მიზნებისთვის, სტანდარტული წესდების ქაღალდის ან ელექტრონული ვერსიის სააგენტოში წარდგენა არ მოითხოვება.
5. ნებისმიერი სამართლებრივი ფორმის იურიდიული პირის რეგისტრაციისას რეესტრში რეგისტრირდება:
ა) სუბიექტის საფირმო სახელწოდება, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილ პირობებს;
ბ) სუბიექტის იურიდიული მისამართი;
გ) სუბიექტის ყოველი პარტნიორის/დამფუძნებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები: სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და პირადი ნომერი, ხოლო თუ პარტნიორი/დამფუძნებელი იურიდიული პირია − მისი საფირმო სახელწოდება, იურიდიული მისამართი და საიდენტიფიკაციო ნომერი;
დ) სუბიექტის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს არსებობის შემთხვევაში − აგრეთვე სამეთვალყურეო საბჭოს წევრის საიდენტიფიკაციო მონაცემები და უფლებამოსილების ვადა, თუ ასეთი ვადა განსაზღვრულია;
ე) გენერალური სავაჭრო წარმომადგენლის არსებობის შემთხვევაში − მისი საიდენტიფიკაციო ან სარეგისტრაციო მონაცემები და უფლებამოსილების ვადა;
ვ) პარტნიორის წილის მმართველის არსებობის შემთხვევაში − მისი საიდენტიფიკაციო ან სარეგისტრაციო მონაცემები და სამართავად გადაცემული წილის ოდენობა;
ზ) სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთა, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს არსებობის შემთხვევაში − აგრეთვე სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობა და მათი დანიშვნისა და გათავისუფლების წესი, თუ ეს საკითხები კანონისგან განსხვავებულად არის მოწესრიგებული, ასევე აღნიშნულ წევრთა უფლებამოსილება;
თ) თუ იურიდიული პირის ხელმძღვანელი ორგანო რამდენიმე წევრისგან შედგება − წარმომადგენლობის ფორმა: ერთობლივი, ერთპიროვნული ან სადამფუძნებლო შეთანხმებით გათვალისწინებული.
6. კომანდიტური საზოგადოების რეგისტრაციისას რეესტრში დამატებით რეგისტრირდება ინფორმაცია კომანდიტი პარტნიორის თაობაზე, აგრეთვე, მისი შენატანის და საგარანტიო თანხის ოდენობა.
7. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების რეგისტრაციისას რეესტრში დამატებით რეგისტრირდება:
ა) განთავსებული კაპიტალი (არსებობის შემთხვევაში) და იმ წილების ოდენობა, რომლებიც გასცა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ საზღაურის სანაცვლოდ (განთავსებული წილი), აგრეთვე კაპიტალში პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობა. ეს მონაცემები გამოხატული უნდა იყოს პროცენტული მაჩვენებლით და მათი ჯამი უნდა შეადგენდეს 100 პროცენტს;
ბ) არსებობის შემთხვევაში − დაფუძნების მომენტისთვის კაპიტალის მაქსიმალური ოდენობა, რომლის ფარგლებშიც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას შეუძლია მომავალში მიიღოს წილების განთავსების შესახებ გადაწყვეტილება (ნებადართული კაპიტალი);
გ) არსებობის შემთხვევაში − დაფუძნების მომენტისთვის გამოშვებული წილების ოდენობა, აგრეთვე, ინფორმაცია მათი განთავსების შემთხვევაში კაპიტალში პარტნიორთა არსებული წილებისა და პროცენტული მონაწილეობის ხელახალი გადანაწილების თაობაზე;
დ) არსებობის შემთხვევაში − წილების კლასები და მათი ნომინალური ღირებულება, თითოეული კლასის წილთან მიმართებით;
ე) არსებობის შემთხვევაში − სპეციალური პირობა, რომელიც ზღუდავს წილების გასხვისებას, თითოეული კლასის წილთან მიმართებით.
8. სააქციო საზოგადოების რეგისტრაციისას რეესტრში დამატებით რეგისტრირდება:
ა) სააქციო საზოგადოების რეგისტრაციის მომენტისთვის განთავსებული კაპიტალის ოდენობა;
ბ) კაპიტალის მაქსიმალური ოდენობა, რომლის ფარგლებშიც სააქციო საზოგადოებას შეუძლია მომავალში მიიღოს აქციების განთავსების შესახებ გადაწყვეტილება (ნებადართული კაპიტალი), აგრეთვე აქციების ნომინალური ღირებულება (არსებობის შემთხვევაში);
გ) სააქციო საზოგადოების დაფუძნების მომენტისთვის განთავსებული აქციების ნომინალური ღირებულება (არსებობის შემთხვევაში) და მათი ოდენობა, ხოლო ნომინალური ღირებულების გარეშე განთავსებული აქციების შემთხვევაში − მათი ოდენობა. ეს ინფორმაცია რეგისტრირდება თითოეული კლასის აქციასთან მიმართებით;
დ) სპეციალური პირობა, რომელიც ზღუდავს აქციების გასხვისებას, ასეთი შეზღუდვის არსებობის შემთხვევაში. ეს ინფორმაცია რეგისტრირდება თითოეული კლასის აქციასთან მიმართებით;
ე) სააქციო საზოგადოების დაფუძნების მომენტისთვის განთავსებული კაპიტალის განაღდებული ნაწილის (განაღდებული კაპიტალი) ოდენობა;
ვ) არაფულადი შენატანის სანაცვლოდ გამოშვებული აქციების ნომინალური ღირებულება, ხოლო ნომინალური ღირებულების გარეშე გამოშვებული აქციების შემთხვევაში − მათი ოდენობა, შენატანის სახე და შენატანისთვის ვალდებული პირის სახელი/სახელწოდება;
ზ) სააქციო საზოგადოების დაფუძნებასთან, აგრეთვე ლიცენზიის/ნებართვის მოპოვებასთან დაკავშირებული ის არსებული ან სავარაუდო ხარჯები, რომლებიც სააქციო საზოგადოებამ უნდა გაიღოს;
თ) დაფუძნებასთან, აგრეთვე ლიცენზიის/ნებართვის მოპოვებასთან დაკავშირებული მოქმედებების განხორციელებაში მონაწილე პირთა მიერ სააქციო საზოგადოებისგან მიღებული ან მისაღები ეკონომიკური სარგებელი.
9. კოოპერატივის რეგისტრაციისას რეესტრში დამატებით რეგისტრირდება ინფორმაცია პაის ნომინალური ღირებულების შესახებ.
10. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციისას რეესტრში დამატებით რეგისტრირდება ტელეფონის ნომერი ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართი (არსებობის შემთხვევაში), რომელზედაც/რომლებზედაც შესაძლებელია ელექტრონული შეტყობინების გაგზავნა.
11. საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირის ან უცხო ქვეყნის იურიდიული პირის რეგისტრაციისას სუბიექტის სადამფუძნებლო დოკუმენტი უნდა შეიცავდეს საქართველოს მოქალაქისთვის ან საქართველოში რეგისტრირებული სუბიექტისთვის დადგენილ ეკვივალენტურ მონაცემებს, რომლებიც გამოიყენება საქართველოში სანოტარო მოქმედებების შესრულების დროს პირის იდენტიფიკაციისთვის.
12. რეესტრში რეგისტრირდება მხოლოდ სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების, კომანდიტური საზოგადოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორი/დამფუძნებელ